Facebook Twitter

საქმე №ას-1271-2024 26 სექტემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.ა–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.კ–ნი (მოპასუხე)

მოსარჩელეები - რ.კ–ნი, რ.კ–ნი, რ.ა– ძე კ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ა–ნმა, რ.კ–ნმა, რ.კ–ნმა, რ.ა– ძე კ–ნმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს შ.კ–ნის მიმართ და სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვეს.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. სარჩელით მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2/3 ნაწილში ნოტარიუს ნ.ხ–ის მიერ 2020 წლის 30 დეკემბერს გაცემული №201063242 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რითაც მოსარჩელემ, მემკვიდრეობის საფუძველზე, საკუთრების უფლება შეიძინა უძრავ ნივთებზე: 1) ქ. მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთზე, ს/კოდით ....... და 2) ქ. მარნეულში, ........ მდებარე ბინა №17-ზე, ს/კოდით ........ და ამ უძრავ ნივთებზე 2/3 ნაწილში, კერძოდ, 1/3 ნაწილში მ.ა–ნის და თითოეულზე 1/9 ნაწილში რ.კ–ნის, რ.კ–ნისა და რ.ა. ძე კ–ნის მესაკუთრეებად ცნობა;

2.2. გარდაცვალების შემდეგ ვ. კ–ნს დარჩა სამკვიდრო უძრავი ქონება: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ........ მდებარე ქ. მარნეულში და ამავე ქალაქში, ........ მდებარე ბინა 17-ე, საკადასტრო კოდით .......... გარდაცვალების შემდეგ დატოვებულ უძრავ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მთლიანად რ. ი. ძე კ–ნი, რომელსაც დაუკავშირდნენ სხვა მოსარჩელეები და სთხოვეს, დაუფლებოდა მათ წილსაც, რაც მან გააკეთა კიდეც. შემდეგ კი მოსარჩელეებმა გამოუგზავნეს მინდობილობები, რომ მათი სახელით რ. ი. ძე კ–ნს მიეღო სამკვიდრო. მინდობილობები რ.ი. ძე კ–ნს გამოუგზავნეს 2021 წლის აგვისტომდე ბევრად ადრე; სარჩელიც რამდენჯერმე შეიტანეს სასამართლოში, სადაც არ იქნა მიღებული წარმოებაში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მინდობილობების გამოც. არასწორია მოპასუხის პოზიცია იმ გარემოებასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს ის არ იცნობდა მოსარჩელეებს. ყველა ნათესავმა იცოდა მათ შესახებ. უბრალოდ, მოპასუხეს სურს ქონების ხელში ჩაგდება და უარყოფს მათ არსებობას.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოპასუხე გახლდათ მამკვიდრებლის მხარდამჭერი და სწორედ ის და მისი ოჯახი უვლიდა და იღებდა ხარჯებს მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე. მამკვიდრებელს გარდაცვალების შემდეგ, რ.ი. ძე კ–ნს სურდა მამკვიდრებლის დაკრძალვა მიენდო სახელმწიფოსთვის, ვინაიდან მამკვიდრებელი გარდაიცვალა ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის ოჯახმა იკისრა მამკვიდრებლის დაკრძალვა და გაიღო შესაბამისი ხარჯები. რაც შეეხება მოსარჩელეებს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათთან არანაირი კავშირი თუ ურთიერთობა არ ჰქონია არც თავად მამკვიდრებელს და არც მოპასუხეს. მეტიც, მოპასუხე შ.კ–ნი არც იცნობს არცერთ მოსარჩელეს და მით უმეტეს არც არასდროს ჰქონია მათთან კონტაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე, როდესაც 9 წლის იყო, საკუთარმა მამამ მიატოვა შესაბამისად, მოპასუხეს მამის ოჯახსა და ნათესავებთან, მამიდის გარდა, არავისთან ჰქონია ურთიერთობა მამიდა-მამკვიდრებელი კი მოპასუხესთან, მარნეულში ცხოვრობდა ახლოს და მხოლოდ მასთან ჰქონდა კონტაქტი მოპასუხეს.

3.2. რ. კ–ნი სამკვიდრო ქონებას დაეუფლა არა ფაქტობრივი ფლობით, არამედ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. შესაბამისად, არათუ მოსარჩელეების სახელით არ დაუფლებია ფაქტობრივად რ.კ–ნი სამკვიდრო ქონებას, არამედ ფაქტობრივი ფლობა არც საკუთარი წილის მისაღებად გამოუყენებია.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1421-ე, 1423-ე. 1424-ე, 1426-ე მუხლები და მიუთითა, რომ სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტების გაანალიზებით, უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა სამკვიდროს მიღების თაობაზე მინდობილობები გასცეს შემდეგ თარიღებში: რ.ა. ძე კ–ნი და რ.ა. ძე კ–ნი - 2021 წლის 16 აგვისტო; რ. ა. ძე კ–ნი - 2021 წლის 31 აგვისტო და მ.ვ. ძე ა–ნი - 2022 წლის 24 მარტი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, უდავოა, რომ აპელანტებს (მოსარჩელეებს) არასოდეს მიუმართავთ ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებით. მოსარჩელეთა მხრიდან თავდაპირველად სასამართლოში სარჩელი წარდგენილ იქნა 2021 წლის 22 ოქტომბერს (ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ტ.II, ს.ფ. 89).

5.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მოსარჩელეებს შეატყობინა რ.ი. ძე კ–ნმა, თუმცა არა მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, არამედ, მოგვიანებით, 2020 წლის ივნისში. მამკვიდრებლის სხვა მემკვიდრეთა არსებობის თაობაზე ნოტარიუსის ინფორმირების ვალდებულება ეკისრებოდა როგორც შ.კ–ნს, ასევე – რ.ი. ძე კ–ნს, თუმცა ნოტარიუსისათვის არ შეუტყობინებიათ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმ პირობებშიც კი, თუ პალატა ათვლის წერტილად მიიჩნევს 2020 წლის ივნისის თვეს, მოსარჩელეებს მითითებული თარიღიდან 6 თვიის განმავლობაში (2020 წლის ივლისიდან 2021 წლის იანვრამდე) მაინც უნდა მიემართათ ნოტარიუსისთვის ან სასამართლოსათვის და გამოეხატათ ნება კუთვნილი სამკვიდრო წილის მიღებასთან დაკავშირებით.

5.4. სააპელაციო სასამართლოს მიერ, ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მინდობილობები გასცეს 2021 წლის აგვისტოში და, შემდგომ პერიოდში, ხოლო სასამართლოს მიმართეს 2021 წლის 22 ოქტომბერს. ზემოაღნიშნული დოკუმენტების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა განმარტებების გაანალიზებით, პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის ივნისიდან (მამკვიდრებლის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის მიღება) 2021 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, არ დასტურდება მოსარჩელეთა მხრიდან სამკვიდრო ქონების არც ფაქტობრივი დაუფლება და არც რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა, რომელსაც აპელანტები შეიძლება დაებრკოლებინა ნოტარიუსის ან/და სასამართლოსადმი მიმართვისაგან. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები უტყუარად ვერ ადასტურებენ ვერც სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებას და ვერც სამკვიდროს მიღების თაობაზე ნების გამოვლენას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს მამკვიდრებლის - ვ. კ–ნის დანატოვარი სამკვიდრო მასა არც უშუალოდ და არც წარმომადგენლის მეშვეობით არა აქვთ მიღებული, არც ფაქტობრივი დაუფლების არც ნოტარიუსთან განცხადების წარდგენის გზით; ამასთან, არ არსებობს კანონით დადგენილი ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩლი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ მ.ა–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1479-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შედეგად, მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მემკვიდრემ მოსარჩელეებს არ შეატყობინა სამკვიდროს გახსნის შესახებ. არ შეატყობინა ნოტარიუსს და, შესაბამისად, არ გამოყო ადგილზე არმყოფი მემკვიდრის წილი.

6.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, გარდაცვალების შემდგომ ვ. კ–ნს დარჩა სამკვიდრო უძრავი ქონება: ქ. მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთზე, ს/კოდით ........ და 2) ქ. მარნეულში, ......... მდებარე ბინა №17-ზე, ს/კოდით ........... გარდაცვალების შემდგომ დატოვებულ უძრავ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მთლიანად რ.ი. ძე კ–ნი, რომელსაც მოსარჩელეებმა სთხოვეს დაუფლებოდა მათ წილსაც. მინდობილობები რ.ი. ძე კ–ნს გამოეგზავნა 2021 წლის აგვისტოს თვეზე ადრე, სარჩელის რამდენჯერმე წარადგინეს სასამართლოში, სადაც წარმოებაში არ იქნა მიღებული. არასწორია მოპასუხის პოზიცია მასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებს არ იცნობს. მას სურდა მოსარჩელეების ქონების ხელში ჩაგდება.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

10. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1. 2019 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა ვ. კ–ნი. რომელსაც საკუთრების უფლებით ერიცხებოდა ქ. მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთი, ს/კოდით ......... და ქ. მარნეულში, ........... მდებარე ბინა №17, ს/კოდით .........;

10.2. ვ. კ–ნს პირველი რიგის მემკვიდრეები (მშობლები, მეუღლე და შვილები) არ დარჩენია;

10.3. ვ. კ–ნს ჰყავდა ორი ძმა (ი. და ა. კ–ნები) და ერთი და (ს. კ–ნი);

10.4. ი. კ–ნი გარდაიცვალა 1998 წლის 27 თებერვალს, ა. კ–ნი - 2006 წლის 24 იანვარს, ხოლო ს. კ–ნი – 2016 წლის 1 მაისს;

10.5. ი. კ–ნს დარჩა შვილები: რ. კ–ნი და შ.კ–ნი, ა. კ–ნს დარჩა შვილები: რ.კ–ნი, რ.კ–ნი და რ. კ–ნი; ს. კ–ნს კი ერთი შვილი - მ.ა–ნი;

10.6. ვ. კ–ნი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად, ხოლო მის მხარდამჭერად ამ გადაწყვეტილებით დაინიშნა რ. კ–ნი (ი. ძე); ამ შემთხვევაში მხარდაჭერის სფეროდ განისაზღვრა ვ. კ–ნის კუთვნილი ქონების მისსავე სახელზე რეგისტრაციის საკითხების მოგვარება;

10.7. იმავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სფეროთა სხვა წყების მიმართ ვ. კ–ნის მხარდამჭერად ცნობილ იქნა შ.კ–ნი; ამ შემთხვევაში მხარდაჭერის სფეროებად განისაზღვრა სოციალური საკითხები: პენსია, მისი აღება-განკარგვა, დეპოზიტი, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობა და სხვ.;

10.8. 2020 წლის 27 ნოემბერს ნოტარიუს ნ.ხ–ის მიერ გაიცა #200968869 სამკვიდრო მოწმობა რ.(ი. ძე) კ–ნის სასარგებლოდ ვ. კ–ნის დანატოვარი სამკვიდრო მასის ½ ნაწილზე. საკუთრების უფლება დაინტერესებულ პირს ჯერ არა აქვს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში;

10.9. 2020 წლის 30 დეკემბერს ნოტარიუს ნ.ხ–ის მიერ გაცემული №201063242 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთებზე ½ ნაწილში დაირეგისტრირა შ.კ–ნმა. მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო ნოტარიუსთან განცხადების შეტანის გზით;

10.10. ნოტარიუს გ.ჩ–ის მიერ 23.02.2022 წლის 23 თებერვალს დამტკიცებული რწმუნებულების/მინდობილობის თანახმად, რ.ი. ძე კ–ნმა (პ/ნ .......) გ.ხ–ს მიანიჭა უფლებამოსილება, აწარმოოს სამკვიდრო საქმე რ.ა– ძე კ–ნის სახელით. ამავე მინდობილობის მიხედვით, რ. ი. ძე კ–ნს, რ.ა. ძე კ–ნის მიერ აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს 2021 წლის 16 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის ლ.ა. ასული ს–ას მიერ შედგენილი 23AB1466894, რ/რ №23/287-ნ/23-2021-6-232 მინდობილობის საფუძველზე (ტომი II, ს.ფ. 78).

10.11. ნოტარიუს გ.ჩ–ის მიერ 23.02.2022 წლის 23 თებერვალს დამტკიცებული რწმუნებულების/ მინდობილობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №220186980) თანახმად, რ.ი. ძე კ–ნმა (პ/ნ ........) გ.ხ–ს მიანიჭა უფლებამოსილება, აწარმოოს სამკვიდრო საქმე რ.ა. ძე კ–ნის სახელით. ამავე მინდობილობის მიხედვით, რ.ი. ძე კ–ნს, რ.ა. ძე კ–ნის მიერ აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს 2021 წლის 16 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის, ტამბოვის ოლქის, მიჩურინსკის რაიონის ნოტარიუსის მ.ა. ასული მ–ას მიერ შედგენილი 68AA1461537, რ/რ N 68/64-ნ/68-2021-2-981 მინდობილობის საფუძველზე (ტომი II, ს.ფ. 79).

10.12. ნოტარიუს გ.ჩ–ის მიერ 23.02.2022 წლის 23 თებერვალს დამტკიცებული რწმუნებულების/მინდობილობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №220186889) თანახმად, რ.ი. ძე კ–ნმა (პ/ნ ..........) გ.ხ–ს მიანიჭა უფლებამოსილება აწარმოოს სამკვიდრო საქმე რ. ა. ძე კ–ნის სახელით. ამავე მინდობილობის მიხედვით, რ.ი. ძე კ–ნს, რ. ა. ძე კ–ნის მიერ აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს 2021 წლის 31 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის, ტამბოვის ოლქის, მიჩურინსკის რაიონის ნოტარიუს მ.ა. ასული მ–ას მიერ შედგენილი 68AA1461714, რ/რ N 68/64-ნ/68-2021-2-1293 მინდობილობის საფუძველზე (ტომი II, ს.ფ. 82).

10.13. ტავუშის რეგიონის სანოტარო ზონის ნოტარიუს ლ.ა. ასული ა–ის მიერ 2022 წლის 24 მარტს დამტკიცებული რწმუნებულების/მინდობილობის (სანოტარო აქტის კოდი 797-20220318-90-768805) თანახმად, მ.ვ. ძე ა–მა გ.ხ–ს მიანიჭა უფლებამოსილება, წარმართოს სამკვიდრო საქმე მისი სახელით (ტომი II, ს.ფ. 85).

10.14. 2021 წლის 22 ოქტომბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მიმართეს მოსარჩელეებმა - მ.ა–ნმა, რ.კ–ნმა, რ.კ–ნმა, რ. კ–ნმა და 2020 წლის 30 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს (ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ტ.II, ს.ფ. 89).

11. მოსარჩელეები მათ მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებული ბიძის სამკვიდროს მესაკუთრეებად ცნობას მოითხოვენ. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1306.1-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336.I-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები), 1421.2 (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები.

12. ზემოხსენებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნა წარმატებული იქნება, თუ ისინი სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში განახორციელებენ ერთ-ერთ იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას: დაეუფლონ სამკვიდროს ან მიმართონ ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით [სსკ-ს 1421, 1424, 1319 მუხლი]. სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ (შდრ. სუსგ №ას-1092-2020, 22.01.2021წ.). ამასთან, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სსკ-ის 1421 (3) მუხლი).

13. კონკრეტული დავის გადასაწყვეტად უმთავრესია სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების საკითხი. სსკ-ის 1426.1 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დაადგენს ვადის გაშვების საპატიოობას. გაშვებული ვადის საპატიოდ ან არასაპატიოდ მიჩნევა სასამართლოს შეხედულებით წყდება და იგი უნდა ემყარებოდეს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსთვის (სსსკ-ის 105-ე და 102-ე მუხლები). ამ უკანასკნელის განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველი შემთხვევის თავისებურებითა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს (იხ. სუსგ: №ას-1101-1021-2017, 15 თებერვალი, 2018 წელი).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საკითხზე მსჯელობის დროს სასამართლომ, ასევე, ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტზეც, იცოდა თუ არა მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნის შესახებ და შეატყობინეს თუ არა ამის თაობაზე სამკვიდროს მიმღებმა მემკვიდრეებმა. თუ სამკვიდროს მიმღებმა მემკვიდრეებმა დაარღვიეს ვალდებულება, ადგილზე არმყოფი სხვა მემკვიდრეებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, მაშინ ვადების გამშვებ ასეთ მემკვიდრეს უნდა აღუდგეს სამკვიდროს მიღების ვადები. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სსკ-ის 1427-ე, 1478-ე, 1479-ე და მემკვიდრეობის სამართლის ნორმების ზოგადი ანალიზი, რომელიც ავალდებულებს კერძო სამართლის სუბიექტებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: ა.) მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; ბ.) მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა (იხ. სუსგ №ას-1092-2020, 22.01.2021წ. №ას-578-2024, 28.11.2024 წ, №ას-655-621-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი). კანონი უშვებს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების მიზეზი საპატიოდ იქნება ცნობილი. საპატიოობის კრიტერიუმი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეფასების საგანია და მასთან დაკავშირებული დასკვნა უნდა იყოს მოტივირებული თითოეული მემკვიდრის მართლზომიერი ინტერესის დაცვის აუცილებლობით, ვადის გაშვების სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამოკვლევითა და იმგვარი მოსაზრებით, რომ ვადის გაშვება განპირობებულია არა სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით, არამედ ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით (იხ. სუსგ №ას-480-454-2012, 30 აპრილი, 2012 წელი).

16. მოსარჩელეები და მოპასუხე არიან მამკვიდრებლის მე-2 რიგის მემკვიდრეთა რიგებიდან, კერძოდ, არიან მამკვიდრებლის ძმისწულები და დისწული; ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ და რ.ი. ძე კ–ნმა კანონით დადგენილი წესით, სამკვიდრო მიიღეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში ნოტარიუსთან განცხადების წარდგენის გზით; უდავოა ის ფაქტიც, რომ კანონით დადგენილი 6 -თვიანი ვადის განმავლობაში მოსარჩელეებს სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადება არ შეუტანიათ ნოტარიუსთან.

17. მოცემულ საქმეზე, მოსარჩელეებმა სამკვიდროს მისაღებად მის მიერ ვადის გაშვების მიზეზად მიუთითეს: მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ არ ყოფილან დროულად ინფორმირებული, მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ მოსარჩელეებს შეატყობინა რ. ი. ძე კ–ნმა 2020 წლის ივნისში. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2019 წლის 5 დეკემბერს, სარჩელის თანახმად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ მოსარჩელეებს შეატყობინა რ.ი. ძე კ–ნმა 2020 წლის ივნისში.

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გარდაცვალების შემდგომ დატოვებულ უძრავ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მთლიანად რ.ი. ძე კ–ნი, რომელსაც მოსარჩელეებმა სთხოვეს დაუფლებოდა მათ წილსაც, რაც მან გააკეთა კიდეც. სასამართლო მიუთითებს, რომ ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. იხ. სუსგ-ები №ას-348-2019, 22.11.2019; №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; №ას-203-193-2016, 02.06.2016; №ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ). ამასთან, საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმემ (რ.ი. ძე კ–ნმა) კატეგორიულად გამორიცხა მას და მოსარჩელეებს შორის შეთანხმება წარმომადგენლობის ფორმით მემკვიდრეობის მიღებაზე, კერძოდ, მათი სახელით სამკვიდროს მიღებაზე.

19. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემომითითებული გარემოება ვერ გახდება საფუძველი მოსარჩელეების მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებისათვის, რადგან მათ საპირწონედ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დადგენილია, რომ: მოსარჩელეებმა სამკვიდროს მიღების თაობაზე მინდობილობები გასცეს შემდეგ თარიღებში: რ.ა. ძე კ–ნი და რ. ა. ძე კ–ნი - 2021 წლის 16 აგვისტო; რ. ა. ძე კ–ნი - 2021 წლის 31 აგვისტო და მ. ვ. ძე ა–ნი - 2022 წლის 24 მარტი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, უდავოა, რომ მოსარჩელეებს არასოდეს მიუმართავთ ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებით. მათ მიერ თავდაპირველად სასამართლოში სარჩელი წარდგენილ იქნა 2021 წლის 22 ოქტომბერს (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ტ.II, ს.ფ. 89). ამდენად, მოსარჩელეების მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სამკვიდროს მიღების ნების გამოხატვის შეუძლებლობის დამასაბუთებელ გარემოებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეტყოთ თავიანთი ბიძის (მამკვიდრებელი) გარდაცვალების თაობაზე და, თუკი სამკვიდროს მიღების მიზნით სავალდებულო მოქმედებებს პირადად ვერ შეასრულებდნენ, ისინი წარმომადგენლის მეშვეობით განეხორციელებინათ.

20. გარდა ზემოაღნიშნულისა, სადავო საკითხის შეფასებისას ისიც საყურადღებოა რომ ვ. კ–ნი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად, ხოლო მის მხარდამჭერად ამ გადაწყვეტილებით დაინიშნა რ.კ კ–ნი (ი. ძე); ხოლო იმავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სფეროთა სხვა წყების მიმართ ვ. კ–ნის მხარდამჭერად ცნობილ იქნა შ.კ–ნი; მოსარჩელეებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში რომც არ სცოდნოდათ სამკვიდროს გახსნის შესახებ, 2021 წლის ოქტომბრამდე (როგორც ზემოთ აღინიშნა, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2019 წლის 5 დეკემბერს) მათ ამის შესახებ მაინც უნდა შეეტყოთ. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები მამკვიდრებლის ძმის შვილები არიან და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ისინი თავიანთ ბიძას მოიკითხავდნენ. შესაძლებელია, არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევაც, მაგრამ ამის თაობაზე მოსარჩელეებს უნდა მიეთითებინათ და გაექარწყლებინათ ზემოხსენებული ვარაუდი, რაც მათ არ გაუკეთებიათ (იხ. სუსგ №ას-997-1196-08, 31 მარტი, 2009 წელი). შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მოსარჩელეებმა 2019 წელს შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ და ამ დროიდან 6 თვის ვადის დაცვით უნდა შეესრულებინათ სამკვიდროს მისაღებად სავალდებულო მოქმედებები, მაგრამ უშედეგოდ.

21. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორის მიერ სსკ-ის 1479-ე მუხლზე მითითება (თუ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მემკვიდრე, რომელიც ადგილზე არ იმყოფება, მაგრამ დადგენილია მისი ადგილსამყოფელი, სამი თვის განმავლობაში უარს არ იტყვის სამკვიდროზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მას თავიანთი განზრახვა სამკვიდროს გაყოფის შესახებ. 2. თუ ასეთი მემკვიდრე შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში არ აცნობებს დანარჩენ მემკვიდრეებს ქონების გაყოფის თაობაზე შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით გაყონ ქონება და გამოყონ ადგილზე არმყოფი მემკვიდრის წილი. 3. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ ქონება ამ მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით). შესაძლოა, კანონის ხსენებული ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხემ მართლაც დაარღვია, მაგრამ სამკვიდროს გახსნის ფაქტის არცოდნა, კონკრეტულ შემთხვევაში, თავად მოსარჩელების უმოქმედობას უკავშირდება და, ამიტომაც, მოწინააღმდეგე მხარის ქმედების მიუხედავად, მას ობიექტურად შესაძლებლობა ჰქონდა სამკვიდროს გახსნის შესახებ შეეტყო და სამკვიდროს მისაღებად შესაბამისად ემოქმედა.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს.

23. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ა–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ა–ნს (სომხეთის პასპორტი AP ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს რ. კ–ნის მიერ 16/10/2024წ. №9789 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 350.66 ლარის 70% – 245.46 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი