საქმე №ას-1360-2024 25 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „დ.ჯ–ი“ (განმცხადებელი, მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე - მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, აღსრულების საშუალებისა და წესის განსაზღვრა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „დ.ჯ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ი–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული საიჯარო საფასურის - 1 014 067.78 ლარისა და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად პირგასამტეხლოს - 101 983 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1259 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5000 ლარიდან) – 3 741 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. იმავე გადაწყვეტილებით, მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 277 744 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ხარჯები განაწილდა შემდეგნაირად: მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან - 2100 ლარის ანაზღაურება; შეგებებულ მოპასუხეს, შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7000 ლარიდან – 1820 ლარის ანაზღაურება, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ შეგებებულ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა (5000 + 7000) დარჩა ბიუჯეტში გადახდილად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 2 აპრილს მოსარჩელის (კრედიტორი) სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი.
6. 2024 წლის 22 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის განსაზღვრის შესახებ და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილი მხარეთა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 263-ე და 251-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ არ არსებობს მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მიმდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოება ამჟამინდელი მოპასუხის სარჩელის გამო, მოსარჩელის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვასთან დაკავშირებით. მხარეები განსხვავებულად განსაზღვრავენ გასაქვით მოთხოვნათა მოცულობას, რაც მნიშვნელოვანია საბოლოოდ მოსარჩელის მოთხოვნის ოდენობის დადგენისათვის. შესაბამისად, გაუმართლებელია წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული წესის განსაზღვრა. ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დამდგარი შედეგის შესაბამისად განსაზღვრულია როგორც განმცხადებლის, ასევე მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის ფარგლები და აღსრულების პროცესში შესაძლებელია შესაბამისი ურთიერთმოთხოვნების გათვალისწინებით აღსრულების წარმართვა. უცხოურ ვალუტაში არსებული თანხის ეკვივალენტი ლარის დადგენისას აღმასრულებელმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 383-ე, 389-ე მუხლებითა და სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, ასევე, მე-40 მუხლის მესამე ნაწილით.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე განმცხადებელმა/მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შუამდგომლობით დაყენებული განცხადებით მოთხოვნილ იქნა, სააპელაციო სასამართლოს განესაზღვრა აღსრულების წესი, კერძოდ, 1 116 040.78 ლარიდან გაექვითა 745 802 ლარი, დარჩენილ 370 238.78 ლარზე კი გაეცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა, ვინაიდან მოპასუხეს არ სურდა, მხარეთა შორის ურთიერთმოთხოვნები დროულად გაქვითულიყო, მან, ხელშეშლის მიზნით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ განცხადების იდენტური სასარჩელო მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რაც წარდგენილ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ მიიღო მოსარჩელის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობის თაობაზე ინფორმაცია. ამასთან, იდენტური სარჩელის წარდგენის მთავარი საფუძველი იყო მოპასუხისათვის ასანაზღაურებელი უცხოური ვალუტის მისთვის ხელსაყრელი კურსით კონვერტირება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების გახანგრძლივება, რის შედეგადაც მოპასუხეს შესაძლებლობა მიეცემოდა, კვლავაც ესარგებლა მის მიერ უკანონოდ მითვისებული, მოსარჩელის კუთვნილი თანხით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, დაედგინა მოპასუხისათვის დაკისრებული უცხოური ვალუტის შესაბამისი ლარის მოცულობა.
12. ამასთან, მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა გაეცა სააღსრულებო ფურცელი იმ თანხის ფარგლებში, რომელიც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა და მხარეთა მოთხოვნების ურთიერთგაქვითვას არ ექვემდებარებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერება.
15. სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის გამართვის შემთხვევაში, მხარეებს ეცნობება სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.
16. სსსკ-ის 251-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. დასახელებული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება, საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით (სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკში მოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა (სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს გამოყენებული ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად (სსსკ-ის 271-ე მუხლი) და ა.შ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის საქმე №ას-711-711-2018 განჩინება).
17. განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეები ერთმანეთის მიმართ წარმოადგენენ როგორც კრედიტორებს, ასევე – მოვალეებს, კერძოდ:
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 014 067.78 ლარისა და პირგასამტეხლოს - 101 983 ლარის გადახდა, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1259 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5000 ლარიდან) - 3 741 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. იმავე გადაწყვეტილებით, მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 277 744 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ხარჯები განაწილდა შემდეგნაირად: მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან - 2100 ლარის ანაზღაურება; შეგებებულ მოპასუხეს, შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7000 ლარიდან - 1820 ლარის ანაზღაურება, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ შეგებებულ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა (5000 + 7000) დარჩა ბიუჯეტში გადახდილად.
20. განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება იმგვარად, რომ მომხდარიყო მხარეთა ურთიერთვალდებულებების გაქვითვა.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 442-ე მუხლის (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა თანამედროვე სამართალში ფართოდაა გავრცელებული. კონტინენტური ევროპის ქვეყნებში იგი გამოიყენება როგორც მატერიალური სამართლის ინსტიტუტი, ხოლო საერთო სამართალში იგი საპროცესო სამართლის ინსტიტუტია და გამოიყენება მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის საპროცესო საშუალებად. გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე.
22. მოთხოვნათა გაქვითვა გაქვითვის უფლების მქონე პირებს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: 1) იგი იძლევა შესაძლებლობას, რომ ვალდებულმა პირმა თავისი ვალდებულება რეალური შესრულების გარეშე შეასრულოს; 2) იგი უმარტივებს კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასარჩელო პროცესში ჩაბმის გარეშე.
23. გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი, საპირისპირო მოთხოვნის მოვალე, ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები), (იხ. ზ.ძლიერიშვილი, გაქვითვის შესაძლებლობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას, ბესარიონ ზოიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 2023 წ, გვ. 105). აუცილებელია ასევე, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ განცხადების გაკეთების მომენტში (სუსგ-ები: №ას-236-2023, 04.05.2023წ.; №ას-1710-2018, 03.05.2020წ.).
24. იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (იხ. მ. ახალაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებები, მუხლი 442, თბ., 2022, 79.), (შდრ: სუსგ-ები: №ას-1039-2020, 03.02.2022წ.; №ას-1159-2021, 01.04.2022წ.; №ას-1632-2021, 12.01.2021წ.).
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის, როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. სსკ-ის 442 II მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის მქონე მხარს უჭერს გაქვითვას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1173-1193-2011, 12.12.2011წ.; №ას-938-888-2015, 27.05.2016წ.; №ას-681-635-2017, 07.07.2017წ.; №ას-267-2023 08.02.2024წ.).
26. ამავე კოდექსის 447-ე მუხლით დადგენილია მოთხოვნათა გაქვითვის გამომრიცხველი წინაპირობები, კერძოდ, მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული; ბ) თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო; გ) თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 444-ე მუხლზეც, რომლითაც წესრიგდება იმგვარი მოთხოვნების გაქვითვის შესაძლებლობა, როდესაც თავად ეს მოთხოვნები ვერ ფარავენ ერთმანეთს, ასეთ დროს კი იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე (იხ. სუსგ-ები: №ას-1632-2019, 12.02.2021წ; №ას-739-2019, 05.03.2021წ.; №ას-933-2020, 20.01.2022წ.).
27. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე (სუსგ №ას-938-888-2015 წ. 27.05.2016წ.) საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა, რომელსაც, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო-სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია. ორივე შემთხვევაში, აუცილებელია ნების გამოვლენა. აღსანიშნავია, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, ურთიერთგასაქვით მოთხოვნათა პირობებში, ავტომატურად არ ხდება. ამისათვის აუცილებელია ნების გამოვლენა, რაც, თავის მხრივ, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ცალმხრივი გარიგების ტოლფასია. აღნიშნული ნება, საპროცესო-სამართლებრივი კუთხით, შეიძლება გამოვლინდეს სასამართლო სამართალწარმოების ან აღსრულების ეტაპზე. ცალსახაა, რომ ურთიერთგაქვითვისათვის აუცილებელია ერთ-ერთი მხარის ნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო, თუნდაც, ურთიერთმოთხოვნათა არსებობის პირობებში, აღსრულების წესად, დასაკისრებელ ვალდებულებებს ერთმანეთს შორის ვერ გაქვითავს, შესაბამისად, გაქვითვის წინაპირობად მიჩნეულ უნდა იქნეს მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის თაობაზე მხარის მიერ ნების გამოვლენა. ამავდროულად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნების გამოვლენის დროს (მომენტს), მით უფრო, თუ გასაქვითი მოთხოვნა დენადი ვალდებულების შემცველია. მაგალითისათვის, შემხვედრი ვალდებულებების არსებობისას, გაქვითვა დასაშვებია მხოლოდ მხარის მოთხოვნის პირობებში, ხოლო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა მხარემ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის თაობაზე ნება გამოავლინა. მითითებული ნება კი შეიძლება გამოვლენილ იქნეს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, აღსრულების მომენტში. ასეთ დროს კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას აღსრულების საშუალებისა და წესის დადგენის ინსტიტუტი უზრუნველყოფს. მეტი სიცხადისათვის, უნდა აღინიშნოს, რომ, თუ მხარეთა შემხვედრი მოთხოვნები აღსრულების ეტაპისათვის გაიქვითება, გაქვითვის მომენტად მიჩნეული იქნება გაქვითვის თაობაზე მხარეთა განცხადება, ხოლო გასაქვითი მოთხოვნები დაანგარიშდება აღსრულების ეტაპზე გაქვითვის მომენტისათვის არსებული ოდენობით. ამავე ლოგიკით, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარე შეიძლება დაეთანხმოს მოთხოვნას, თუმცა, მოითხოვოს მოთხოვნის ე.წ „ჩათვლა“, ანუ გაქვითვა, რაც გაქვითვის დროისათვის არსებული დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით ხდება. თუ სასამართლო მითითებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, აღსრულების ეტაპზე გადახდისუნარიანი გასაქვითი მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება გადახდისუუნარო მხარესთან შედარებით, რითაც გაქვითვის ინსტიტუტის საპროცესო-სამართლებრივ დატვირთვას მნიშვნელობა დაეკარგება.
28. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფულადი ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის ნება ორივე მხარემ გამოავლინა. მოსარჩელემ წარადგინა აღნიშნულის შესახებ განცხადება სააპელაციო სასამართლოში, ხოლო მოპასუხემ მითითებულთან დაკავშირებით აღძრა დამოუკიდებელი სარჩელი.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკვე დასრულებული საქმის წარმოების შედეგად დადგენილი მხარეთა ურთიერთვალდებულებების გაქვითვა და უცხოურ ვალუტაში გამოსახული თანხის ეკვივალენტი ლარის განსაზღვრა ახალი სასარჩელო წარმოების დაწყებას არ საჭიროებს. ამგვარი წარმოება იქნება ფორმალური და ახალი გარემოებების კვლევა-შეფასებას ვერ მოიცავს. შესაბამისად, გაუმართლებელია, რეალური დავის საგნის არარსებობის გამო.
30. როგორც ზემოთ მოყვანილი საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა შეიძლება მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის საპროცესო ფორმატშიც.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე ორივე მხარეს გააჩნია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (სსსკ-ის 264-ე მუხლი) დადასტურებული მოთხოვნები, რომელთაგან არცერთი სსკ-ის 447-ე მუხლის მოქმედების სფეროში არ ექცევა. ორივე მოთხოვნის შესრულება ვადამოსულია, ამასთან, ორივე მხარის მიერ ნება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გამოვლენილია.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების მიზანია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულება. ამასთან, დაუშვებელია გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენაზე უარი იმ საფუძვლით, რომ მსგავსი საკითხები უნდა გადაწყდეს სასარჩელო წარმოების წესით. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. ამასთან, თუ სასამართლო დასახელებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და მხარეებს სხვა სამართალწარმოების საშუალებით მოუწევთ დავა, გაქვითვის ინსტიტუტის საპროცესო-სამართლებრივ დატვირთვასაც მნიშვნელობა დაეკარგება (იხ.: სუსგ №ას-918-2023, 11.12.2023წ.; №ას-957-922-2016, 29.12.2016წ.), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განსაზღვროს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული საშუალება და წესი - მხარეებს ერთმანეთის მიმართ დაკისრებული აქვთ თანხის გადახდა, მათ შორის ერთ-ერთი არის უცხოური ვალუტა, რომლის ეროვნული ლარით გაქვითვაზე სასამართლოს კანონიერი უფლებამოსილება გააჩნია.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, რადგან კონკრეტულ დავაზე მიღწეული სამართლებრივი შედეგი, მისი რეალურად აღსრულების გარეშე, ვერ ქმნის მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საფუძველს, აღნიშნული კი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ზრუნვის საგანია და სამართლებრივი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, რათა თითოეულმა მხარემ მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი არა ფორმალურად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით, არამედ - მისი აღსრულების გზით (იხ.: სუსგ №ას-964-899-2017, 23.02.2018წ.). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებითაც, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.), (შდრ. სუსგ №ას-138-2022, 04.03.2022წ.; სუსგ №ას-842-1056-08 , 16.06.2020წ.).
34. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გადაწყვეტის აღსრულების წესისა და საშუალების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად, რა დროსაც სააპელაციო პალატამ უნდა განსაზღვროს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოსარჩელისათვის დაკისრებული უცხოური ვალუტის ეკვივალენტი თანხის ოდენობა და აღნიშნულის გათვალისწინებით მოახდინოს მხარეთა ურთიერთვალდებულებათა გაქვითვა.
35. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სასამართლოს უნდა ამოეწერა სააღსრულებო ფურცელი მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც გაქვითვას არ ექვემდებარებოდა, ვინაიდან აღნიშნული შეუძლებელი იქნებოდა გასაქვითი თანხის სრული მოცულობის დადგენამდე და მხოლოდ გაართულებდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ.ჯ–ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართოლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გადაწყვეტის აღსრულების წესისა და საშუალების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობისათვის;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა