Facebook Twitter

საქმე№ა-2962-შ-77-2025

29 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „კ.გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.ნ–ს“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N260/2024

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის საქმეზე N260/2024 გადაწყვეტილებით, შპს „G.N“-S (საიდენტიფიკაციო ნომერი:..........) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ.გ–ის“ (პუშკინსკა ქ. ოფისი 306, ქ. ოდესა, ......, უკრაინა, საიდენტიფიკაციო კოდი: .......) სასარგებლოდ დაეკისრა მიუწოდებელი საქონლისთვის 50,000.00 აშშ დოლარის ოდენობით წინასწარი გადახდის ამოღება და 3 360.00 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ანაზღაურება, სულ 53,360.00 აშშ დოლარი. განიმარტა, რომ გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცემის დღიდან, საბოლოოა და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, ასევე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 29 ნოემბერს. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით, შპს „კ.გ–ის“ განცხადება უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N260/2024) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო შპს „ჯ.ნ–სის (საიდენტიფიკაციო ნომერი: ........) სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 53 360.00 (ორმოცდაცამეტი ათას სამას სამოცი) აშშ დოლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლებისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, შპს „კ.გ–ის“ შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარის შპს „ჯ.ნ–სის“ დირექტორს - პ.კ–ას პირადად, 2025 წლის 11 აგვისტოს. თუმცა მოწინააღმდეგე მხარის მიერ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სასამართლოში განცხადება (შესაგებელი) წარმოდგენილი არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „კ.გ–ის“ შუამდგომლობა, უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქმეზე N260/2024 ცნობის და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სსსკ-ის 35612 მუხლის პირველი ნაწილით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 35620 მუხლის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდეგში "ნიუ იორკის კონვენცია"), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები (იხ. სუსგ. Nა-4514-შ-125-2023, 30.04.2024წ.; Nა-1133-შ-29-2020, 22.02.2021წ.).

ნიუ იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20). ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ ჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის (იხ. სუსგ 23.07.2023 საქმეზე N ა-1677-შ-42-2023).

ნიუ იორკის კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შუამდგომლობის წარდგენის წესს: კერძოდ, მხარემ, რომელიც ითხოვს ცნობასა და აღსრულებას, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვისას, უნდა წარადგინოს: ა) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი. წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

ნიუ იორკის კონვენციის მე-5 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ მაშინ აღუდგება წინ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას, თუ არსებობს კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. აღნიშნული საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული ნიუ იორკის კონვენციაში. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა წამოსწიოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას თუ იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, სადაც მოითხოვება მისი ცნობა და აღსრულება, დაადგენს, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ან ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს (იხ. სუსგ 23.07.2023 საქმეზე N ა-1677-შ-42-2023).

ნიუ-იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ მისი მე-5 მუხლიდან, გამომდინარეობს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე მის წინააღმდეგ წარმოებული დავის შესახებ იყო ინფორმირებული, თუმცა მას საარბიტრაჟო დავის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

განსახილველ შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსარჩელე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევას, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა მიუწოდებელი საქონლისთვის 50 000.00 აშშ დოლარის ოდენობით წინასწარი გადახდის ამოღება და 3 360.00 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ანაზღაურება, სულ 53 360.00 აშშ დოლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით მიიჩნევს, რომ არსებობს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის საგანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (იხ. სუსგ-ებს: N ა-2498-შ-72-2022, 22.11.2022წ; N ა-5322-შ-127-2020, 20.01.2022წ; N ა-3188-შ-82-2021, 15.12.2021წ; N ა-1536-შ-32-2021, 13.10.2021წ; N ა-1741-შ-42-2020, 21.07.2020; N ა-1493-შ-39, 2020, 21.07.2020წ. #ა-3663-შ-102-2022, 27.06.2023 წ.).

სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 150 ლარის ოდენობით. რადგან წინამდებარე განჩინებით შუამდგომლობა კმაყოფილდება, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ.გ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N260/2024, რომლითაც შპს „G.N-ს“ (ზუგდიდი, ........., საიდენტიფიკაციო ნომერი: .........) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ.გ–ის“ (პუშკინსკა ქ., ოფისი 306, ქ. ოდესა, ......, უკრაინა, საიდენტიფიკაციო კოდი:.........) სასარგებლოდ დაეკისრა მიუწოდებელი საქონლისთვის 50 000.00 აშშ დოლარის ოდენობით წინასწარი გადახდის ამოღება და 3 360.00 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ანაზღაურება, სულ 53 360.00 აშშ დოლარი.

3. შპს „ჯ.ნ–ს“, შპს „კ.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი