30 სექტემბერი, 2025 წელი
№ას-1150-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში აღრიცხვა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.ბ–ი (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი სს „ლ.ბ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, №0242.0460784.002 სესხიდან გამომდინარე, 5 700,87 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4290.86 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 892.01 ლარი და პირგასამტეხლო - 518 ლარი, ხოლო, №0242.0460784.001 სესხიდან გამომდინარე, - 2 203,81 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა - 1498.91 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 504.90 ლარი და პირგასამტეხლო - 200 ლარი.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. კასატორმა მიუთითა, რომ მსესხებელს მისი მეუღლე წარმოადგენდა, რომელიც სიცოცხლეში პირნათლად ასრულებდა ბანკის მიმართ არსებულ ვალდებულებებს. მისი გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ განზრახ გვიან დაიწყო მოვალის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რამაც დავალიანების დაგროვებას შეუწყო ხელი.
4. მხარემ მიიჩნია, რომ მსესხებლის გარდაცვალება ხელშეკრულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზია, შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლო არასწორად დაეკისრა.
5. 2021 წლის ივლისიდან მოპასუხის მეუღლის სესხი 6000 ლარს შეადგენდა, რაც სრულად 2025 წელს უნდა დაფარულიყო. მოვალემ სიცოცხლეში 17 გადახდა განახორციელა, ყოველთვიურად - 170 ლარი, სულ დაფარა 2890 ლარი, საიდანაც პროცენტი დაიფარა 1244 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 19.5%, შესაბამისად, პროცენტი უნდა დაფარულიყო 563 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი თანხით უნდა დაფარულიყო ძირი. გრაფიკის მიხედვით, გადახდა ბოლომდე რომ მომხდარიყო, მოვალეს 19,5%-ის გადახდა მოუწევდა, მაგრამ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტაში მსესხებლის დადანაშაულება არ არის სწორი, რადგან პიროვნება გარდაიცვალა და ეს მისი ბრალი არ არის. ამდენად, გადახდილი 2890 ლარიდან უნდა დაფარულიყო სესხის ძირითადი თანხა - 2327 ლარი, ხოლო პროცენტად - 563 ლარი. აქედან გამომდინარე, ძირი დავალიანება შეადგენს 3673 ლარს და არა 4290 ლარს, ასევე, უნდა დაკორექტირდეს აღნიშნული თანხის პროცენტიც.
6. კასატორმა აღნიშნა, რომ მეუღლის გარდაცვალების ფაქტი მოსარჩელეს დროულად აცნობა, თუმცა წერილობითი ფორმით მისთვის არ მიუმართავს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
10. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 2021 წლის 29 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხის მეუღლეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №0242.0460784.002 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მას გადაეცა სესხი - 5950 ლარი. სესხის მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე, საპროცენტო განაკვეთად - 16.40%, ხოლო პირგასამტეხლოდ - 0.27%.
11. 2021 წლის 28 ივლისს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №0242.0460784.001 ხელშეკრულება, რომლის ძალით მსესხებელს გადაეცა 1500 ლარი. სესხის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2025 წლის 28 ივლისამდე, საპროცენტო განაკვეთი 30%-ით, ხოლო პირგასამტეხლო - 0.27%-ით. 2023 წლის 10 თებერვლიდან მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
12. 2022 წლის 28 დეკემბერს მოპასუხის მეუღლე გარდაიცვალა. მის მემკვიდრედ და უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოპასუხე.
13. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მისთვის მეუღლის ფულადი ვალდებულების გადახდის დაკისრებას არ დაეთანხმა და მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოვალის გარდაცვალების შესახებ, თუმცა მან მსესხებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება განგებ გააჭიანურა. კასატორმა სადავოდ გადახდა თავად დავალიანების ოდენობაც.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხის მამკვიდრებელს შორის სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სსკ-ის 867-ე მუხლი) საფუძველზე წარმოიშვა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-1405-2023, 13 იანვარი 2025 წელი). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი).
16. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ საქმეზე გარდაიცვალა მსესხებელი, რომელსაც ჰყავს მემკვიდრე - მოპასუხე.
17. ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ №ას-171-2023, 24 ივლისი, 2023 წელი) საკასაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 1319-ე მუხლსა და 1328-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა თანახმად, პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად იხსნება სამკვიდრო, რომელიც შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამასთან, ამავე კოდექსის 1316-ე მუხლის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით; კანონით მემკვიდრეობა (გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე) მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. კანონით მემკვიდრეობის დროს კი, სსკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
18. საგულისხმოა, რომ მემკვიდრეობის მიღების უფლების წარმოშობასთან ერთად, სამკვიდროს მიღება საჭიროებს მემკვიდრის მიერ ნების გამოხატვას, კერძოდ, სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრემ სანოტარო ორგანოში უნდა შეიტანოს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან მართვას. ამასთანავე, ვინაიდან სამკვიდროს მიღება არ გულისხმობს მამკვიდრებლის მხოლოდ ქონებრივი უფლებების მიღებას, ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები.
19. აღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხეს, როგორც მსესხებლის მემკვიდრეს, რომელმაც გამოავლინა მეუღლის სამკვიდროს მიღების ნება, სამკვიდროს აქტივებთან ერთად, უნდა დაეკისროს გარდაცვლილის კრედიტორის მიმართ მამკვიდრებლის კუთვნილი ფულადი ვალდებულების შესრულება.
20. სხვა სამოქალაქო საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის, როგორც გამსესხებლის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების მსესხებლის მემკვიდრისათვის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სწორედ სსკ-ის 1484.1 მუხლი, თუმცა გამსესხებლის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა იმავე კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს (მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად; თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან; ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას).
21. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 1488.1 მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს (იხ. სუსგ №ას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-1657-2023, 13 ნოემბერი; №ას-258-2025, 7 ივლისი, 2025 წელი).
22. სსკ-ის 1487-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების თაობაზე. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ (სსკ-ის 1487) და იმ მემკვიდრეების თაობაზე, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო) (იხ. სუსგ საქმე Nას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017 წელი; №ას-269-2021, 20 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-1657-2023, 13 ნოემბერი, 2024 წელი).
23. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი, №ას-1657-2023, 13 ნოემბერი, 2024 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში ეჭვგარეშეა, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ მეუღლის ვალის შესახებ ცნობილი იყო. აღნიშნული ფაქტი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა უშუალოდ მოპასუხის იმ განმარტების საფუძველზე, რომ მისი მეუღლე სიცოცხლეში სესხს პირნათლად იხდიდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მან მოსარჩელეს გარდაცვლილი მამკვიდრებლის - მოვალის გარდაცვალების შესახებ აცნობა, რაც მოპასუხემ ვერ უზრუნველყო. მარტოოდენ მხარის მითითება, რომ აღნიშნულის შესახებ შეტყობინება განხორციელდა ზეპირსიტყვიერად საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
25. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სესხი 2024 წლის 10 იანვარს, მოვალის გარდაცვალების შემდეგ დაიფარა. ვალდებულების შეუსრულებლობა მხოლოდ მომდევნო თვის 10 რიცხვიდან დაფიქსირდა.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშვნავს, რომ საფუძველს მოკლებული არ არის კასატორის მითითება ბანკის მხრიდან მოვალის შესახებ ინფორმაციის მოძიების საკმაო პერიოდით დაყოვნების შესახებ, თუმცა მხოლოდ დასახელებული გარემოება მოპასუხის სადავო ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების წინაპირობა ვერ გახდება. შესაბამისად, მოპასუხეს, როგორც მოვალეს მემკვიდრეს ევალდებოდა სადავო ფულადი დავალიანების დაფარვა მის ამოწურვამდე, რაც მას არ შეუსრულებია. ამდენად, მოსარჩელის წინაშე ვალდებულება სწორედ მოპასუხემ დაარღვია.
27. ამგვარად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალება სასამართლოს ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად უნდა მიეჩნია, ვინაიდან დგინდება, რომ მოვალის გარდაცვალების თაობაზე ბანკმა შეიტყო 2024 წლის 24 აპრილის საფოსტო უკუგზავნილით. ამავე წლის 14 მაისს მოსარჩელემ მოთხოვნა წარუდგინა მოვალის მემკვიდრეს - მოპასუხეს, რაც მას ჩაბარდა. სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ აღნიშნულ დროს სესხის ხელშეკრულებების მოქმედების ვადა ჯერ კიდევ გასული არ იყო.
28. ასევე, დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის არგუმენტი სესხის ოდენობასთან დაკავშირებით.
29. აღნიშნულთან დაკავშირებით გასაზიარებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მოსარჩელემ სასესხო ვალდებულების მოცულობა საქმეზე დართული მტკიცებულებებით (სარჩელზე დართული სესხის გადახდის გრაფიკით, ამონაწერით საბანკო ანგარიშებიდან, საიდანაც დგინდება ანგარიშზე შეტანილი და სესხებზე გადახდილი თანხები და ცნობები დავალიანების შესახებ) სათანადოდ დაადასტურა. დასახელებული დოკუმენტების საწინააღმდეგო სარწმუნო გარემოებაზე კასატორმა ვერ მიუთითა.
30. შესაბამისად, დგინდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ არსებული სასეხო დავალიანების დაფარვის ვალდებულება დაარღვია.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
32. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.
33. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის, სარგებლისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობის გადახდევინების მართლზომიერების საწინააღმდეგოდ დასაშვები საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა