საქმე №ას-663-2024 25 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ტ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ტ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.02.2024 წლის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და კომპენსაციის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.09.2019 წლის გადაწყვეტილებით, ნ.ტ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „პირველი კასატორი“) სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „ბიურო“, „დამსაქმებელი“ ან „მეორე კასატორი“) მიმართ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მორალური ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.02.2021 წლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.09.2019 წლის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.02.2023 წლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.02.2021 წლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
5.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს დამსაქმებლის მხრიდან მის შრომით უფლებებში დისკრიმინაციული მოტივით ჩარევაზე, კერძოდ, დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლებაზე, თუმცა მას არც სარჩელში და არც საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მიუთითებია კონკრეტული ფაქტები, თუ რაში გამოიხატება მის შრომით უფლებაში პოლიტიკური ნიშნით ჩარევა და არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დისკრიმინაციული მოპყრობის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს შეუქმნიდა და მტკიცების ტვირთს მოპასუხეზე გადაიტანდა.
5.2. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ წინამდებარე საქმეში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს მხოლოდ დისკრიმინაციული მოპყრობა და მიიჩნია, რომ აღნიშნულის გარდა, განსახილველ შემთხვევაში, ასევე, გამოსაკვლევია სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სხვა საფუძვლებიც, რომლებზეც მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა.
5.3. კასატორი აგრეთვე დავობდა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა არ იყო სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ერთადერთი საფუძველი. იგი ტოლფას თანამდებობაზე უკონკურსოდ უნდა დაენიშნათ, ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად არ შემცირებულა შტატების რაოდენობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელფასო ფონდი, ხოლო მოპასუხემ ვერ დაასაბუთა რის გამო არ მიიჩნია მიზანშეწონილად მოსარჩელის უკონკურსოდ დანიშვნა.
5.4. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, არსებობდა თუ არა დასაქმებულთან/მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო აუცილებლობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე მართლზომიერად მიიჩნია, თუმცა მას არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიაზე შტატებისა და სახელფასო ფონდის შემცირებასთან დაკავშირებით და არ გამოუკვლევია რეორგანიზაციის შედეგად დადგა თუ არა დღის წესრიგში სამუშაო ძალის შემცირების, კერძოდ კი, მოსარჩელის გათავისუფლების აუცილებლობა. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უმსჯელია კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია მოპასუხემ მოსარჩელის შეთავაზებულ თანამდებობაზე უკონკურსოდ გადაყვანა მიზანშეუწონლად.
5.5. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობითა და შრომითსამართლებრივ დავებში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურების გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად დადგა თუ არა დღის წესრიგში მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო აუცილებლობა. მხოლოდ ამ გარემოების სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ არის შესაძლებელი იმის დადგენა, მართლზომიერად მოხდა თუ არა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.02.2024 წლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.09.2019 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბიუროს 13.04.2017 წლის №300 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; სამსახურში აღგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაცვლად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 25440 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
6.1. საქმის მასალების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.07.2006 წლის №11 ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე. იუსტიციის მინისტრის 04.08.2008 წლის №110 ბრძანებით, მოსარჩელეს მიენიჭა უმცროსი იუსტიციის საშუალო სპეციალური წოდება. ბიუროს თავმჯდომარის 01.10.2008 წლის №1 ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე. ბიუროს თავმჯდომარის 21.01.2009 წლის №7 ბრძანების 23-ე პარაგრაფით, მოსარჩელეს მიენიჭა მე-3 კლასის იურისტის მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება.
6.2. ბიუროს თავმჯდომარის 02.08.2010 წლის №400 ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა ბიუროს ადმინისტრაციის (სამსახურის) საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 21.12.2010 წლის №821 ბრძანებით, იმავე განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
6.3. ბიუროს 18.05.2012 წლის №491 ბრძანებით, მოსარჩელე გადაიყვანეს საქმისწარმოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
6.4. მოპასუხის 31.01.2013 წლის №195 ბრძანებით, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება გაიზარდა და განისაზღვრა დასაბეგრი 2120 ლარის ოდენობით.
6.5. ბიუროს 01.10.2013 წლის №144 ბრძანებით, მოსარჩელეს სხვა თანამშრომლებთან ერთად გამოეცხადა მადლობა, ხოლო 18.08.2014 წლის №918 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე დაინიშნა ბიუროს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის წესით.
6.6. 17.03.2017 წლის №215 ბრძანებით ბიუროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები გაფრთხილდნენ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე, კერძოდ: შიდა ინსპექტირების სამსახურის, ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირების სამსახურის, სერვისების განვითარების სამსახურის, ლოჯისტიკის სამსახურის, ფინანსების სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის საქმეების კოორდინაციის სამსახურის, იურიდიული სამსახურის, საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის მოსარჩელე, გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. გაფრთხილების წერილის გაგზავნის საფუძველი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014 წლის №24 ბრძანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მოპასუხის დებულების დამტკიცების შესახებ (იმ დროისათვის არსებული ცვლილებების გათვალისწინებით), ასევე საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-38-ე მუხლები.
6.7. რეორგანიზაციიდან გამომდინარე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, მოსარჩელეს მოპასუხემ შესთავაზა სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის ვაკანტურ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, რაც მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის მქონე იყო, რაზეც მოსარჩელემ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის მხრიდან ნების გამოვლენამდე უარი განაცხადა და მოითხოვა მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად, პირდაპირ თანამდებობაზე დანიშვნა.
6.8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014 წლის №24 ბრძანებით დამტკიცდა მოპასუხის დებულება. აღნიშნული დებულებით განისაზღვრა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიზნები, ფუნქციები და ამოცანები. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები იყო: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საინფორმაციო განყოფილება.
6.9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 16.03.2017 წლის №222 ბრძანებით, ცვლილება შევიდა 06.05.2014 წლის №24 ბრძანებაში და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მე-10 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნა“. საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის ფუნქციების ნაწილი, კერძოდ, საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები დაემატა სერვისებისა და საინფორმაციო სამსახურს, ხოლო საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები იურიდიულ სამსახურს.
6.10. საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა სრული შემადგენლობა გადაინიშნა მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებაში ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ვინაიდან 06.05.2014 წლის №24 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაუქმდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახური და მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებაში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ საინფორმაციო განყოფილების თანამშრომლები.
6.11. მოსარჩელემ მოთხოვნაზე - ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშნულიყო, მოპასუხის მხრიდან მიიღო 13.04.2017 წლის წერილი განმარტებებით, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6.12. ბიუროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა 7 თანამშრომელი: ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი, საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსი, იურიდიული სამსახურის უფროსი, შიდა ინსპექტირების სამსახურის უფროსი, კოორდინაციის სამსახურის უფროსი, ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირების სამსახურის უფროსი, ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი. თითოეულ მათგანს ბიუროს ხელმძღვანელმა შესთავაზა ახალი, გაერთიანებული სამსახურის უფროსის ან განყოფილების უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, რაზეც თანხმობა განაცხადა ყველა თანამშრომელმა, ლოჯისტიკის სამსახურის უფროსისა და მოსარჩელის გარდა. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა საქმეების კოორდინაციის სამსახური და მისი უფროსი პირადი განცხადებით დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის მიმდინარე საქმეების კოორდინაციის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.
6.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 13.04.2017 წლის №300 ბრძანებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 13.04.2017 წლის №2217 თანხმობით, მოსარჩელე სშკ-ის 37.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 18.04.2017 წლიდან.
6.14. საკასაციო სასამართლომ 23.02.2023 წლის განჩინებაში, დისკრიმინაციულ მოპყრობასთან მიმართებით, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების/წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება დისკრიმინაციული მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებასთან მიმართებით. ამასთანავე, საკასაციო სასამართლომ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციისა და არსებული ცვლილებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სააპელაციო პალატის მხრიდან დამატებით შეფასებულიყო, რამდენად არსებობდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო აუცილებლობა, კერძოდ, დამსაქმებლის მხრიდან შეთავაზებულ პოზიციაზე დასაქმებულის პირდაპირ გადანიშვნის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ფუნქციურად შესასრულებელი სამუშაოების ტოლფასოვნებიდან გამომდინარე, არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიმართ დამატებითი კონკურსის გავლის საჭიროება.
6.15. საკასაციო პალატის მითითების შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოებების შეფასების შემდგომ უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებასთან მიმართებით.
6.16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფარგლებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენდა, ბიუროში განხორციელებული რეორგანიზაციიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო თუ არა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება, პირდაპირი გადანიშვნის წესით და არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიმართ დამატებითი კონკურსის გავლის საჭიროება.
6.17. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (შდრ: სუსგ №ას-414-391-2014, 29.06.2015წ.), რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1) „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პალატის მითითებით, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა. პალატამ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის ვალდებულებას შეადგენს დაამტკიცოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო.
6.18. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აპელანტი სადავოდ ხდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუთითებდა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა არ იყო სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ერთადერთი საფუძველი და აღნიშნულის დადგენის მიუხედავად, იგი ტოლფას თანამდებობაზე უკონკურსოდ უნდა დაენიშნათ, ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად არ შემცირებულა შტატების რაოდენობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელფასო ფონდი, ხოლო მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რის გამო არ მიიჩნია მიზანშეწონილად მოსარჩელის უკონკურსოდ დანიშვნა.
6.19. სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო პალატის განმარტებაზე, რომლის შესაბამისად, ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა. რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმოში/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.).
6.20. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ ბიუროში განხორციელებული რეორგანიზაცია არ ყოფილა გამოწვეული ეკონომიკური საჭიროებიდან გამომდინარე და არ გამოუწვევია კადრების შემცირება, არამედ ცვლილებები შეეხო დეპარტამენტების ფუნქციურ განაწილებას, შესაბამისად, დამსაქმებელს ევალებოდა სათანადო გარემოებებზე მითითებით დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებლობა და ამავდროულად, კონკურსის გარეშე სამსახურის უფროსობიდან განყოფილების უფროსად გადანიშვნის შეუძლებლობა.
6.21. პალატამ მიუთითა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით დამსაქმებელია ვალდებული დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-224-224-2018, 18.05.2018წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.).
6.22. წინამდენარე შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, პალატამ დაადგინა, რომ ბიუროს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014 წლის №24 ბრძანებით, რომელშიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 16.03.2017 წლის №22 ბრძანების ცვლილებებით გაუქმდა საქმისწაროებისა და საინფორმაციო სამსახური, ხოლო მისი ფუნქციების ნაწილი დაეკისრა სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურს. დამსაქმებელმა მოსარჩელეს შესთავაზა სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე დასაქმება. ამასთან, ვინაიდან შეთავაზებული თანამდებობა ფუნქციურად, აგრეთვე მისთვის გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, წარმოადგენდა ცვლილებებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ანალოგიურს, მოსარჩელე უნდა დანიშნულიყო არა მოვალეობის შემსრულებლად, არამედ თანამდებობაზე უკონკურსოდ.
6.23. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციას შეადარა შეთავაზებული განყოფილების უფროსის პოზიცია და ფუნქციური დატვირთვისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე კონკურსის წესით იყო დანიშნული საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, გაუმართლებლად მიიჩნია მოსარჩელის მოვალეობის შემსრულებლად სხვა, ნაკლებ პოზიციაზე გადანიშვნა და დამატებითი კონკურსის გავლის საჭიროება. პალატის მოსაზრებით, სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვაკანტური პოზიცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა იდენტურ სამუშაოს, რასაც მოსარჩელე სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობისას წლების მანძილზე ჯეროვნად ასრულებდა. უფრო მეტიც, განყოფილების უფროსს ევალებოდა ნაკლები ფუნქცია-მოვალეობის განხორციელება, ვიდრე სამსახურის უფროსს, რადგანაც სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებას გადაეცა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების ნაწილი, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელესთან მიმართებით არ არსებობდა დამატებითი კონკურსის ჩატარებისა და მოვალეობის შემსრულებლად გადანიშვნის საჭიროება.
6.24. რაც შეეხება სხვა პირების მოვალეობის შემსრულებლად გადანიშვნას (შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის უფროსი, შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის მიმდინარე საქმეების კოორდინატორი, ეკონომიკური სამსახურის უფროსი; იურიდიული სამსახურის უფროსი; სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი), საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მათი გადანიშვნა მოხდა არა განყოფილებების, არამედ სამსახურების უფროსების პოზიციაზე, რაც განსხვავებულ მდგომარეობას წარმოადგენდა და ვერ იქნებოდა განმსაზღვრელი მოსარჩელის შემთხვევის შეფასებისათვის.
6.25. საქმეზე დადგენილი იყო, რომ ბიუროს საქმისწარმოების განყოფილების უფროსი რეორგანიზაციის შემდგომ გადაინიშნა პირდაპირ და არა მოვალეობის შემსრულებლად. შესაბამისად, რამდენადაც მოსარჩელეს შეეთავაზა კონკრეტული განყოფილების უფროსად გადანიშვნა, მისი დანიშვნაც უნდა განხორციელებულიყო პირდაპირ, დამატებითი კონკურსის გავლის საჭიროების გარეშე. პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა სხვაგვარი მიდგომის გამოყენების მიზანშეწონილობა, რის გამოც გაუმართლებლად უნდა მიჩნეულიყო დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით.
6.26. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია იმ თვალსაზრისითაც, რომ განხორციელებული რეორგანიზაციით არ შემცირებულა კადრები, შესაბამისად, დამსაქმებელს უნდა უზრუნველეყო მასთან დასაქმებული პირისათვის ადეკვატური პირობის შეთავაზება, რაც უზრუნველყოფდა არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას.
6.27. პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია აღენიშნა, რომ დამსაქმებლები სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში იმყოფებიან მათთან დასაქმებულ თანამშრომლებთან და გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან გულისხმიერი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოიჩინონ თითოეული თანამშრომლის კანონით გარანტირებული უფლებებისადმი (სსკ-ის 8.3 მუხლი: სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სსკ-ის 316.2 მუხლი: თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას).
6.28. სააპელაციო პალატამ შეაფასა რა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება სადავო ბრძანების კანონშესაბამისობასთან მიმართებით. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა მოსარჩელის პირდაპირი გადანიშვნის მიზანშეუწონლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ასევე გაუმართლებლად მიიჩნია დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით. პალატის მითითებით, იგი როგორც არამართლზომიერი, სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
6.29. სააპელაციო პალატამ მიუთითა სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილზე (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38-ე მუხლი) (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და განმარტა, რომ დასახელებული ნორმა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
6.30. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო ეტაპზე გამოთხოვილ იქნა მოპასუხის საქმისწარმოების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნული დეპარტამენტის მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურში ვაკანტური იყო სერვისების კონსულტანტისა და საშვთა ბიუროს ოპერატორის პოზიციები. ბიუროს 13.12.2023 წლის მოწერილობის შესაბამისად, საქმისწარმოების დეპარტამენტის მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური არ იყო. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო სამსახურში აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგანაც სათანადო ტოლფასი პოზიციის არარსებობა აბრკოლებდა არსებული სახით სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების შესაძლებლობას.
6.31. კომპენსაციის დაკისრებასთან მიმართებით, პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, თუ შეუძლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენა, შეფასება უნდა მიეცეს კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის წინაპირობებს. მოხმობილი ნორმა, სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის №158 კონვენციის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)) მე-10 მუხლი ადგენს, რომ „თუ კომპეტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილნი უნდა იყვნენ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაციის გადახდა“.
6.32. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, პალატამ აღნიშნა, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. კომპენსაციის ზოგადი მიზანი და ორიენტირი არის ის, რომ მან დაფაროს დროის ის მონაკვეთი (მინიმალურად), რაც საჭირო იქნებოდა ახალი სამსახურის მოსაძებნად.
6.33. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ გამართლებულად მიიჩნია კომპენსაციის სახით, უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულისთვის 25440 ლარის (დარიცხული) მიკუთვნება, რაც შეადგენდა მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურების 1 წლის ჯამურ ოდენობას (2120x12). კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, პალატამ მხედველობაში მიიღო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობის ხარისხი, დასაქმების ხანგრძლივობა და ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შეძლო გათავისუფლების შემდგომ სხვაგან დასაქმება.
საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და კომპენსაციის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება, კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის (მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).
12. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.
13. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
14. პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ №ას-724-2023, 20.07.2023წ.).
15. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებები, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებამდე - 18.04.2017 წლამდე, კონკურსის წესით დანიშნული იყო მოპასუხის საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ამ სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014 წლის №24 ბრძანებით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 16.03.2017 წლის №222 ბრძანების ცვლილებებით, გაუქმდა ბიუროს საქმისწაროებისა და საინფორმაციო სამსახური, რომლის ფუნქციების ნაწილი დაეკისრა სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურს. დადგენილია, რომ რეორგანიზაციიდან გამომდინარე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, მოსარჩელეს მოპასუხემ შესთავაზა სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, რაზეც მოსარჩელემ განაცხადა უარი და მოითხოვა მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად, თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა. აღნიშნულს, თავის მხრივ, დამსაქმებელი არ დაეთანხმა. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და მოპასუხის საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის შეთავაზებული სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვაკანტური პოზიცია, მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის მქონე იყო, რამეთუ ახალი პოზიციისათვის გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები წარმოადგენდა ცვლილებებამდე დაკავებული თანამდებობის ანალოგიურს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ქმნიდა საკმარის საფუძველს იმგვარი დასკვნისათვის, რომ მოსარჩელესთან მიმართებით, არ არსებობდა დამატებითი კონკურსის ჩატარებისა და მოვალეობის შემსრულებლად გადანიშვნის საჭიროება. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელმა ვერ მიუთითა ვერცერთ ისეთ გარემოებაზე და ვერ წარმოადგინა რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რაც საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გამოტანილი დასკვნის სისწორეში/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, ვერ დაასაბუთა სამსახურის უფროსობიდან განყოფილების უფროსად, მოსარჩელის კონკურსის გარეშე გადანიშვნის შეუძლებლობა და ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები.
16. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ №ას-224-224-2018, 18.05.2018წ; №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.). საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. აღნიშნული კი გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარებას.
17. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის/მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არც გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, არც მისი თანმდევი შედეგის სახით კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის თაობაზე.
18. რაც შეეხება მოსარჩელის/პირველი კასატორის საკასაციო საჩივარს, დასაქმებული სადავოდ ხდის კომპენსაციის, როგორც მისი უფლებრივი რესტიტუციის საშუალების ოდენობას, მიუთითებს მის არაგონივრულობაზე და ითხოვს მოპასუხისათვის 178080 ლარის დაკისრებას.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის წესსა და კრიტერიუმებს არ ადგენს. აღნიშნული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (შდრ. სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ; №ას-1067-2021, 25.10.2022წ.).
20. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ. სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.). საქმეზე დადგენილი გარემოებების, მათ შორის დასაქმების ხანგრძლივობისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელემ შეძლო გათავისუფლების შემდგომ სხვაგან დასაქმება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია - 25440 ლარი (დარიცხული), გონივრულია (სუსგ №ას-21-2020, 19.02.2020წ; №ას-979-2021, 28.04.2022წ; №ას-150-2022, 24.11.2022წ.).
21. რაც შეეხება პირველი კასატორის პრეტენზიას დამსაქმებლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულების (სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.12.2023 წლის №21-11/96411 ცნობა მოსარჩელის შემოსავლების შესახებ) თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა) და ყურადღებას გაამახვილებს მასზე, რომ პირველ კასატორს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავო მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 18.12.2023 წლის საოქმო განჩინების გაუქმება არ მოუთხოვია. ამასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, არ იკვეთება მისი გაუქმების სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობა.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
23. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველი კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო მეორე კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 890.4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ტ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1272 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №08991, გადახდის თარიღი 15.05.2024წ.) 70% – 890.4 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია