Facebook Twitter

საქმე№ას-731-2025

29 სექტემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.უ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე"), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - ა.უ–ძის (შემდგომში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი", „კასატორი") მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს „თ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილი იქნა მოპასუხე ა.უ–ძის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ............, ბინა N10, ფართი: 64.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.......) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სს „თ.ბ–ს“.

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით, ა.უ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ..........., ბინა N10, ფართი: 64.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........), საკუთრების უფლებით ირიცხება სს „თ.ბ–ის“ სახელზე.

4.2.2 სს „თ.ბ–ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ........... ბინა N10, ფართი: 64.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........), არის ა.უ–ძის არამართლზომიერ მფლობელობაში.

4.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა არსებობდა.

4.4 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონებას ფლობენ კანონიერად და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც მათ კანონის თანახმად ეკისრებოდათ. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

4.5 აპელანტის მიერ სადავო ქონების ფლობის მართლზომიერების დასადასტურებლად სადავო ფართში არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების გარემოებაზე მითითების კუთხით, პალატამ, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო უძრავი ნივთის არასრულწლოვნების მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა . საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში აპელირება გააკეთა მშობლის როლზე და მიუთითა, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით. ამავე ჭრილში მნიშვნელოვანია „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია, რომლის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. არასრულწლოვანი შვილის ინტერესების ჯეროვანი დაცვა პირველ რიგში მშობელს, როგორც მის კანონიერ წარმომადგენელს ევალება.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.უ–ძემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, ის გარემოება დადგენილად, რომ სადავო ფართში მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვნები, ვერ იქნებოდნენ შემზღუდავი მესაკუთრისთვის, რათა მესაკუთრემ მოახდინოს კუთვნილი ქონების თავისუფალი განკარგვა. მისი განმარტებით აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და „ბავშვთა უფლებათა“ კოდექსს.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს სწორად განისაზღვროს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუს. ას-1471-2024, 04.03. 2024წ., ას-1035-2024. 18.12.2024წ.).

11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას), 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), მუხლებიდან გამომდინარეობს.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და რაც მთავარია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

13. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა შემდეგი: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად, კუმულაციურად, სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; (შდრ: სუსგ. №ას-709-2022, 30.09.2022წ; ას-451-2024, 30.09.2024წ.).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 26.01.2023წ. საქმე №ას-1578-2020, 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.). პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.18),

სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.;Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-114-2024, 22.04.2024წ.).

18. საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეს, სადავოდ არ გაუხდია. უძრავი ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და იგი ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

21. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს მისი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის დამაბრკოლებელ რაიმე სამართლებრივად რელევანტურ გარემოებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად აფასებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტის/კასატორის არგუმენტები ვერ დაედება საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გაუქმებას.

22. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, სადაც მიუთითებს, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ სადავო ბინაში, ასევე ცხოვრობენ არასრულწლოვანი ბავშვები.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

24. ამასთან, კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსის არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, აპელანტი საკუთარი არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელია და უშუალოდ მას, როგორც კანონიერ წარმომადგენელს, ევალება შვილის ინტერესების ჯეროვანი დაცვა. (იხ.სუსგ. №ას-242-2024, 27.06.2024წ.).

25. აქვე, პალატა მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელება და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა არ გულისხმობს კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მესაკუთრის მიერ საკუთრებით სარებლობის უფლების რეალიზების მოთხოვნა კანონისმიერ მოთხოვნაა. მესაკუთრეს კანონი ანიჭებს უფლებას თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით, რაც ასევე შეიძლება მოიცავდეს არამართლზომიერი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წაყენებასაც. პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო უძრავი ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა.(შდრ. სუსგ №ას-1282-2021, 15.06.2022წ; №ას-674-2022, 13.10.2022წ.; №ას-1351-2022, 14.12.2022წ.).

26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.უ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.ჯ–ძის მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 2025 წლის 14 მაისს №27297686060 საგადასახადო დავალებით გადახდილი 200 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარიდან 70 % - 105 ლარი, სულ 155 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი