Facebook Twitter

საქმე Nას-422-2025

26 ივნისი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ქ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.ბ––ი“ (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს ,,პ.ბ––ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა სს პ.ბ––სა და შპს „რ–ს“ შორის 04.09.2015წ. გაფორმებული №1.1153 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება; დაეკისრა მსესხებელ შპს „რ–ს“ და სოლიდარულ მოვალეებს, მ.ჯ–ას და ზ.ქ–იას მოსარჩელის სასარგებლოდ - 360 450.23 ლარი და 55 162.6 აშშ დოლარი; დადგინდა, რომ ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების მდებარე: 1) ქ. ზუგდიდი, .........; ქ. ზუგდიდი, ......... მესაკუთრე შპს „რ–ს“ ს/ნ ....... საკადასტრო კოდი: ......... - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (№670746059 იპოთეკის ხელშეკრულება); 2) ქ. ზუგდიდი, ........., მესაკუთრე ზ.ქ–ია, საკადასტრო კოდი: ....... - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (№400100443-021 იპოთეკის ხელშეკრულება); 3) ქ. თბილისი, ......., მესაკუთრე მ.შ–ია, საკადასტრო კოდი: ....... - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (№670764315-021 იპოთეკის ხელშეკრულება); 4) ქ. ზუგდიდი, ....... ქუჩა, ჩიხი №3, მესაკუთრე შპს „რ–ს“, ს/ნ ......... საკადასტრო კოდი: ........ - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (№120036129-021 იპოთეკის ხელშეკრულება); 5) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, მესაკუთრე ბ.ქ–ია, საკადასტრო კოდი: .......... - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (№400199407-021 იპოთეკის ხელშეკრულება); დაადგინა, რომ ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს სოლიდარული მოვალეების საკუთრებაში არსებული უძრავ მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება; შპს „რ.ნ–ის", ზ.ქ–იას, ბ.ქ–იას, მ.ჯ–ასა და მ.შ–იას სს ,,პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5000 ლარის გადახდა.

2. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებზე, მისი გაუქმების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა ბ.ქ–იამ.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ბ.ქ–იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ბ.ქ–იამ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განჩინებით, აპელანტ ბ.ქ–იას შუამდგომლობა გადასახდელად დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ბ.ქ–იას სააპელაციო საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ - დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ბ.ქ–იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე და სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, აპელანტმა არ გადაიხადა სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

13. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე (თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, აპელანტ, ბ.ქ–იას სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბერს მიღებული დადგენილება N36-ით დამტკიცებული ფორმის (ახალი ფორმის) (სადაც მითითებული იქნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება, დაზუსტებული იქნება სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილი მოთხოვნა) შესაბამისი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში; ამასთან, დაევალა სააპელაციო საჩივრის ფასის/დავის საგნის ღირებულების დაზუსტება და დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

15. 2024 წლის 30 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოს მიმართა ბ.ქ–იას წარმომადგენელმა, კ.ტ–ამ, წარადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის ქვითარი.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით, აპელანტ ბ.ქ–იას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 5 დღით და დაევალა, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების - 4%-ის გადახდა, რასაც გამოაკლდება უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა, 150 ლარის ოდენობით.

17. 2025 წლის 29 იანვარს, სააპელაციო სასამართლოს მიმართა ბ.ქ–იას წარმომადგენელმა კ.ტ–ამ და განმარტა, რომ სადავო ქონების ღირებულების დასადგენად საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა ან აუდიტის შეფასება, რაც თავის მხრივ გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, აღნიშნულიდან გამომდინარე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 თებერვლის განჩინებით, აპელანტ ბ.ქ–იას შუამდგომლობა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 10 დღით. ამასთან დაევალა, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა (სადავო ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით) და სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების - 4%-ის ოდენობით გადახდა, რასაც გამოაკლდება უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 150 ლარის ოდენობით.

19. ზემოაღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესების დაცვით, გაეგზავნა აპელანტ ბ.ქ–იას წარმომადგენელს, კ.ტ–ას. განჩინება ადრესატისათვის გადასაცემად, 2025 წლის 11 თებერვალს ჩაბარდა ადრესატის შვილს - გ.ტ–ას. აღნიშნული დასტურდება საფოსტო უკუგზავნილზე გ.ტ–ას ხელმოწერით.

20. 2025 წლის 27 თებერვალს (გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 26.02.2025წ), სააპელაციო სასამართლოს მიმართა ბ.ქ–იას წარმომადგენელმა, კ.ტ–ამ და კვლავ განმარტა, რომ სადავო ქონების ღირებულების დასადგენად საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა ან აუდიტის შეფასება, რაც თავის მხრივ გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, აღნიშნულიდან გამომდინარე კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

21. საკასაციო პალატა, კვლავ მოიხმობს სსსკ-ის 368-ე მუხლს და განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად სხვა წინაპირობებთა ერთად, მიიჩნევს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

22. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, სამართალწარმოებისთვის გარკვეული საფასურის დაწესება არ არღვევს კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებასაც. სასამართლოს განმარტებით, ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით (Kreuz v. Poland, 19.06.2001).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი (თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება) ითვალისწინებს.

24. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტმა მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადავადება. პალატა მიუთითებს სსსკ-ის 48-ე მუხლზე, რომლის ძალითაც, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გადავადების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს შესაძლებლობა წინასწარ გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამგვარად, შუამდგომლობისა და ამ შუამდგომლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლი).

26. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება (სსსკ 47-ე მუხლი) მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ (იხ. სუსგ საქმე Nას-388-361-2010, 18 ივნისი, 2010 წელი; Nას-970-1006-2011, 04 ივლისი, 2011 წელი; Nას-777-726-2017, 08 სექტემბერი, 2017 წელი).

27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მსჯელობა-განხილვის საფუძველი.

28. დამატებით, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივრის ღირებულების დასადგენად აუდიტის/ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობაზე და ამ საფუძვლით მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რომლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობას სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. სსსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, 1. დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. 2. თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. 3. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.

29. ზემოთ აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე/აპელანტი. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით; ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით; უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით;

30. საქმის მასალების მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენს, როგორც სს პ.ბ––სა და შპს „რ–ს“ შორის 04.09.2015წ. გაფორმებული №1.1153 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ასევე თანხის, 360 450.23 ლარისა და 55 162.6 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის, კერძოდ, შპს „რ–ს“ და სოლიდარულ მოვალეებს - მ.ჯ–ას და ზ.ქ–იასთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს - ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების მდებარე: 1) ქ. ზუგდიდი, ........; ქ. ზუგდიდი, .......... მესაკუთრე შპს „რ–ს“ ს/ნ ......... საკადასტრო კოდი: . - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (№670746059 იპოთეკის ხელშეკრულება); 2) ქ. ზუგდიდი, ......... მესაკუთრე ზ.ქ–ია პ/ნ .......... საკადასტრო კოდი: ......... - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (№400100443-021 იპოთეკის ხელშეკრულება); 3) ქ. თბილისი, ........ (ყოფ. ........) ...... ბინა №40 მესაკუთრე მ.შ–ია, პ/ნ .......... საკადასტრო კოდი: ....... - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (№670764315-021 იპოთეკის ხელშეკრულება); 4) ქ. ზუგდიდი, ....... მესაკუთრე შპს „რ–ს“, ს/ნ ......... საკადასტრო კოდი: ......... - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (№120036129-021 იპოთეკის ხელშეკრულება); 5) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი . . . ....., მესაკუთრე ბ.ქ–ია, პ/ნ .......... საკადასტრო კოდი: .......... - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (№400199407-021 იპოთეკის ხელშეკრულება); ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს სოლიდარული მოვალეების საკუთრებაში არსებული უძრავ მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

31. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, სარჩელის წარდგენისას, სარჩელის ფასი განსაზღვრა 55162,6 აშშ დოლარითა და 360 450,23 ლარით.

32. სააპელაციო საჩივრით, ბ.ქ–იამ მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, რომლითაც სს ,,პ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბ.ქ–იას საჩივარი და ძალაში დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების - გაუქმება.

33. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 240.3 მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. ამასთან, დავის საგანს განსაზღვრავს ის, რაზეც მხარეები დავობენ და არა ის, თუ რომელი საპროცესო დოკუმენტის მიღებით გადაწყდება იგი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილების ერთ-ერთი სახე, რომელიც კონკრეტული, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე მიიღება, განსახილველ შემთხვევაში ასეთი გახდა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგებლობა (სსსკ-ის 2321-ე მუხლი). დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა, დავა ქონებრივია და აპელანტს, შესაბამისად უნდა განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება.

34. საკასაციო პალატა, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ აპელანტის ვალდებულებაა განსაზღვროს დავის საგნის ფასი და მიუთითოს მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს სადაო ქონების საბაზრო ღირებულებას საქმის განხილვის დროისთვის, რა ვალდებულებაც აპელანტის მიერ არ იქნა შესრულებული.

35. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (იხ.სუსგ. Nს-426-2025, 16.05.2025წ., ას-21-2025, 07.05.2025, 07.05.2025წ). 36. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (იხ. სუსგ. Nას-319-2025, 05.05.2025წ., ას-270-2025, 27.03.2025წ).)

37. განსახილველ შემთხვევაში, განჩინება აპელანტ ბ.ქ–იას წარმომადგენელს, კ.ტ–ას, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, 2025 წლის 11 თებერვალს, შესაბამისად საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2025 წლის, 12 თებერვალს და დასრულდა 2025 წლის 21 თებერვალს. დროის ამ მონაკვეთში, აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია.

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი, რამდენადაც იგი პირდაპირაა რეგულირებული სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ემსახურება კიდეც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს. ამგვარად, საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, კანონიერია და კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია გარემოებები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

39. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ.ქ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი