№ას-1336-2024
21 მარტი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „მ–სი“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღდეგე მხარე) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
1.1.შპს „მ–სს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 235200 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ - შპს „მ–სმა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „მ–სს“ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 240.3 ლარის გადახდა; შპს „მ–სს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 5 ლარის გადახდა; სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „მ–სს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლო - 467.10 ლარის ოდენობით; მოპასუხე შპს „მ–სს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 10 ლარის ოდენობით; მოწინააღმდეგე მხარე შპს „მ–სს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 7 ლარის ოდენობით.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. 20.02.2020 წელს, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „მ–სს“ შორის გაფორმდა N1/200220/3 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელისათვის მოპასუხეს უნდა გაეწია სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოები კონკრეტულ ვადებში. ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
6.1.2. 2020 წლის 03 ივლისს, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომობილი HYUNDAI სახელმწიფო ნომრით ........, მიყვანილი იქნა შპს „მ–სის“ სერვისცენტრში გადაცემათა კოლოფის დაზიანებით. ავტომობილის შეკეთების ვადა უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 08 ივლისს, თუმცა, სატრანსპორტო საშუალების შეკეთება დასრულდა 2020 წლის 01 აგვისტოს, - 20 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად, ხელშეკრულების 13.3. მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობამ 8400 ლარი შეადგინა.
6.1.3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „მ–სს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომობილების: 1. SUZUKI SX-4 სახელმწიფო ნომრით .......... და 2. KIA SPORTAGE სახელმწიფო ნომრით ......... სარემონტო სამუშაოები, მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, - 2020 წლის 03 აგვისტოდან (შპს ,,მ–სის მიერ მოპასუხისათვის დამატებით განსაზღვრული შესრულების ვადა), - 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი), არ გაუწევია. შესაბამისად, სადავო პერიოდში ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ (31+30+31+30+31+31+28+31+30) 270 დღე შეადგინა, ხოლო, ხელშეკრულების 13.3. მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობამ 113400-113400 ლარი.
6.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის აპელირება და არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თითქოს არ დასტურდებოდა ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხე შპს „მ–სის“ მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომობილების: SUZUKI SX-4 სახელმწიფო ნომრით ....... და KIA SPORTAGE სახელმწიფო ნომრით ........, სარემონტო სამუშაოების წარმოება განხორციელდა ვადაგადაცილებით.
6.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელე მხარის განმარტებაზე, რომ 2020 წლის 30 ივნისს, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა SUZUKI SX-4 (სახ. ნომრით ......) შპს „მ–სის“ სერვისცენტში შევიდა კონდენციონერის კომპრესორის დაზიანებით. შპს „მ–სის“ მიერ განხორციელდა დაზიანებული დეტალების შეკვეთა, რომლის ვადად განისაზღვრა 25 კალენდარული დღე. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები უნდა შეკეთებულიყო 2020 წლის 25 ივლისის ჩათვლით. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, შპს „მ–სს“ დამატებით განესაზღვრა შესრულების ვადა 3 აგვისტოს ჩათვლით. მოპასუხეს აღნიშნული მომსახურება დღემდე არ გაუწევია. ავტომანქანა KIA SPORTAGE (სახ. ნომრით ........) კონდენციონერის კომპრესორის დაზიანებით შევიდა 2020 წლის 2 ივლისს. შპს „მ–სის“ მიერ განხორციელდა დაზიანებული დეტალების შეკვეთა, რომლის ვადად განისაზღვრა 25 კალენდარული დღე. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები უნდა შეკეთებულიყო 2020 წლის 27 ივლისის ჩათვლით. შემოსავლების სამსახურის მიერ, შპს „მ–სს“ დამატებით განესაზღვრა შესრულების ვადა 3 აგვისტოს ჩათვლით. მოპასუხეს აღნიშნული მომსახურება დღემდე არ გაუწევია.
6.4. პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ სარჩელში მითითებული ზემოაღნიშნული სადავო გარემოებების დასტურად, მოსარჩელე მიუთითებდა შემოსავლების სამსახურის წერილზე და ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათზე, რომლის საპირწონედ და მათ გასაბათილებლად, მოპასუხე მხარეს მტკიცებულება, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა (რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა სსსკ-ის 102.3. მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას), არ წარმოუდგენია. ამ კუთხით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ „წერილობითი შეტყობინებაცა და მოხსენებითი ბარათიც, შედგენილი იყო მოსარჩელე ორგანიზაციის თანამშრომლისა და საჯარო მოსამსახურების/მოხელეების მიერ. ისინი ამ წერილის შედგენის დროს მოქმედებდნენ მოსარჩელე ორგანიზაციის ინტერესებიდან. მათი დამსაქმებელი სწორედ მოსარჩელე იყო, რის გამოც ვერცერთ წერილის, რომელიც შედგენილი იყო მოსარჩელე ორგანიზაციის მიერ ან მის მიერ დელეგირებული უფლების ნაწილში ნებისმიერი მოხელის მიერ, ვერ მიეცემოდა საქმეში მხარის მიერ მიცემულ ახსნა - განმარტებაზე მეტი მტკიცების სტანდარტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე სულ მცირე, ვალდებული იყო წერილობითი ფორმით პროტესტი დაეფიქსირებინა მოსარჩელის მიერ გაგზავნილ წერილობით დოკუმენტებში, მათ შორის, სადავო ავტომანქანებთან მიმართებით მოსარჩელის მოთხოვნაზე და მიეთითებინა დარიცხული პირგასამტეხლოს არაკანონიერების შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია. შესასრულებელი ვალდებულებებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებას ადასტურებდა შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი 2020 წლის 27 ივლისის N21-02/84724 წერილი და 2020 წლის 12 აგვისტოს N83354-21-02 მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შპს „მ–სის“ მიერ არ იქნა შეკეთებული სატრანსპორტო საშუალებები: მარკით SUZUKI SX-4-თან სახელმწიფო ნომრით ....... და KIA SPORTAGE, სახელმწიფო ნომრით ........ დღეის მდგომარეობით, ნაკისრი ვალდებულება, არ იყო შესრულებული, რაც მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო.
6.5. პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 235200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ: 1) 8400 ლარი წარმოადგენდა ავტომანქანა HYUNDAI I 10-თან (სახ. ნომრით .......) დაკავშირებული მომსახურების ვადის დარღვევისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს (2020 წლის 8 ივლისიდან, - 2020 წლის 27 ივლისამდე პერიოდი, სულ 20 კალენდარული დღე); 2) 113400 ლარი წარმოადგენდა SUZUKI SX-4-თან (სახ. ნომრით ......) დაკავშირებული მომსახურების ვადის დარღვევისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს (2020 წლის 03 აგვისტოდან, - ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე -30/04/2021); 3) 113400 ლარი წარმოადგენდა KIA SPORTAGE-თან (სახ. ნომრით .......) დაკავშირებული მომსახურების ვადის დარღვევისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს (2020 წლის 03 აგვისტოდან, - ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე -30/04/2021).
6.6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ–სმა“ დაარღვია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი მომსახურეობის შესრულების ვადა, ავტომობილ HYUNDAI-ის სარემოტო სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, ხოლო, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომობილების: SUZUKI SX-4 და KIA SPORTAGE სარემონტო სამუშაოები, მოპასუხე მხარეს მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2020 წლის 03 აგვისტოდან (შპს ,,მ–სის მიერ დამატებით განსაზღვრული შესრულების ვადა) - 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით, არ გაუწევია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესრულებული იყო სსკ-ის 629.1 და 417-ე-418-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, თუმცა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იყო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (280000 ლარი) და არა ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილიდან, რაც მხედველობაში მიიღო პალატამ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის. ამ თვალსაზრისით, პალატამ ისიც აღნიშნა, რომ მართალია, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადა დარღვეულ იქნა, თუმცა აპელანტი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ უთითებდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული რაიმე ზიანის არსებობის თაობაზე. ასევე პრეტენზია არ გაცხადებულა შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებაში. შესაბამისად, დგინდებოდა, რომ მომსახურება შესრულებულ იქნა შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილების შედეგად შემსყიდველს რაიმე ზიანი არ წარმოშობია. საგულისხმო იყო ის უმნიშვნელოვანესი დეტალიც, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენდა. ზემოხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი და პირგასამტეხლოს უნდა ჰქონოდა შემაკავებელი ეფექტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული იყო და არ არსებობდა მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
6.7. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადახდის პრეისკურანტის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება SUZUKI SX-4-თან მიმართებით, შეადგენდა 160.01 (120.01+30) ლარს, ხოლო, KIA SPORTAGE-თან მიმართებით - 400.04 (360.04+40) ლარს. შესაბამისად, 270 დღეზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტულობით (0,15%) SUZUKI SX-4-თან მიმართებით 24 თეთრი (160.01x0.15/100) იყო, რაც 270 დღეზე 64.80 (24x270) ლარს შეადგენდა, ხოლო, KIA SPORTAGE-თან მიმართებით, 60 თეთრი (400.04x0.15/100), რაც 270 დღეზე 162 (60x270) ლარს შეადგენდა.
6.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, თანხვედრაში იყო როგორც სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე სასამართლოს პრაქტიკასთან, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს გამოანგარიშება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილიდან და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩNია, რომ შპს „მ–სს“, მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ჯამში 467.1 ლარის ოდენობით.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რადგან პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა და მხედველობის მიღმა დატოვა მხარეთა თანასწორუფლებიანობა. ამ თვალსაზრისით, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეა შპს „მ–სი“, რომელიც არის გამოცდილი სამეწარმეო სუბიექტი; ჰყავს კვალიფიციური იურისტები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პროექტის ფორმირებაში. შესაბამისად, შპს „მ–სს“ ჰქონდა ხელშეკრულების შინაარსობრივი კონტროლის ისეთივე შესაძლებლობა, როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურს. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
14. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2020 წლის 20 თებერვალს, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „მ–სს“ შორის გაფორმებული N1/200220/3 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა კონკრეტულ ვადებში, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოების მომსახურების გაწევა. მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები მხარეთა შორის სადავო არ არის; არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა სადავო; კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებას.
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია და იგი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით გადახდას, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
16. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში, მართალია კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ 2020 წლის 20 თებერვლის N1/200220/3 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა.
18. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
19. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ:
- შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება ავტომობილ HYUNDAI I 10-თან მიმართებით, შეადგენდა 272.03 ლარს, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 20 დღეს;
- SUZUKI SX-4-თან მიმართებით, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 160.01 ლარს, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 270 დღეს;
- ავტომობილ KIA SPORTAGE-თან მიმართებით კი, სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 400.04 ლარს, ხოლო, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 270 დღეს.
20. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობა ხელშეკრულების საერთო ღირებულებაზე (280000 ლარი) გაცილებით ნაკლებია. პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს ხელშეკრულების დადების, ან სულ მცირე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ეტაპზე რომ გაეთვალისწინებინა სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა პირგასამტეხლოს დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის შესახებ, აკუმულირებული პირგასამტეხლოს ოდენობა სასარჩელო მოთხოვნასთან შედარებით ბევრად მცირე იქნებოდა, რაც სწორედ მის არაგონივრულად მაღალ ოდენობაზე მეტყველებს. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების სახელშეკრულებო მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
22. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
24. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი კასატორს - სსიპ შემოსავლების სამსახურს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე