Facebook Twitter

საქმე №ას-1074-2023 18 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ე–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.06.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მოჩვენებით დადებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.04.2022 წლის გადაწყვეტილებით მ.ე–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „დასაქმებული“) სასარჩელო მოთხოვნა სს „ს.რ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე, „დამსაქმებელი“ ან „კომპანია“) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და მოჩვენებით დადებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.06.2023 წლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.04.2022 წლის გადაწყვეტილება, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. მოსარჩელე 2014 წელს დაინიშნა მოპასუხის ინფრასტრუქტურის ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის, დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1800 ლარით.

3.2. სადავო არაა, რომ მოსარჩელის სამოქმედო ტერიტორია მოიცავდა დაახლოებით 30 ქვეერთეულს, რაც განთავსებული იყო თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

3.3. ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ელექტრომომარაგების სამმართველოს მთავარი ინჟინრის სამუშაოს აღწერილობის თანახმად: 2.1. პუნქტი - ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ელექტრომომარაგების სამმართველოს მთავარმა ინჟინერმა, თავისი საქმიანობის პროცესში, უნდა მოახდინოს სამმართველოს მუშაობის ორგანიზება და სრულყოფა; მე-3 მუხლი - ამ თანამდებობის მთავარი ამოცანაა, თავისი საქმიანობის პროცესში უზრუნველყოს ელექტრომომარაგების სამმართველოს ტექნიკური დონის სრულყოფა, წარმოების ექსპლუატაცია და შეკეთება, შრომის და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა; მე-4 მუხლი - მთავარი ინჟინერი უზრუნველყოფს სამმართველოს განვითარებისა და ტექნიკური დონის სრულყოფას, ეწევა პერსონალის შრომის პირობების გაუმჯობესებას, საწარმოო ტრავმატიზმის აღმოფხვრას და გარემოს დაცვის საკითხების შესრულების კონტროლს, ხელმძღვანელობს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებებს, მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის მიზნით, აწარმოებს საკონტაქტო ქსელზე და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე საჭირო ღონისძიებების დამუშავებასა და მათი შესრულების კონტროლს, მოვალეა დაიცვას შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესები; მე-5 მუხლი - დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანად შესრულებისათვის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის მთავარ ინჟინერს უფლება აქვს მოითხოვოს დაკისრებული სამუშაოს ეფექტური შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები და მხარდაჭერა. მოითხოვოს ელექტრომოწყობილობებითა და სამუშაო ტექნიკურ-მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მე-6 მუხლი - იგი პასუხიმგებელია შეასრულოს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და განუხრელად დაიცვას ორგანიზაციაში მოქმედი ნორმატიული აქტები და კანონმდებლობა, პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მოვლა-შენახვაზე.

3.4. 18.05.2020 წელს განხილულ იქნა ზესტაფონის წევის ქვესადგურიდან გამომავალი საფიდერო ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევები. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოები ტარდებოდა ქ. ზესტაფონში, რკინიგზიდან მოშორებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საღამოს დაიწყო ტექნოლოგიური ფანჯარა, სამუშაოების მსვლელობისას დასავლეთის ელ. მომარაგების მთავარ ინჟინერს - მოსარჩელეს და მასზე დაქვემდებარებულ პირებს, სამუშაოს მწარმოებლებს, არ ეფარათ დამცავი ჩაფხუტები და არ ეცვათ ამრეკლი ჟილეტები. მითითებული სტანდარტის დარღვევისა და შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების კონტროლის შესუსტებისათვის მოსარჩელეს შრომის შინაგანაწესის 18.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოეცხადა გაფრთხილება.

3.5. კომპანიის ინფრასტრუქტურის ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსთან ჩატარებული ოპერატიული თათბირის №12 ოქმის შესაბამისად, დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს მთავარ ინჟინერს - მოსარჩელეს კომპანიის შრომის შინაგანაწესის 18.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის, კერძოდ, დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს ზესტაფონის ცენტრის, ჭიათურის საკონტაქტო ქსელის რაიონში, 11.09.2020 წელს მომხდარი უბედური შემთხვევისას გამოვლენილი დარღვევების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით.

3.6. მოსარჩელეს 13.12.2017 წლის №840, 06.03.2018 წლის №630 და 27.12.2018 წლის №5439 ბრძანებების საფუძველზე, მისთვის დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობები.

3.7. მოსარჩელეს 27.05.2020 წლის №0001929 ბრძანებით, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების კონტროლის შესუსტების გამო, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა.

3.8. 17.09.2020 წელს, ქუთაისი 2 ბროწეულის გადარბენის მონაკვეთის მე-6 კილომეტრზე, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, დაახლოებით, 15:20 საათზე, ელ. მონტიორები მოყვნენ მოვარდნილი ძაბვის ქვეშ, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი პირი და სხეულის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ მოსარჩელესთან 06.11.2020 წლის ბრძანებით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა და შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 47-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს შრომითი ხელშეკრულების უხეშ დარღვევას.

3.9. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა შემდეგი გარემოებები:

-17.09.2020 წელს, სამუშაოების მიმდინარეობისას, გარდაიცვალა ელ.მონტიორები - ე.კ–ძე და გ.ყ–ძე, ხოლო სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო ელ.მონტიორმა - ვ.მ–ძემ;

-ფატალური შედეგის დადგომამდე, გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 1. განწესში არ იყო მითითებული საკონტაქტო ქსელზე სად და რამდენი დამიწება უნდა ყოფილიყო; 2. განწესში არ იყო მითითებული ბრიგადის შემადგენლობა/წევრები; 3. განწესში შეყვანილი იყვნენ ის პირები (შეგირდები), რომლებიც სამუშაოების წარმოების დროს არ იმყოფებოდნენ ადგილზე, კერძოდ, ბროწეულა-ქუთაისის გადასარბენზე, ხის „დეუ“ ტრავერსის შეცვლისას; 4. განწესში არ იყო მითითებული 6კვ. ეგხ-ზე დამიწების დაყენების ადგილმდებარეობა; 5. განწესში საკონტაქტო ქსელზე არასწორად იყო მითითებული გამთიშველების რაოდენობა და მათი მდგომარეობა, კერძოდ, „ბროწეულაში №2 გამთიშველი ნორმალური სქემით გათიშულია“; 6. განწესში შეყვანილი მეთვალყურე არასწორად მოქმედებდა და კოშკურაზე სამუშაოს მიმდინარეობაში იყო ჩართული;

-აღნიშნულ დარღვევაზე ვრცელდებოდა, როგორც განწესის შემვსები პირების, ისე ხელმძღვანელების საერთო პასუხისმგებლობა.

3.10. კომპანიის შინაგანაწესის 1.1. პუნქტის შესაბამისად, კომპანიის შრომის შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კომპანიის წესდებისა და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტების საფუძველზე; 1.2. პუნქტის თანახმად, შრომის შინაგანაწესი წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და არეგულირებს შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. შრომის შინაგანაწესის გაცნობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის. დასაქმებული შრომის შინაგანაწესის გაცნობას და თანხმობას მის პირობებზე ადასტურებს შრომის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით; 1.3. პუნქტის თანახმად, შრომის შინაგანაწესი განსაზღვრავს დამსაქმებლისა და დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მოვალეობებს, შრომითი ხელშეკრულებების დადების, შეჩერების, შეწყვეტის პირობებს და წესს, სამუშაო და დასვენების დროს შრომის ანაზღაურების წესს, შრომის პირობების დაცვის წესებს, დასაქმებულთა წახალისებასა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მათ მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებს და მათ წესს; 1.4. პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რაც გათვალისწინებული არ არის შრომის შინაგანაწესით, წესრიგდება შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სხვა აქტებით, რომელიც კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად მიღებულია კომპანიის შესაბამისი ორგანოების/უფლებამოსილი პირების მიერ; 2.14. პუნქტის შესაბამისად, მენეჯერულ პოზიციას განეკუთვნება კომპანიის დირექტორები, მოადგილეები, მრჩევლები, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, ხელმძღვანელის მოადგილეები და ხელმძღვანელის მრჩევლები.

3.11. მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებები განსაზღვრულია შრომის შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის წესებით, მთავარი ინჟინრისათვის დამტკიცებული პირადი ნორმატივებით. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა ელექტრომომარაგების სამმართველოს ტექნიკური დონის სრულყოფა, წარმოების ექსპლუატაცია და შეკეთება, შრომის და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს 18.05.2020 წლის ფაქტთან დაკავშირებით, ზესტაფონის წევის ქვესადგურიდან გამომავალი საფიდერო ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევებისათვის სრულიად სამართლიანად მიეცა გაფრთხილება, რადგან, საღამოს 21:00 საათისათვის, მითითებული სამუშაოების მსვლელობისას, სამუშაოს მწარმოებლებს (მოსარჩელე და დაქვემდებარებული პირები) დაცული უნდა ჰქონოდათ შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები, კერძოდ, მათ დაფარებული უნდა ჰქონოდათ დამცავი ჩაფხუტები და უნდა ჩაეცვათ ამრეკლი ჟილეტები (შრომის შინაგანაწესის 18.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად).

3.12. 17.09.2020 წელს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით დადგენილია, რომ ბროწეულა-ქუთაისის გადასარბენზე, 6კვ. ეგხ-ზე დამონტაჟებული იყო 2 სახაზო გამთიშველი №1 (№63 საყრდენი), რომელიც გაერთიანებული/გადაშუნტული იყო და №2 (№60 საყრდენი), რომელიც აკმაყოფილებდა საექსპლოატაციო ნორმებს. აღნიშნული გამთიშველები არ იყო დატანილი დეპარტამენტის მიერ დამტკიცებულ სქემაზე (აღსანიშნავია, რომ ამ სქემების ერთ-ერთი შემდგენი და ხელმომწერი სწორედ მოსარჩელეა). აღნიშნულ გადასარბენზე დამონტაჟებული იყო კიდევ ერთი გამთიშველი, რომელიც ასევე გაერთიანებული (გადაშუნტული) იყო. მითითებული გამთიშველები არც სქემაში და არც სხვა აქტში არ იყო ასახული, თუმცა მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მათი მწყობრიდან გამოსვლის (გადაშუნტვის) თაობაზე და ის ვალდებული იყო ამ კუთხით მიეღო სათანადო (გონივრული) ზომები. სახაზო გამთიშველის ექსპლუატაციაში ყოფნის ფუნქცია მდგომარეობს სწორედ უბედური შემთხვევის დაზღვევაში (თავიდან აცილებაში), ხოლო გამთიშველების უფუნქციოდ დატოვება ვერ დააზღვევდა ასეთ შემთხვევებს. გამთიშველის „მუშა“ მდგომარეობაში ყოფნისა და სქემაზე დატანის ვალდებულება კი მოსარჩელის, როგორც „მთავარი ინჟინრის“, ერთ-ერთ მოვალეობას წარმოადგენდა. მთავარი ინჟინრის სამუშაო აღწერილობა პირდაპირ განსაზღვრავს მოსარჩელის ვალდებულებას, აწარმოოს საკონტაქტო ქსელზე და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე საჭირო ღონისძიებების დამუშავება და მათი შესრულების კონტროლი, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ მომხდარა.

3.13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.

3.14. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით, შემდეგი საკითხია საყურადღებო: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლი); შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

3.15. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით, ან კოლექტიური ხელშეკრულებით, ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

3.16. პალატის მითითებით, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერების შეფასებისას, პასუხი უნდა გასცემოდა შეკითხვას – ადგილი ჰქონდა თუ არა დარღვევას და იყო თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური.

3.17. პალატამ მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გახდა - 17.09.2020 წლის სამუშაოების მიმდინარეობისას ელ.მონტიორების - ე.კ–ძისა და გ.ყ–ძის გარდაცვალებისა და ელ. მონტიორის - ვ.მ–ძის სხეულის მძიმე დამწვრობის ფაქტი, რაც გამოწვეული იყო წინამდებარე განჩინების 3.9. პუნქტში აღნიშნული დარღვევებით.

3.18. მოსარჩელის განმარტებით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება, გამოძიების ფარგლებში ჩატარდა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა, გამოვლინდა მომხდარზე პასუხისმგებელი პირი - სამუშაოს უშუალო ხელმძღვანელი გ.ქ–ძე. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი.

3.19. მოსარჩელის ეს განმარტება, პალატის მოსაზრებით, იყო არარელევანტური, მით უფრო მაშინ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სისხლის სამართლის საქმე შეეხებოდა სხვა პირის პასუხისმგებლობის საკითხს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს შრომით-სამართლებრივი დავის განხილვისათვის ვერ მიეცემოდა იმგვარი შეფასება, რომ მას გადაეწყვიტა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი დავა დადებითი ან უარყოფითი თვალსაზრისით, რადგან შრომით დავაში ფასდებოდა სწორედ შრომითი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების ფაქტები. პალატა ამ საკითხთან დაკავშირებით დაეყრდნო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა უხეში დარღვევა, რაც გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი.

3.20. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატამ მიუთითა, რომ სწორედ მოსარჩელე იყო ვალდებული, პრობლემური საკითხი გადასაჭრელად დაესვა უფლებამოსილი და კომპეტენტური პირების წინაშე, თუმცა „გაერთიანებული/გადაშუნტული გამთიშველების“ არსებობისა და მათი შეკეთების (მწყობრში მოყვანის) შესახებ საკითხი დასმული არ ყოფილა, რაც ასევე მეტყველებდა მოსარჩელის, როგორც მთავარი ინჟინრის, მენეჯერულ ვალდებულებათა არასათანადო შესრულებაზეც.

3.21. პალატის მოსაზრებით, სრულიად ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ დიდი ხნის განმავლობაში მთავარი ინჟინრის მხრიდან საჭირო ღონისძიებების გაუტარებლობამ და უფუნქციოდ დატოვებამ ვერ დააზღვია უბედური შემთხვევა.

3.22. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის შესაბამისად, დასაქმებულისათვის დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა არა უმნიშვნელო გადაცდომა, არამედ დაკისრებული ვალდებულებებისადმი ინდიფერენტული მიდგომა, გამოვლენილი მრავალრიცხოვანი გადაცდომები, შრომითი ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობითა და შრომითი შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

3.23. მითითებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, მოსარჩელე წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირს. მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა შრომითი ხელშეკრულებით, შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების/ფუნქციების სრულად და ჯეროვნად შესრულება, დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება, ხელმძღვანელებისგან ადეკვატური მხარდაჭერა და სხვა.

3.24. დადასტურებული იყო, რომ დაკავებული თანამდებობიდან და ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, როგორც ხელმძღვანელმა, რომელსაც შესაბამისი პასუხისმგებლობით, განსაკუთრებული ყურადღებითა და გულისხმიერებით ევალებოდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება, ჯეროვნად არ შეასრულა თავისი ვალდებულება და შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული კონტროლის ფუნქციები.

3.25. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერი დაწესებულების გამართულად და კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობა დიდწილადაა დაკავშირებული დარღვევის არარსებობასთან, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში კი მოსარჩელის ძირითად სამსახურებრივ ვალდებულებას სწორედ დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება წარმოადგენდა. მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევის - უმოქმედობის ხარისხის შეფასებისას, მნიშვნელოვანია ის მაღალი პოტენციური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს პროფესიულ ვალდებულებათა მიმართ გულგრილ დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობას. შესაბამისად, ასეთ დროს გამოყენებული უნდა იყოს სისტემური მიდგომა. საქმიანობის კომპლექსური ანალიზის გარეშე დასაქმებულის ქცევა სხვაგვარად ვერ შეფასდება, რადგან მენეჯმენტი და მისი უზრუნველყოფა წარმოადგენს დამსაქმებლის მიზნების შესრულების საუკეთესო გზას.

3.26. პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო იმას, რომ მოსარჩელე, როგორც მთავარი ინჟინერი, ვალდებული იყო უზრუნველეყო უსაფრთხო კოორდინაცია. ნაცვლად ამისა, მოსარჩელემ დაარღვია შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა მისი, როგორც მთავარი ინჟინრის, მხრიდან სამუშაო პროცესის არაეფექტურ მართვაზე, რამაც საბოლოოდ მის მიმართ ადმინისტრაციის ნდობის დაკარგვა განაპირობა. მსგავსი ხასიათის დარღვევები, პალატის მოსაზრებით, სწორად იქნა მიჩნეული უხეშ დარღვევად, შესაბამისად, გამოყენებული სანქციაც - სამუშაოდან გათავისუფლება, ადეკვატურ და გონივრულ სანქციად უნდა მიჩნეულიყო.

3.27. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, მოსარჩელე იყო პასუხისმგებელი მოპასუხე კომპანიის გამართულად ფუნქციონირებაზე, რაც არ განხორციელებულა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარღვევა იყო არსებითი და მნიშვნელოვანი. არ არსებობდა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ არსებობს. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ №ას-807-2020, 12.11.2020წ; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია შეაფასოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ, როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ა-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, №21920/93, 1996 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

8. დასაქმებულის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ბრძანების კანონიერება.

9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ; №ას-1173-2022, 24.09.2024წ.).

10. ამდენად, წინამდებარე საქმეზე, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებულია დამსაქმებლის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებს, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა „უხეშად“ დაარღვია, რამეთუ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა რამდენადაა „უხეში“ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, უპირველეს ყოვლისა, გამოკვლეულ უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები (სუსგ №ას-841-807-2016, 06.12.2016წ.). არცერთი თანამდებობა თუ შესასრულებელი ფუნქცია, მათ შორის მენეჯერული თუ ხელმძღვანელობითი ხასიათის, არცერთი ტიპის დაწესებულებაში, იმთავითვე, ინდივიდუალური გარემოებების კვლევა/შეფასების გარეშე, არ უშვებს ვალდებულების დარღვევისას მის უხეშ გადაცდომად მიჩნევის პრეზუმფციას (შდრ: სუსგ №ას-1327-2018, 03.06.2019წ; №ას-1392-2023, 25.01.2024წ.).

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ №ას-106-101-2014, 02.10.2014წ; №ას-1183-1125-2014, 13.02.2015წ.).

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საქმეზე დადგენილია შემდეგი გარემოებები:

12.1. მოსარჩელე 2014 წელს დაინიშნა მოპასუხის ინფრასტრუქტურის ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის, დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე;

12.2. მთავარი ინჟინრის ფუნქციებში შედიოდა: სამმართველოს მუშაობის ორგანიზება და სრულყოფა; სამმართველოს ტექნიკური დონის სრულყოფა, წარმოების ექსპლუატაცია და შეკეთება, შრომის და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა; სამმართველოს განვითარებისა და ტექნიკური დონის სრულყოფა, პერსონალის შრომის პირობების გაუმჯობესება, საწარმოო ტრავმატიზმის აღმოფხვრა და გარემოს დაცვის საკითხების შესრულების კონტროლი, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებების ხელმძღვანელობა; მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის მიზნით საკონტაქტო ქსელსა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე საჭირო ღონისძიებების დამუშავება და მათი შესრულების კონტროლი; შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა (ტ.3, ს.ფ.87-90);

12.3. ამდენად, ხსენებული პოზიცია მოითხოვდა მენეჯერული უნარების ქონას, რომელიც მთავარი ინჟინრის დაქვემდებარებაში არსებული ელექტრომომარაგების სამმართველოს საქმიანობის კონტროლსა და ზედამხედველობას გულისხმობდა;

12.4. დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანად შესრულებისათვის მთავარ ინჟინერს უფლება ჰქონდა მოეთხოვა დაკისრებული სამუშაოს ეფექტური შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები და მხარდაჭერა(ტ.3, ს.ფ.87-90);

12.5. მოპასუხის 06.11.2020 წლის ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის გამო (ტ.1, ს.ფ.24);

12.6. მოსარჩელის განთავისუფლების საფუძველი დამსაქმებელმა დაასაბუთა შემდეგი სახით: „გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2020 წლის 21 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის ფილიალის ელექტრომომარაგების სამმართველოში გამართულ ოპერატიულ თათბირზე. ...თათბირზე განხილულ იქნა 2020 წლის 17 სექტემბერს ბროწეულა-ქუთაისის გადასარბენზე მომხდარი უბედური შემთხვევა: რკინიგზის 2 თანამშრომლის - ელექტრომონტიორების... გარდაცვალება და ერთის სხეულის მძიმე დაზიანება. ...ცალსახად გამოიკვეთა, რომ ადგილი ჰქონდა ... არა უმნიშვნელო გადაცდომას, არამედ დაკისრებული ვალდებულებებისადმი ინდიფერენტული მიდგომით გამოწვეულ მრავალგზის უხეშ დარღვევას, საწარმოო პროცესების მიმდინარეობისას გამოვლენილ მრავალრიცხოვან გადაცდომებს, შრომითი ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობითა და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობას“ (ტ.1, ს.ფ.26-27);

12.7. 17.09.2020 წლის შემთხვევასთან დაკავშირებით გამოვლინდა არაერთი დარღვევა (ტ.4, ს.ფ.37-43; ტ.3, ს.ფ.98-101). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ: 1. განწესში არ იყო მითითებული საკონტაქტო ქსელზე სად და რამდენი დამიწება უნდა ყოფილიყო; 2. განწესში არ იყო მითითებული ბრიგადის შემადგენლობა/წევრები; 3. განწესში შეყვანილი იყვნენ ის პირები (შეგირდები), რომლებიც სამუშაოების წარმოების დროს არ იმყოფებოდნენ ადგილზე; 4. განწესში არ იყო მითითებული 6კვ. ეგხ-ზე დამიწების დაყენების ადგილმდებარეობა; 5. განწესში საკონტაქტო ქსელზე არასწორად იყო მითითებული გამთიშველების რაოდენობა და მათი მდგომარეობა (ე.წ. ბროწეულა-ქუთაისის გადასარბენზე, 6კვ ეგხ-ზე დამონტაჟებული იყო 2 სახაზო გამთიშველი №1 (გაერთიანებულია/გადაშუნტულია) და №2, რომლებიც არ რის დატანილი დეპარტამენტის მიერ დამტკიცებულ სქემაზე. დამონტაჟებულია კიდევ ერთი გამთიშველი, რომელიც უფუნქციოა, ვინაიდან გაერთიანებულია (გადაშუნტულია)); 6. განწესში შეყვანილი მეთვალყურე არასწორად მოქმედებდა და კოშკურაზე სამუშაოს მიმდინარეობაში იყო ჩართული;

12.8. ე.წ. სახაზო გამთიშველის გამართული მდგომარეობა უზრუნველყოფდა უბედური შემთხვევის თავიდან აცილებას. გამთიშველის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და სქემაზე დატანა მოსარჩელის, როგორც მთავარი ინჟინრის, ერთ-ერთ მოვალეობას წარმოადგენდა (ტ.3, ს.ფ.99-100).

13. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. მოსარჩელემ, როგორც დასავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს მთავარმა ინჟინერმა, რომელსაც შესაბამისი პასუხისმგებლობით, განსაკუთრებული ყურადღებითა და გულისხმიერებით ევალებოდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება (დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება, ხელმძღვანელებისგან ადეკვატური მხარდაჭერის მოთხოვნა და სხვა), ჯეროვნად არ შეასრულა თავისი ვალდებულება და დაკისრებული კონტროლის ფუნქციები, რის გამოც ვერ იქნა დაზღვეული უბედური შემთხვევა (ორი პირის გარდაცვალება და ერთი პირის სხეულის დაზიანება).

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ: მოსარჩელეს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებისას გამოვლენილი დარღვევები, რომელთა პრევენცია, გამოვლენა თუ აღმოფხვრა იყო მისი პირდაპირი ვალდებულება; სამუშაო პროცესის არაეფექტური მართვა/საჭირო ღონისძიებების გაუტარებლობა, - ჩადენილი გადაცდომის ხასიათის, მოპასუხე კომპანიის საქმიანობის სფეროსა და დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკის გათვალისწინებით, დარღვევასა (გადაცდომასა) და გათავისუფლებას შორის, ზომიერ ბალანსს ქმნიდა, რაც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი იყო.

16. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ, საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი მტკიცებულებები. იგი საკასაციო პრეტენზიის საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარმოდგენილი, საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ჭრილში (შდრ. სუსგ №ას-1419-2018, 10.07.2020წ; №ას-1368-2019, 05.10.2020წ; №ას-207-2019, 24.12.2020წ; №ას-1095-2021, 15.06.2022წ; №ას-103-2021, 15.09.2022წ; №ას-1023-2023, 16.11.2023წ.). როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ. პ.17). შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ე–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.ე–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. მ.ე–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ.5, ს.ფ. 217-220, 223).

4. მ.ე–ძეს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №18658154808, გადახდის თარიღი 21.09.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია