Facebook Twitter

საქმე №ას-1612-2022

21 ივნისი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ი.ა–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ.ო.მ.ბ.კ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ნ.თ–ას მიერ 10.11.2020 წელს გაცემულ

N200917612 სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტის პირველ აბზაცში და ძირითადი

თანხების ოდენობა განისაზღვროს 32 000 ლარით (20 000 ლარით, 7 000 ლარით და 5 000 ლარით).

1.2 შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ნ.თ–ას მიერ 10.11.2020 წელს გაცემულ

N200917612 სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტის მეორე აბზაცში და პროცენტის ოდენობა განისაზღვროს 2998.15 ლარით.

1.3 ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ნ.თ–ას მიერ 10.11.2020 წელს გაცემულ N200917612 სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტის მესამე აბზაცი.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 2018 წლის 23 მაისს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–სა (მ.)“და ი.ა–იას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 120 თვის ვადით. საკრედიტო ხელშეკრულებით, ი.ა–იას განესაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 32.000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის 47%–ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.10 %.

2.2 სესხის უზრუნველყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ი.ა–იას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .......; საკადასტრო კოდი .....

2.3 მოსარჩელემ თანხა მიიღო ნაწილ-ნაწილ: პირველი ნაწილი 5.000 ლარი მიიღო 29.12.2018 წელს, მეორე ნაწილი 20. 000 ლარი - 23.05.2019 წელს, მესამე ნაწილი 7 000 ლარი - 18.11.2019 წელს. 2018 წლიდან 2020 წლამდე ი.ა–ია კეთილსინდისიერად იხდიდა სესხს.

2.4 2020 წლის 27 მარტს, მოსარჩელემ, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ისაგან“ მიიღო სამი წერილი: წერილის თანახმად სესხის 20 000 ლარის ნაწილში — სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ი (მისო)“ 2020 წლის 27 მარტიდან ცალმხრივად ვადამდე წყვეტდა მხარეებს შორის არსებულ სესხის ხელშეკრულებას და მოითხოვდა ვალდებულების სრულად შესრულებას, რაც 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 21.331.6 ლარს. სესხის - 5.000 ლარის ნაწილში - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ი (მ.)“ 2020 წლის 27 მარტიდან ასევე ვადამდე წყვეტდა მხარეებს შორის არსებულ სესხის ხელშეკრულებას და ითხოვდა ვალდებულების სრულად შესრულებას, რაც 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 5.321.61 ლარს, ხოლო, სესხის - 7. 000 ლარის ნაწილში - მოპასუხე 2020 წლის 27 მარტიდან ცალმხრივად ვადამდე წყვეტდა მხარეებს შორის არსებულ სესხის ხელშეკრულებას და ითხოვდა ვალდებულების შესრულებას, რაც 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 7.234.98 ლარს.

2.5 10.11.2020 წლის 10 ნოემბერს მოპასუხემ მიმართა ნოტარიუს ნ.თ–ას და აიღო სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა: ძირითადი თანხა 35.350.50 ლარი.

2.6 მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით და სამივე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად დგინდება, რომ ძირითადი თანხა არის 20. 000 ლარი და არა 22.013.33 ლარი; 7. 000 ლარი და არა 7.708 ლარი, 5.000 ლარი და არა 5.629.17 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითებით, 10.11.2020 წლის N200917612, სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში, უნდა შევიდეს ცვლილება და ძირითადი თანხის 35.350.50 ნაცვლად უნდა ჩაიწეროს ძირითადი თანხა 32 000 ლარი; შესაბამისად, 22.013.33 ლარის ნაცვლად ჩაიწეროს ძირითადი თანხა 20 000 ლარი; 7 708.00 ლარის ნაცვლად ჩაიწეროს ძირითადი თანხა 7 000 ლარი; 5 629.17 ლარის ნაცვლად ჩაიწეროს 5 000 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 32.000 ლარს.

2.7 მოსარჩელე მხარის მითითებით, სააღსრულებო ფურცლის თანახმად, პროცენტის ოდენობა შეადგენს 6.491.58 ლარს (3.245.82+1917.19+731.57+597), ხოლო, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–მა“ აღნიშნა, რომ ი.ა–იას 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით ერიცხება სარგებელი შემდეგი ოდენობით: ძირითადი თანხის 20. 000 ლარის პროცენტი შეადგენს 1.331.6 ლარს და არა 3.245.82 ლარს; 7. 000 ლარის პროცენტი შეადგენს 234.98 ლარს და არა 1917.19. ლარს; 5.000 ლარის პროცენტი შეადგენს 321.61 ლარს და არა 731.57 ლარს.

2.8 მოსარჩელისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დაერიცხა მას ჯარიმები. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დაწესებული პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.10% და წლიური საპროცენტო სარგებლის - 47%-ის დარიცხვა კაბალურია და ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მუდმივად არღვევდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, რის გამოც მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო და აღნიშნულის გაუქმების თაობაზე არაერთხელ მიუმართავს კრედიტორისათვის. მოსარჩელეს, 2019 წლის 25 ივლისიდან 2020 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით კრედიტორმა აპატია დაკისრებული პირგასამტეხლო ჯამში 1 378,83 ლარის ოდენობით. ამასთან, 2019 წლის 23 მაისს, 2019 წლის 29 ივლისს და 2019 წლის 18 ნოემბერს, ი.ა–იას განცხადების საფუძველზე მოხდა სამივე სესხის რესტრუქტურიზაცია და გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები. ხოლო, რაც შეეხება იმას, რომ მოსარჩელე ასევე იხდიდა სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხას, მოპასუხის განმარტებით, არ შეესაბამება სიმართლეს, გამომდინარე იქიდან, რომ ი.ა–იასთან გაფორმებული სამი საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებულია ე.წ. „ბრტყელი“ გრაფიკით, მოცემულ შემთხვევაში მოვალე იხდის მხოლოდ სარგებელს, ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას სესხის ძირითად თანხას.

3.2 მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, კრედიტორის მიერ გაგზავნილი იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად შეწყვეტილ იქნა სასესხო ხელშეკრულებები და მოთხოვნილი იქნა სრული დავალიანება კერძოდ: 1. 2018 წლის 23 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 21331,60 ლარი; 2. 2018 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 7234,98 ლარი; 3. 2018 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 5321,61 ლარი; მოცემული დავალიანების ოდენობა დაანგარიშებული იყო 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით.

3.3 2018 წლის 23 მაისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ „მსესხებელი“ დააგვიანებს და არ გადაიხდის კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში კრედიტის ძირითად თანხას ან/და დარიცხულ პროცენტს. პირგასამტეხლო დაერიცხება (დაანგარიშდება)კრედიტის ძირითად თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვიდრე არ დასრულდება იძულებითი აღსრულება ან მსესხებლის მიერ, სხვაგვარად არ შესრულდება ვალდებულება, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს. ხოლო ამავე ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, კრედიტის დაფარვის თანმიმდევრობა შემდეგია: პირველ რიგში იფარება დარიცხული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პროცენტი (სარგებელი) და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა, ვადაგადაცილების გამო საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის პირობების დადგომისას სარგებლის დარიცხვა შეიძლება განხორციელდეს არაუმეტეს 180 დღისა.

3.4 მოპასუხისთვის გაურკვეველია მოსარჩელის პოზიცია მე-7 ფაქტობრივ გარემოებაში, როდესაც ის აღნიშნავს, რომ 2020 წლის 27 მარტის წერილში მითითებული თანხის ოდენობა და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული თანხების ოდენობა არ არის იდენტური და მოცემულის გამო ითხოვს სააღსრულებო ფურცელში თანხების კორექტირებას.

3.5 მოპასუხის განმარტებით - იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ჯეროვნად არ ასრულებდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და დაგროვილი ჰქონდა გრაფიკით გადასახდელი თანხა, 2020 წლის 25 ივნისს ცვლილება შევიდა 2018 წლის 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომლის სესხის თანხაც განისაზღვრა 22013,33 ლარით. 2020 წლის 30 ივნისს ცვლილება განხორციელდა 2018 წლის 14 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებაშიც და სესხის თანხა განისაზღვრა 7708.00 ლარით, 2020 წლის 30 ივნისს, ასევე ცვლილება შევიდა 2018 წლის 29 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომლის სესხის თანხა განისაზღვრა 5629,17 ლარის ოდენობით.

3.6 მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ მაინც არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის თაობაზეც კრედიტორის მიერ, ი.ა–იას 2020 წლის 16 სექტემბერს გაეგზავნა გაფრთხილება ვალდებულების

შესრულების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მოვალეს განესაზღვრა 14 დღიანი ვადა, ხოლო ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ 2020 წლის 01 ოქტომბერს, გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ხოლო რაც შეეხება ჯარიმებისა და სარგებლის დარიცხვას იგი გრძელდებოდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღემდე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ი.ა–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, ი.ა–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, 2020 წლის 27 მარტის წერილში მითითებული თანხის ოდენობასა და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული თანხების ოდენობის იდენტურობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 23.05.2018 წელს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–სა (მ.)“და ი.ა–იას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 120 თვის ვადით. საკრედიტო ხელშეკრულებით ი.ა–იას განესაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 32.000 ლარი. ი.ა–იამ თანხა მიიღო ნაწილ-ნაწილ: პირველი ნაწილი, 5.000 ლარი, ი.ა–იამ მიიღო 29.12.2018 წელს, მეორე ნაწილი, 20. 000 ლარი - 23.05.2019 წელს, მესამე ნაწილი, 7. 000 ლარი - 18.11.2019 წელს.

5.3 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ი.ა–იამ განცხადებით მიმართა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მოითხოვა სესხების რესტრუქტურიზაცია, რომელიც დაკმაყოფილდა და 2020 წლის 25 ივნისს ცვლილება შევიდა 2018 წლის 23 მაისის NISNI.0004308.002-001 საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომლის სესხის თანხაც განისაზღვრა 22013,33 ლარით. 2020 წლის 30 ივნისს ცვლილება განხორციელდა 2018 წლის 14 ნოემბრის NISNI.0004308.002–002 საკრედიტო ხელშეკრულებაშიც და სესხის თანხა განისაზღვრა 7708.00 ლარით, 2020 წლის 30 ივნისს, ასევე ცვლილება შევიდა 2018 წლის 29 დეკემბრის #ISNI.0004308.002-2003 საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომლის სესხის თანხა განისაზღვრა 5629,17 ლარის ოდენობით.

5.4 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება მასზედ, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სესხის ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციის თაობაზე, ხელშეკრულების არსებობა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დასტურდება თავად ი.ა–იას განცხადებით, და მოპასუხის მიერ მისი ინფორმირებულობით, ხოლო, რაც შეეხება ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ პანდემიის პერიოდში, საბანკო სექტორის მიერ აპრობირებული იქნა მეთოდი დისტანციური მომართვისა და დისტანციური მომსახურების გაწევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სესხის ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციისა და თითოეული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის ძირითადი თანხების ოდენობების თაობაზე.

5.5 რაც შეეხება ჯარიმებისა და სარგებლის დარიცხვას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დავალიანების ოდენობა დაანგარიშებული იყო 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით, თუმცა, ვინაიდან, პირგასამტეხლოსა და ჯარიმის დარიცხვა გრძელდებოდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღემდე, - 2020 წლის 10 ნოემბრამდე, აპელანტისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში და რამდენიმე თვის შემდეგ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ვერ იქნებოდა იდენტური დავალიანების არსებობა.

5.6 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და პროცენტის შემცირების საფუძველი, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6.2 კასატორმა განმარტა, რომ 23.05.2018 წელს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–სა (მ.)“და ი.ა–იას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 120 თვის ვადით. საკრედიტო ხელშეკრულებით ი.ა–იას განესაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 32.000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის 47 %–ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.10 %.

6.3 კასატორმა თანხა მიიღო ნაწილ-ნაწილ: პირველი ნაწილი 5.000 ლარი მიიღო 29.12.2018 წელს, მეორე ნაწილი 20. 000 ლარი მიიღო 23.05.2019 წელს, მესამე ნაწილი

6996.13 ლარი მიიღო 18.11.2019 წელს (29.12.2018, 23.05.2018 და 18.11.2019 წლის ხელშეკრულებები).

6.4 კასატორმა განმარტა, რომ 2020 წლის 27 მარტს, მან სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ისაგან“ მიიღო სამი წერილი: წერილის თანახმად, სესხის 20 000 ლარის ნაწილში - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ი (მ.)“ 2020 წლის 27 მარტიდან ცალმხრივად ვადამდე წყვეტდა მხარეებს შორის არსებულ სესხის ხელშეკრულებას და მოითხოვდა ვალდებულების სრულად შესრულებას, რაც 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 21.331.6 ლარს, სესხის - 5.000 ლარის ნაწილში - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ი (მ.)“ 2020 წლის 27 მარტიდან ასევე ვადამდე წყვეტდა მხარეებს შორის არსებულ სესხის ხელშეკრულებას და ითხოვდა ვალდებულების სრულად შესრულებას, რაც 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 5 321.61 ლარს, ხოლო სესხის - 7 000 ლარის ნაწილში - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ი (მ.)“ 2020 წლის 27 მარტიდან ცალმხრივად ვადამდე წყვეტდა მხარეებს შორის არსებულ სესხის ხელშეკრულებას და ითხოვდა ვალდებულების შესრულებას, რაც 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 7.234.98 ლარს.

6.5 კასატორმა განმარტა, რომ 2020 წლის 10 ნოემბერს, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–მა“ მიმართა ნოტარიუს ნ.თ–ას და აიღო სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მას დაეკისრა: ძირითადი თანხა 35.350.50 ლარი (22.013.33 ლარი, 7.708 ლარი და 5.629.17 ლარი). აღნიშნული ჩანაწერი არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით და სამივე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, დგინდება, რომ ძირითადი თანხა არის 20. 000 ლარი და არა 22.013.33 ლარი; 7. 000 ლარი და არა 7.708. ლარი. 5.000 ლარი და არა 5.629.17 ლარი; შესაბამისად, 2020 წლის 10 ნოემბერს N200917612, სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში, უნდა შევიდეს ცვლილება და ძირითადი თანხის 35.350.50 ნაცვლად ჩაიწეროს ძირითადი თანხა 32.000 ლარი; შესაბამისად, 22.013.33 ლარის ნაცვლად ჩაიწეროს ძირითადი თანხა 20. 000 ლარი; 7.708.00 ლარის ნაცვლად ჩაიწეროს ძირითადი თანხა 7. 000 ლარი; 5.629.17 ლარის ნაცვლად ჩაიწეროს 5 000 ლარი. რომელიც ჯამში შეადგენს 32.000 ლარს.

6.6 ამასთან, კასატორმა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დაწესებული პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.10% და წლიური საპროცენტო სარგებლის - 47%-ის დარიცხვა კაბალურია და ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით ი.ა–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11.განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის (სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანით სესხის თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს შემცირება) დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო), 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)) და 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლები.

12.მოცემული დავის საგანია სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში ცვლილების შეტანა, მოსარჩელე მხარე არის მოვალე, რომელსაც სურს, დაამტკიცოს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მოვალისათვის დაკისრების მოთხოვნის მომწესრიგებელი ნორმაა სსკ-ის 623-ე მუხლი, რომლის ფარგლებშიც მოვალეს წარმოეშობა ხელშეკრულების საგნის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, არის ფულადი თანხა. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, ასევე, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ყოველთვის ეკისრება მოვალეს.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე. კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია, რაც საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხის შემცირებაზე ემსჯელა.

14. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.

15. მტკიცების საგანში შედის მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.

16. საკასაციო პალატა, მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო შემდეგ ფაქტობრივი გარემოებებზე:

16.1. 23.05.2018 წელს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–სა (მ.)“და ი.ა–იას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 120 თვის ვადით. საკრედიტო ხელშეკრულებით ი.ა–იას განესაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 32.000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის 47 %–ის დარიცხვით. ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ „მსესხებელი“ დააგვიანებს და არ გადაიხდის კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში კრედიტის ძირითად თანხას ან/და დარიცხულ პროცენტს. პირგასამტეხლო დაერიცხება (დაანგარიშდება) კრედიტის ძირითად თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვიდრე არ დასრულდება იძულებითი აღსრულება ან მსესხებლის მიერ, სხვაგვარად არ შესრულდება ვალდებულება, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს.

16.2. ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, კრედიტის დაფარვის თანმიმდევრობა შემდეგია: პირველ რიგში იფარება დარიცხული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პროცენტი (სარგებელი) და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა, ვადაგადაცილების გამო საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის პირობების დადგომისას სარგებლის დარიცხვა 7 შეიძლება განხორციელდეს არაუმეტეს 180 დღისა (23.05.2018 წლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები);

16.3. სესხის უზრუნველყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი.ა–იას სახელზე რეგისტრირებული ბინა მდებარე ქ. თბილისი, .....; ს/კ .......... (23.05.2018 წლის იპოთეკის ხელშეკრულება);

16.4. ი.ა–იამ თანხა მიიღო ნაწილ-ნაწილ: პირველი ნაწილი 5.000 ლარი მიიღო 29.12.2018 წელს, მეორე ნაწილი 20. 000 ლარი მიიღო 23.05.2019 წელს, მესამე ნაწილი 6996.13 ლარი მიიღო 18.11.2019 წელს (29.12.2018, 23.05.2018 და 18.11.2019 წლის ხელშეკრულებები);

16.5. მოსარჩელის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო კრედიტორის მიერ შეწყდა საკრედიტო ხელშეკრულება და ი.ა–იას დავალიანებამ 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით შეადგინა: 1. 2019 წლის 23 მაისის N ISNI.0004308.002– 001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 21331,60 ლარი; 2. 2018 წლის 14 ნოემბრის N ISNI.0004308.002-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 7234,98 ლარი; 3. 2018 წლის 29 დეკემბრის N ISNI.0004308.002-003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 5321,61 ლარი ( 27.03.2020 წლის შეტყობინება/გაფრთხილება);

16.6. 2020 წლის 25 ივნისს ცვლილება შევიდა 2018 წლის 23 მაისის N ISNI.0004308.002-001 საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომლის სესხის თანხაც განისაზღვრა 22 013,33 ლარით. 2020 წლის 30 ივნისს ცვლილება განხორციელდა 2018 წლის 14 ნოემბრის NISNI.0004308.002–002 საკრედიტო ხელშეკრულებაშიც და სესხის თანხა განისაზღვრა 7708.00 ლარით, 2020 წლის 30 ივნისს, ასევე ცვლილება შევიდა 2018 წლის 29 დეკემბრის NISNI.0004308.002-2003 საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომლის სესხის თანხა განისაზღვრა 5629,17 ლარის ოდენობით (25.06.2020 და 30.06.2020 წლის შეთანხმება საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ);

16.7. 2020 წლის 10 ნოემბერს, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ნოტარიუს ნ.თ–ას მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N200917612, სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღეს მოვალის დავალიანება შეადგენდა: საკრედიტო ხელშეკრულება N ISNI.0004308.002–001 ძირითადი თანხა - 22 013,33 ლარი; პროცენტი - 1917,19 ლარი; ჯარიმა - 1574,53 ლარი; ჯამში - 25 505,05 ლარი. საკრედიტო ხელშეკრულება N ISNI.0004308.002–002 ძირითადი თანხა - 7708,00 ლარი; პროცენტი - 731,57 ლარი; ჯარიმა - 551,61 ლარი; ჯამში - 8991,18 ლარი. საკრედიტო ხელშეკრულება N ISNI O004308.002–003 ძირითადი თანხა - 5629,17 ლარი; პროცენტი - 597,06ლარი; ჯარიმა - 403,87 ლარი; ჯამში - 6630,10 ლარი (10.11.2020 წლის N200917612 სააღსრულებო ფურცელი).

17. კასატორის პრეტენზია შეეხება ნოტარიუს ნ.თ–ას მიერ 10.11.2020 წელს გაცემულ N200917612 სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ ძირითადი თანხებს, რომ მათი ოდენობა განისაზღვროს 32 000 ლარით (20 000 ლარით, 7 000 ლარით და 5 000 ლარით); ასევე, საკასაციო პრეტენზიით, კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი - წლიური 47% (ყოველთვიურად თითქმის 4%-ის ოდენობით) შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელია. ამასთან, დაწესებული პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0,1 % ოდენობით, კაბალურია და უნდა შემცირდეს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ძირითადი სასესხო დავალიანება მოპასუხის წინაშე, ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის შეადგენდა: 22 013,33 ლარს, 7708,00 ლარსა და 5629,17 ლარს. მოვალე ვალდებული იყო წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდნენ ძირითადი თანხის არასწორად დაანგარიშების გარემოებას. მოსარჩელემ ვერ დაძლია მისი წილი მტკიცების ტვირთი.

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ მოსარჩელესათვის ცნობილი არ იყო სესხის ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციის თაობაზე ხელშეკრულების არსებობა. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი.ა–იამ განცხადებით მიმართა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მოითხოვა სესხების რესტრუქტურიზაცია, რომელიც დაკმაყოფილდა და 2020 წლის 25 ივნისს ცვლილება შევიდა 2018 წლის 23 მაისის NISNI.0004308.002-001 საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომლის სესხის თანხაც განისაზღვრა 22 013,33 ლარით. 2020 წლის 30 ივნისს ცვლილება განხორციელდა 2018 წლის 14 ნოემბრის NISNI.0004308.002–002 საკრედიტო ხელშეკრულებაშიც და სესხის თანხა განისაზღვრა 7708.00 ლარით, 2020 წლის 30 ივნისს, ასევე ცვლილება შევიდა 2018 წლის 29 დეკემბრის NISNI.0004308.002-2003 საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომლის სესხის თანხა განისაზღვრა 5629,17 ლარის ოდენობით (25.06.2020 და 30.06.2020 წლის შეთანხმება საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ). აღნიშნული გარემოება დასტურდება თავად ი.ა–იას განცხადებით, და მოპასუხის მიერ მისი ინფორმირებულობით, ხოლო, რაც შეეხება ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, საკასაციო პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, რომ პანდემიის პერიოდში, საბანკო სექტორის მიერ აპრობირებული იქნა მეთოდი დისტანციური მომართვისა და დისტანციური მომსახურების გაწევის შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელე მხარის დისტანციური განაცხადი სესხის გადავადების/ რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის თანახმადაც მოხდა რესტრუქტურიზაცია და ხელშეკრულებები გადაგზავნილი იქნა მხარესთან მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე, ხოლო, თავად ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს განცხადებით სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ, მხარეთა შორის სადავო არ არის. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სესხის ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციისა და თითოეული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის ძირითადი თანხების ოდენობების თაობაზე.

19. საკასაციო პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას საპროცენტო სარგებლის კაბალურობის ნაწილში და განმარტავს, რომ საპროცენტო სარგებლისა კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დადგენილ სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება (იხ. საქმე №ას-1097-2021, 2022 წლის 25 მაისის განჩინება; საქმე №ას-444-2020, 2021 წლის 17 მარტის განჩინება; საქმე №ას-242-2022, 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 29 დეკემბერს, სსკ-ის 625-ე მუხლში შევიდა ცვლილება და აღნიშნულ მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100% დაწესდა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის 21 ივლისს, აღნიშნული მუხლი კვლავ შეიცვალა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% განისაზღვრა, რაც კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად ჯერ 100%, ხოლო მოგვიანებით 50% განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია (იხ.სუსგ.№ას-4-2023, 30.03.2023 წ.).

21. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც სარგებლის ოდენობა წლიური 47%-ით განისაზღვრა, 2018 წლის 23 მაისს გაფორმდა, ხოლო სესხი გაცემული იქნა ნაწილ-ნაწილ: ი.ა–იამ პირველი ნაწილი 5.000 ლარი მიიღო 29.12.2018 წელს, მეორე ნაწილი 20. 000 ლარი მიიღო 23.05.2019 წელს, მესამე ნაწილი 6996.13 ლარი მიიღო 18.11.2019 წელს (29.12.2018, 23.05.2018 და 18.11.2019 წლის ხელშეკრულებები), რისი გათვალისწინებითაც, მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი წლიური 47%, შესაბამისია სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად მოგვიანებით დაწესებულ 50%-იან ზედა ზღვართან.

22.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს.

23. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად (იხ. სუსგ №ას-905-2021, 12.01.2022 წ.).

24. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. მხარეს, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ითხოვს, ევალება მისი შეუსაბამობის დადასტურებაც.

25. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.10%-ი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოსარჩელის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო კრედიტორის მიერ შეწყდა საკრედიტო ხელშეკრულება. ვალდებულების შეუსრულებლობა კი იწვევს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ „მსესხებელი“ დააგვიანებს და არ გადაიხდის კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში კრედიტის ძირითად თანხას ან/და დარიცხულ პროცენტს. პირგასამტეხლო დაერიცხება (დაანგარიშდება) კრედიტის ძირითადი თანხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვიდრე არ დასრულდება იძულებითი აღსრულება ან მსესხებლის მიერ, სხვაგვარად არ შესრულდება ვალდებულება, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს). შესაბამისად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს თაობაზე, საამისოდ ვარგისი სამართლებრივი საფუძვლის არარასებობის გამო.

26. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-549-521-2015, 18.11.2015წ; N ას-608-2019, 19.03.2021წ; N ას-925-2022, 30.09.2022წ.; N ას-453-2022, 27.12.2022წ.)

27.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი.ა–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს რ. ა–ის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2023 წლის 17 იანვარს, N15775811605 საგადახდო დავალებით გადახდილი 368 ლარის 70% - 257,6 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე