Facebook Twitter

საქმე №ას-953-2024

29 სექტემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდგომში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი"), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - სს „ნ.ვ.დ–ვას“ (შემდგომში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი") მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა: სს „ნ.ვ.დ–ვას“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა 12008 ლარის ანაზღაურება.

2.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ნ.ვ.დ–ვმა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

3.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, სს „ნ.ვ.დ–ვის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი, მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

3.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

3.2.1 შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და სს „ნ.ვ.დ–ვა"-ს შორის, 2020 წლის 29 დეკემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N555 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების დანართი N1-ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - დანართი N2-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული CON200000301 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით.

3.2.2 ხელშეკრულების საერთო/საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრა 180 684.90 ლარით.

3.2.3 ხელშეკრულების 17.1 პუნქტის მიხედვით, „ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით“.

3.2.4 ხელშეკრულების №1 დანართის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა)“. იმავე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად კი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა „სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი დაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები“.

3.2.5 2021 წლის 02 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული „TOYOTA LANDCRUISER 70“-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით ......., რომელიც დაზღვეული იყო სს „ნ.ვ.დ–ვაში“. კერძოდ, 2021 წლის 02 აგვისტოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 139-ე კმ-ზე გამავალ, ორმხრივი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილ ასფალტის საფარის მქონე საავტომობილო გზაზე, სადაც სამოძრაო ზოლები ერთმანეთისგან გამოყოფილია საგზაო მონიშვნით 1.1, აღმოსავლეთის მიმართულებით სამოძრაო ზოლში, მიმართულების მიხედვით, დაახლოებით, 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „TOYOTA“, სახელმწიფო ნომრით ........, რომელსაც მართავდა მძღოლი, ლ.ფ–ი, და ავტომობილზე ჩართული ჰქონდა ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა, მაგრამ არ იყენებდა ხმოვან სიგნალს. მსვლელობისას ის არ დაემორჩილა საგზაო მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნებს, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა მოხვევის მანევრის შესრულების დროს, აღმოსავლეთის მიმართულებით სამოძრაო ზოლიდან საპირისპირო სამოძრაო ზოლში შესულ ავტომობილ „FOTON“-ს, სახელმწიფო ნომრით ........., რომელსაც მთვრალ მდგომარეობაში მართავდა ე.გ–ი.

3.2.6 ლ.ფ–ი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე.

3.2.7 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 27 ოქტომბრის №404/ა ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მძღოლ ლ.ფ–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

3.2.8 ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2021 წლის 09 ნოემბერს შეწყდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

3.2.9 სს „ნ.ვ.დ–ვამ“ 2022 წლის 14 იანვრის №165/22 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უარი უთხრა დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებაზე იმ მოტივით, რომ მძღოლის - ლ.ფ–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებელ ქმედებას, რომელიც ხელშეკრულებით ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

3.2.10 სს „ნ.ვ.დ–ვამ“ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულების და ავარიის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით.

3.2.11 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 24 ივნისის №004216522 დასკვნის მიხედვით, ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, საორიენტაციოდ, შეადგენდა 103 000 (ას სამი ათასი) ლარს.

3.2.12 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 24 ივნისის №004216922 დასკვნის მიხედვით, ავტომობილის დაზიანებით მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა, ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით, 27 995 (ოცდაშვიდი ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი შეადგინა.

3.2.13 „TOYOTA LANDCRUISER 70“-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით ......) აღდგენა განხორციელდა სახელმწიფოს ხარჯზე, 2022 წლის 25 ოქტომბრის №534 ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 12 008 (თორმეტი ათას რვა) ლარი.

3.3 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, სს „ნ.ვ.დ–ვა“ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის ორი მიმართულებით. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ „შემთხვევა არ წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას“. ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევის ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა.

3.4 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში მძღოლ ლ.ფ–ის ბრალი უნდა შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.

3.5 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია. სამოქალაქო სამართალში გაუფრთხილებლობის ორი სახე გამოიყოფა: მარტივი გაუფრთხილებლობა და უხეში გაუფრთხილებლობა. „უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი ქმედებით სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, რის გამოც განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა ხშირად ერთ სიბრტყეზე განიხილება. მარტივი გაუფრთხილებლობისას კი გონივრული წინდახედულებისა და ყურადღებიანობის დარღვევის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებულია“. საგულისხმოა, რომ „მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“.

3.6 სააპელაციო პალატამ, სადავო შემთხვევაში, ბრალის შეფასებისას ყურადღებას გაამახვილა „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ“ 2021 წლის 09 ნოემბრის დადგენილებასა (ტ. I, ს.ფ. 113-114) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილზე (ტ. I, ს.ფ. 109), რომლებითაც დასტურდება, რომ 2021 წლის 02 აგვისტოს, მძღოლი, ლ.ფ–ი, არ იყენებდა ხმოვან სიგნალს, ამასთან, მსვლელობისას ის არ დაემორჩილა საგზაო მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნებს, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა მოხვევის მანევრის შესრულების დროს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებას. საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 27 ოქტომბრის №404/ა ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მძღოლ ლ.ფ–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

3.7 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს ლ.ფ–ის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას, ვინაიდან მან დაარღვია მოძრაობის წესები, მიზანმიმართულად გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი (მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ლ.ფ–მა გასწრება გადაწყვიტა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება აფერხებდა მის მოძრაობას, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით, არ იყო ნებადართული გასწრება), ამავე დროს, ის არ მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობით (მსგავსი გარემოების არსებობაზე მოსარჩელეს არც კი მიუთითებია).

3.8 რაც შეეხება უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევების დაზღვევის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მხარეებს ასეთი შემთხვევები სადაზღვევო რისკად არ გაუთვალისწინებიათ. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, თუკი მხარეებმა დაზღვევის ხელშეკრულებით ცალსახად არ გაითვალისწინეს, რომ ანაზღაურებას დაექვემდებარება დამზღვევის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევებიც, მზღვეველი მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იქნება პასუხისმგებელი. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით განმარტებულია, რომ ბრალის მიუხედავად მზღვეველის პასუხისმგებლობის არსებობაზე შეთანხმების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაზღვევის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირდაპირ (ცალსახა და არაორაზროვან) მითითებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ დაზღვეულია მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევები.

3.9 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა (შემსყიდველი) და სს „ნ.ვ.დ–ვას“ (მიმწოდებელი) შორის 2020 წლის 29 დეკემბერს დადებულ №555 ხელშეკრულებასა და მის დანართში არ არის დაკონკრეტებული ბრალის ფორმა, მხარეები არ შეთანხმებულან სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგებისგან განსხვავებულ წესზე. უფრო მეტიც, მათ პირდაპირ გაითვალისწინეს ხელშეკრულების 17.1 პუნქტით, რომ „ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით“. მაშასადამე, განსახილველ სადაზღვევო ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის დანაწესი.

3.10 სააპელაციო პალატის განმარტებით, მზღვეველმა უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის დაძლევა, კერძოდ, დადასტურებულია, რომ შემთხვევა დადგა დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით, რომელზეც სადაზღვევო დაფარვა არ ვრცელდებოდა. მოსარჩელემ კი, საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ უზრუნველყო. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4.2 კასატორის მითითებით, მხარეებს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვეო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო რისკებად დამატებით განსაზღვრული იყო ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება...); ვ) სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები.

4.3 ხელშეკრულების თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილი იყო არ აენაზღაურებინა შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებდა მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. ამ დანაწესით სამსახურს სწორედ, რომ სსკ-ის 829-ე მუხლისგან განსხვავებული პირობის გათვალისწინება უნდოდა, თავისი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე და არა იმის, კანონით ისედაც რეგულირდებოდა. კერძოდ, მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევა კანონის მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება, ხოლო უხეში გაუფრთხილებლობა და განზრახვა არა, შესაბამისად, რადგან სამსახურს სურდა უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევის დაზღვევაც, მან ის საგამონაკლისო წესით გაითვალისწინა. 4.4 კასატორი ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას მოპასუხე მხარის მიერ და მიიჩნევს, რომ სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაციით შეთანხმდა, რომ დაზღვეული იყო სხვადასხვა რისკები, მათ შორის უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის გამო დამდგარი ზიანი.

4.5 კასატორის განმარტებით, ნების გამოვლენის გონივრული განსჯით, ხელშეკრულება ითვალისწინებდა უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანის სადაზღვევო შემთხვევის კომპანიის მიერ ანაზღაურებას.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში).

10. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

11. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის მოტივების (მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედება) შეფასება.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით მიღებული ზიანისათვის დგება. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის (causa proxima-ს) არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

13. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, „განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად”. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21.01.2020 წ., პ.53).

14. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.).უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულების ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

15. დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.

16. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის არსებობის ფაქტი და ზიანის გამომწვევი სუბიექტი, ასევე სადაზღვევო შემთხვევასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ გასაჩივრებული განჩინებით მძღოლის ქმედების კვალიფიკაცია. შესაბამისად, სადავო შემთხვევის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მძღოლის (მოსარჩელე) ქმედება, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა „უხეშ გაუფრთხილებლობას“, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, ვინაიდან, უხეში გაუფრთხილებლობის დადასტურების შემთხვევაში, გამოირიცხება მზღვეველის პასუხისმგებლობა (სსკ-ის 829-ე მუხლი) კანონისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

17. საკასაციო პალატამ სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში არაერთხელ განმარტა „უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიცია. მაგალითად, საქმეში №ას-1479-2019, 21.01.2020წ., სადაც სადაზღვევო კომპანია მიუთითებდა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, როგორც ზარალის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე, დადგინდა, რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა გაზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამგვარი დასკვნა დაეფუძნა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტებს: დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლეოდა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, მძღოლი მოძრაობდა მის სავალ ზოლში. არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.

18. სხვა საქმეში, საკასაციო სასამართლომ საქმეებში №ას-943-901-2013, №ას-1319-1257-2014 უხეშ გაუფრთხილებლობად შეაფასა უფლებამოსილი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების (მანევრირების წესებისა და საგზაო ნიშნების უგულებელყოფა) დარღვევა („ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს“ (იხ. სუსგ საქმე №ას-943-901-2013);

19. ერთ-ერთ საქმეში (N ას-625-2019, 09.12.2021 წ.) საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის ბრალეულმა ქმედებამ - უხეშმა გაუფრთხილებლობამ, რაც გამოიხატა ავტომანქანის სიჩქარის არასწორ შერჩევასა და მანევრირების წესების დარღვევაში, 2.5 წამის განმავლობაში ავტომობილის უყურადღებოდ დატოვებაში, რა დროსაც იგი გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში და შეეჯახა გზის საპირისპირო ზოლის მიმდებარე მიწის საფარზე გაჩერებულ ავტომანქანას. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ საგზაო მოძრაობის წესების ასეთი დარღვევა შეიძლება შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად. მოცემულ შემთხვევაში დამრღვევის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.

20. საქმე №ას-416-2019 (02.08.2019წ.)-მძღოლს უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი მუხლისა და დანართი №2-ის 1.3. პუნქტების მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა“. რ.ა–ის ჩვენების თანახმად: „როდესაც დაიწყო გადასვლა მეორე ზოლში, რათა გადაეკვეთა ღერძულა ხაზი უწყვეტი, უეცრად გამოჩნდა მეორე ზოლში მოძრავი ავტომანქანა და შეეჯახა წინა მარჯვენა ფრთაში“;

21. საკასაციო პალატის განმარტების თანახმად, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს ისეთი ქმედება, რომლის ჩადენის დროსაც პირი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით უგულებელყოფს წინდახედულობის ნორმებს. მოქმედებს არა იგივე ვითარებაში მყოფი, სხვა საშუალო შესაძლებლობების მქონე პირის მსგავსად, არამედ იჩენს თვალშისაცემ უყურადღებობას, უპატიებელ დაუდევრობას (იხ. სუსგ. საქმე №ას-611-2025 11.07.2025წ.).

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტების თანახმად, მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.

23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2021 წლის 02 აგვისტოს, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „TOYOTA LANDCRUISER 70“-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით ........, რომელსაც მართავდა ლ.ფ–ი მოყვა ინციდენტში. ავტომობილი ე.წ. ხმოვანი სიგნალის გამოუყენებლად (რომელიც საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით ჩართული უნდა ჰქონდეს ავტომანქანას იმისთვის რომ საგზაო უპირატესობა მოიპოვოს), ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმით, დაახლოებით, 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, რა დროსაც მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, არ დაემორჩილა საგზაო მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნებს, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და დაიწყო გასწრება მის წინ, დაბალი სიჩქარით მიმავალ ავტომანქანაზე, რა დროსაც შეეჯახა მოხვევის მანევრის შესრულების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 27 ოქტომბრის №404/ა ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მძღოლ ლ.ფ–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

24. სპეციალური კანონის 51-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალება და რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები.

25. საქმეზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით ცხადია, რომ შემთხვევის მონაწილე მძღოლი ლ.ფ–ი აცნობიერებდა მის მიერ განხორციელებული მანევრის კანონსაწინააღმდეგობას, აუცილებელი წინდახედულობის ნორმების სრული უგულებელყოფით და თვითიმედოვნებით გასწია გაუმართლებელი რისკი, უსაფუძვლოდ იმედოვნებდა რა ზიანის თავიდან არიდებასა და უშვებდა საფრთხეს, უხეშად დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის („მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“), ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და ამავე კანონის დანართის, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1-ის (კანონის დანართი 2) მოთხოვნები, უმიზეზოდ გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი, რამაც გამოიწვია ორი სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რაც, თავისი შინაარსითა და შედეგებით, სწორედ მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და, სსკ-ის 829-ე მუხლის გათვალისწინებით, ათავისუფლებს მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან.

26. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სხვადასხვა რისკებთან ერთად დაზღვეული იყო უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის გამო დამდგარი ზიანი, რადგან ხელშეკრულებაში დამატებით რისკად განსაზღვრული იყო მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევა, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, სსკ-ის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ თავად ხელშეკრულება შეიცავდეს საგამონაკლისო დათქმებს, ასეთ დროს, „ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს“ (იხ. სუსგ-ები: №ას-1147-1067-2017, 29.12.2017 წ.; N ას-462-2022, 24.06.2022წ.; №ას-823-2022 16.01.2024წ.; №ას-838-2024 27.09.2024წ.; №ას-1508-2024, 17.02.2025წ.; №ას-715-2024 28.02.2025წ.).

27. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი (მოსარჩელე) აღნიშნავს, რომ სადაზღვევო რისკებად დამატებით განსაზღვრული იყო: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება...); ვ) სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.

28. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზღვევის პირობების (ს.ფ. 30 ტომი 1) მე-2 მუხლი ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელიც არ ანაზღაურდება მზღვეველის მიერ. აღნიშნული მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას (გარდა I ნაწილის, I მუხლის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ხოლო დაზღვევის პირობების, I ნაწილის, I მუხლით განსაზღვრულია სადაზღვევო რისკები, რომლის ა ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო რიკებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არა აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა) და - სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები (დაზღვევის პირობების პირველი მუხლის "ვ" ქვეპუნქტი).

29. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება და მისი დანართები არ შეიცავს დებულებას ან/და პირდაპირ მითითებას დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, არ გაუმიჯნიათ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები და არც პირდაპირი მიუთითებიათ უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ანაზღაურების ვალდებულებაზე. უფრო მეტიც, მათ ხელშეკრულების 17.1 პუნქტით, პირდაპირ გაითვალისწინეს, რომ „ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით“. მაშასადამე, განსახილველ სადაზღვევო ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის დანაწესი (იხ.სუსგ. Nას-422-2023, 09.11.2023წ.). 30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ საკითხის განსხვავებულად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა ზემოთ განხილული ხელშეკრულების №1 დანართის პირველი მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებიც, რადგან სადავო შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული ბრალის ხარისხი. შესაბამისად, უხეშ გაუფრთხილებლობაზე პირდაპირი და ცალსახა მითითების გარეშე, ზოგადი ჩანაწერის გაკეთება, ვერ გახდება მზღვეველისთვის დამზღვევის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა: მიზანმიმართულად უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა (მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ლ.ფ–მა გასწრება გადაწყვიტა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება აფერხებდა მის მოძრაობას, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით, არ იყო ნებადართული გასწრება), რა დროსაც ის არ მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობით, განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით უგულებელყოფს წინდახედულობის ნორმებს. ასევე საგულისხმოა, სააპელაციო პალატის მიერ მითითებული გარემოება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, მძღოლ ლ.ფ–ის გარდა, იმყოფებოდა ოთხი მგზავრი (უდავო ფაქტობრივი გარემოება). მაშასადამე, ლ.ფ–ს გააჩნდა სამართლებრივი გარანტის ფუნქცია ავტომობილში მსხდომთა მიმართ და ეკისრებოდა მომეტებული პასუხისმგებლობა მათი უსაფრთხოების დაცვის კუთხით, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანსა და აუცილებელს ხდიდა მისი მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების განუხრელად დაცვას.

32. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, რაც მრავლადაა მოხმობილი განჩინებაში, მოპასუხის მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის გათვალისწინებით, მართებულია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი კვალიფიკაცია და მართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე (შდ. სუსგ. Nას-691-2024, 26.07.2024წ.).

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. პროცესის ხარჯები

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი