Facebook Twitter

საქმე №ას-937-2025 25 სექტემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „I. G.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის განსახილველად

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „I. G-მა“ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ (შემდგომ - მოპასუხე) წარმომადგენლის შუამდგომლობა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 34 015.94 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 1070,47 ლარის გადახდა, სარჩელი მოპასუხის მიმართ 34 015.94 ლარის გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

2. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის განსახილველად. მან მიუთითა, რომ სასამართლო სხდომის დღის შესახებ უწყება არ ჩაბარებია. მხარემ დაადასტურა მხოლოდ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე შესაგებლისა და მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივრის ასლების მიღება. ასეც რომ არ იყოს, იგი მაინც ვერ გამოცხადდებოდა საქმის განხილვაზე, რადგან საქმის განხილვის დღეს იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანმრთელობის მდგომარეობს გაუარესების გამო. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით/ფორმა №IV-100/ა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონშესაბამისობა.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

6. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

7. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

8. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ №ას-1483-1403-2017, 12.01.2018წ.; №ას-1494-2024, 28.02.2024წ.).

9. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ წინამდებარე საქმის განხილვა სააპელაციო პალატაში დაინიშნა 2024 წლის 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე. სასამართლო უწყება გაეგზავნათ მხარეებს და მოსარჩელის წარმომადგენელ ს.ფ–ს (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეზე დართული, განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობით, ტომი 1, ს.ფ 101) ჩაბარდა 2024 წლის 4 სექტემბერს (ტომი 4, ს.ფ 98). ჩაბარების დასტურზე დატანილია ადრესატის პირადი ნომერი.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

11. განსახილველ საქმეზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარეს სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

12. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე სასამართლო პროცესზე დანიშნულ დროს არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოს არ აცნობა.

13. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, მისი ავადმყოფობით.

14. მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ შეფასების წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

16. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

17. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.

18. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. სუსგ №ას-156-152-2016, 08.04.2016წ.; №ას-1528-2023, 27.03.2024წ.; №ას-917-2024, 29.11.2024წ.; №ას-1494-2024, 28.02.2025წ.).

19. კანონის ზემოთ მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

20. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.

21. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ნორმა ავალდებულებდა მხარეს, წარმოედგინა მის მიერ მითითებული, სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეტყობინების ამსახველი მტკიცებულება (იხ. სუსგ №ას-6-2023, 04.05.2023წ.).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. სუსგ №ას-455-2024, 14.06.2024წ.).

23. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებით -სამედიცინო ცნობით ფორმა №IV-100/ა დასტურდება 2024 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელე საზოგადოების წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება (დიაგნოზი: მწვავე ურტიკარია (ჭინჭრის ციება), „კვინკეს“ შეშუპება), რომლის დროსაც ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. ანამნეზის მიხედვით, პაციენტი უჩიოდა „გამონაყარს სხეულზე, სულის ხუთვის შეგრძნებას, ჰაერის უკმარისობას, შეშუპებას სახის არეში“.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მოსარჩელე აპელანტის წარმომადგენელი ობიექტურად ვერ გამოცხადდებოდა საქმის განხილვაზე და, მკურნალი ექიმის მიერ დაფიქსირებული ზემოხსენებული ჩივილების გათვალისწინებით, დასაშვებია იმგვარ მდგომარეობაში ყოფილიყო, რომ აღნიშნულის შესახებ დროულად ვერ ეცნობებინა ვერც სასამართლოსათვის და ვერც თავისი მარწმუნებლისათვის.

25. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შპს „I. G-ის“ სააპელაციო საჩივრის განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „I. G-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შპს „I. G-ის“ სააპელაციო საჩივრის განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა