Facebook Twitter

17 სექტემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-277-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.გ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ნ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ნ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) და მ.გ–ია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) თბილისში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ, კერძოდ:

2. თბილისში, .........., მე-3 სართულზე მდებარე 309.00 კვ.მ, N5 ბინა, ს/კ-თ N.......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება), მოსარჩელის საკუთრებაა.

3. თბილისში, ..........., მე-4 სართულზე მდებარე 322.74 კვ.მ N7 ბინა, ს/კ-თ N.......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის საკუთრება) კი, მოპასუხეს ეკუთვნის.

4. მოპასუხემ კუთვნილი უძრავი ქონება დაყო ხუთ დამოუკიდებელ ერთეულად, კერძოდ, 100.45 კვ.მ, ს/კ-ით N.......; 91.36 კვ.მ, ს/კ-ით N......; 56.30 კვ.მ, ს/კ-ით #..........; 46.90 კვ.მ, ს/კ-ით #........; 49.51 კვ.მ, ს/კ-თ #........ და დამატებით ოთხი სველი წერტილი მოაწყო.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.02.2022 წლის 11 თებერვლის N00840122 კვლევის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, კითხვაზე - გთხოვთ, დაგვიდგინოთ თბილისში, ........., მე-5 სართულზე N7 ბინაში სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით, დასაშვებია თუ არა საპირფარეშოს, სააბაზანოს ან საშხაპის ისე განთავსება, რომ მათი ნაწილი მოწყობილი იქნება სამზარეულოსა და საცხოვრებელი ოთახების თავზე, შემდეგი სახის დასკვნა გაიცა - თბილისში, ........., მე-5 სართულზე განთავსებულ N7 ბინაში, ოთხი ერთეული აბაზანა-საპირფარეშოს არსებულ ადგილებში მოწყობით მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისი მოთხოვნები ირღვევა.

6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 18 თებერვლის N5001033622 წერილით კი, დაზუსტდა, რომ თბილისში, ........, სადაც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და 6 სველი წერტილი ეწყობოდა, მრავალბინიანი კორპუსის მე-4 სართულზე, ხოლო ბინა N5 ამავე მრავალბინიანი კორპუსის მე-3 სართულზე ბინა N7-ის ქვემოთ იყო განთავსებული.

7. შპს „მ-ე.“ 2022 წლის 6 დეკემბრის ინსპექტირების ანგარიშით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ინსპექტირების ანგარიში), თბილისში, ........ მდებარე N7 ბინაში (ს/კ-თ .........), რომელიც დაყოფილია ხუთ დამუკიდებელ ფართად (ბინა N1, ს/კ-ით #........... ბინა N2, ს/კ-ით #........., ბინა N3, ს/კ-ით #........., ბინა N4, ს/კ-თ #......., ბინა N5, ს/კ-ით #......) სანტექნიკური სამუშაოების (ხილული ნაწილის) ადგილზე შესწავლისას დადგინდა, რომ სამუშაოები ჩატარებულია სამშენებლო ნორმებისა და წესების СНИП 2.04.01-85 2.04.01-85 პ.17.5 და პ.18.2 დარღვევით.

8. შპს „ტ–ის“ 2022 წლის 24 ნოემბრის კანალიზაციის სისტემის პროექტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანალიზაციის სისტემის პროექტი) თანახმად, გეგმა ითვალისწინებს კანალიზაციის ქსელის მოწყობას საცხოვრებელ კორპუსში მეოთხე სართულზე. კორპუსის ამ ნაწილში გვაქვს ორი დამოუკიდებელი დგარი (დგარი N1 და დგარი N2) რომელშიც დამონტაჟებულია 110 მმ (შიდა 1000მ) დიამეტრის ვერტიკალური დგარები. ორივე დგარზე მიერთებულია ჯამურად მიახლოებით - 160 წერტილი (დგარი N1 - 90 წერტილი, დგარი N2 - 70 წერტილი), სულ მომხმარებელი მიახლოებით - 100 ადამიანი.

100მმ-იანი მილების დახრის კუთხე შეადგენს 1.5-2.0%-მდე ჰორიზონტალურ სიბრტყეში, რაც ნორმის ფარგლებში ჯდება.

50მმ-იანი მილების დახრის კუთხე შეადგენს 3,0%-ს ჰორიზონტალურ სიბრტყეში, რაც ნორმის ფარგლებში ჯდება.

დგარებთან მიერთებები ყველგან შესრულებულია ირიბი - 45 გრ. დეტალებით, რაც არიდებს საფრთხეს, რომ დგართან მიერთებაში რაიმე გაიჭედოს. იქ, სადაც დასასრულებელია მიერთებები - ყველგან უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი დეტალები.

კალკულაციიდან გამომდინარე დგარი N1-ზე და დგარი N2-ზე დამატებული სველი წერტილების რაოდენობა დგარების მუშაობას ხარვეზს არ უქმნის, ვინაიდან ორივე დგარს დარჩენილი აქვს სველი წერტილების დამატების რესურსი (დაანგარიშებულია 0.9- 1.0 ლ/წმ და მილის გამტარუნარიანობაა 1,64 ლ/წმ).

9. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოები არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. ამასთან, ქმნიდა სამომავლოდ ზიანის მიყენების საფრთხეს.

10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა. მხარის მითითებით, მოსარჩელე არათუ ვერ ადასტურებდა მოპასუხის ქმედების შედეგად საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლასა და ზიანის მიყენების ფაქტს, არამედ საერთოდ ვერ უთითებდა შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე ამგვარი ხელშეშლისა და ზიანის მიყენების შესახებ.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

12. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, თბილისში, ......... მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულზე, ყოფილ N7 ბინაში, სამშენებლო ნორმების დარღვევით მოწყობილი წყლისა და საკანალიზაციო მილების მოშლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა დაევალა, რაც მე-4 სართულზე მდებარე N7 ბინაში არსებული სველი წერტილების მოშლას გულისხმობდა, გარდა შენობის პროექტით გათვალისწინებული, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 თებერვლის N000840122 დასკვნის (დანართი N1) შესაბამისად დასაშვები სველი წერტილებისა.

14. გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

14.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეში დაცული მტკიცებულებების ადექვატური შეფასებისა და გაანალიზების გარეშე მიიღო, რითაც უგულველყო მოსარჩელის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფილ იქნეს.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, დასაბუთებულია.

17. განსახილველ შემთხვევაში ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის წარუმატებლობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლეს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანით) მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა განაპირობებს, სახელდობრ:

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

18.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

18.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

18.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

18.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

18.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ.

ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაა.

20. ამ მხრივ საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და სსკ-ის 170-ე მუხლების დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტიების გზით. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.). „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.97).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას (შდრ: სუსგ №ას-25-2021, 27.04.2021წ.; №ას-686-2024, 26.07.2024წ.).

22. სსკ-ის 172.2 მუხლის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს განსაზღვრავს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ.: №ას-1041-998-2016, 12.02.2016წ.; №ას-843-809-2016, 26.10.2016წ.; №ას-778-2019, 5.07.2019წ; №ას-686-2024, 26.07.2024წ.).

23. ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (შდრ. სუსგ. Nას-1250-2018, 21.12.2018წ; N -826-2021, 17.11.2021).

24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ხელშეშლის ფაქტზე მიუთითებდა და მოპასუხის ქმედების აკრძალვას იმ საფუძვლებზე დაყრდნობით მოითხოვდა, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოები არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. ეს გარემოება კი მოსარჩელისთვის სამომავლოდ ზიანის მიყენების საფრთხესაც ქმნიდა.

25. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ მოპასუხედ დასახელებული პირი რეალურად ახორციელებდა მოსარჩელის საკუთრების ხელყოფას ან/და ხელშეშლას, სწორედ ამ მხარეს ეკისრებოდა. მან კი ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, სახელდობრ, მოსარჩელემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურა თუ რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ხელშეშლა და კონკრეტულად რის აღკვეთას მოითხოვდა იგი. საყურადღებოა, რომ თვით სასარჩელო მოთხოვნაშიც კი მხოლოდ ზოგადი მითითებაა ასახული მოპასუხის მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოების პოტენციური, სამომავლო ზიანის მიყენების საფრთხის შესახებ, რაც საკასაციო პალატის დასკვნით არ წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის დასადასტურებელ პირობას.

26. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ წინაპირობას, საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის რეალური ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან (იხ. სუსგ Nას-25-2021, 27.04.2021წ).

27. ამდენად, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა უკანონო ხელშეშლის ფაქტის რეალურად არსებობის დადასტურება, რაც მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის შეთავაზებული მტკიცებულებებით თუ არგუმენტებით ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნა დადგენილი და დადასტურებული, ამავე დასკვნის გათვალისწინებით სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები და საკასაციო პალატა უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

29. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ.გ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.ნ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გ.ნ–ს, მ.გ–იას სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა