საქმე №ას-212-2023 25 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ბ–“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2022 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.11.2022 წლის გადაწყვეტილებით:
1) გ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სასარჩელო მოთხოვნა შპს „ჯ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „დამსაქმებელი“) მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 13.07.2022 წლის ბრძანებით გამოვლენილი ნება;
2) მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობისათვის მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა;
3) მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის სახით დარიცხული 6410.25 ლარის გადახდა 13.07.2022 წლიდან;
4) დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 47.1. მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გამოვლენილი ნება იყო არამართლზომიერი და არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
3. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2022 წლის გადაწყვეტილებით - მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ძირითადად დაფუძნებულია მასზე, რომ: მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილებისა და, შესაბამისად, საწვავით პირადი მიზნით სარგებლობის ფაქტები, რა დროსაც იგი არ იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში. მოსარჩელეს შეეძლო, წარმოედგინა საწინააღმდეგო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არ განუხორციელებია. მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია 12.07.2022 წლის ივლისის ბრძანებით მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. დამსაქმებლის მიერ 13.07.2022 წლის წერილობითი ბრძანებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს. იგი ასევე უნდა გაუქმდეს კომპენსაციის, განაცდურის დაკისრების ნაწილშიც და სარჩელს ეთქვას უარი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნება ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 13.07.2022 წლის ბრძანება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრება 5000 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდური – 13.07.2022 წლიდან ყოველთვიურად დარიცხული 6410.25 ლარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
8. დამტკიცებულად არის ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1. მოსარჩელე 01.05.2019 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხესთან გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე. 01.05.2019 წლის შრომის ხელშეკრულების თანახმად:
8.1.1. გაყიდვების დირექტორის მოვალეობებია: კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; კომპანიის თვის-კვარტლის-წლის გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა; კომპანიის გაყიდვების ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით ხარჯვა; დებიტორული დავალიანებების მკაცრი კონტროლი და ადმინისტრირება; კომპანიის გაყიდული პროდუქციის ღირებულების უწყვეტი და დროული შემოდინების უზრუნველყოფა; გაყიდვების გუნდის მართვა და კონტროლი, ხარჯების კონტროლი; სავაჭრო ქსელებთან მოლაპარაკებები და მათთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობის აწყობა; ახალი პროდუქტების შექმნაში მონაწილეობა; BTL აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, უცხოელ მზა პროდუქციის მომწოდებლებთან სავაჭრო პირობებზე მოლაპარაკება; მივლინებებში სიარული და ახალი პარტნიორების მოძიება; ანგარიშგება კომპანიის დირექტორთან; უშუალო ხელმძღვანელის დავალება/მითითების შესრულება (2.3. პუნქტი);
8.1.2. დასაქმებული ვალდებულია - გაუფრთხილდეს „დამქირავებლის“ ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული მანქანა-დანადგარების, ტექნიკის, ნედლეულის, მზა პროდუქციის, ელექტრონული და სხვა სახის შიდა თუ ოფიციალური დოკუმენტაციის ჯეროვანი დაცვა ხელყოფისაგან, განადგურებისაგან, გამჟღავნებისაგან და არაკანონიერი გამოყენებისაგან; დასაქმებულს ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დამსაქმებლის მიერ მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. დასაქმებული ვალდებულია, ეს ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის, არ გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა პირს (3.3.3. და 3.3.22. პუნქტები).
8.2. მოსარჩელეს კომპანიის ფინანსების ან საბრუნავი საშუალებების გენერირებასა და განკარგვასთან სამსახურებრივი შემხებლობა არ ჰქონია;
8.3. მოპასუხის დირექტორის მიერ ერთპიროვნულად ხდებოდა წერილობითი ნების გამოვლენით თანამშრომლის მივლინებაში გაშვება, ასევე სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება;
8.4. სამუშაოდან გათავისუფლების მომენტში მოსარჩელე იყო უვადოდ დასაქმებული პირი (შრომის ხელშეკრულების 1.3.-1.6 პუნქტები), რომლის საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 6410.25 ლარს;
8.5. მოსარჩელეს მიღებული აქვს 2022 წლის ივნისის შრომის ანაზღაურება;
8.6. მოპასუხის დირექტორის 12.07.2022 წლის ბრძანებით დამსაქმებლის სატრანსპორტო საშუალების არასამსახურებრივი დანიშნულებით უნებართვოდ გამოყენებისთვის მოსარჩელეს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა სასტიკი საყვედური. მიეცა მითითება, რომ იმავე დღის 18:00 საათამდე მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება და მისი გასაღები გადაეცა კომპანიის თანამშრომლისთვის, თ.დ–ისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, სშკ-ის 47.1. მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდებოდა მასთან შრომითი ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ.68);
8.7. მოპასუხის დირექტორის 13.07.2022 წლის ბრძანებით, იმავე დღიდან მოსარჩელესთან შეწყდა შრომის ხელშეკრულება სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე (ტ. 1, ს.ფ. 18).
19.07.2022 წლით დათარიღებულ დამსაქმებლის მიერ მომზადებულ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლების წერილობით დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ:
8.7.1. მოსარჩელემ არაერთხელ გამოიყენა სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალება, შესაბამისად, საწვავიც, პირადი მიზნებისათვის. შრომითი ხელშეკრულების 3.3.22. პუნქტის, შინაგანაწესის 4.6.7, 4.6.8, 4.7.1. პუნქტებით, ასევე, 10.1.2. პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, გადმოცემული ქონება გამოეყენებინა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის. აღნიშნული დარღვევა, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია; გარდა ამისა, 2022 წლის მაისში მოსარჩელეს მივლინებაში ჰყავდა კომპანიის თანამშრომელი, თბილისის „სუპერვაიზერი“. ამ ხარჯის გაწევის გონივრული დასაბუთება მოსარჩელეს არ წარუდგენია. ასევე, გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ბონუსების მიღების მიზნით მოსარჩელემ კომპანიას შესრულებული გეგმების შესახებ არაერთხელ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რაც შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების უხეში დარღვევაა და, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს; მოსარჩელე 21.06.2022 წლიდან 24 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა მივლინებაში, რა დროსაც არ შეუსრულებია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ეს გარემოებაც, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, იწვევს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას;
8.7.2. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულმა სამუშაო საკუთარი ნებით დატოვა;
8.7.3. მოპასუხის დირექტორის 12.07.2022 წლის ბრძანებით, რომლითაც დამსაქმებლის სატრანსპორტო საშუალების არასამსახურებრივი დანიშნულებით უნებართვოდ გამოყენებისთვის მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, მოსარჩელე გაფრთხილებული იყო ვადის თაობაზე, როდესაც უნდა დაებრუნებინა სატრანსპორტო საშუალება. მოსარჩელე გაფრთხილებული იყო ამ ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზეც. ავტომანქანის განსაზღვრულ ვადაში დაუბრუნებლობა, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იწვევს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას (ტ.1, ს.ფ.19-22).
8.8. დამსაქმებლის მიერ 19.07.2022 წლის დასაბუთებაში მითითებული ზემოჩამოთვლილი მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლებიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის, რომ მოსარჩელე პერიოდულად, პირადი მიზნებისათვის, იყენებდა სამსახურებრივ მანქანას და მის გადასაადგილებლად საჭირო საწვავს;
8.9. 13.07.2022 წელს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მეორე სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერმა შეადგინა მოსარჩელესთან გასაუბრების ოქმი, სადაც მოსარჩელემ განმარტა, რომ 12.07.2022 წელს მოპასუხისაგან მიიღო ელექტრონული წერილი მასზე, რომ მის სარგებლობაში არსებული მოპასუხის ავტომობილი ჩაებარებინა მოპასუხის თანამშრომლებისათვის - თ.დ–ისა და ა.კ–თვის. შესაბამისად, მოსარჩელე 12.07.2022 წელს მივიდა მოპასუხის ოფისში, შეხვდა ზემოაღნიშნულ პირებს, სთხოვა მათ ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, რაზეც უარი მიიღო თ.დ–ისაგან, რომელიც თანახმა იყო, მისთვის მხოლოდ მანქანის გასაღების დატოვებაზე, რასაც, თავის მხრივ, არ დაეთანხმა მოსარჩელე. 13.07.2022 წელს მოსარჩელე გამოცხადდა მოპასუხის ოფისში, სურდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, თუმცა ოფისი დახვდა დაკეტილი. ამის თაობაზე მან ასევე აცნობა მოპასუხის დირექტორს ელექტრონული წერილის საშუალებით. მოსარჩელემ 15:00 საათზე მიიღო ელექტრონული წერილი, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, კომპანიამ შეწყვიტა მასთან თანამშრომლობა და 17:00 საათზე მიეყვანა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა ოფისის მისამართზე. მისამართზე მას დახვდა კომპანიის საწყობის თანამშრომელი ზ.ვ–ი, რომელმაც უარი განაცხადა ავტომანქანის ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე, რის შემდეგაც მოსარჩელემ დარეკა 112-ში ფაქტის (ავტომობილის დაბრუნების ნების) დაფიქსირების მიზნით (ტ.1. ს.ფ. 54-55). საბოლოოდ, მანქანა დატოვა მოპასუხის საწყობის წინ, სადაც კამერებია.
9. დასაქმებულის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება.
10. შრომის სამართლის ბუნებიდან გამომდინარე, სშკ ადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველთა ამომწურავ ჩამონათვალს, რათა განისაზღვროს ზუსტი ჩარჩოები და არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება. ამასთან, დასაქმებულისათვის მაქსიმალურად განჭვრეტადი უნდა იყოს ის საფუძვლები, რომლებიც შესაძლებელია, ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა გახდეს (სუსგ №ას-1213-2020, 07.06.2022წ.).
11. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ.).
12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).
13. სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.). ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელ გარემოებებზე, რომლებიც არ ყოფილა სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, სასამართლო ვერ იმსჯელებს.
შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც 13.07.2022 წლის ბრძანებაში არ არის მითითებული და აღნიშნულია მხოლოდ 19.07.2022 წლით დათარიღებულ გათავისუფლების საფუძვლების წერილობით დასაბუთებაში, სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
14. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება დაფუძნებულია სშკ-ის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტსა (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) და „თ“ ქვეპუნქტზე (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა).
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში „Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (სუსგ №ას-416-399-2016, 29.06.2016წ; №ას-724-2019, 26.07.2019წ; №ას-658-2020, 04.12.2020წ.).
16. შესაბამისად, უხეში დარღვევის კვალიფიკაციისას სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპზე, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის... თვალსაზრისით (სუსგ №ას-416-399-2016, 29.06.2016წ., 19; №ას-1981-2018, 17.05.2019წ., 23). როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეშ დარღვევად მიიჩნია სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მანქანის) და, შესაბამისად, მის გადასაადგილებლად საჭირო საწვავის, არასამუშაო დროს, ანუ პირადი მიზნებისათვის პერიოდულად გამოყენება.
საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ ზუსტად ამ დარღვევისთვის გათავისუფლების წინა დღეს, ანუ 12.07.2022 წელს, დამსაქმებელმა მოსარჩელეს შეუფარდა სასტიკი საყვედური. შესაბამისად, არ არსებობდა იმავე დარღვევისთვის მეორე დღეს მოსარჩელის სამუშაოდან, სშკ-ის 47.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლების წინაპირობა.
17. რაც შეეხება იმას, რომ 12.07.2022 წლის ბრძანებით დამსაქმებელმა მოსარჩელე გააფრთხილა იმავე დღის 18:00 საათამდე მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების ვალდებულების, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სშკ-ის 47.1. მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ვერც ამ საფუძვლით ვერ მიიჩნევს საკასაციო პალატა მოსარჩელის განთავისუფლებას კანონიერად. დასაქმებულის მხრიდან, რომელმაც შეიტყო იმავე დღეს მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენება, ლოგიკურია ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნებისას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მოთხოვნა, როდესაც შემოწმდება დაბრუნებული ნივთის მდგომარეობა და გასაღები ისე დაუბრუნდება დამსაქმებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს. როგორც უკვე აღინიშნა, აქტის გაფორმებაზე 12 და 13 ივლისს უარის მიღების ფაქტის დასადასტურებლად მან 13.07.2022 წელს დარეკა საგანგებო სამსახურის ნომერზე, რის შემდგომაც ადგილზე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მეორე სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერმა შეადგინა შესაბამისი ოქმი (ტ.1, ს.ფ.54-55). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოვლენათა ასეთი თანმიმდევრობით ვერ მიიღწეოდა 12.07.2022 წელს გამოყენებული ღონისძიების პრევენციული და დასაქმებულის ქცევის გამოსწორების მიზანიც.
ამასთან, მანქანის დაბრუნების ნებისა და შესაბამისი მცდელობების დადასტურების პირობებში, არ არსებობდა მისი ვადაში დაუბრუნებლობისა და ვალდებულების განმეორებით დარღვევის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის სშკ-ის 47.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვეტის საფუძველი.
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლება კანონიერად შეფასდა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ ის პერიოდულად პირადი მიზნებისათვის იყენებდა სამსახურებრივ მანქანას და მის გადასაადგილებლად საჭირო საწვავს, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, არ წარმოადგენს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების წინაპირობას. დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად 19.07.2022 წლის დასაბუთებაში მითითებული რაიმე დარღვევა.
საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ; №ას-415-395-2015, 10.06.2015წ.).
19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა, მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს და არსებობს მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე მოპასუხის 13.07.2022 წლის ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობა.
20. რაც შეეხება მოპასუხისთვის კომპენსაციისა და განაცდურის დაკისრების საკითხს: სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. სშკ-ის 58-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია. განაცდური განგრძობადია და მისი შეწყვეტა დამოკიდებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღზე. განაცდური ის შემოსავალია, რომელიც უკანონოდ დათხოვნილმა პირმა დათხოვნიდან აღდგენამდე პერიოდში ვერ მიიღო და უნდა მიეღო, უკანონოდ რომ არ გათავისუფლებულიყო, ანუ იძულებითი მოცდენის პერიოდში მისაღები ანაზღაურებაა.
21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.11.2022 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის სახით 5000 ლარი და 13.07.2022 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის სახით დარიცხული 6410.25 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ძირითადად დაფუძნებული იყო გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობის არარსებობაზე. კასატორი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ ფარგლებში, რაც თავდაპირველი მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილების ტოლფასია.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს. იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ითვალისწინებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, სახელფასო ანაზღაურებასა და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრისას, რადგან სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა, სასამართლოს დისკრეციაა (შდრ. სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ.). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები), (შდრ. სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამსაქმებლისთვის 5000 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება გონივრულია. შესაბამისად, არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მითითებული ოდენობით კომპენსაციის გადახდის, ასევე, ამ ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის სახით 13.07.2022 წლიდან ყოველთვიურად დარიცხული 6410.25 ლარის დაკისრების წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-888-2022, 16.11.2022წ; №ას-1183-2022, 23.12.2022წ; №ას-1610-2022, 21.03.2023წ.).
23. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2022 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილება.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.).
25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელსა (100 ლარი) და საკასაციო საჩივარზე (300 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და, ასევე, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 90-91), ჯამურად - 1523.07 ლარის (პროცესის ხარჯის) ანაზღაურება. რაც შეეხება იძულებით განაცდურს/კომპენსაციას, ამ ნაწილში დასაქმებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამრიგად, სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია), დამსაქმებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ ნაწილში დავის საგნის ღირებულების 3% და 5%, რომელთა გადახდისაგან სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, რასაც, სსსკ-ის 41.2 მუხლის თანახმად, გამოაკლდება დამსაქმებლისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაკისრებული 400 ლარი და, საბოლოოდ, დამსაქმებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის 3589.74 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2022 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. გ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ჯ.ბ–ის“ 13.07.2022 წლის ბრძანება გ.მ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
5. შპს „ჯ.ბ–ს“ გ.მ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისროს 5000 ლარის გადახდა.
6. შპს „ჯ.ბ–ს“ გ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის სახით 13.07.2022 წლიდან ყოველთვიურად დარიცხული 6410.25 ლარის გადახდა.
7. შპს „ჯ.ბ–ს“ გ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული პროცესის ხარჯის ნაწილის - 1523.07 ლარის ანაზღაურება.
8. შპს „ჯ.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3589.74 ლარის გადახდა.
9. გ.მ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ.2, ს.ფ.297-311).
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია