Facebook Twitter

საქმე №ას-498-2021 26 დეკემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ტ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – „მ.კ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.02.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2019 წლის გადაწყვეტილებით „მ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ს.ტ“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცის გადახდა 34 380 აშშ დოლარის ოდენობით.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.02.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, მოსარჩელე კი მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციაა, რომელიც ქმნის, ავითარებს, აწარმოებს, გასცემს ლიცენზიებს და ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს, პერსონალურ კომპიუტერებსა და სხვა სამომხმარებლო ელექტრო მოწყობილობებს, ტექნიკას.

3.2. მოსარჩელის ფართოდ გავრცელებული კომპიუტერული პროგრამებია: „Microsoft Windows“/„მაიკროსოფტ ვინდოუსი“, „Microsoft office“/„მაიკროსოფტ ოფისი“, „Microsoft Server Enterprise“/„მაიკროსოფტ სერვერ ენტერპრაის“, რომელთა ლიცენზირებული ვერსიები საქართველოში ხელმისაწვდომია მოსარჩელის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

3.3. შპს „მ.ს–ო“ არის მოსარჩელის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში (შვილობილი კომპანია), რომელიც უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების რეალიზაციას, მომსახურებას და სხვა.

3.4. ორგანიზაციების ლიცენზირების მონაცემთა მოსარჩელის ბაზაში, 10.02.2017 წლის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ მოსარჩელის პროდუქტების გამოყენებისათვის ლიცენზიის შეძენის შესახებ ინფორმაცია არ აღმოჩნდა, რის შესახებაც ეცნობა მოპასუხეს.

3.5. 09.03.2016 წლის მდგომარეობით მოპასუხის მიერ შეძენილია მოსარჩელის პროდუქტების გამოყენებისათვის შემდეგი ლიცენზიები: - Windows Legalization – 15 ლიცენზია; - Office Standard – 15 ლიცენზია; - Windows Server CAL – 14 ლიცენზია; - Windows Server External Cinnector – 1 ლიცენზია; - Windows Server Standard Core – 32 ლიცენზია.

3.6. 13.04.2016 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა მოპასუხეს და განუმარტა, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ვარაუდობს, რომ მათ ორგანიზაციას სრული მოცულობით არ გააჩნია გამოყენებული პროდუქტების ლიცენზიები. გარდა ამისა, მოპასუხეს არ გამოუხატავს დაინტერესება ლიცენზიების გარეშე გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. ამავე წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილების მიღება და მოპასუხის მიერ მოსარჩელის პროდუქციის საჭირო ლიცენზიების შეძენა.

3.7. მიუხედავად წერილობითი მიმართვისა, მოპასუხეს არ გამოუხატავს დაინტერესება ლიცენზირებული პროგრამების შეძენასა და ლიცენზიების გარეშე გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, რის გამოც მოსარჩელემ 15.11.2016 წელს სარჩელის აღძვრამდე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

3.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.11.2016 წლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა განეხორციელებინა, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, კომპანიის სარგებლობაში ან/და საკუთრებაში არსებული პერსონალური კომპიუტერების (მდებარე: საქართველო, თბილისი, .......), დათვალიერება/ინსპექტირება, რათა დადგენილიყო, იყო თუ არა კომპიუტერებში ჩაწერილი/ინსტალირებული ის კომპიუტერული პროგრამები, რომელზეც მოსარჩელეს გააჩნდა ინტელექტუალური საკუთრების უფლება, მათ შორის: „Microsoft Windows“/„მაიკროსოფტ ვინდოუსი“; „Microsoft office“/„მაიკროსოფტ ოფისი“; „Microsoft Server Enterprise“/„მაიკროსოფტ სერვერ ენტერპრაის“ და მათი სხვადასხვა ვერსიები.

3.9. 01.12.2016 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულებისას, მოპასუხის მფლობელობაში არსებულ და ყველა შემოწმებულ კომპიუტერზე (აღსრულების ფარგლებში შემოწმდა მხოლოდ 7 კომპიუტერი) აღმოჩნდა „Microsoft Corporation“-ის არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამები, კერძოდ: შემოწმებული შვიდივე კომპიუტერი სარგებლობდა „მაიკროსოფტ ვინდოუს ალთიმეით 7“ ვერსიით, რომელთაგან ერთი სარგებლობდა „მაიკროსოფტ ოფის 2016 პროფეშენალ პლიუსით“, ორი სარგებლობდა „მაიკროსოფტ ოფის 2010 პროფეშენალ პლიუსით“, ოთხი კი - „მაიკროსოფტ ოფის ენტერპრაიზ 2007“-ით.

3.10. შპს „მ.ს–ოს“, როგორც საქართველოში მოსარჩელის შვილობილი კომპანიის, მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, „Windows 7 Ultimate“-ის ღირებულება შეადგენს 194 აშშ დოლარს, ხოლო „Microsoft Office Professional Plus 2016“-ის ღირებულება 528 აშშ დოლარია. რაც შეეხება „მაიკროსოფტ ოფის 2010 პროფეშენალ პლიუსისა“ და „მაიკროსოფტ ოფის ენტერპრაიზ 2007“-ის ღირებულებას, 2016 წლის ფასთა ჩამონათვალში არ არის განსაზღვრული კონკრეტული კომპიუტერული პროგრამების ღირებულება.

3.11. მოპასუხე შემოწმების განხორციელების ეტაპზე სარგებლობდა მინიმუმ 15 კომპიუტერით, რომლებშიც ინსტალირებული იყო არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამები. ამგვარი დასკვნის საფუძველია საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც იძლევა საფუძველს ითქვას, რომ მოპასუხე წლების მანძილზე უკანონოდ სარგებლობდა მოსარჩელის საავტორო უფლებით დაცული კომპიუტერული პროგრამით. დადგენილია, რომ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით წარმოებულ აღსრულების პროცესში შემოწმებულ ყველა კომპიუტერში გამოვლენილია კომპიუტერული პროგრამის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არ მისცა შესაძლებლობა სრულად შეემოწმებინა ოფისის ტერიტორია, რამაც შეუძლებელი გახადა მოსარჩელისათვის სათანადო მტკიცებულების მოპოვება და რაც, ცხადია, წარმოშობს მოპასუხის მტკიცების ვალდებულებას, ადასტუროს მის მიერ მხოლოდ 7 კომპიუტერთან მიმართებით უნებართვოდ კომპიუტერული პროგრამების გამოყენების ფაქტი. საყურადღებოა, რომ შემოწმების შემდგომ მოპასუხემ სწორედ 15 კომპიუტერისათვის შეისყიდა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამები, რაც წარმოშობს მოსარჩელის მტკიცების გაზიარების საფუძველს, რამეთუ მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას, რომ მის მიერ დამატებითი კომპიუტერები შეძენილია შემოწმების შემდგომ. მართალია, მოპასუხე მიუთითებს, რომ მის სარგებლობაში კონკრეტულ მისამართზე იყო მხოლოდ 7 კომპიუტერი, თუმცა გარემოება, რომ აღსრულების შემდგომ დადგა საჭიროება შესყიდულიყო დამატებითი კომპიუტერები, არ დგინდება. ამავდროულად, აღსრულების პროცესში შედგენილი ოქმებით დასტურდება, რომ მოპასუხემ არ მისცა შესაძლებლობა აღმასრულებელს სრულად შეემოწმებინა კომპანია და, შესაბამისად, ზუსტად განესაზღვრა განთავსებული კომპიუტერებისა და არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების ოდენობა. გარემოება, რომ მოპასუხემ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შემდგომ შეიძინა 15 ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამა, იძლევა პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა ხელშეშლა, მინიმუმ 15 კომპიუტერში აღმოჩნდებოდა არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამა. პრეზუმირებული ფაქტის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე კი, მისი უარყოფა ეკისრება მხარეს, რომლის წინააღმდეგაც ეს ვარაუდი მოქმედებს. ამგვარი გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით წარმოებული აღსრულების ხელშეშლა მოწმობს, რომ მოპასუხის ქმედების გამო მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოსათვის, რამეთუ სხვა რესურსი მტკიცებულების მოპოვებისა და წარმოდგენისათვის მოსარჩელეს არ გააჩნია, რაც სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებული შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე წარმოშობს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების ტვირთს, ადასტუროს საპირისპირო გარემოება.

3.12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და გამართლებულად მიიჩნია მოპასუხისათვის 34 380 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გონივრული და სამართლიანი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შემოწმებულ შვიდივე კომპიუტერში ინსტალირებული იყო „Windows 7 Ultimate“, რომლის ღირებულებაც შეადგენს 194 აშშ დოლარს. ამავდროულად, 7 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთ კომპიუტერში გამოვლინდა „Microsoft Office Professional Plus 2016“, რომლის ღირებულებაც განისაზღვრება 528 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 6 კომპიუტერის შემთხვევაში შემოწმებული კომპიუტერებიდან ორში ინსტალირებული იყო „მაიკროსოფტ ოფის 2010 პროფეშენალ პლიუსი“, ოთხში კი - „მაიკროსოფტ ოფის ენტერპრაიზ 2007“, რომელთა კონკრეტული ღირებულება წარმოდგენილი არ არის. კომპენსაცია, როგორც უფლების შელახვისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, დამოკიდებულია იმ კონკრეტულ (ზუსტად განსაზღვრულ) შემოსავალთან, რომელსაც კომპანია მიიღებდა მისი უფლების მართლზომიერი რეალიზების პირობებში. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მითითებისა და მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა კომპიუტერებში აღმოჩენილი ყველა კომპიუტერული პროგრამის ზუსტი ღირებულების განსაზღვრა, რისი განუხორციელებლობაც ვერ გახდება ყველა კომპიუტერისათვის „Microsoft Office Professional Plus 2016“-ის ღირებულების შესაბამისად კომპენსაციის დაკისრების საფუძველი. გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელე აღარ ახორციელებს „მაიკროსოფტ ოფის 2010 პროფეშენალ პლიუსისა“ და „მაიკროსოფტ ოფის ენტერპრაიზ 2007“-ის რეალიზებას, ვერ განაპირობებს მოპასუხისთვის თხუთმეტივე კომპიუტერისათვის „Microsoft Office Professional Plus 2016“-ის ღირებულების შესაბამისი კომპენსაციის დაკისრებას. რაც შეეხება მოპასუხის შედავებას კომპიუტერული პროგრამების შემოთავაზებული ფასის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, აღნიშნული სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, რამეთუ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნიხრი არ არის გაბათილებული მოპასუხის მხრიდან, თუნდაც უფრო ნაკლებ ღირებულებად კომპიუტერული პროგრამების შეძენის სათანადო მტკიცებულებით. მხოლოდ ზეპირი შედავება ფასის არაგონივრულობასთან მიმართებით კი ვერ გახდება მოსარჩელის მტკიცების გაქარწყლების საფუძველი. ოფიციალური რესელერები დაკავშირებულები არიან მოსარჩელესთან, ფასის ოდენობა შეთანხმებულია ძირითად კომპანიასთან და, შესაბამისად, გაყიდული კომპიუტერული პროგრამებიდან მიღებული შემოსავლის პროპორციულ ანაზღაურებას იღებს თავად მოსარჩელე. საავტორო უფლებიდან წარმოშობილი ქონებრივი უფლებები შესაძლოა ეკუთვნოდეს ერთ კონკრეტულ სუბიექტს, რომელიც უფლებამოსილია ითხოვდეს დარღვეული უფლების აღდგენას და დაუშვებელია კონკრეტული უფლება ეკუთვნოდეს სხვა პირებს.

3.13. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც ობიექტური ფორმით არსებობს, ანუ საავტორო უფლებით დაცული ობიექტი რეალურად შექმნილია. კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. ამავე კანონის 6.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს მიეკუთვნება - ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა). მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, „კომპიუტერული პროგრამა“ არის ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას. 6.4 მუხლის შესაბამისად, კომპიუტერული პროგრამის დაცვა ვრცელდება ყველა სახის კომპიუტერულ პროგრამაზე (ოპერაციული სისტემების ჩათვლით), რომელიც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი ენით და ფორმით, საწყისი ტექსტისა და ობიექტური კოდის ჩათვლით.

3.14. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან კომპიუტერული პროგრამებით უნებართვო სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრება. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კი პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად (I-III პუნქტები), ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება). ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება). მოხმობილი ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტებით გამოხატული მუსიკალური ნაწარმოების, აუდიოვიზუალური ნაწარმოების, კომპიუტერული პროგრამის, მონაცემთა ბაზის, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორებს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს ეკუთვნით აღნიშნულ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ასლების გაქირავების და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის განსაკუთრებული უფლება, ამ ორიგინალზე ან ასლებზე საკუთრების უფლების მიუხედავად. საქალაქო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ კანონის 19.1 მუხლის თანახმად, კომპიუტერული პროგრამის ავტორი კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ. თუ ასეთი რეპროდუცირება ესაჭიროება კომპიუტერული პროგრამის ჩატვირთვას, ჩვენებას, მუშაობას, გადაცემას (ტრანსმისიას) ან შენახვას, აუცილებელია ავტორის თანხმობა; ბ) კომპიუტერული პროგრამის პროგრამირების ერთი ენიდან მეორე ენაზე გადატანა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება იმ პირის უფლებების დაცვით, რომელიც ცვლის კომპიუტერულ პროგრამას. კონკრეტულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე უნებართვოდ სარგებლობდა მოსარჩელის საავტორო უფლებით დაცული კომპიუტერული პროგრამებით.

3.15. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული. უნდა აღინიშნოს, რომ კომპენსაცია იმით განსხვავდება ზიანისაგან, რომ კომპენსაცია მიმართულია არა მიყენებული ქონებრივი დანაკლისის სრულად შევსებისაკენ, არამედ ასეთი დანაკლისის რეპარაციისაკენ, რის გამოც დასაშვებია ამ სახით მოთხოვნილი თანხის მხარისათვის მიკუთვნება სავარაუდო ოდენობის ფარგლებში. კომპენსაცია შეიძლება გადახდეს დამრღვევს ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად. კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობას, დამრღვევის მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობას, დარღვევის მასშტაბურობას, დამრღვევის ბრალის ხარისხსა და ზოგიერთ სხვა ფაქტორს. საგულისხმოა, რომ მოხმობილი ნორმის მე-2 პუნქტი საავტორო უფლების მფლობელს ანიჭებს შესაძლებლობას თავად განსაზღვროს პასუხისმგებლობის სახე [ზიანის ანაზღაურება, შემოსავლის ჩამორთმევა, თუ კომპენსაციის დაკისრება].

3.16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ კომპენსაციის ოდენობა 15 კომპიუტერთან დაკავშირებით უნდა განისაზღვროს 34 380 აშშ დოლარის ოდენობით [(194 აშშ დოლარი X 15 კომპიუტერზე) + 528 აშშ დოლარი] X ათმაგ ოდენობაზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის მიერ მოსარჩელის კომპიუტერული პროგრამებით უნებართვო სარგებლობისთვის დაკისრებული კომპენსაციის კანონიერება.

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში „სპეციალური კანონი“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ლიტერატურული ნაწარმოებია წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტით კი, კომპიუტერული პროგრამის დაცვა ვრცელდება ყველა სახის კომპიუტერულ პროგრამაზე (ოპერაციული სისტემების ჩათვლით), რომელიც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი ენით და ფორმით, საწყისი ტექსტისა და ობიექტური კოდის ჩათვლით. კომპიუტერული პროგრამის დეფინიცია განსაზღვრულია სპეციალური კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში: ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას.

10. სპეციალური კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით დაცულია ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები. ამავე კანონის 58-ე მუხლის მიხედვით კი, სპეციალური კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. ამასთან, კანონმდებელი ითვალისწინებს რა ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების მნიშვნელობას, განსაზღვრავს მათი დაცვის მექანიზმებსაც, კერძოდ, სპეციალური კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაცვის მექანიზმი გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით. ზიანის (ქონებრივი და არაქონებრივი) ანაზღაურების და კომპენსაციის გადახდის მოთხოვნები ერთმანეთს არ განაპირობებენ (სუსგ №ას-280-264-2011, 14.06.2011წ; №ას-1040-2018, 26.07.2019წ., პ.41). კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობას, დამრღვევის მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობას, დარღვევის მასშტაბურობას, დამრღვევის ბრალის ხარისხსა და ზოგიერთ სხვა ფაქტორს (სუსგ №ას-892-850-2013, 01.04.2015წ.). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის გონივრულობისა და საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.

11. სარჩელზე მოპასუხის/კასატორის მიერ წარდგენილი შესაგებლის (შესაგებელი ძირითადად ეფუძნებოდა იმას, რომ პროგრამების გამოყენების სიმარტივე ახდენდა დარღვევის/უნებართვოდ გამოყენების პროვოცირებას; რომ მოპასუხის თანამშრომლები სხვადასხვა პერიოდში თვითნებურად ტვირთავდნენ პროგრამებს...), საქმეზე დადგენილი გარემოებების (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1.-3.12. პუნქტები), სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის შეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 3731 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ტ“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ს.ტ“-ის (ს/ნ: ..........) უკან დაუბრუნდეს ლ.გ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5330 ლარის (საგადახდო დავალება №11284852446, გადახდის თარიღი 26.07.2021წ.) 70% – 3731 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია