Facebook Twitter

№ას-1369-2021

28 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – შპს „ს.ჯ.გ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ი.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მეორე კასატორი – შპს „ნ.ი.ჯ–ი“ (მაპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ჯ.გ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინება, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ს.ჯ.გ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში შპს „ნ.ი.ჯ–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, მეორე კასატორი) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:

1.1. მოპასუხე შპს „ნ.ი.ჯ–ს“ დაეკისროს პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე, ანუ, 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის 14 ივლისამდე, დავალიანების თანხის 0.08%-ის ოდენობით დარიცხული თანხების პროპორციულად, სულ 23 728.88 ლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - 20.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ს.ჯ.გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ნ.ი.ჯ–ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 11864.44 ლარის ოდენობით.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. შპს ს.ჯ.გ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება; ხოლო, შპს „ნ.ი.ჯ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, შპს „ს.ჯ.გ–ისა“ და შპს „ნ.ი.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. შპს „ნ.ი.ჯ–ი“ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის მომხმარებელს, რომელსაც განაწილების ლიცენზიატისაგან მიეწოდება ბუნებრივი გაზი. მოპასუხე ბილინგის ბაზაში ირიცხება N211234.... აბონენტად.

- 2015 წლის მაისის თვიდან, ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში, მოპასუხეს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიეწოდება ბუნებრივი გაზი;

- მხარეთა შორის განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები დადასტურებულია სპეცილური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით;

- მოპასუხის მიერ მოხმარებული (შესყიდული) გაზის ოდენობისა და ღირებულების მიხედვით, მოპასუხეზე განხორციელებულია თანხის დარიცხვა და მისი აღრიცხვა საბილინგო მონაცემთა ბაზაშია აღრიცხული;

- გაზის შესყიდვის ფაქტი, კერძოდ, მოპასუხის მიერ შესყიდული (მოხმარებული) გაზის ოდენობა და ღირებულება, ასევე, გადახდები ასახულია ბილინგის ბაზაში და აბონენტის პირად ბარათში.

6.1.2. შპს „ნ.ი.ჯ–ს“ პირად ბარათზე, ერიცხებოდა დავალიანება 82 567,15 ლარის ოდენობით.

6.1.3. დავალიანების თანხა მოპასუხემ დაფარა სარჩელის აღძვრის შემდეგ, რის გამოც მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი დავალიანების - 82 567,15 ლარის მოთხოვნის ნაწილში. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით, სარჩელი ძირითადი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად.

6.1.4. მოპასუხემ დაარღვია მიწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდის ვადები საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები, რომლის თანახმად, საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად), ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

6.1.5. მოპასუხის მხრიდან დარღვეულია მოხმარებული გაზის ღირებულების გადახდის ვადები.

- მოდავე მხარეთა შორის, 2016 წლის 4 იანვარს დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს დაერიცხება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,08%-ის ოდენობით, ყოველდღიურად ვალდებულების დარღვევის მომენტიდან;

- „ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის N12 დადგენილების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით, აბონენტს გააჩნდა მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, მოხმარებული გაზის ღირებულების გადახდის ვალდებულება;

- დადგენილია, რომ მოპასუხეს ბუნებრივი გაზი მიეწოდა 2016 წლის აგვისტოს თვეში, გადახდის ვალდებულება წარმოეშვა მომდევნო თვიდან, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2016 წლის 15 სექტემბერი, რადგან ვალდებულება ამ დროში არ შესრულდა; პირგასამტეხლოს ათვლა მოსარჩელემ დაიწყო ამ დროიდან.

6.1.6. 2016 წლის აგვისტოს თვეში, დავალიანების თანხის ოდენობა შეადგენდა 82 176.19 ლარს, რომლის დღიური პირგასამტეხლო შეადგენს 65.74 ლარს. 2016 წლის დეკემბრისათვის, მოხმარებული გაზის ღირებულების გადაუხდელი თანხის ოდენობამ, სარჩელის აღძვრის დროისთვის შეადგინა 82 567.15 ლარი, რომლის დღიური პირგასამტეხლო შეადგენს 66.05 ლარს. სარჩელის შეტანის დროისათვის პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 11 982.97 (65.74X123 დღე = 8086.02ლარს + 66.05X59დღე=3896.95ლარი=11982.97) ლარს.

6.2.მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლით (სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით) და გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეაფასა მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, კერძოდ, თუ რამდენად არსებობდა, სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (23 728.88 ლარის) 11 864.44 ლარამდე შემცირების საფუძველი.

6.3.პალატამ მიუთითა მოდავე მხარეთა შორის დადებული ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით 2016 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების 6.2. მუხლზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ხელშეკრულებით „მომხმარებლის“ (შპს „ნ.ი.ჯ–ის“) მიერ საბოლოო ანგარიშსწორების პირობებისა და ვადების დარღვევის შეთხვევაში, „მიმწოდებელი“ (შპს „ს.ჯ.გ–ი“) უფლებამოსილია „მომხმარებელს“ დაარიცხოს პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული დავალიანების (გადაუხდელი თანხის) 0.08%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დარღვევის დღიდან. პალატამ დადგენილად მიიჩნია და აღნიშნა, რომ არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და მოსარჩელეს არ ჩაურიცხა მოხმარებული გაზის ღირებულება. შესაბამისად, ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო იყო პირგასამტეხლოს ოდენობა.

6.4.სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომელიც პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა, ასევე, მიუთითა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მხარეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეესაბამებოდა გონივრულობის სტანდარტს, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და უნდა შემცირებულიყო 11 864.44 ლარამდე. სააპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა როგორც მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის სიმძიმეს (პალატამ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის მიერ საქმის განხილვის დაწყებამდე მოხდა ძირითადი დავალიანების დაფარვა), ასევე, ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს (სკ-ის 8.3 და 115-ე მუხლები).

6.5.წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, შპს „ს.ჯ.გ–ი“ ასევე ასაჩივრებდა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებას.

6.5.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული განჩინებით, 2019 წლის 24 დეკემბერს დანიშნული სასამართლოს მთავარ სხდომა, გადაიდო 2020 წლის 29 იანვარს 14:00 საათზე. აპელანტი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბერს გაუქმდა ამავე სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე №2/243-17, საქმის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო არა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2019 წლის 24 დეკემბერს, არამედ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.

6.5.2. საქმის მასალების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2019 წლის 20 ივნისს, 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2019 წლის 20 ივნისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე ის გარემოებაც, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე №2/243-17. საქმის მოსმენა გაგრძელდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2019 წლის 24 დეკემბერს, 13:00 საათზე.

6.5.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტზე, სადაც აპელანტი განმარტავდა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, მთავარი სხდომის დანიშვნით, სასამართლომ მას მოუსპო შესაძლებლობა სასამართლოში წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, ასევე, გაეზარდა მოთხოვნა და თუნდაც დამატებით მოეთხოვა ზიანის თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

6.5.4. ამ კუთხით, პალატამ მიუთითა სსსკ-ის 219.1. მუხლზე (1. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული), ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე (2. მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. 3. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის. 4. სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება) და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ამ მუხლებით გათვალისწინებული დათქმებით, არ უსარგებლია. პალატამ აღნიშნა ის გარემოებაც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ სხდომა დაინიშნა, თუმცა მოსარჩელეს ამ ხნის განმავლობაში სასამართლოში არანაირი განცხადება არ წარუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა; შპს „ს.ჯ.გ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, შპს „ნ.ი.ჯ–მა“ - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7.1. შპს „ს.ჯ.გ–ის“ საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ ერთი მხრივ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სსკ-ის 319-ე, 327-ე, 417-ე-418-ე მუხლები), ხოლო, მეორე მხრივ, არასწორად განმარტა კანონი (სსკ-ის 420-ე მუხლი), რამაც საბოლოო ჯამში უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

7.1.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად სწორად გაიზიარა და მიიჩნია დადგენილად გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი. კასატორის მითითებით, სადავო საკითხის განხილვისას, სასამართლომ ყოველგვარ მტკიცებულებებზე მითითების გარეშე, მხოლოდ მხარის იმ ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე, რომ საგადასახო კანონმდებლობა ითვალისწინებდა ნაკლები ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას, მიიჩნია, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციაზე, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობაზე და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხზე, თუმცა, არცერთი მითითებული გარემოება სასამართლოს არ დაუდგენია.

7.1.3. ასევე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ დაადგინა გარემოება იმის შესახებ, თუ რა ინტერესი გააჩნდა მოსარჩელეს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. კერძოდ, კასატორის განმარტებით, შპს „ს.ჯ.გ–ს“ თვითონ აქვს შესყიდული მოპასუხის მიერ მოხმარებული გაზი, რომლის ღირებულებაც შპს „ნ.ი.ჯ–ს“ არ ჰქონდა ანაზღაურებული. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელე იძულებულია ბანკში იხადოს კრედიტის პროცენტები. ასევე, მოსარჩელეს გააჩნია სახელმწიფოს წინაშე საინვესტიციო ვალდებულებები, რომლის შესრულებაც ვერ შეძლო იმის გამო, რომ მოპასუხემ თავად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კი, მის ანგარიშებზე განხორციელდა ინკასოს (ყადაღის) დადება. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდებოდა მოსარჩელისათვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც შესაძლებელი იყო შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდით ანაზღაურებულიყო, თუმცა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და არასწორად დაიყვანა იგი 0.04% -მდე.

7.1.4. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ, შეჯიბრებითობის ფარგლებში, პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი ტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არა თუ არსებითი მნიშვნელობის მქონე, არამედ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს, რაც სასამართლოს მხრიდან კანონის დარღვევას წარმოადგენს.

7.1.5. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სასამართლომ 2019 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაარღვია საკანონმდებლო მოთხოვნები, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ დანიშნა მთავარი სხდომა (და არა მოსამზადებელი), რითაც მოსარჩელეს მოუსპო შესაძლებლობა წარმოედგინა დამატებით მტკიცებულებები, ასევე გაეზარდა მოთხოვნა და თუნდაც, დამატებით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურების სახით, თანხის მოპასუხისათვის დაკისრება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ვალდებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, კვლავ დაენიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ მოსამზადებელ სხდომაზე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი, კასატორის შეფასებით, დაირღვა სსკ-ის 216-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბოლო წინადადება, რომლის თანახმად, საქმის განხილვა მისი გადადების შემთვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო.

7.2. შპს „ნ.ი.ჯ–ის“ საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.2.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ნ.ი.ჯ–ს“ დაეკისრა საქმის გარემოებებთან, დავალიანების ძირ თანხასთან, აგრეთვე მის ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებით პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა. სასამართლომ უგულვებელყო ის ფაქტი, რომ 2017 წლი 14 ივლისს მოპასუხემ დაფარა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების თანხა, რაც მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევის ხარისხი არ იყო არსებითი და აღნიშნული ოდენობით მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას აქვს არა სამოქალაქო-სამართლებრივი სანქციის ხასიათი, არამედ იქცევა მოვალის დასჯის მექანიზმად. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს პირგასამტეხლო სულ მცირე 10-ჯერ უნდა შეემცირებინა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრისა და 2022 წლის 26 იანვრის განჩინებებით, შპს „ნ.ი.ჯ–ისა“ და შპს „ს.ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იმ ფაქტობრივ გარემოებას ეყრდნობა, რომ მოპასუხის მხრიდან დარღვეულია ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, 2016 წლის 04 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოხმარებული გაზის ღირებულების გადახდის ვადები, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

15. განსახილველ შემთხვევაში, პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდიათ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 6.1.1.-6.1.6. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ. შესაბამისად, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოდავე მხარეთა შორის, 2016 წლის 4 იანვარს, წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,08%-ის ოდენობით, ყოველდღიურად ვალდებულების დარღვევის მომენტიდან; ვალდებულების დარღვევის ფაქტი (ანუ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ ჩაურიცხა მოხმარებული გაზის ღირებულება) კი, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის გათვალისწინებულ წინაპირობათაგან, სამივე სახეზეა.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.

17. განსახილველ შემთხვევაში, პირველი კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ ოდენობად მიჩნევის საკითხს, ხოლო, მეორე კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება - მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების/განსაზღვრის ნაწილში.

18. სადავო საკითხის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილობს პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებზე:

18.1. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30/09/2019).

18.2. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ-ები №ას-1336-2019, 30/03/2022 წ.; №ას-1928-2018, 31/10/2019 წ.).

18.3. ამდენად, პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13/12/2019 წელი).

19. საკასაციო პალატა ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს პირგასამტეხლოს გონივრული მოცულობის განსაზღვრისა და მისი შემცირების საფუძვლიანობის საკითხთან დაკავშირებული სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ:

19.1. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები №ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

19.2. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1642-2022, 16/03/2023 წ.).

19.3. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019 წ.).

19.4. ამდენად, სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ები: №ას-1292-2019, 24.12.2020 წ.; Nას-386-2019, 02.04.2021 წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ.); ამასთან, მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

20. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ საქმის განხილვის დაწყებამდე დაფარა ძირითადი დავალიანება, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 23 728.88 ლარის ოდენობით, არ შეესაბამებოდა გონივრულობის სტანდარტს და იგი უნდა შემცირებულიყო 11 864.44 ლარამდე, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და სამართლიანი იქნებოდა. სააპელაციო პალატამაც მხედველობაში მიიღო ვალდებულების დარღვევის სიმძიმე, ასევე, ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპი, სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტი და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა „შეუსაბამოდ მაღალ“ ოდენობას.

21. საკასაციო პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის სიმძიმეს (იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ საქმის განხილვის დაწყებამდე დაფარა ძირითადი დავალიანება), ასევე, ითვალისწინებს წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებსა და დანიშნულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულების ღირებულებას და მიიჩნევს, რომ შპს „ს.ჯ.გ–ის“ პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით, სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის კომპენსირებისათვის, მართებულად მიიჩნია, რომ 11 864.44 ლარი ადეკვატურ ოდენობას წარმოადგენდა.

22. რაც შეეხება შპს „ნ.ი.ჯ–ის“ საკასაციო მოთხოვნას პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირება, ისედაც მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა და საკასაციო პალატას შეუქმნიდა მტკიცებულებებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების პირობებშიც კი, იგი კვლავ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა. მსგავსი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, მხოლოდ დავალიანების ძირი თანხის ოდენობასა და კასატორის მატერიალურ მდგომარეობაზე მითითება, სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების მიზნებისთვის, არარელევანტურია და ვერ ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო, მოვალის ინტერესებს გაუმართლებლად ლახავს.

23. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს შპს „ს.ჯ.გ–ის“ საკასაციო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს მიერ, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინების ძალაში დატოვების ნაწილში. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ მთავარი სხდომის დანიშვნით, სასამართლომ მას მოუსპო შესაძლებლობა სასამართლოში წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, გაეზარდა მოთხოვნა ან/და დამატებით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურების სახით, თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, რამეთუ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელემ სცადა ზემოაღნიშნული საპროცესო უფლებებით სარგებლობა და სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებლად ეთქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის საპროცესო უფლებების დარღვევის ფაქტი, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

24. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

25. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შპს „ს.გ.ჯ–ას“ (20240....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 593.22 ლარის 70% – 415.25 ლარი, ხოლო, შპს „ნ.ი.ჯ–ს“ (202446...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 593.22 ლარის 30%-ის - 177.96 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.გ.ჯ–ას“ შუამდგომლობა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ს.გ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

3. შპს „ნ.ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

4. შპს „ს.გ.ჯ–ას“ (20240.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 593.22 ლარის (საგადახდო დავალება N324, გადახდის თარიღი 14.01.2022) 70% – 415.25 ლარი.

5. შპს „ნ.ი.ჯ–ს“ (2024...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდივ - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 593.22 ლარის 30%-ის - 177.96 ლარის გადახდა.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე