საქმე №ა-1547-შ-39-2025 26 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ.- ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ვა
სააღსრულებო ფურცლები, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 05.11.2024წ. გაცემული №9-3021 სააღსრულებო ფურცელი; ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 25.09.2020წ. გაცემული №4-1102 სააღსრულებო ფურცელი; ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 05.08.2020წ. გაცემული №4-868 სააღსრულებო ფურცელი.
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 05.11.2024წ. გაცემული №9-3021 სააღსრულებო ფურცელის მიხედვით ა.კ–ვას ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ.- ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 619 რუბლისა და 21 კაპიკის გადახდა.
2. ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 25.09.2020წ. გაცემული №4-1102 სააღსრულებო ფურცელის მიხედვით ა.კ–ვას ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ.- ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 163 ბელარუსული რუბლისა და 79 კაპიკის გადახდა.
3. ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 05.08.2020წ. გაცემული №4-868 სააღსრულებო ფურცელის მიხედვით ა.კ–ვას ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ.- ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 412 ბელარუსული რუბლისა და 89 კაპიკის გადახდა. სააღსრულებო ფურცელში მითითებულია, რომ ჯამური თანხიდან დაკავებულ იქნა 60 ბელარუსული რუბლი და 23 კაპიკი, შესაბამისად, დავალიანება შეადგენს 352 ბელარუსულ რუბლსა და 77 კაპიკს.
4. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობებით ირკვევა, რომ 11.12.2024წ. მდგომარეობით ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 05.11.2024წ. გაცემული №9-3021 სააღსრულებო ფურცელი და ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 25.09.2020წ. გაცემული №4-1102 სააღსრულებო ფურცელი ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული. რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 05.08.2020წ. გაცემული №4-868 სააღსრულებო ფურცელი, 11.12.2024წ. მდგომარეობით სააღსრულებო წარმოებით ნაწილობრივ აღსრულდა 352.77 რუბლიდან 274.97 რუბლი, ხოლო აღსასრულებელია 77.80 რუბლი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ.- ბ–ის“ შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
7. ა.კ–ვას ინფორმირების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება და სააღსრულებო ფურცლები, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე, გაეგზავნა 2025 წლის 11 აპრილს და 2025 წლის 28 აპრილს საქმის მასალებში არსებულ მისამართზე, თუმცა მისი მხარისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვერ მოხერხდა მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 6 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ა.კ–ვასთვის (დაბადებული 11.01.1998 წელს) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინების, ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ.- ბ–ის“ შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარება, თუმცა საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა.კ–ვა მეზობლებს ორ თვეზე მეტია არ უნახავთ. ა.კ–ვას ინფორმირების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განჩინებით, დადგინდა 2025 წლის 10 აპრილის განჩინების გამოქვეყნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების – საჯარო შეტყობინების მეშვეობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 05.11.2024წ. გაცემული №9-3021 სააღსრულებო ფურცელის, ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 25.09.2020წ. გაცემული №4-1102 სააღსრულებო ფურცელისა და ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 05.08.2020წ. გაცემული №4-868 სააღსრულებო ფურცელის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია"). კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.
10. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (კონვენციაში შემდგომ მოხსენიებული, როგორც „გადაწყვეტილებები“).
11. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
12. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
13. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 05.11.2024წ. გაცემული №9-3021 სააღსრულებო ფურცელის, ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 25.09.2020წ. გაცემული №4-1102 სააღსრულებო ფურცელის; ბელარუსის რესპუბლიკისა და მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 05.08.2020წ. გაცემული №4-868 სააღსრულებო ფურცელის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული სააღსრულებო ფურცლები ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ხოლო №4-868 სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა მხოლოდ ნაწილობრივ.
14. ნოტარიუსის მიერ ფულად ვალდებულებებზე სააღსრულებო ფურცლების უდავო წესით გაცემის თავისებურების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მათ ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის კონვენციის 55-ე მუხლში გათვალისწინებული რაიმე საფუძველი.
15. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, სააღსრულებო ფურცლები საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას. საკასაციო პალატის მსჯელობა შესაბამისობაშია ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიული აქტების ცნობა-აღსრულების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან (სუსგ. №ა-2550-შ-61-2021 18.10.2022 წ, №ა-2251-შ-49-2021, 24.09.2021წ., №ა-1540-შ-46-2022, 30.06.2022წ., №ა-4724-შ-114-2020, 12.03.2021წ., №ა-2432-შ-65-2017, 17.11.2017წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ.- ბ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2024 წლის 5 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №9-3021, რომლის თანახმად, ა.კ–ვას (დაბ. 11.01.1998; ბელარუსის რესპუბლიკის პასპორტის ....., გაცემული 12.07.2013; საიდენტიფიკაციო ნომერი: .........) ღია სააქციო საზოგადოება ,,შ.ბ.- ბ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 619,21 ბელორუსული რუბლის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: N:BY12AKBB38199900101860000000, AKBBBY2X, УНП ......, მიმღები: ღია სააქციო საზოგადოება ,,შ.ბ.- ბ–ი’’;
3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 25 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №4-1102, რომლის თანახმად, ა.კ–ვას (დაბ. 11.01.1998; ბელარუსის რესპუბლიკის პასპორტის ......, გაცემული 12.07.2013; საიდენტიფიკაციო ნომერი: ......) ღია სააქციო საზოგადოება ,,შ.ბ.- ბ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 163,79 ბელორუსული რუბლის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: N:BY12AKBB38199900101860000000, AKBBBY2X, УНП 100325912, მიმღები: ღია სააქციო საზოგადოება ,,შ.ბ.- ბ–ი’’;
4. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 5 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №4-868, რომლის თანახმად, ა.კ–ვას (დაბ. 11.01.1998; ბელარუსის რესპუბლიკის პასპორტის К......., გაცემული 12.07.2013; საიდენტიფიკაციო ნომერი: ........) ღია სააქციო საზოგადოება ,,შ.ბ.- ბ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 77,80 ბელორუსული რუბლის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: N:BY12AKBB38199900101860000000, AKBBBY2X, УНП 100325912, მიმღები: ღია სააქციო საზოგადოება ,,შ.ბ.- ბ–ი’’;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი