ბს-1118-1069(კ-07) 14 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა დ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2007წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. შ-მა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “..." სახელით სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში ხაშურის რაიონის გამგეობის მიმართ და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა. განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1994 წელს ქალაქ ხაშურის საკრებულოს გამგეობამ ¹514 გადაწყვეტილებით მას უფლება მისცა ქალაქის ტერიტორიაზე განეთავსებინა და ფუნქციონირებაში მოეყვანა სავაჭრო კომერციული ობიექტი. ამის შესაბამისად, დ. შ-მა ხაშურში, .... ქ. ¹41-ში 30 კვ.მ მიწის ფართობზე ააშენა კომერციული აფთიაქი და სათანადო წესით გაატარა რეგისტრაციაში. 2000 წლის 28 მარტს აშენებული აფთიაქი მიღებულ იქნა ხაშურის რაიონული გამგეობის მიერ კომისიური წესით. მას აქვს არქიტექტორის მიერ დამტკიცებული მშენებლობის გეგმა, მაგრამ, რადგანაც მშენებლობისათვის არ არის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, ხაშურის რაიონის გამგეობამ მშენებლობა მიიჩნია უკანონოდ და არ გაატარა შენობა საჯარო რეესტრში.
მოსარჩელემ მოითხოვა ხაშურში, ..... ქ. ¹41-ში 30 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობის მესაკუთრედ ცნობა.
საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ლალი გოგალაძე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 30.01.04 წ. გადაწყვეტილებით დ. შ-ის მოთხოვნა მოპასუხე ხაშურის რაიონის გამგეობის მიმართ ხაშურში .... ¹ 41-ში მდებარე აფთიაქის შენობის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო მშენებლობას. ხაშურის საკრებულოს გამგეობის ¹514 გადაწყვეტილებით შპს “....” უფლება მიეცა ხაშურში .... ქ. ¹ 41-ში განეთავსებინა აფთიაქი, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს აფთიაქის მშენებლობის ნებართვას. ხაშურის რაიონის გამგეობის მიერ შექმნილი კომისიის 2000 წლის 28 მარტის აქტში შენობის ექსპლოატაციაში მიღების შესახებ და აფთიაქის მშენებლობის გეგმაში შეცდომით არის მითითებული მშენებლობის საფუძვლად გამგეობის აღნიშნული გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-მა, მან მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.01.05 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 30.01.04 წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-მა და საქმის ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.09.05 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია დ. შ-ის მიმართ, რომელიც, როგორც სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, წარმოადგენს საზოგადოება სპს “...." პარტნიორს და არ გააჩნია საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო არასათანადო მოსარჩელე დ. შ-ი შეეცვალა სათანადო მოსარჩელით - სპს “...", რომლის მიმართაც გამოტანილი იქნებოდა გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელი იყო, არ ემყარებოდა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და საჭიროებდა დამატებით შესწავლა-გამოკვლევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, რომ “..." გამგეობის ¹514 დადგენილებით გამოეყო შენობა ან შესაბამისი ფართი, სადაც შესაძლებელი გახდებოდა აფთიაქის ფუნქციონირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია “განთავსებისა" და “ფუნქციონირების" ცნებების სამართლებრივი დატვირთვა, ვინაიდან აფთიაქი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ განთავსდებოდა ღია ცის ქვეშ. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და შეფასება არ მიუცია საქმეში წარმოდგენილი “მაღაზია-აფთიაქის მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების აქტისათვის”, ასევე საქმეში წარმოდგენილი პროექტისათვის, რომელიც შეთანხმებულია რაიონის მთავარი არქიტექტორთან და დამტკიცებულია ქ. ხაშურის საკრებულოს გამგეობის კომუნალური მეურნეობის რაიგანყოფილების უფროსის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2007წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 30.01.04 წ. გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონის გამგეობის 1994 წლის ¹514 დადგენილება და 2000 წლის შენობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად, რადგან მათ ადრესატს წარმოადგენს სპს “...”
და არა ფიზიკური პირი დ. შ-ი, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელეს მოცემულ დავაში. ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ საქმეში სათანადო მოსარჩელედ იქნა მიწვეული სპს “....” დირექტორი, რომელმაც უარი განაცხადა საქმეში მონაწილეობაზე. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მხარეთა დასწრების გარეშე, რადგან ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონმდებლობის დაცვით ჩაბარდათ უწყებები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-მა და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მხარეთა დასწრების გარეშე, საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც ადრე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული საქმის განხილვაში იმავე ინსტანციის სასამართლოში. საქმე არ იყო ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი, რადგან მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია აფთიაქი დღეისათვის რეგისტრირებულია ფიზიკური პირის და არა სახელმწიფოს სახელზე. სასამართლოს არ უმსჯელია დ. შ-ის არასათანადო მოსარჩელეთ ცნობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.