Facebook Twitter

საქმე №ას-347-2024 30 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „B.-T. G.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ტ–ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.06.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2023 წლის გადაწყვეტილებით, შპს „B-T. G.“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „ლიზინგის მიმღები“ ან „კასატორი“) სარჩელი სს „ს.კ.ტ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მზღვეველი“) მიმართ, 2317 ლარის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ძირითადად დაფუძნებულია მასზე, რომ: მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი დამზღვევისთვის ანაზღაურებული აქვს; ლიზინგის მიმღები არასათანადო მოსარჩელეა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.06.2023 წლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2023 წლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

3.1. 19.08.2019 წელს, მოსარჩელესა და შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ლიზინგის გამცემი“ ან „დამზღვევი“) შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლითაც მოსარჩელეს გადაეცა შემდეგი ავტომანქანა: მარკა - MERCEDES-BENZ, ტიპი - მაღალი გამავლობის, მოდელი - GLS63AMG, საიდენტიფიკაციო ნომერი - .........., ფერი - შავი. ხელშეკრულების 9.1. მუხლის მიხედვით, „ლიზინგის გამცემი კისრულობს ვალდებულებას, რომ ლიზინგის მიმღებისათვის მიწოდების დღიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, ლიზინგის გამცემის სასარგებლოდ დააზღვევს ლიზინგის საგანს...“. ხელშეკრულების 9.6 მუხლის თანახმად, „ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების თანხა გამოიყენოს ლიზინგის საგნის აღსადგენად ან/და ლიზინგის მთლიანი ფასის შესამცირებლად, ხოლო თუ სადაზღვევო თანხა არ არის საკმარისი ლიზინგის საგნის აღსადგენად, მაშინ სხვაობა წინასწარ გადახდილი უნდა იყოს ლიზინგის მიმღების მიერ.“

3.2. 19.08.2019 წლის ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემმა იკისრა ვალდებულება, რომ დააზღვევდა ლიზინგის საგანს.

3.3. 19.08.2019 წელს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ, რომლის საფუძველზეც და მისი პირობების შესაბამისად, გაიცა დაზღვევის პოლისი NMO/C-073624/19. პოლისის მიხედვით, მოსარგებლე არის ლიზინგის გამცემი. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ გენერალური ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, „მოსარგებლე არის პირი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.“ ხელშეკრულების 3.4.2. მუხლის თანახმად, დამზღვევი უფლებამოსილია „სადაზღვევო შემთხვევის დადასტურებისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურების მიღება წინამდებარე ხელშეკრულებითა და შესაბამისი სადაზღვევო პოლისით დადგენილი წესით და ოდენობით.“ ამავე ხელშეკრულების 3.1.4. მუხლის მიხედვით, მზღვეველი ვალდებულია „მოახდინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და წესით ანაზღაურებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტის მიღების საფუძველზე შედგენილი სადაზღვევო შემთხვევის აქტის დამზღვევისა და მზღვეველის მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში...“. ხელშეკრულების 4.1.4. მუხლის თანახმად, ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში, მოქმედებს სადაზღვევო ანაზღაურების განხორციელების შემდეგი წესი: სადაზღვევო შემთხვევის დადასტურების შემდგომ და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მზღვეველი და დამზღვევი თანხმდებიან, რომ ზარალის შეფასება ხდება ერთობლივად, დამზღვევისა და მზღვეველის წარმომადგენლების მიერ, კერძოდ: ან დამზღვევი წარუდგენს მზღვეველს იმ ხარჯების ჩამონათვალს, რომლებიც საჭირო იქნება ავტოტრანსპორტის შესაკეთებლად (აღსადგენად), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი არ დაეთანხმება წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას, იგი თავისი უფლებამოსილი ექსპერტის მეშვეობით განახორციელებს ხარჯების ობიექტურ კორექტირებას ამორტიზაციისა თუ სხვა არსებით გარემოებათა გათვალისწინებით; ან მზღვეველი თავად წარუდგენს დამზღვევს მზღვეველის უფლებამოსილი ექსპერტის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვას. ამასთან, დამზღვევის მოთხოვნა შესაბამის ავტორიზებულ ავტო-ცენტრში მომსახურების მიღების თაობაზე მზღვეველის მიერ დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ავტომანქანის ხნოვანება არ აღემატება 2 (ორ) წელს. ამასთან, თუ ავტოტრანსპორტის ხნოვანება 2 წელს არ აღემატება და დამზღვევი მოითხოვს, მისი აღდგენა განხორციელდეს კონკრეტულ ავტო-ცენტრში და/ან აღდგენითი ღირებულება განისაზღვროს კონკრეტული ავტო-ცენტრის პუნქტის მიერ, მზღვეველი უფლებამოსილია, დამზღვევის/მოსარგებლის სასარგებლოდ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურება გადაურიცხოს უშუალოდ ასეთ ავტო-ცენტრს.

3.4. 24.11.2020 წელს მოხდა სადაზღვევო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც, მზღვეველის წარმომადგენელმა მანქანა დაათვალიერა და დაასურათა. აღნიშნული შემთხვევის შედეგად დაზიანდა და სადაზღვევო ანაზღაურებას დაექვემდებარა შემდეგი პროდუქტის/მომსახურების ღირებულება: 1. უკანა ბამპერის მ/დ; 2. უკანა ბამპერის შეღებვა; 3. უკანა ბამპერზე ფირის დემონტაჟი მონტაჟი; 4. უკანა ბამპერის პოლირება; 5. მაყუჩის გასწორება (უკ. მარჯვენა მხარე); 6. GYEON PROTECT+ (ფირი).

3.5. 19.08.2021 წელს, ასევე მოხდა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი, რასთან დაკავშირებითაც ავტომობილი სრულად შემოწმდა. მათ შორის, გადაიღეს ფოტო-სურათები. ავტომობილის შეკეთების ვალდებულება იკისრა შპს „ტ–მა“. აღნიშნული შემთხვევის შედეგად, დაზიანდა და სადაზღვევო ანაზღაურებას დაექვემდებარა შემდეგი პროდუქტის/მომსახურების ღირებულება: 1. ფირი, 4 მეტრი, წინა მარცხენა კარები, უკანა ბამპერი, უკანა მარჯვენა მოლდინგი. ფირის დემონტაჟი მონტაჟი, წინა მარცხენა კარები, უკანა ბამპერი, დაშლა-აწყობა, წინა მარცხენა კარის ცივად შესწორება, უკანა ბამპერი მარჯვენა მოლდინგი, შეღებვა, შეღებილი დეტალების პოლირება, უკანა ბამპერის დიფუზორი დაზიანებულია.

3.6. 24.11.2020 წელს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის ფარგლებში, ლიზინგის გამცემმა/დამზღვევმა მიმართა მზღვეველს და მოსთხოვა ზიანის ანაზღაურება. მზღვეველმა შეისწავლა 24.11.2020 წლისა და 19.08.2021 წლის შემთხვევების დროს გადაღებული ფოტოსურათები და დაადგინა, რომ სატრანსპორტო საშუალებას უკანა ბამპერის ე.წ. „დიფუზორზე“, 19.08.2021 წლამდე, აღენიშნებოდა იდენტური დაზიანებები, კერძოდ, 24.11.2020 წელს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის ფარგლებში მოცემულ ავტომობილზე, სხვა დაზიანებასთან ერთად, დაფიქსირდა იდენტური დაზიანებაც, რომელზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების ღირებულებაც, სადაზღვევო ანაზღაურების სახით, გასცა მზღვეველმა, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი ინვოისი (25.11.2020 წლისა და 20.08.2021 წლის ინვოისები), სადაზღვევო შემთხვევის აქტი და საგადახდო დავალება (14.12.2020 წლის საგადახდო დავალება).

3.7. 19.08.2021 წლის სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, მოპასუხემ მიუთითა იგივე დაზიანებაზე - უკანა ბამპერის ე.წ. „დიფუზორზე“ არსებულ დაზიანებაზე.

3.8. მზღვეველმა შეისწავლა 24.11.2020 წელს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის ფარგლებში წარდგენილი მოთხოვნა და სადაზღვევო ანაზღაურება გასცა უკანა ბამპერის ე.წ. „დიფუზორზე“ არსებული დაზიანების ნაწილის გამოკლებით.

3.9. დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის აქტები დადასტურებულია ლიზინგის გამცემის/დამზღვევის მხრიდან. დაზღვევის პოლისით მოსარგებლე პირს არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზია მოპასუხის მიმართ. დამზღვევმა მოიწონა და დაეთანხმა მზღვეველის მიერ გაგზავნილ დოკუმენტებს და ანაზღაურებული ზიანის ოდენობას. ამასთან, 25.01.2023 წლის მომართვის მიხედვით, ლიზინგის გამცემმა დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ასანაზღაურებელი თანხები მასთან შეთანხმებული იყო, ეთანხმებოდა და მიიღო აღნიშნული სახით შესრულება. ამდენად, როგორც 24.11.2020 წელს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის ფარგლებში, ასევე 19.08.2021 წლის მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის ფარგლებში, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მიზნით, ლიზინგის გამცემმა/დამზღვევმა მიმართა მზღვეველს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, რის საპასუხოდაც გადაირიცხა შესაბამისი თანხები. 25.01.2023 წლის მიმართვაში კი, დამზღვევმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ორივე სადაზღვევო შემთხვევის დროს, შესაბამისი ზარალის ანაზღაურების ღირებულებები შეთანხმებული იყო, ეთანხმებოდნენ და მიიღეს თანხები.

3.10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით ასევე სადავოდ იყო გამხდარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის (სათანადო მოსარჩელის) იდენტიფიცირების საკითხი. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატის შესაფასებელი იყო, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე სადავო სამართალურთიერთობაში მოპასუხის მიმართ მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს.

3.11. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნა და მიიჩნია, რომ მოსარჩელე/ლიზინგის მიმღები მოცემულ საქმეზე წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლეს წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად, იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამზღვევს წარმოადგენს, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან.

3.12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მზღვეველს, დამზღვევს/ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის 19.08.2019 წელს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ, რის საფუძველზეც გაიცა დაზღვევის პოლისი MO/C-073624/19. პოლისის მიხედვით, მზღვეველს წარმოადგენს მოპასუხე, ხოლო დამზღვევი და მოსარგებლე ლიზინგის გამცემია. დაზღვევის ობიექტად განისაზღვრა დამზღვევის ქონებრივი ინტერესი, დაკავშირებული სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის მზღვეველის მიერ ანაზღაურებასთან. პოლისის საფუძველზე განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები პოლისითა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების თანახმად, ხოლო დამზღვევმა თავის თავზე აიღო ვალდებულება, გადაეხადა შესაბამისი სადაზღვევო პრემია.

3.13. მოსარგებლეს წარმოადგენს ლიზინგის გამცემი. თვით ტერმინი მოსარგებლე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ გენერალური ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, არის „პირი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.“

3.14. მზღვეველს 14.12.2020 წელსა და 30.08.2021 წელს, დამზღვევის/მოსარგებლის სასარგებლოდ ანაზღაურებული აქვს ზიანი, რაზეც შემდგარია შესაბამისი აქტი და გადარიცხულია თანხა. აღსანიშნავია, რომ ანაზღაურებაზე მოთხოვნა მზღვეველს მიღებული ჰქონდა დამზღვევის მხრიდან.

3.15. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელესა და ლიზინგის გამცემს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების 9.1. მუხლის მიხედვით, ლიზინგის გამცემმა იკისრა ვალდებულება, რომ ლიზინგის მიმღებისათვის მიწოდების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ლიზინგის გამცემის სასარგებლოდ დააზღვევდა ლიზინგის საგანს; 9.6 მუხლის მიხედვით კი, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილი იყო სადაზღვევო ანაზღაურების თანხა გამოეყენებინა ლიზინგის საგნის აღსადგენად ან/და ლიზინგის მთლიანი ფასის შესამცირებლად, ხოლო თუ სადაზღვევო თანხა არ იქნებოდა საკმარისი ლიზინგის საგნის აღსადგენად, მაშინ სხვაობა წინასწარ უნდა გადახდილიყო ლიზინგის მიმღების მიერ. მოცემულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემს ჰქონდა თანხის მზღვეველისაგან მოთხოვნისა და მიღების უფლებამოსილება.

3.16. რაც შეეხება აპელანტის მითითებას მსგავსი კატეგორიის საქმეზე არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე (სუსგ №ას-1094-2019), პალატამ აღნიშნა, რომ განსხვავებით ზემოაღნიშნული საქმისაგან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო სამართალურთიერთობაში ის იყო სადაზღვევო პრემიის გადახდის ეკონომიკური ტვირთის მატარებელი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და, ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ, პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07.04.2017წ; №ას-725-2023, 27.03.2024წ.).

8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, როგორც 19.08.2019 წლის გამოსყიდვის უფლებით ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე „ლიზინგის მიმღები“, ითხოვს ამავე ხელშეკრულებით „ლიზინგის გამცემის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების (ხელშეკრულების 9.1. მუხლით ლიზინგის გამცემმა იკისრა ვალდებულება, რომ დააზღვევდა ლიზინგის საგანს) ფარგლებში, ერთი მხრივ, „ლიზინგის გამცემს“, როგორც „დამზღვევს“/„მოსარგებლეს,“ მეორე მხრივ, „მზღვეველს“ და, მესამე მხრივ, „ლიზინგის მიმღებს“ შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად გაცემული №MO/C-073624/19 დაზღვევის პოლისიდან გამომდინარე (იხ. ტ.1, ს.ფ.26-54), სადაზღვევო შემთხვევების შედეგად დამდგარი მატერიალური ზიანის - 2317 ლარის მზღვეველისაგან ანაზღაურებას.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს პიროვნება ან ქონება. სსკ-ის 820-ე მუხლით, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (სუსგ №ას-663-624-2011, 17.02.2012წ; №ას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (სუსგ №ას-327-2020, 18.07.2023წ., პუნ.9).

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) მასზე, რომ:

10.1. გამოსყიდვის უფლებით ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის გამცემს ჰქონდა სადაზღვევო თანხის მიღებისა და გამოყენების უფლებამოსილება. ამავე ხელშეკრულების 9.6 მუხლით, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილი იყო სადაზღვევო ანაზღაურების თანხა გამოეყენებინა ლიზინგის საგნის აღსადგენად ან/და ლიზინგის მთლიანი ფასის შესამცირებლად, ხოლო თუ სადაზღვევო თანხა არ იქნებოდა საკმარისი ლიზინგის საგნის აღსადგენად, მაშინ სხვაობა წინასწარ გადახდილი უნდა ყოფილიყო ლიზინგის მიმღების მიერ;

10.2. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა ორჯერ, კერძოდ, 24.11.2020 წლისა და 19.08.2021 წლის სადაზღვევო შემთხვევების დროს;

10.3. 19.08.2021 წლის სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხემ მიუთითა, რომ დაზიანებებიდან ერთ-ერთი დამდგარი იყო 24.11.2020 წლის სადაზღვევო შემთხვევით, რაც მზღვეველს ანაზღაურებული ჰქონდა. შესაბამისად, 19.08.2021 წლის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდა შესაბამისი თანხის (ძველი დაზიანების აღსადგენად საჭირო თანხის) გამოკლებით;

10.4. მზღვეველს 19.08.2021 წლის სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი ანაზღაურებული აქვს სრულად.

11. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის საკმარისი საფუძველია. შესაბამისად, პალატა დამატებით აღარ მსჯელობს კასატორის პრეტენზიაზე, რამდენად იყო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სხვა გარემოებები სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის საფუძველზე მოსარჩელის სათანადოობა/არასათანადოობის გამოსარკვევად (იხ. სუსგ №ას-1094-2019, 18.10.2019წ., პ.26).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „B.T.G.“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „B.T.G.“-ს (ს/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს თ.ს–ის (პ/ნ: ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №6262, გადახდის თარიღი 05.04.2024წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია