Facebook Twitter

საქმე №ას-1360-2024 25 დეკემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს.ს.კ–ია“ (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმაზე მომთხოვნი პირი)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „დ.ჯ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ი–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული საიჯარო საფასურის - 1 014 067.78 ლარისა და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად პირგასამტეხლოს - 101 983 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1259 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5000 ლარიდან) – 3 741 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. იმავე გადაწყვეტილებით, მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 277 744 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ხარჯები განაწილდა შემდეგნაირად: მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან - 2100 ლარის ანაზღაურება; შეგებებულ მოპასუხეს, შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7000 ლარიდან – 1820 ლარის ანაზღაურება, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ შეგებებულ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა (5000 + 7000) დარჩა ბიუჯეტში გადახდილად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 2 აპრილს მოსარჩელის (კრედიტორი) სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი.

5. 2024 წლის 22 აპრილს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის განსაზღვრის მოთხოვნით. ამავდროულად, შუამდგომლობის განხილვის მიზნით, დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა შპს „ს.ს.კ–იის“ (შემდგომ - კომპანია) წარმომადგენელი, რომელმაც განცხადების განხილვის ფარგლებში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად საქმეში ჩაბმა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად საქმეში ჩაბმის თაობაზე კომპანიის მოთხოვნა (ასევე, გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის ეტაპზე მესამე პირად ჩაბმა არსებითად არ ცვლის აღნიშნული პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რის გამოც შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

7. სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინებაზე კომპანიამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმა.

8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა ლ. და ს. კ–ძეების სარჩელის გამო, კომპანიის წინააღმდეგ, იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილია სალიზინგო კომპანიის მოთხოვნა ლიზინგის მიმღების (მოსარჩელის) მიმართ, ხოლო იპოთეკის საგნების მესაკუთრეები ლ. და ს. კ–ძეები არიან. დავის ფარგლებში მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგების შეთანხმება, რომლის პირობების შესაბამისად, ლიზინგის მიმღები (მოსარჩელე) კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულების დაფარვის მიზნით, სალიზინგო კომპანიას დაუთმობს მოპასუხის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის (საქმე №2/5343-21) გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოშობილ თავის მოთხოვნას. ამ დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს (შეგებებულ სარჩელში - მოპასუხეს) დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის) მიმართ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის საბოლოო განსაზღვრის ოდენობის დადგენისათვის საჭიროა მხარეთა შორის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ვინაიდან მოსარჩელე სწორედ მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნით გეგმავს მის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვას, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა განჩინებამ არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს სალიზინგო კომპანიის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. მათი შესაბამისი სტატუსით ჩართვაზე უარი კი ცალსახა პროცესუალური უფლების დარღვევაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აფასებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონშესაბამისობას საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.

12. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცნობს მესამე პირის საპროცესო ინსტიტუტს. საქმეში მესამე პირად შესაძლებელია ჩაებას სუბიექტი როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ისე სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. მესამე პირად საქმეში ჩართვას თავისი საპროცესო-სამართლებრივი შედეგები გააჩნია, კერძოდ, ასეთი პირი იღებს სსსკ-ით გათვალისწინებულ უფლებებს, რომლებიც, კანონმდებლის მიერ დადგენილი არსებითი ხასიათის გამონაკლისების გარდა, თავისი მნიშვნელობით მხარეთათვის მინიჭებულ უფლებებს უთანაბრდება.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 89-ე მუხლის თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია, მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. ხოლო ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.

14. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია კომპანიის შუამდგომლობა დავაში, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მესამე პირად ჩართვის შესახებ.

15. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავაზე სამართალწარმოება არსებითად დასრულებია. მხარეთა მოთხოვნების მატერიალურ-სამართლებრივი ბედი გადაწყვეტილია.

16. ამჟამად, სასამართლო წარმოება მიმდინარეობს მოსარჩელის განცხადების გამო, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნულ ეტაპზე მესამე პირად ჩართვა მოითხოვა კომპანიამ.

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ დავაში მესამე პირად ჩაბმას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ასეც რომ არ იყოს, კომპანიის პოზიცია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა/გადაწყვეტაზე ზეგავლენას ვერ იქონიებს და არსებითად ამ პირის სამართლებრივ მდგომარეობას არ ცვლის.

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.ს.კ–იის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა