Facebook Twitter

17 სექტემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას- 1451-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - რ.ა–ვი (მოპასუხე; შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.მ–ი (მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რ.ა–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან კლიენტი/მარწმუნებელი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან წარმომადგენელი/რწმუნებული) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლი 22 ივნისის გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტი და ამ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 2500 აშშ დოლარის (გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

1.1. კასატორის მოსაზრებთ, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის კვალიფიციური მომსახურების შედეგად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად რწმუნებულმა ჯეროვნად შეასრულა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების პირობები საქმეში არ წარდგენილა. დასახელებული გარემოებიდან გამომდინარე არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2018 წლის 23 ივლისს მხარეებს შორის ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით, იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა; გარიგების საგანს - სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ასევე ქვეყანაში არსებულ საგადასახადო გარემოზე კონსულტაციის გაწევა, წარმომადგენლობის განხორციელება ყველა სახელმწიფო და საჯარო უწყებაში, მემკვიდრეობის საკითხებთან მიმართებით განმარტებების მიღება, საინვესტიციო გარემოს სამართლებრივ ჭრილში კონსულტაცია და ბინადრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა წარმოადგენდა.

4.4. ადვოკატის მომსახურება - 5 000 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 2500 აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე, ხოლო 2500 აშშ დოლარი - კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, დადებითი შედეგის დადგომისთანავე უნდა გადახდილიყო, შეთანხმება შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე.

4.5. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხემ მოსარჩელეს - 2 500 აშშ დოლარი აუნაზღაურა.

4.6. მხარეებს შორის 2018 წლის 7 აგვისტოს გაფორმებულ მინდობილობაში რწმუნებულების უფლებამოსილების ფარგლები შემდეგი სახით განისაზღვრა: რწმუნებული იცავს მარწმუნებლის პირად ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესებს და ამ მიზნით რწმუნებული მარწმუნებელს წარმოადგენს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნებისმიერ ორგანიზაცია-დაწესებულებაში. ასევე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, საარბიტრაჟო სასამართლოში, იუსტიციის სახლში, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ქ. თბილისის მერიაში და მის დაქვემდებარებულ ორგანოებში, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიაში, მერიის ზედამხედველობის სამსახურში, მერიის არქიტექტურის სამსახურში, საპატრულო პოლიციაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, შსს მომსახურების სააგენტოში, შემოსვალების სამსახურში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, დაწესებულებებთან ურთიერთობაში და აწარმოებს შესაბამის, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და/ან საარბიტრაჟო, სააღსრულებო საქმეს. რწმუნებულება შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე.

4.7. 2018 წლის 14 აგვისტოს მოპასუხის სახელით (რომელიც იმ მომენტისთვის იყო მოქალაქეობის არ მქონე პირი) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე ქართულ ენაზე განცხადება იქნა წარდგენილი. რომელსაც ერთვოდა შემდეგი დოკუმენტაცია: სომხეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სამგზავრო პასპორტისა და ბინადრობის მოწმობის ასლები.

4.8. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 9.3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, 18.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. მასვე ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე საქმე დასრულდა (იხ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის მიმართვა).

4.9. 2018 წლის 1 ოქტომბერს დ.კ–ძემ მოპასუხის სახელით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ........ N14-ში მდებარე ქონებაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ვერ მოიძებნა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 10 თებერვლის განკარგულების საფუძველზე, დაინტერესებული პირის/მოპასუხის განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, უარყოფილ იქნა. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, 2020 წლის 27 თებერვალს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, საადვოკატო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) და 710.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) მუხლები.

6. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დანაწესით, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს კონკრეტული პირის (ან პირთა) უფლება სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგინოს სხვა პირი (ან პირები) - წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე (იხ.დამატებით: ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, 427.)

7.1. წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული შემდეგი ფაქტორები: ა) წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ ნებას, ბ) ამას იგი აკეთებს სხვისი სახელით, გ) უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს. ჩამოთვლილი კრიტერიუმები კუმულატიური ხასიათისაა და მათი ერთობლიობა ქმნის შესაბამის სამართლებრივ შედეგს.

წარმომადგენელსა და წარმოდგენილ პირს შორის წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს გარიგება - დავალების ხელშეკრულება და მის საფუძველზე რწმუნებულისათვის მინდობილობის გაცემა ანუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება.

7.2. მინდობილობის შინაარსი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის ურთიერთობა უდევს ამ უფლებამოსილებას საფუძვლად: დავალება, შრომის ხელშეკრულება, სამეწარმეო საზოგადოების წესდება, სამანდატო ხელშეკრულება თუ სხვა.

მაშასადამე, მინდობილობა არის გარიგების საფუძველზე მინიჭებული წარმომადგენლობის უფლებამოსილება - რწმუნებულება, რითიც განსხვავდება იგი კანონით წარმომადგენლობისგან. (იხ. დამატებით: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხლი 103-ე, თბ., 1999, 277).

გარიგებისმიერი წარმომადგენლობა ნებაყოფლობითი წარმომადგენლობაა, რადგან ამ დროს პირი თავად იღებს გადაწყვეტილებას თავისი ინტერესების რეალიზებისთვის უფლებამოსილების სხვისთვის გადაცემის თაობაზე. წარმომადგენლობად უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ პირდაპირი წარმომადგენლობა, ე.ი. როცა წარმომადგენელი მოქმედებს წარმოდგენილი პირის სახელით და ამ პირის ინტერესებისათვის. (იხ.დამატებით: ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011.)

8. სსკ-ის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

9. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის შესაბამისად, „1. მარწმუნებელი ვალდებულია, გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. 3. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო“.

10. განსახილველ შემთხვევაში, გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება და მისი ოდენობა შეთანხმდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანი - სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ასევე ქვეყანაში არსებულ საგადასახადო გარემოზე კონსულტაციის გაწევას მოიცავდა. გარიგება ითვალისწინებდა წარმომადგენლობის განხორციელებას ყველა სახელმწიფო და საჯარო უწყებაში; ასევე მემკვიდრეობის საკითხებთან, საინვესტიციო გარემოსთან მიმართებით და ბინადრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გაწევას.

11. ადვოკატის მომსახურება - 5 000 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 2500 აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე, ხოლო 2500 აშშ დოლარი - კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, შედეგის დადგომისთანავე უნდა გადახდილიყო, შეთანხმება შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე.

12. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 9.3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, 18.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

13. ასევე დადგენილია, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ - 2 500 აშშ დოლარი აუნაზღაურა.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს არაერთი სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტის ფარგლებში ჩამოყალიბებულ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს.

სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი (დამტკიცებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს) არ შეიცავს.

ამაზე ყურადღების გამახვილება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება.

საკასაციო სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს.

3.3.3 Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (http://www.ccbe.eu/NTCdocument/EN_CCBE_CoCpdf1_1382973057.pdf.) (შდრ: სუსგ №ას-1161-1116-2016, 12 ოქტომბერი, 2017 წ.).

16. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწიეს ხელშეკრულებით ნაკისრი იურიდიული მომსახურება, სახელდობრ, უდავოა, რომ წარმომადგენლის/მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად მოპასუხეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

17. საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ დავალების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ შესრულებული მოქმედებების შედეგად, მოპასუხემ მიიღო მისთვის სასურველი იურიდიული მომსახურება და რაც უმთავრესია მოპასუხეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა; აქედან გამომდინარე სასაკაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას კასატორისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს სახით შეთანხმებული ანაზღაურების - 2 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების საფუძვლიანობის თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად ამდენად სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს კასატორის მხოლოდ ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

20. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს თ.ზ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 344 ლარის (საგადახდო დავალება #5970, გადახდის თარიღი 16.04.2025წ), 70% - 240.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ა–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. რ.ა–ვს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს თ.ზ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 344 ლარის (საგადახდო დავალება #5970, გადახდის თარიღი 16.04.2025წ), 70% - 240.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა