Facebook Twitter

საქმე№ა-6902-შ-167-2024

18 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ქ–ია

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით, თ.გ. ძე ქ–ას სარჩელი, გ.ნ. ძე ა–ძის წინააღმდეგ სესხის ოდენობის, პროცენტებისა და სასამართლო ხარჯების თაობაზე დაკმაყოფილდა. ა–ძე გ.ნ. ძემ ქ–ა თ.გ. ძეს სასარგებლოდ აანაზღაუროს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით 100 000 ევროს ექვივალენტი ოდენობა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით პროცენტები 65 792,32 ევროს ოდენობით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით 199 823,36 აშშ დოლარის ექვივალენტი ოდენობა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით პროცენტები 135 622,26 აშშ დოლარის ოდენობით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით 289 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ოდენობა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით პროცენტები 201 846,71 აშშ დოლარის ოდენობით, ხარჯები სასამართლო ხარჯებისთვის 60 000 რუბლი. ა–ძე გ.ნ. ძეს, ქ–ა თ.გ. ძეს წინააღმდეგ შესაგებელზე სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უარი ეთქვა.

რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. საქმის მასალებში წარმოდგენილი, 2024 წლის 26 დეკემბრის №K-857 ცნობით დადასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული;

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 04 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა თ.ქ–იას წარმომადგენელმა ა.თ–ძემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით თ.ქ–იას შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების თაობაზე, წარმოებაში იქნა მიღებული. აღნიშნული განჩინება მოწინააღმდეგე მხარეს გ.ა–ძეს გაეგზავნა სამჯერ თუმცა ვერ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე. წარმოებაში მიღების განჩინების მოწინააღმდეგე მხარისთვის ჩაბარება 2025 წლის 21 მაისის განჩინებით დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურს და ჩაბარდა 2025 წლის 12 ივნისს, რაც დასტურდება გ.ა–ძის ხელმოწერით.

შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. მას შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოში მოსაზრება არ წარმოუდგენია, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე და იგი მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საქმის მასალებში წარმოდგენილი, 2024 წლის 26 დეკემბრის №K-857 ცნობით თანახმად, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული.

სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია“). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.

revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ.,პუნ.13). უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ა) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; ბ) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; გ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; დ) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ე) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ქ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ს–ას სარჩელი მოპასუხის გ.ა–ძის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და გ.ა–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 100 000 ევროს, პროცენტის - 65 792.32 ევროს, სესხის დავალიანების - 199 823.36 აშშ დოლარის, პროცენტის - 135 622.26 აშშ დოლარის, ასევე სესხის დავალიანების - 289 000 აშშ დოლარის, პროცენტის - 201 846.71 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის - 60 000 რუსული რუბლის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თ. ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ა. კოჭლამაზაშვილი