Facebook Twitter

საქმე №ას-1212-2024

16 მაისი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.გ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.დ–ძე, ა.დ–ძე (მოპასუხეები)

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ.გ–იამ (შემდეგში ტექსტში „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ა.დ–ძის და ა.დ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“), მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ლ.გ–იასა (პ/ნ ........) და მოპასუხე ა.დ–ძეს (პ/ნ .........) შორის 2021 წლის 07 ოქტომბერს

გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.რუსთავი, ........ (ს/კ ........ ).

1.2 გაუქმდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 07 ოქტომბრის N882021861115 განცხადებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაცია უფლების რეგისტრაციის თარიღი 2021 წლის 12 ოქტომბერი), რომელიც ა.დ–ძის საკუთრებად დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე: ქ.რუსთავი, .......... (ს/კ .........).

1.3 უძრავი ქონება მდებარე: ქ.რუსთავი, ......... (ს/კ ........) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს მოსარჩელე ლ.გ–იას საკუთრებად.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლ.გ–იას სარჩელი ა.დ–ძის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაზე; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ა.დ–ძის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას - ქ.რუსთავი, .......... (ს/კ ..........).

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით, ლ.გ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 2009 წლის 23 ივლისს სანოტარო ფორმის დაცვით ლ.გ–იას, ნ.დ–ძეს და ა.დ–ძეს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა.დ–ძემ და ნ.დ–ძემ იკისრეს სარჩენის ლ.გ–იას რჩენის ვალდებულება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მარჩენალი ვალდებულია უზრუნველყოს სარჩენი სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, მოვლითა და ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის. სარჩოს ოდენობაა თვეში საშუალოდ 100 ლარი. რჩენის სანაცვლოდ მარჩენალს საკუთრებაში გადაეცა ლ.გ–იას საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება მდებარე: ქ.რუსთავი, ......... (ს/კ ........). სარჩენი ბინაში იცხოვრებს გარდაცვალებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით დადგენილი წესით ბინა გასხვისდება, მარჩენალი ვალდებულია სარჩენი უზრუნველყოს ტოლფასი საცხოვრებელი პირობებით. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს არა აქვს უფლება სარჩენის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის გარეშე გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს, დააგირაოს ან სხვა ვალდებულებებით დატვირთოს ბინა. ხელშეკრულება შედგენილია რუსულ და ქართულ ენებზე, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ლ.გ–ია არ ფლობს ქართულ ენას და მოითხოვა რუსულ ენაზე ხელშეკრულების შედგენა. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა.დ–ძის და ნ.დ–ძის საკუთრების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დატვირთვის მითითებით. ნ.დ–ძე არის ლ.გ–იას შვილი, ხოლო ა.დ–ძე არის ნ.დ–ძის მეუღლე.

4.2.2 2021 წლის 30 სექტემბერს სანოტარო ფორმის დაცვით დამოწმებულია ლ.გ–იას, ა.დ–ძის და ნ.დ–ძის განცხადება 2009 წლის 23 ივლისს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. განცხადება შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე. ამ განცხადების საფუძველზე 2021 წლის 6 ოქტომბრიდან საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ლ.გ–იას საკუთრების უფლება.

4.2.3 2021 წლის 7 ოქტომბერს ლ.გ–იას და ა.დ–ძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლ.გ–იამ ა.დ–ძეს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე: ქ.რუსთავი, .......... (ს/კ ..........). ა.დ–ძე არის ლ.გ–იას შვილიშვილი, ნ.დ–ძის შვილი. ჩუქების ხელშეკრულებაზე მხარეების ხელმოწერები დადასტურებულია საჯარო რეესტრში. ხელშეკრულება შედგენილია რუსულ და ქართულ ენებზე. საჯარო რეესტრში ჩუქების ხელშეკრულების შაბლონის ტექსტი რუსულ ენაზე თარგმნეს ა.დ–ძემ და მისმა მეუღლემ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ა.დ–ძის საკუთრების უფლება.

4.2.4 ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ სადავო ბინაში ცხოვრობს მოსარჩელე ლ.გ–ია. ბინის მისამართზე კომუნალური მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს მოპასუხე ა.დ–ძე და მისი ოჯახის წევრები.

4.3 სსკ-ის 50-ე და 85-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების დადების მიზნით, იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ).

4.4 აპელანტის განმარტებაზე - მუქარით იძულება გამოვლინდა იმაში, რომ მოპასუხეები მას ემუქრებოდნენ სახლიდან გამოსახლებით და არწმუნებდნენ, რომ მისი სადავო სახლში აღარაფერი იყო, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა განმარტებებისა და მოწმეების ჩვენებებიდან არ დასტურდება ისეთი გარემოებები, რაც მოპასუხეთა მხრიდან ლ.გ–ას გაუჩნდებოდა შიში მისი ჯანმრთელობის ან მისი ქონების უსაფრთხოების თაობაზე.

4.5 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოება, მასზედ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ქართულენოვანი ტექსტი რუსულ ენაზე სრულად თარგმნილი არ არის, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება სადავო ჩუქების ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე საჯარო რეესტრში არსებული შაბლონის მიხედვით, ხელშეკრულების ტექსტი თარგმნილია რუსულ ენაზე. რუსულ ენაზე თარგმანში არ არის თარგმნილი ჩუქების ხელშეკრულების შემდეგი ტექსტი: „თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს ჩუქების საგნის ნაკლს, იგი ვალდებულია დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს. თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ამ მისი ახლო ნათესავის მიმართ. ასევე არ არის მითითებული ტექსტი „მხარეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება როგორც წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ასევე უძრავ ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მომწესრიგებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად, ხოლო მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო“. თარგმანში მითითებულია ტექსტი, რომ „ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.“ პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას, რომ თარგმანის მითითებული ნაკლი და არასრული თარგმანი არ არის საკმარისი იმის მტკიცებისათვის, რომ მხარეს ხელი შეეშალა ნამდვილი ნების გამოვლენაში და ხელშეკრულების ამ დებულებების შინაარსის გაცნობა გავლენას მოახდენდა ხელშეკრულებაზე დადებაზე, ვინაიდან ხელშეკრულების თარგმანში მითითებულია ხელშეკრულების არსი და ხელშეკრულების საგანი. ამასთან, არ დასტურდება, რომ მოსარჩელისთვის უცნობი იყო იუსტიციის სახლში ხელმოწერილი საბუთების შინაარსი და ის, რომ შვილიშვილთან გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული დასტურდება თავად, ლ.გ–იას განმარტებით, რომ ქალიშვილს ლ.გ–იას სატელეფონო საუბარში განუმარტა, რომ სახლი რუსთავში გადაუფორმა ნ.დ–ძის შვილს, რის საპასუხოდ შვილმა უსაყვედურა და გამოხატა უკმაყოფილება, რომ მხოლოდ ერთი ქალიშვილს გადასცა მთელი ბინა და ბინიდან წილი მას არ არგუნა. აღნიშნული კი გამორიცხავს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისთვის უცნობი იყო იუსტიციის სახლში ხელმოწერილი ხელშეკრულების შინაარსი.

4.6 აპელანტის პრეტენზიაზე, მასზედ, რომ მას სადავო ქონების გარდა არ აქვს არავითარი სხვა ქონება, არ აქვს პენსიის გარდა სხვა შემოსავალი, გააჩნდა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი საცხოვრისი, რომელზეც გაფორმებული გარიგება გახდა სადავო, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 526-ე და 530-ე მუხლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია, მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე და არა 526-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 526-ე მუხლი კი, ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 530-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც.“

4.7 სააპელაციო პალატამ განმარტა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ბინიდან შემოსავალს იღებდა. პირიქით საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2007 წლის 21 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოსარჩელე ცხოვრობს სადაო ბინაში მარტო, მეუღლის გარდაცვალების შემდგომ და დავის განხილვის პერიოდშიც აგრძელებს ცხოვრებას. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დასაჩუქრებული იხდის ბინის მფლობელობის შედეგად წარმოქმნილ ყველა ხარჯს. აღნიშნული კი გამორიცხავს ქონების გაჩუქებით მოსარჩელისათვის საარსებო წყაროს მოსპობის ფაქტს.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორი განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულება, არ წარმოადგენს მისი ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს.

5.3 კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ჩუქების ხელშეკრულების ქართულენოვანი ტექსტი რუსულ ენაზე სრულად თარგმნილი არ არის.

5.4 კასატორი განმარტავს, რომ ჩუქებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა შორის შეთანხმება, არამედ, აუცილებელია საჩუქრის რეალურად გადაცემა დასაჩუქრებულისთვის, სწორედ ამ მომენტიდან უნდა ჩაითვალოს ჩუქების ხელშეკრულება დადებულად. განსახილველ შემთხვევაში კი, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დასაჩუქრებულს უძრავ ქონებაში არ უცხოვრია.

5.5 კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ შეფასებული არ იქნა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონეა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11.1 2009 წლის 23 ივლისს სანოტარო ფორმის დაცვით ლ.გ–იას, ნ.დ–ძეს და ა.დ–ძეს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა.დ–ძემ და ნ.დ–ძემ იკისრეს სარჩენის ლ.გ–იას რჩენის ვალდებულება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მარჩენალი ვალდებულია უზრუნველყოს სარჩენი სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, მოვლითა და ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის. სარჩოს ოდენობაა, თვეში, საშუალოდ - 100 ლარი. რჩენის სანაცვლოდ მარჩენალს საკუთრებაში გადაეცა ლ.გ–იას საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება მდებარე: ქ.რუსთავი, .......... (ს/კ ...........). სარჩენი ბინაში იცხოვრებს გარდაცვალებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით დადგენილი წესით ბინა გასხვისდება, მარჩენალი ვალდებულია სარჩენი უზრუნველყოს ტოლფასი საცხოვრებელი პირობებით. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს არა აქვს უფლება სარჩენის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის გარეშე გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს, დააგირაოს ან სხვა ვალდებულებებით დატვირთოს ბინა. ხელშეკრულება შედგენილია რუსულ და ქართულ ენებზე, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ლ.გ–ია არ ფლობს ქართულ ენას და მოითხოვა რუსულ ენაზე ხელშეკრულების შედგენა. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა.დ–ძის და ნ.დ–ძის საკუთრების უფლება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დატვირთვის მითითებით. ნ.დ–ძე არის ლ.გ–იას შვილი, ხოლო ა.დ–ძე არის ნ.დ–ძის მეუღლე.

11.2 2021 წლის 30 სექტემბერს, სანოტარო ფორმის დაცვით, დამოწმებულია ლ.გ–იას, ა.დ–ძის და ნ.დ–ძის განცხადება 2009 წლის 23 ივლისს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. განცხადება შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე. ამ განცხადების საფუძველზე, 2021 წლის 6 ოქტომბრიდან, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ლ.გ–იას საკუთრების უფლება.

11.3 2021 წლის 7 ოქტომბერს, ლ.გ–იას და ა.დ–ძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლ.გ–იამ ა.დ–ძეს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე: ქ.რუსთავი, ........... (ს/კ .........). ა.დ–ძე არის ლ.გ–იას შვილიშვილი, ნ.დ–ძის შვილი. ჩუქების ხელშეკრულებაზე, მხარეების ხელმოწერები დადასტურებულია საჯარო რეესტრში. ხელშეკრულება შედგენილია რუსულ და ქართულ ენებზე. საჯარო რეესტრში ჩუქების ხელშეკრულების შაბლონის ტექსტი რუსულ ენაზე თარგმნეს ა.დ–ძემ და მისმა მეუღლემ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ა.დ–ძის საკუთრების უფლება.

11.4 ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, სადავო ბინაში ცხოვრობს მოსარჩელე ლ.გ–ია. ბინის მისამართზე კომუნალური მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს მოპასუხე, ა.დ–ძე და მისი ოჯახის წევრები.

12. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ჩუქების კანონიერებას, მოსარჩელის ნების ნამდვილობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით. მისი მტკიცებით, დასახელებული გარიგების დადებას წინ უძღოდა მის მიმართ განხორციელებული, ფსიქოლოგიური ზემოქმედება. კერძოდ, კასატორთან საუბარში მოპასუხეები მუდმივად აპელირებდნენ იმაზე, რომ „მას ბინაში აღარაფერი ეკუთვნოდა, მას დატოვებდნენ საცხოვრებლის გარეშე, თუ მოუნდებათ ბინიდან გამოასახლებენ, ავეჯსაც წაიღებენ სახლიდან. ამასთანავე, იმისათვის, რომ არ გაეგდოთ სახლიდან, უნდა გაეკეთებინა ის, რასაც ეტყოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევდა საცხოვრებელი სახლის დატოვება“. შესაბამისად, პალატის შესაფასებელია სადავო ხელშეკრულებების დადებისას დაცული იყო, თუ არა პირის ნების გამოვლენის თავისუფლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პირობები.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნება, როგორც იურიდიული მოქმედების ამსახველი ინსტრუმენტი, მხოლოდ გარეგანი გამოხატულების ფორმით არ შეიძლება შეფასდეს ნამდვილად, არამედ, ნამდვილი იურიდიული ძალმოსილება გააჩნია მხოლოდ იმგვარ ნებას, როდესაც შინაგანი და გარეგანი გამოხატულება იურიდიულ თანხვედრაშია, ანუ, გარეგანი ფორმირება სრულად უნდა ასახავდეს ნების გამომვლენის სურვილს.

14. პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ ნების გამოვლენის ფორმებს გარიგებებში უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა აქვთ, რადგან არსებობს გამოხატული ნების მიმართ კონტრაჰენტის ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი. ამიტომ, მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება მის ნამდვილ ნებას შეესაბამება. ეს პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება ისეთ პირობებში გამოვლინდა, რომლებიც ნამდვილი ნებისადმი გამოვლენილი ნების შესაბამისობას გამორიცხავს. ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან (შედ. იხ. სუსგ №ას-620-592-2016, 6 მარტი, 2017 წელი).

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, პ.211).

16. საკასაციო სასამართლოს არაერთგზის განმარტების თანახმად, იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობით ან მუქარით. ძალადობა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ იძულებას გულისხმობს, ხოლო, მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, გამოავლინოს სხვისი ნების შესატყვისი ნება (იხ.სუსგ.ას-33-33-2018, 02.08.2019წ., ას-1568-2024, 20.03.2025წ.).

17. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია, გავლენა მოახდინოს პირზე, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. 18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იძულების შემთხვევაში, გარემოებათა ერთობლიობა უნდა ბადებდეს სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს, რომ ნების თავისუფლების პირობებში პირი ამ შინაარსის შეთანხმებას არ გააფორმებდა, ამასთანავე, კონტრაჰენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მის მიმართ განხორციელდა იძულება კონკრეტულად უნდა გადმოსცემდეს ფატებს, თუ რა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს ჰქონდა ადგილი მისი ან მისი ახლობლის მიმართ, რატომ იყო ეს ქმედება რეალური ხასიათის და სხვა (იხ.სუსგ. ას-1568-2024, 20.03.2024წ).

19. საკასაციო პალატა, მოსარჩელის მიმართ იძულების განხორციელების საკითხის გამოკვლევისას, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებაზე, რომ „იძულება არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია“. ამ კუთხით გასათვალისწინებელია, რომ, მართალია, სასამართლო სამართლებრივ შეფასებაში მხარეთა მითითებებით არ არის შეზღუდული, მაგრამ უშუალოდ ფაქტების მითითება მხარეთა პრეროგატივაა.(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

21. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების დამტკიცება.

22. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განხორციელებულ იმ მსჯელობას, რომელიც მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთის არასათანადო დაძლევას შეეხება და განმარტავს, რომ პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტება, მტკიცებულების ყველაზე მყიფე სახეს წარმოადგენს და მისი გაქარწყლება მოპასუხის მარტივი შესაგებლითაც კი არის შესაძლებელი, რამეთუ როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეს გააჩნიათ მომხდარი ფაქტების საკუთარი შეხედულებით აღქმის, შეფასებისა და გადმოცემის უფლება, მათი სამართლებრივ ჭრილში განხილვა და სამართლებრივ ნორმებთან სუბსუმირება კი, უპირატესად სასამართლოს პრეროგატივაა.

23. განსახილველ შემთხვევაში, წინააღმდეგობრივია თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებებიც. საკასაციო პალატამ, მიუთითებს რუსთავის საქალაქო სასამართლო სხდომის ოქმის 17:09:29 ჩანაწერზე, სადაც ლ.გ–ია თავის ახსნა-განმარტებაში ამბობს, რომ "მოპასუხეები მას არ ეუბნებოდნენ, რომ მისი ამ სახლში აღარაფერი იყო და არც ბინიდან გამოსახლებით არ ემუქრებოდნენ“ (იხ. ტ.II, ს.ფ. 353 11.11.2022წ. 17:09:29-17:10:26 სხდომის ოქმის ჩანაწერი). ამგვარად, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან არ დასტურდება მის მიმართ მოპასუხეების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები.

24. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სადავო გარიგება იძულების ზემოქმედებით არ დადებულა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, რომ საქმეზე არ დასტურდება ისეთი გარემოებები, რაც ლ.გ–იას გაუჩენდა შიშს მისი ჯანმრთელობის ან მისი ქონების უსაფრთხოების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას ვერ აქარწყლებს კასატორის მითითება, რომ ნ.დ–ძემ დაუმალა დას ჩუქების ხელშეკრულების დადების შესახებ. კასატორი, თავის საკასაციო საჩივარში ვრცლად მიმოიხილავს მოწმე ნ.დ–ძის ჩვენებას, ნოტარიუსის ახსნა-განმარტებას, რომელმაც დაამოწმა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, თუმცა საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების და არა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ასევე უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ სამისღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების დღესვე გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. დადგენილია, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება გაუქმდა სანოტარო წესით 2021 წლის 30 სექტემბერს, ხოლო ჩუქების ხელშეკრულება შედგენილია და დამოწმებულია საჯარო რეესტრში 2021 წლის 7 ოქტომბერს.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეზე არც ის გარემოება იკვეთება, რომ კასატორმა არ იცოდა გარიგების შინაარსი და თუ რაზე აწერდა ხელს იუსტიციის სახლში. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერზე ( 17:16:29 სთ-ზე), სადაც დაფიქსირებულია კასატორის განმარტება, რომ მან დაურეკა მის მეორე ქალიშვილს და აცნობა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.(იხ. ტ.II, ს.ფ. 353 11.11.2022წ. 17:09:29-17:10:26 სხდომის ოქმის ჩანაწერი).

26. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი ცალკე აღებული სარწმუნო მტკიცებულება ან მტკიცებულებათა იმდაგვარი ერთობლიობა, რომელიც პალატას შეუქმნიდა შინაგან რწმენას სადავო გარიგების დადების პროცესში მოპასუხეთა მხრიდან იძულების განხორციელების თაობაზე. შესაბამისად, არ დასტურდება სადავო გარიგების დადების პროცესში კასატორის მიმართ მოპასუხის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადებაზე იძულების ფაქტი.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსკ-ის 524-ე მუხლზე, რომლის ძალითაც „ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით“, ჩუქება ეფუძნება მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას. ამავდროულად ჩუქება ცალმხრივი ხელშეკრულებაა, რომელიც წარმოშობს გამჩუქებლისთვის ნივთის გადაცემის ვალდებულებას, ხოლო დასაჩუქრებულისთვის მოთხოვნის უფლებას.

28. სსკ-ის 526-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. ამავე კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის მიზნებისთვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია, მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე და არა 526-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 526-ე მუხლი კი, ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 530-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც“. ამდენად, საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას, თუკი არ არის დადგენილი ის წინაპირობები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ პირის საარსებო წყაროს მოსპობას“. (სუსგ. ას-228-218-2016, 03.06.2016წ; საქმე №ას-1150-2019 10.06. 2021წ., №ას-655-2024 26.07. 2024წ.).

29. წინამდებარე საქმის მასალებში არ მოიპოვება ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე წარმოშობილი გარემოების გასაბათილებელი მტკიცებულება. მეტიც, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი დავის განხილვის პერიოდშიც და მას შემდეგ ცხოვრობს სადავო ბინაში, დასაჩუქრებული იხდის ბინის მისამართზე კომუნალური მომსახურების ხარჯებს, შესაბამისად, არ დასტურდება ქონების გაჩუქებით მოსარჩელისათვის საარსებო წყაროს მოსპობა.

30. საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ ჩუქება კანონით ნებადართული ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, რომელიც მხარეთა ნების ავტონომიის პირობებში შეიძლება დაიდოს. მიუხედავად ჩუქების უსასყიდლო და უანგარო ხასიათისა, მჩუქებელმა უნდა გაითვალისწინოს მისი მხრიდან ნების გამოხატვის იურიდიული შედეგები და მხედველობაში მიიღოს, რომ გაჩუქებული ნივთის დაბრუნებას, კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის გარეშე, ვერ შეძლებს. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობა შეიძლება გახდეს მჩუქებლის ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ. მჩუქებლის ქონებრივი სირთულეები, რომელიც ჩუქების მომენტშიც არსებობდა, აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმებას ვერ გამოიწვევს. (შდრ:. საქმე №ას-582-2021 14.07.2021 წელი, პ.17, პ.52).

31. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

32. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის 70% –140 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ.გ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ.კ–ძის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“ , 2024 წლის 28 ოქტომბერს, საგადახდო დავალებით N24360100155 გადახდილი 200 ლარის 70 % - 140 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

გიზო უბილავა