Facebook Twitter

საქმე№ა-1099-შ-32-2025

29 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – „უ. ს. ტ.კ. D.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.მ–ი“ (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – შვეიცარიის საარბიტრაჟო ცენტრის 2024 წლის 25 ოქტომბრის N300685-2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შვეიცარიის საარბიტრაჟო ცენტრის 2024 წლის 25 ოქტომბრის N300685-2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების (შემდეგში: უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება) სარეზოლუციო ნაწილით დადგინდა:

1.1. „საარბიტრაჟო ტრიბუნალს“ აქვს იურისდიქცია განიხილოს „უ. ს. ტ.კ. D.”-ს (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი ან შუამდგომლობის ავტორი) და შპს „მ.მ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის არსებული დავა „შვეიცარიული საერთაშორისო არბიტრაჟის წესების“ მიხედვით და „შვეიცარიის საარბიტრაჟო ცენტრის“ ადმინისტრაციის ფარგლებში;

1.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიერ „Nო5 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 11,338.45 აშშ დოლარის გადახდაზე, პლუს 5%-იანი წლიური პროცენტი 2023 წლის 15 აგვისტოდან სრულ გადახდამდე, უარყოფილია;

1.3. მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადაუხადოს „Nო7 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 152,475.23 აშშ დოლარი და 5%-იანი წლიური პროცენტი 2023 წლის 16 აგვისტოდან სრულად გადახდამდე;

1.4. მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადაუხადოს „Nო9 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 93,924.52 აშშ დოლარი და 5%-იანი წლიური პროცენტი 2023 წლის 16 აგვისტოდან სრულად გადახდამდე;

1.5. მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადაუხადოს „Nო10 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 17,010.70 აშშ დოლარი და 5%-იანი წლიური პროცენტი 2023 წლის 16 აგვისტოდან სრულად გადახდამდე;

1.6. მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადაუხადოს „Nო11 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 177,870.43 აშშ დოლარი და 5%-იანი წლიური პროცენტი 2023 წლის 16 აგვისტოდან სრულად გადახდამდე;

1.7. მოსარჩელის მოთხოვნა დეკლარაციული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდება, რომ მოპასუხემ დაარღვია თავისი ვალდებულებები ხელშეკრულების შეუსრულებლობით და საქონლის სრული ფასის გადაუხდელობით, უარყოფილია;

1.8. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიერ „Nო5 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 1,053.90 აშშ დოლარის ოდენობით სახელშეკრულებო ჯარიმის თანხის გადახდაზე, უარყოფილია;

1.9. მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადაუხადოს „Nო7 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 8,734.85 აშშ დოლარის ოდენობის სახელშეკრულებო პირგასამტეხლო;

1.10. მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადაუხადოს „Nო9 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 4,696.25 აშშ დოლარის ოდენობის სახელშეკრულებო პირგასამტეხლო;

1.11. მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადაუხადოს „Nო10 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 850,55 აშშ დოლარის ოდენობის სახელშეკრულებო პირგასამტეხლო;

1.12. მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადაუხადოს „Nო11 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 8,893.55 აშშ დოლარის ოდენობის სახელშეკრულებო პირგასამტეხლო;

1.13. საარბიტრაჟო ხარჯები განისაზღვრა 50,000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით. ეს ხარჯები ირიცხება მოსარჩელის დეპოზიტზე 50,000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით;

1.14. მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადაუხადოს 48,700 შვეიცარიული ფრანკი, როგორც კომპენსაცია მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო ხარჯების წინასწარ გადახდისთვის და 4,383 შვეიცარიული ფრანკი, როგორც კომპენსაცია მოსარჩელის მიერ რეგისტრაციის საფასურის გადახდისთვის;

1.15. მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადაუხადოს 22,833.65 შვეიცარიული ფრანკი, როგორც კომპენსაცია ამ არბიტრაჟში გაწეული სამართლებრივი ხარჯებისთვის;

1.16. „საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ უარყოფს „მხარეთა“ ყველა სხვა მოთხოვნას და/ან შუამდგომლობებს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

2. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2022 წლის 20 თებერვალს, დაიდო გალვანიზებული სითბურად დამუშავებული და სითბურად დაუმუშავებელი მავთულის ნასყიდობის ხელშეკრულება;

2.2. მყიდველმა (მოპასუხემ) ხელშეკრულებითა და სხვადასხვა სპეციფიკაციებით გათვალისწინებული თანხები არ გადაიხადა;

2.3. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს საქმის განხილვაში მოპასუხეს მონაწილეობა არ მიუღია. თავმჯდომარე არბიტრის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი ყველა შეტყობინება ელ.ფოსტით გაიგზავნა ბატონ ა.ფ–ძესთან (f.a@mail.ru) და მოპასუხის ზოგად ელ.ფოსტაზე (l@gmail.com);

2.4. 2024 წლის 17 მაისის #1 პროცედურული დადგენილების 45-ე პარაგრაფის შესაბამისად, მოსარჩელის არსებითი წარდგინებების ასლები, მათ შორის არა მხოლოდ ადმინისტრაციული ხასიათის დოკუმენტები და საარბიტრაჟო ტრიბუნალის ყველა პროცედურული დადგენილებისა და შესაბამისი შეტყობინების ასლები, ისევე როგორც სამდივნოს ყველა შესაბამისი კომუნიკაცია მოპასუხისადმი, თავმჯდომარე არბიტრმა გაგზავნა კურიერის მეშვეობით მოპასუხის მისამართზე - ისანი-სამგორის რაიონი, ........., თბილისი, საქართველო;

2.5. მოპასუხემ მიიღო და დათანხმდა საკურიერო სერვისით გაგზავნილ ყველა დოკუმენტის მიწოდებას, გარდა ერთი დოკუმენტისა (2024 წლის 26 აგვისტოს ელექტრონული ფოსტით და წერილით საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადასტურა მოსარჩელის განცხადების მიღება და დოკუმენტის ასლი კურიერის საშუალებით გადაუგზავნა მოპასუხეს. საკურიერო სამსახური შეეცადა მოპასუხისათვის მიეწოდებინა დოკუმენტი 2024 წლის 29 აგვისტოს, მაგრამ აცნობეს, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელი დაკეტილი იყო არდადეგების გამო. მოპასუხეს ეცნობა, რომ გზავნილი წაღების მოლოდინში იყო დიეიჩელის გადაზიდვის პუნქტში 2024 წლის 30 აგვისტოსათვის. მოპასუხეს არ აუღია გზავნილი საბოლოო გადაწყვეტილების გაცემის თარიღამდე). რაც შეეხება ელ.ფოსტას, თავმჯდომარე არბიტრი აღნიშნავს, რომ მას არ მოეპოვება „მიღებულის წაკითხვის“ დადასტურება არც ბატონი ა.ფ–ძისგან და არც მოპასუხის ზოგადი ელ.ფოსტიდან (f.a@mail.ru და l@gmail.com ) და არც წერილის უკან დაბრუნების შეტყობინება მიუღია ხსენებული ელ.ფოსტებიდან. ფაქტობრივად, თავმჯდომარე არბიტრი ყოველთვის იღებდა შემდეგნაირ დასტურს, რომ ელექტრონული წერილები წარმატებით მიუვიდა ბატონ ა.ფ–ძეს - ეს შეტყობინება ავტომატურად შეიქმნა შეტყობინების მიწოდების პროგრამული უზრუნველყოფის მიერ. თქვენი ელ. შეტყობინება წარმატებით მიუვიდა ერთ ან მეტ მიმღებს...;

2.6. ორგანიზაცია დიეიჩელი საკურიერო სერვისის მიერ ჩაბარების თარიღების მიმოხილვა და თავმჯდომარე არბიტრის მიერ მიღებული ელ.ფოსტით მიღების ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი თან ერთვის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას;

2.7. მოპასუხე არ იყო წარმოდგენილი ადვოკატის მიერ და საარბიტრაჟო საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია;

2.8. 2024 წლის 17 იანვრის საარბიტრაჟო განაცხადში მოსარჩელემ მიუთითა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მოცემულ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რაც არბიტრაჟის მიერ დავის განხილვის საფუძველია;

2.9. მოპასუხემ თავი შეიკავა საარბიტრაჟო განაცხადზე პასუხის წარდგენისაგან;

2.10. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად, ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება მყიდველსა და გამყიდველს შორის ხელშეკრულებიდან ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ვერ მოგვარდება ურთიერთშეთანხმებით ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს შვეიცარიის სავაჭრო პალატის საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ შვეიცარიული წესების თანახმად, რომლებიც მოქმედებს იმ დღისთვის, როდესაც აღნიშნული წესების შესაბამისად საარბიტრაჟო განაცხადი წარდგენილ იქნება ამავე წესების მიხედვით დანიშნული საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გადასაწყვეტად. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უნდა შედგებოდეს 3 არბიტრისგან, რომელთაგან ერთი ნომინირებული იქნება მყიდველის მიერ, ერთი გამყიდველის მიერ, ხოლო თავმჯდომარე არბიტრი აღნიშნული ორის მიერ. თუ საარბიტრაჟო განაცხადის მიღებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში მყიდველი ან გამყიდველი ვერ უზრუნველყოფს არბიტრის კანდიდატურის ნომინაციას, ან თუ პალატის მიერ მათი დანიშვნის დადასტურებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში ორი დანიშნული არბიტრი ვერ დანიშნავს თავმჯდომარე არბიტრს, პალატა უფლებამოსილი იქნება მყიდველის ან გამყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, დანიშნოს არბიტრ(ებ)ი საარბიტრაჟო ტრიბუნალის შესავსებად. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი იქნება ჟენევა, შვეიცარია და საარბიტრაჟო წარმოება წარიმართება ინგლისურ ენაზე. წინამდებარე ხელშეკრულება ექვემდებარება შვეიცარიულ სამართალს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის აღნიშნული არბიტრაჟის მხარეთათვის სავალდებულო და მბოჭავი ძალის მქონე და მხარეები სრულად თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულ უნდა იქნეს ნებისმიერ ადგილას, სადაც აღსრულებას მოითხოვს გადაწყვეტილების მიმღები კრედიტორი. არბიტრაჟის ხარჯებს იხდის დამარცხებული მხარე.

3. გამყიდველის (შუამდგომლობის ავტორის) საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა:

3.1. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინოს, რომ ის არის განსჯადი განიხილოს მხარეებს შორის წარმოშობილი დავა;

3.2. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინოს, რომ მოპასუხემ დაარღვია თავისი ვალდებულებები ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო და შესაბამისად, არ გადაიხადა საქონლის სრული საფასური, როგორც ეს მხარეებს შორის იყო შეთანხმებული;

3.3. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს 11,338.45 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა, როგორც მიყენებული ზიანის არსებული საბალანსო ოდენობა, დაკავშირებული ხელშეკრულებისა და #5 სპეციფიკაციის შეუსრულებლობასთან, პლუს 5%-იანი სარგებელი 2023 წლის 15 აგვისტოს შემდგომი პერიოდიდან მის გადახდამდე;

3.4. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს 152,475.23 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა, როგორც მიყენებული ზიანის არსებული საბალანსო ოდენობა, დაკავშირებული ხელშეკრულებისა და #7 სპეციფიკაციის შეუსრულებლობასთან, პლუს 5%-იანი სარგებელი 2023 წლის 15 აგვისტოს შემდგომი პერიოდიდან მის გადახდამდე;

3.5. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს 93,924.52 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა, როგორც მიყენებული ზიანის არსებული საბალანსო ოდენობა, დაკავშირებული ხელშეკრულებისა და #9 სპეციფიკაციის შეუსრულებლობასთან, პლუს 5%-იანი სარგებელი 2023 წლის 15 აგვისტოს შემდგომი პერიოდიდან მის გადახდამდე;

3.6. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს 17,010.70 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა, როგორც მიყენებული ზიანის არსებული საბალანსო ოდენობა, დაკავშირებული ხელშეკრულებისა და #10 სპეციფიკაციის შეუსრულებლობასთან, პლუს 5%-იანი სარგებელი 2023 წლის 15 აგვისტოს შემდგომი პერიოდიდან მის გადახდამდე;

3.7. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს 177,870.43 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა, როგორც მიყენებული ზიანის არსებული საბალანსო ოდენობა, დაკავშირებული ხელშეკრულებისა და #11 სპეციფიკაციის შეუსრულებლობასთან, პლუს 5%-იანი სარგებელი 2023 წლის 15 აგვისტოს შემდგომი პერიოდიდან მის გადახდამდე;

3.8. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს 1,053.90 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა, როგორც სახელშეკრულებო პირგასამტეხლო, გამომდინარე ხელშეკრულებისა და #5 სპეციფიკაციის დარღვევიდან;

3.9. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს 8,734.85 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა, როგორც სახელშეკრულებო პირგასამტეხლო, გამომდინარე ხელშეკრულებისა და #7 სპეციფიკაციის დარღვევიდან;

3.10. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს 4,696.25 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა, როგორც სახელშეკრულებო პირგასამტეხლო, გამომდინარე ხელშეკრულებისა და #9 სპეციფიკაციის დარღვევიდან;

3.11. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს 850,55 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა, როგორც სახელშეკრულებო პირგასამტეხლო, გამომდინარე ხელშეკრულებისა და #10 სპეციფიკაციის დარღვევიდან;

3.12. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს 8,893,55 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა, როგორც სახელშეკრულებო პირგასამტეხლო, გამომდინარე ხელშეკრულებისა და #11 სპეციფიკაციის დარღვევიდან;

3.13. მოპასუხეს დაევალოს, უზრუნველყოს ყველა საარბიტრაჟო ხარჯის დაფარვა, მათ შორის მოსარჩელის ადვოკატის ხარჯისა; და

3.14. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მოსარჩელე იტოვებს უფლებას:

3.14.1. წარმოადგინოს წინამდებარე საარბიტრაჟო სარჩელში აღწერილ ან მხარეთა შორის სხვაგვარად წამოჭრილ სადავო საკითხებთან დაკავშირებული ან მათგან გამომდინარე ნებისმიერი და ყველა შემდგომი მოთხოვნა; და

3.14.2. შეცვალოს და/ან შეავსოს წარმოდგენილი მოთხოვნა;

3.14.3. წარმოადგინოს ისეთი ფაქტობრივი ან სამართლებრივი არგუმენტები ან მტკიცებულებები (მათ შორის, მოწმის ჩვენება, ექსპერტის ჩვენება და სხვა დოკუმენტები), რაც შეიძლება საჭირო იყოს მისი მოთხოვნის დასადგენად ან ნებისმიერი საკითხის გასაქარწყლებლად, რომელიც შეიძლება მოპასუხე მხარემ წამოაყენოს; და

3.14.4. მოითხოვოს დროებითი და უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ საარბიტრაჟო ტრიბუნალის ან რომელიმე კომპეტენტური ეროვნული სასამართლოს წინაშე.

3.15. მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მოთხოვნა ან შუამდგომლობა.

4. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მოპასუხეს სთხოვა დაედასტურებინა მოსარჩელის საარბიტრაჟო განაცხადის მიღება და განმარტა მოპასუხის ამ პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმის შედეგები. საკურიერო სამსახურის დასტურის მიხედვით, დოკუმენტები მოპასუხეს გადაეცა 2024 წლის 7 მაისს, 15:09 საათზე, მიმღების ხელმოწერა - თ.დ–ი, მისამართი: მოსკოვის გამზ., ......, თბილისი, საქართველო.

5. საარბიტრაჟო ტრიბუნალში „საქმის მართვის კონფერენცია“ უნდა გამართულიყო 2024 წლის 17 მაისს, რის თაობაზეც ეცნობა მხარეებს. მოპასუხეს გზავნილი 2024 წლის 15 მაისს ჩაჰბარდა.

6. საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2024 წლის 17 მაისის ვიდეო კონფერენციას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი, მოპასუხე - არ ესწრებოდა.

7. საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის წესების 2021 წლის მდგომარეობით მოქმედი მუხლი 6 (8) ადგენს, რომ არბიტრაჟმა განხილვა უნდა განაგრძოს, მიუხედავად იმისა, რომ მხარე არ მონაწილეობს. თუმცა, მხარის არმონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში არ აძლევს უფლებამოსილებას არბიტრაჟს გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩენილი მხარის სასარგებლოდ. პირიქით, ამ გარემოებებში, არბიტრაჟი მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ დარჩენილი მხარის მოთხოვნები ან შესაგებლები დადგენილი და დადასტურებულია. ეს საყოველთაოდ მიღებული პრინციპი, ასევე, ვრცელდება არბიტრაჟზე „PILA“-ის და შვეიცარიული წესების ფარგლებში.

8. შესაბამისად, მოპასუხე მხარე არ მიიჩნევა, რომ აღიარებს მოსარჩელის რომელიმე მოთხოვნას, არბიტრაჟში მისი არმონაწილეობის გამო. გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი სარწმუნოა.

9. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხოლოდ აცხადებს, რომ შვეიცარიის სავაჭრო პალატასთან დაკავშირებული ყველა მითითება მართლაც შვეიცარიის საარბიტრაჟო ცენტრს ეხება. შესაბამისად, ჩანს, რომ არსებობს საერთო განზრახვა - მინიმუმ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავების არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ. მოპასუხემ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე განცხადების ან არგუმენტის წარდგენისაგან თავი შეიკავა (იხ. ამ განჩინების 2.10 ქვეპუნქტი).

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2025 წლის 13 მარტს, მოსარჩელის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა და უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

12. მოსარჩელის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს. მოპასუხეს განემარტა, რომ მას განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში აქვს აზრის გამოთქმისა და შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის მოთხოვნის უფლება.

13. ამ განჩინების მე-12 პუნქტში ასახული გზავნილი მოპასუხე კომპანიის დირექტორს - ა.ფ–ძეს პირადად ჩაჰბარდა 2025 წლის 10 ივნისს.

14. მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს, მოპასუხეს არც შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მე-3, მე-4 მუხლებითა და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35622 მუხლით.

16. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20).

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იხ. პირველი მუხლი). განსახილველი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის სამი არბიტრის მიერ მიღებული, არბიტრები შერჩეულია ხელშეკრულებით დადგენილი შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხეს არბიტრებთან დაკავშირებით პრეტენზია არ წარუდგენია. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით წარმოდგენილ შუამდგომლობაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო, რომელიც, საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, იხილავს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს, იყენებს კონვენციისეულ მიდგომას, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის დაწესებული იქნეს არსებითად უფრო რთული პირობები, ვიდრე დადგენილია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის (იხ. კონვენციის მე-3 მუხლი). ასევე, ნიუ-იორკის კონვენციის შესაბამისად, საქმის საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვა ეფუძნება კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტურ პრინციპს - „აღსრულების მომხრე განწყობას“ (შეად. სუსგ Nა-887-შ-21-2016, 26.08.2016წ.).

18. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მტკიცებულებები, შეესაბამება, უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მომთხოვნი მხარისათვის, კონვენციის მე-4 მუხლით დადგენილ წინაპირობებს. გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების ფართოდ განმარტება დაუშვებელია, რადგან თუკი არსებობს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის კონვენციით გათვალისწინებული საფუძველი, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს დისკრეცია შეზღუდულია.

19. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება ჩათვლის, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან ბ) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.

20. ნიუ-იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ მისი მე-5 მუხლიდან, გამომდინარეობს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხემ საარბიტრაჟო განაცხადი მიიღო (იხ. ამ განჩინების 2.3-2.6, 4-5 პუნქტები), მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმებულნი იყვნენ მათ შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში არბიტრაჟის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის თაობაზე, მათ ასევე, შეთანხმებული ჰქონდათ გამოსაყენებელი სამართალი (იხ. ამ განჩინების 2.10 ქვეპუნქტი).

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გატარებული ღონისძიებები, მოპასუხისათვის ეცნობებინა მის წინააღმდეგ წარმოებული დავის განხილვის დრო და პირობები, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე მის წინააღმდეგ წარმოებული დავის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული, თუმცა მას საარბიტრაჟო დავის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

24. სხვადასხვა სასამართლო პრაქტიკის თანახმად, არბიტრის/საარბიტრაჟო ტრიბუნალის დანიშვნა და სხვა პროცედურული საკითხები არ განიხილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე, თუ აღნიშნული საფუძვლით პრეტენზიის წამოყენება მხარეს საარბიტრაჟო განხილვისას შეეძლო (იხ. საქმე Manufacturer V. Supplier, in liquidation, Oberlandesgericht [OLG] Munich, Germany, 15 March 2006, 34 Sch 06/05, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann). ჩინეთისა (იხ. საქმე DMT S.A v. Chazhou City Huayi Packing Materials Co., Ltd. Chaoan Country Huaye Packing Materials Co., Ltd., Supreme People’s Court, China, 12 October, 2010, Min Si Ta Zi No. 51, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann) და იტალიის (იხ. საქმე Conceria G. De Maio & F. Snc V. EMAG AG, Court of Cassation, Italy, 20 ianvari 1995, XXI Y.B. COM. ARB. 602, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann) სასამართლოებმა ასევე აღნიშნეს, რომ მხარემ, რომელმაც გაუშვა შესაძლებლობა საარბიტრაჟო განხილვისას გაეხადა სადავოდ პროცედურული დარღვევები, ასევე გაუშვა შესაძლებლობა იგივე საკითხზე პრეტენზიის დაყენებისა ცნობა-აღსრულების ეტაპზე (იხ. იქვე, გვ. 216, პარ. 52) (იხ. სუსგ #ა-3947-შ-93-2020, 02.03.2021 წ.).

25. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

26. „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოვებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები“ (იხ. სუსგ Nა-2135-შ-46-2015, 26.10.2015წ.).

27. სსსკ-ის 35621 მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის შუამდგომლობა ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგადაც გამოტანილია აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

28. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ასლი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა მის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოში განცხადება (შესაგებელი) წარმოდგენილი არ ყოფილა (იხ. ამ განჩინების 12-14 პუნქტები).

29. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით მიიჩნევს, რომ არსებობს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის საგანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (შეად. სუსგ-ებს: N ა-2498-შ-72-2022, 22.11.2022წ; N ა-5322-შ-127-2020, 20.01.2022წ; N ა-3188-შ-82-2021, 15.12.2021წ; N ა-1536-შ-32-2021, 13.10.2021წ; N ა-1741-შ-42-2020, 21.07.2020; N ა-1493-შ-39, 2020, 21.07.2020წ. #ა-3663-შ-102-2022, 27.06.2023 წ.).

30. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, რადგან წინამდებარე განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. „უ. ს. ტ.კ. D.“-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს შვეიცარიის საარბიტრაჟო ცენტრის 2024 წლის 25 ოქტომბრის N300685-2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლითაც;

2.1. „საარბიტრაჟო ტრიბუნალს“ აქვს იურისდიქცია განიხილოს „უ. ს. ტ.კ. D.”-ს და შპს „მ.მ–ს“ შორის არსებული დავა „შვეიცარიული საერთაშორისო არბიტრაჟის წესების“ მიხედვით და „შვეიცარიის საარბიტრაჟო ცენტრის“ ადმინისტრაციის ფარგლებში;

2.2. „უ. ს. ტ.კ. D.”-ის მოთხოვნა „მ.მ–ის“ მიერ „Nო5 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 11,338.45 აშშ დოლარის გადახდაზე, პლუს 5%-იანი წლიური პროცენტი 2023 წლის 15 აგვისტოდან სრულ გადახდამდე, უარყოფილია;

2.3. „მ.მ–ს“ დაევალა, „უ. ს. ტ.კ. D.”-ს გადაუხადოს „Nო7 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 152,475.23 აშშ დოლარი და 5%-იანი წლიური პროცენტი 2023 წლის 16 აგვისტოდან სრულად გადახდამდე;

2.4. „მ.მ–ს“ დაევალა, „უ. ს. ტ.კ. D.”-ს გადაუხადოს „Nო9 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 93,924.52 აშშ დოლარი და 5%-იანი წლიური პროცენტი 2023 წლის 16 აგვისტოდან სრულად გადახდამდე;

2.5. „მ.მ–ს“ დაევალა, „უ. ს. ტ.კ. D.”-ს გადაუხადოს „Nო10 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 17,010.70 აშშ დოლარი და 5%-იანი წლიური პროცენტი 2023 წლის 16 აგვისტოდან სრულად გადახდამდე;

2.6. „მ.მ–ს“ დაევალა, „უ. ს. ტ.კ. D.”-ს გადაუხადოს „Nო11 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 177,870.43 აშშ დოლარი და 5%-იანი წლიური პროცენტი 2023 წლის 16 აგვისტოდან სრულად გადახდამდე;

2.7. „უ. ს. ტ.კ. D.”-ს მოთხოვნა დეკლარაციული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდება, რომ „მ.მ–მა“ დაარღვია თავისი ვალდებულებები ხელშეკრულების შეუსრულებლობით და საქონლის სრული ფასის გადაუხდელობით, უარყოფილია;

2.8. „უ. ს. ტ.კ. D.”-ს მოთხოვნა „მ.მ–ის“ მიერ „Nო5 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 1,053.90 აშშ დოლარის ოდენობით სახელშეკრულებო ჯარიმის თანხის გადახდაზე, უარყოფილია;

2.9. „მ.მ–ს“ დაევალა, „უ. ს. ტ.კ. D.”-ს გადაუხადოს „Nო7 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 8,734.85 აშშ დოლარის ოდენობის სახელშეკრულებო პირგასამტეხლო;

2.10. „მ.მ–ს“ დაევალა, „უ. ს. ტ.კ. D.”-ს გადაუხადოს „Nო9 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 4,696.25 აშშ დოლარის ოდენობის სახელშეკრულებო პირგასამტეხლო;

2.11. „მ.მ–ს“ დაევალა, „უ. ს. ტ.კ. D.”-ს გადაუხადოს „Nო10 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 850,55 აშშ დოლარის ოდენობის სახელშეკრულებო პირგასამტეხლო;

2.12. „მ.მ–ს“ დაევალა, „უ. ს. ტ.კ. D.”-ს გადაუხადოს „Nო11 სპეციფიკაციასთან“ დაკავშირებული 8,893.55 აშშ დოლარის ოდენობის სახელშეკრულებო პირგასამტეხლო;

2.13. საარბიტრაჟო ხარჯები განისაზღვრა 50,000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით. ეს ხარჯები ირიცხება „უ. ს. ტ.კ. D.”-ს დეპოზიტზე 50,000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით;

2.14. „მ.მ–ს“ დაევალა, „უ. ს. ტ.კ. D.”-ს გადაუხადოს 48,700 შვეიცარიული ფრანკი, როგორც კომპენსაცია „უ. ს. ტ.კ. D.”-ის მიერ საარბიტრაჟო ხარჯების წინასწარ გადახდისთვის და 4,383 შვეიცარიული ფრანკი, როგორც კომპენსაცია „უ. ს. ტ.კ. D.”-ის მიერ რეგისტრაციის საფასურის გადახდისთვის;

2.15. „მ.მ–ს“ დაევალა, „უ. ს. ტ.კ. D.”-ს გადაუხადოს 22,833.65 შვეიცარიული ფრანკი, როგორც კომპენსაცია ამ არბიტრაჟში გაწეული სამართლებრივი ხარჯებისთვის;

2.16. „საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ უარყოფს „მხარეთა“ ყველა სხვა მოთხოვნას და/ან შუამდგომლობებს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

3. „მ.მ–ს“ „უ. ს. ტ.კ. D.”-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი