Facebook Twitter

საქმე №ას-118-2025 26 სექტემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.თ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კომპენსაციის გადახდის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე.თ–მა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციის გადახდის დაკისრებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელე 2009 წლიდან, დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის, მოსარჩელე იკავებდა საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციას და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 1000 ლარს (დასაბეგრი ოდენობა). მოსარჩელის ფუნქციებში შედიოდა გზამკვლევების, ჟურნალების და სხვადასხვა გამოცემების, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური ნაწილის მომზადება და რედაქტირება. მოსარჩელე არის ხელოვნებათმცოდნე, აქვს დოქტორის ხარისხი.

2.2. 2021 წლის 25 ნოემბერს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული იქნა N02/76 ბრძანება, სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ. 2021 წლის 7 დეკემბერს, სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება, თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ.

2.3. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო თანამშრომელთა შერჩევის მიზნით ჩატარებულ ტესტირებასა და გასაუბრებაში. რეორგანიზაციის პროცესი იყო ფორმალური და არ იძლეოდა უწყებაში დასაქმებული პირების პროფესიული ცოდნის შემოწმების შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა მისი კრიტიკული მოსაზრებები კულტურის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

2.4. სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 14 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე 2022 წლის 15 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნულ ბრძანებაში არ იყო დასაბუთებული გათავისუფლების საფუძვლები. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხე მხარეს გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთებისა და დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე. მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება არ ჩაბარებია.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. მოპასუხის მითითებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის N05/05 ბრძანებით, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი დებულება, რომლის შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეიცვალა სააგენტოს სტრუქტურა. განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად მოხდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 17 სამსახურის ნაცვლად სააგენტოში დარჩა 11 სამსახური, რამაც გამოიწვია დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2021 წლის 25 ნოემბერს გამოიცა N02/76 ბრძანება, სადაც განიმარტა რეორგანიზაციის დაწყების ლეგიტიმური საფუძველი და ამასთან, აღინიშნა, რომ ორგანიზაციულ ცვლილებებს შესაძლოა მოჰყოლოდა სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილება.

3.3. სააგენტოს გენერალური დირექტორის 2021 წლის 7 დეკემბრის N02/78 ბრძანებით, დამტკიცდა რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობა და თანამშრომელთა გადარჩევის წესი. დასაქმებულთა ობიექტურად და მიუკერძოებლად შეფასებისა და კომპეტენციის განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ტესტირება ზოგად უნარებში და გასაუბრება. ზოგადი უნარების ტესტით შესაძლებელია დადგინდეს პიროვნების მიერ ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების, ლოგიკური მსჯელობის, მოვლენათა შორის არსებით მიმართებების წვდომის უნარები, ხოლო გასაუბრების ეტაპზე დამსაქმებლის მიერ შესაძლებელია შეფასდეს დასაქმებულის სამუშაო გამოცდილება, მოტივაცია და შესაბამისობა დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან.

3.4. მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების ოქმში აღნიშნულია, რომ ე.თ–ი არ ზრუნავდა მიმართულების განვითარებაზე, რასაც უნდა გამოეწვია კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავების შედეგად სფეროს პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებისთვის. პანდემიის დაწყების დღიდან, მოსარჩელე მინიმალურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. რეალური შედეგის მომტანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი არ განუხორციელებია. არ გამოირჩეოდა შემოქმედებითობითა და მოქნილობით, რაც აღნიშნული მიმართულების წარმატებისა და პოპულარიზაციის განმაპირობებელი იქნებოდა. ამასთან, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამა დესში, რომელშიც სააგენტოს თითოეული თანამშრომელი ყოველდღიურად მუშაობს, მოსარჩელის მიერ 2020 წლის 15 იანვრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე ატვირთული განცხადებები, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები არ ფიქსირდებოდა. სააგენტოსთვის უცნობია ე.თ–ის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ.

3.5. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზაციულ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა საგანმანათლებლო სამსახური და შეიქმნა მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახური და ფუნქციები საგანმანათლებლო მიმართულებით სრულიად გადავიდა სამსახურის უფროსის კომპეტენციაში. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო მიმართულებით დაკავებული უფროსი სპეციალისტის თანამდებობა სააგენტოში აღარ არსებობდა. საშტატო ნუსხით დასტურდებოდა, რომ სააგენტოში არ მოიძებნებოდა მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა. გარდა ამისა, მოსარჩელე კომისიის წევრების მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული. ამდენად, მოპასუხის მტკიცებით, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მისი სხვა პოზიციაზე (ასეთი პოზიციის არსებობის შემთხვევაში) დანიშვნა პრიორიტეტული ვერ იქნებოდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ე.თ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება (სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 14 იანვრის N01/61 ბრძანება) ე.თ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ე.თ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 2 000 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ე.თ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 1000 ლარის (დასაბეგრი) გადახდა, 2022 წლის 15 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

5.2 პალატამ აღნიშნა, რომ დასაქმებულის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ორგანიზაციული მოწყობის თვალსაზრისით, სასამართლო აქტიურად ვერ ჩაერეოდა, ვერ განსაზღვრავდა და ვერ მიუთითებდა თუ რომელი სტრუქტურული ერთეული უნდა არსებობდეს და რა სახით ან რომელი თანამდებობის არსებობა არის საჭირო და რომლის არა. სასამართლოს მოსაზრებით, ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროება თვითონ მოპასუხის გადასაწყვეტია, თუმცა დავის არსებობის პირობებში, დამსაქმებელმა ელემენტარულად მაინც უნდა შეძლოს და წარმოაჩინოს განხორციელებული საკადრო ცვლილებების თანმიმდევრული და სინქრონული სურათი, რაც სასამართლოს მისცემს საშუალებას დარწმუნდეს შესაბამისი საშტატო ცვლილებების აუცილებლობაში.

5.3. სააპელაციო პალატის აზრით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დამსაქმებელმა შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ ყოფილა. თუმცა, აღნიშნა, რომ რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი და საჭიროებისამებრ ჩატარებული, ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ლეგიტიმურ საფუძველს. მარტოოდენ რეორგანიზაცია დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების საფუძველი არ უნდა გახდეს. რეორგანიზაცია დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების მტკიცების ტვირთისაგან არ ათავისუფლებს.

5.4. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მასზედ, რომ რეორგანიზაციის განხორციელებისას დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, დაასაბუთოს თუ რა ლეგიტიმური მიზეზით დაითხოვა ერთი დასაქმებული და დატოვა სამსახურში მეორე, განაპირობებდა თუ არა ამას შექმნილ თანამდებობებზე დანიშნული სხვა პირების უფრო მაღალი კვალიფიკაცია, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულთა მიმართ სამართლიან მოპყრობაში. მოცემულ შემთხვევაში, პალატის აზრით, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასტურდებოდა, რომ მართალია გასაუბრების ოქმში აღნიშნული იყო, რომ ე.თ–ი არ ზრუნავდა მიმართულების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავების შედეგად სფეროს პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებისთვის, არ გამოირჩეოდა ინიციატივის უნარით და რუტინულად ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციებს, ასევე მითითებული იყო, რომ მსოფლიო პანდემიის დაწყების დღიდან მინიმალურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში და რეალური შედეგის მომტანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი/ღონისძიება არ განუხორციელებია. თუმცა, ოქმში არ არსებობდა მითითება, თუ რის საფუძველზე გააკეთა საკონკურსო კომისიამ ამგვარი დასკვნები.

5.5. შესაბამისად, პალატის აზრით, როდესაც მოპასუხე/აპელანტი განმარტავდა, რომ ე.თ–ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა გასაუბრება, სადაც შეფასდა მისი პროფესიული უნარ-ჩვევები, მოპასუხე ვალდებული იყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა აღნიშნული გადაწყვეტილების მართებულობა. პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში იგეგმებოდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმება, განსაკუთრებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო დამსაქმებლის მიერ, ერთი მხრივ, იმ კრიტერიუმების მკაფიოდ და კონკრეტულად განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა დასაქმებულთა გადარჩევა და მეორე მხრივ, კონკურსანტთა ინფორმირებულობა აღნიშნული კრიტერიუმების თაობაზე. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა გასაუბრების და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი იყო გასაუბრების ოქმი, სადაც განმარტებული იქნა, რომ გასაუბრების მსვლელობისას დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები და მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება დამსაქმებლის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.6. საქმის მასალებში წარმოდგენილ შეფასების ცხრილში გაკეთებულ ზოგადი ხასიათის ჩანაწერები ე.თ–ის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოსთვის ბუნდოვანი და კონკრეტიკას მოკლებული აღმოჩნდა. პალატამ მიუთითა, რომ გაუგებარია რა იგულისხმებოდა დამსაქმებლის შეფასებაში - „არ ზრუნავს მიმართულების განვითარებაზე“. კერძოდ, შეფასების ცხრილიდან არ დგინდებოდა ზრუნვის ფარგლებში რა აქტივობების შესრულება ევალებოდა დასაქმებულს და არ შეასრულა. შესაბამისად, დასაქმებულის ხანგრძლივი პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, სასამართლოსთვის მხოლოდ მსგავსი შინაარსის ოქმი ვერ გახდებოდა საკმარისი მტკიცებულება კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობის განსასაზღვრად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო მოცულობითი ბეჭდური მასალა, რომელიც გამოცემული იყო ე.თ–ის მონაწილეობით (ტომი 2, ს.ფ.16-88).

5.7. სააპელაციო პალატამ არც ის მოსაზრება გაიზიარა, რომ მოსარჩელეს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში, 2020 წლის 15 იანვრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, განცხადებები, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები არ აუტვირთავს, რაც მის საუარესოდ უნდა განმარტებულიყო. სასამართლოს აზრით, იმ პირობებში, როდესაც ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა თანამშრომლებს ყოველდღიურად ევალებათ, ორი წლის განმავლობაში დამსაქმებლისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო ე.თ–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ყოველდღიური შეუსრულებლობა. თუმცა, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ ამ პერიოდში დასაქმებულის წინააღმდეგ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, რომ აღნიშნული გარემოება შეფასებული და გათვალისწინებული იქნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

5.8. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატის აზრით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის განცხადებით გაუქმდა საგანმანათლებლო სამსახური და შეიქმნა მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახური, სადაც სამსახურის უფროსმა შეითავსა ის ფუნქციები, რასაც ასრულებდა მოსარჩელე და ამ თანამდებობაზე გადაინიშნა სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, გაურკვეველია დამსაქმებლის მოტივაცია, ჩაეტარებინა ორ ეტაპიანი კონკურსი იმ მოცემულობაში, როდესაც ვაკანტურ პოზიციაზე გადანიშვნით უნდა დანიშნულიყო გენერალური დირექტორის მოადგილე, რომელიც გათავისუფლებული იყო ტესტირების კონკურსში მონაწილეობისგან და შესაბამისად, უპირატეს პირობებში იმყოფებოდა მოსარჩელესთან, რომელმაც გაიარა კონკურსის ორივე ეტაპი. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ ე.თ–ისთვის ცნობილი იყო, რა კონკურენციის პირობებში უწევდა კონკურსის გავლა. აღნიშნული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება კი მნიშვნელოვანი იყო იმ ნაწილში, რომ კანდიდატს ჰქონოდა წარმოდგენა და მოლოდინები კონკურსში მონაწილეობის შედეგებთან დაკავშირებით.

5.9. სააპელაციო პალატამ დასკვნის სახით აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ ემყარებოდა მოსარჩელის, როგორც დასაქმებულის სამუშაოს შესრულების, კვალიფიკაციის არც რაოდენობრივ, არც ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმებს. მოსარჩელისათვის უცნობი იყო რა კრიტერიუმები და მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა თანამშრომელთა გადარჩევის პროცესის წარმატებით გავლისათვის და ამ მოთხოვნებიდან რომელი ვერ დააკმაყოფილა. ამდენად, სასამართლოს აზრით, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა ის ობიექტური წინაპირობები, რამაც განაპირობა ე.თ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. კადრების შემცირების პარალელურად, დამსაქმებელს უნდა დაესაბუთებინა კონკრეტული თანამშრომლის გათავისუფლების მიზანშეწონილობა, რისი სათანადო განუხორციელებლობაც ბათილად ხდიდა სადავო ბრძანებას.

5.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ე.თ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე იყო უკანონო, რის გამოც მართებულად ცნო სასამართლომ ბათილად და ასევე მართებულად დაუკავშირა მას ყველა თანმდევი შედეგი, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოპასუხისთვის დაკისრების სახით.

5.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა საპროცესო და მატერიალური საკანონმდებლო ნორმების უგულებელყოფით, არასწორად დაადგინეს მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი. კასატორი აცხადებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებული მსჯელობა განავითარეს, როდესაც აღნიშნეს, რომ სასამართლო ვერ ჩაერევა დამსაქმებლის უფლებაში თავად გადაწყვიტოს რეორგანიზაციისა თუ კონკრეტული თანამდებობების საჭიროება, ასევე მართებულად აღნიშნეს, რომ დამსაქმებლის მიერ ჩატარებული რეორგანიზაცია არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, თუმცა სავსებით არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს.

6.3. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებში წარმოდგენილ ბეჭდურ მასალას, ვინაიდან იგი არ იყო შედგენილი 2020-2021 წლებში, ანუ იმ პერიოდში, რომელზეც დამსაქმებელი აცხადებდა პრეტენზიას, რომ დასაქმებულს არ მიუღია სამსახურის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად არ დასდებია დისციპლინური გადაცდომა (სამუშაოს შეუსრულებლობა კონკრეტულ პერიოდში), ამ მსჯელობის განვითარება უმართებულო იყო, ვინაიდან სააგენტოს მიერ მოსარჩელის უმოქმედობა 2020-2021 წლებში შეფასებული იყო კანდიდატის სააგენტოში საქმიანობის ხარისხის განსაზღვრის ერთ-ერთ კრიტერიუმად, ტესტირებასა და ზეპირ გასაუბრებასთან ერთად და არა მისი გათავისუფლების საფუძვლად.

6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად საგანმანათლებლო მიმართულებით არცერთი საშტატო ერთეული არ განსაზღვრულა, სააპელაციო პალატამ სრულიად დაუსაბუთებლად იმსჯელა მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსის კონკურსის გარეშე დანიშვნასა და მოსარჩელის გათავისუფლებას შორის ურთიერთმიმართებაზე. სახელდობრ, ამ პოზიციაზე გადაინიშნა გენერალური დირექტორის მოადგილე, რომელიც იყო სწორედ საგანმანათლებლო სამსახურის, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის კურატორი. კასატორი ამტკიცებს, რომ სამსახურის უფროსი არ წარმოადგენდა შესადარებელ სუბიექტს მოსარჩელესთან მიმართებით, ვინაიდან მხოლოდ ის გარემოება, რომ გარკვეული უფლებამოსილებები გადავიდა სამსახურის უფროსის კომპეტენციაში, არ ნიშნავდა, რომ ამ მიმართულებით უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი, უნდა განხილულიყო სამსახურის უფროსის პოზიციაზე. კასატორის განმარტებით, მენეჯერული პოზიცია, სხვა არაერთი ფუნქციის შესრულების გარდა, უპირველესად სამსახურის მართვას გულისხმობს, ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად კი დასაქმებულის დაწინაურების ვალდებულება არ არსებობს, რის გამოც სამსახურის უფროსი არ უნდა გამხდარიყო მოსარჩელის პოზიციასთან შესადარებელი ობიექტი.

6.5. გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კასატორი უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს გაეცნო რეორგანიზაციის ფარგლებში გამოცემული სამართლებრივი აქტები, მათ შორის 2021 წლის 7 დეკემბრის N02/78 ბრძანება, რომლითაც დადგინდა შერჩევის კრიტერიუმები. ამასთან, კასატორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ არცერთი ბრძანება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- ე.თ–ი, 2009 წლის 19 ივნისიდან, დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, სხვადასხვა პოზიციაზე. გათავისუფლების დროისთვის, ე.თ–ი უვადოდ დანიშნული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 1000 ლარს (დასაბეგრი ოდენობა);

- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის N05/05 ბრძანებით, დამტკიცდა სააგენტოს ახალი დებულება, რომლითაც შეიცვალა მოპასუხის სტრუქტურული მოწყობა, დაზუსტდა სააგენტოს მიზნები და ამოცანები, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ, 2021 წლის 25 ნოემბერს, გამოცემული იქნა N02/76 ბრძანება სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ;

- სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2021 წლის 7 დეკემბერს მიღებული იქნა N02/78 ბრძანება, რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესის შესახებ. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფს: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ზოგად უნარებში და ინგლისურ ენაში (ტესტირება ინგლისურში შეეხება იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებს და სააგენტოს საპროტოკოლო ფუნქციების განმახორციელებელ თანამშრომლებს); ბ) გასაუბრების ჩატარებას;

- ე.თ–მა მონაწილეობა მიიღო სააგენტოში ჩატარებულ ტესტირებასა და ზეპირ გასაუბრებაში. თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კომპეტენციის, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების, ტესტების შეფასების საბოლოო ქულებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ე.თ–ი უარყოფითად იქნა შეფასებული. კომისიის ოქმის თანახმად, გასაუბრებაში მონაწილე პირებისთვის დასმული იქნა ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი. ოქმის მიხედვით, გასაუბრების მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ ე.თ–ი არ ზრუნავს მიმართულების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ, გამოიწვევდა კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავების შედეგად სფეროს პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებისთვის. არ გამოირჩევა ინიციატივის უნარით და რუტინულად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციებს. მსოფლიო პანდემიის დაწყების დღიდან მინიმალურად არის ჩართული სამუშაო პროცესში. რეალური შედეგის მომტანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი/ღონისძიება არ განუხორციელებია. არ გამოირჩევა შემოქმედებითობით და მოქნილობით, რაც აღნიშნული მიმართულების წარმატებისა და პოპულარიზაციის განმაპირობებელი იქნებოდა;

- სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 14 იანვრის ბრძანებით, ე.თ–ი 2022 წლის 15 იანვრიდან გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

13. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია გამოვლენილია თუ არა ყოფილ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ორგანული კანონის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, გათავისუფლების საფუძველი, კერძოდ, ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. „დამსაქმებელს არ აქვს უფლება, მოშალოს ხელშეკრულება რეორგანიზაციის ან სხვა ცვლილების საფუძველზე, თუ ეს ცვლილება თავისთავად არ განაპირობებს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას”. (იხ. შრომის კოდექსის კომენტარი, 2024; გვ. 536-537; 47-ე მუხლის კომენტარი). იურიდიული დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, შრომის კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ დასაქმებულის წესთა უპირატესობის პრინციპი - “favor prestatoris” მოქმედებს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში "სუსტი მხარის" - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა იქნეს მიჩნეული შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259; სუსგ N ას-1114-2022, 23.12.2023წ; N ას-982-2023, 26.01.2024წ.).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელისადმი გამოყენების მართლზომიერების საკითხები, კერძოდ, შტატების შემცირებისა და გასაუბრების არადამაკმაყოფილებელი (უარყოფითი) შედეგის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებლის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ შრომის კოდექსის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, მე-8 მუხლებითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტით, ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ.სუსგ-ებს N ას-115-111-2016, 8.04.2016წ; N ას-1493-2022, 21.04.2023წ; N ას293-2023, 17.05.2023წ; N ას-703-2023, 30.10.2023; N ას-1256-2023, 15.11.2023წ; N ას-982-2023, 26.01.2024წ.).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი შრომის კოდექსის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს. დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნისას, შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც კი, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (იხ. სუსგ-ები:. №ას-665-636-2016, 9.12.2016წ; N ას-982-2023, 26.01.2024წ.). ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ N ას-1334-2021, 02.03.2022წ; ას-982-2023, 26.01.2024წ.). იმისათვის, რომ შეფასდეს ორგანიზაციული ცვლილებები ობიექტურობის თვალსაზრისით, მისი აუცილებლობა და მიზანშეწონილობა, დამსაქმებელი ვალდებულია, წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონივრულ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში (იხ. სუსგ-ები: Nას-1444-1364-2017, 9.03.2018წ; N ას-703-2023, 30.10.2023წ; ას-982-2023, 26.01.2024წ.).

18. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე დაწესებულებაში ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც მოხდა სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, ასევე გარკვეული პოზიციების შემცირება, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში დარჩა 11 სამსახური. ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად გაუქმდა საგანმანათლებლო სამსახური და შეიქმნა მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახური. შესაბამისად, რეორგანიზაციის შემდეგ, საგანმანათლებლო სამსახური ცალკე სტრუქტურულ ერთეულად აღარ არსებობდა. მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახური, სამსახურის უფროსის გარდა, დაკომპლექტებულია სამი საშტატო ერთეულით (უფროსი სპეციალისტი; სპეციალისტი; უმცროსი სპეციალისტი) მუზეუმების მიმართულებით, ხოლო საგანმანათლებლო მიმართულებით საშტატო ერთეული აღარ არსებობდა, უფლება-მოვალეობები განაწილდა სამსახურის უფროსზე, რომელიც კონკურსის გარეშე შეირჩა. ხსენებულ გარემოებათა გამოკვლევის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება ფორმალური რეორგანიზაციის ჩატარების ფაქტი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ-ები ას-1298-2021, 16.06.2022წ; N ას-466-2021, 27.09.2022წ; N ას-388-2021, 31.10.2022წ; . N ას-300-2022, 15.02.2023წ.; №ას-1042-2024, 11.10.2024წ.; N ას-994-2024, 27.11.2024წ.);

19. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კვალიფიკაციის შემოწმებისა და უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით, მოპასუხე დაწესებულებაში ჩატარდა ტესტირება ზოგად უნარებში. ასევე, ჩატარდა ზეპირი გასაუბრება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 21.12.2021 წლის #2 ოქმის მიხედვით, კომისიის წევრების მიერ გასაუბრებაზე გამოცხადებული პირებისთვის დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე კომისიის წევრების მიერ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი. კომისიის მიერ, კომპეტენციის, უნარების, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების, ტესტების შეფასების საბოლოო ქულებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, უარყოფითად იქნა შეფასებული ე.თ–ი - საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი სპეციალისტი. ოქმში აღნიშნულია, რომ ე.თ–ი არ ზრუნავს მიმართულების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავების შედეგად სფეროს პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებისთვის. არ გამოირჩევა ინიციატივის უნარით და რუტინულად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციებს. მსოფლიო პანდემიის დაწყების დღიდან მინიმალურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, რეალური შედეგის მომტანი კულტურულსაგანმანათლებლო პროექტი/ღონისძიება არ განუხორციელებია. არ გამოირჩევა შემოქმედებითობით და მოქნილობით, რაც აღნიშნული მიმართულების წარმატებისა და პოპულარიზაციის განმაპირობებელი იქნებოდა. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში ასახულ შეფასების საფუძვლებს, სახელდობრ, მოსარჩელე იკავებდა საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციას, შესაბამისად უცნობია, როგორ უნდა ეზრუნა მას ამ მიმართულების პოპულარიზაციასა თუ განვითარებაზე თუ ამგვარი მითითება და შესაბამისი კონკრეტული დავალებები არ იქნებოდა მიცემული სამსახურის უფროსის/კურატორის მიერ. აგრეთვე სასამართლოსთვის ბუნდოვანია და ის გარემოებაც მხოლოდ დამსაქმებლის ახსნა-განმარტებაზეა დაფუძნებული, რომ მოსარჩელე მინიმალურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში და რუტინულად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამუშაოს. ამ მიმართებითაც პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ამ გარემოების სამტკიცებელი გარემოებები, ასევე არ არსებობს კონკრეტული შეკითხვების ჩამონათვალი, რომელზე პასუხის გაცემითაც, დამსაქმებელი ოქმში ასახულ შედეგებამდე მივიდა, რაც ცალსახად მოწმობს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის შეფასების სტანდარტის დარღვევას საკონკურსო გასაუბრების დროს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 21 ოქტომბრის ოქტომბრის N2 ოქმის გაუსაჩივრებლობა არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას, რომ სადავო გახადოს კომისიის წევრთა კომპეტენცია ან გასაუბრების შედეგები.

20. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო პალატამ არასწორად მოიხმო მოსარჩელის მიერ შექმნილი ბეჭდური მასალა, და არასწორად დაადგინა თითქოს მოსარჩელე აქტიურად მონაწილეობდა სააგენტოს საქმიანობაში. აღნიშნულის სამტკიცებლად კასატორი კვლავაც მოიხმობს მოსარჩელის მიერ სააგენტოს ელექტრონულ;ი წარმოების პროგრამაში დავალებებისა თუ მოხსენებითი ბარათების განუთავსებლობას ორი წლის განმავლობაში. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასება შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება), შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელეზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, დისციპლინური გადაცდომის გამო დაკისრებული სახდელის არსებობა და ა.შ. მოსარჩელის გათავისუფლებას არ დასდებია საფუძვლად, კასატორის მოხმობილი არგუმენტები აბსოლუტურად უადგილოა და მას გავლენა არ უნდა ჰქონოდა რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული გასაუბრებისა თუ ტესტირების შედეგებზე.

21. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებელს, რეორგანიზაციის პირობებში, დასაქმებულის საშტატო ერთეულის გაუქმების შედეგად, ტოლფასი თანამდებობა ან სხვა ალტერნატიული პირობები მოსარჩელისთვის არ შეუთავაზებია. კასატორის განმარტებით, კი დასაქმებულს ალტერნატიულ თანამდებობას ვერ შესთავაზებდა, ვინაიდან საგანმანათლებლო მიმართულებით, შესასრულებელი მოვალეობები მთლიანად გადავიდა სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობაში, ხოლო, სხვა სამუშაო ადგილი, რომლის კვალიფიკაციასაც მოსარჩელე დააკმაყოფილებდა, სააგენტოში არ არსებობდა. საკასაციო პალატა ემიჯნება კასატორის ხსენებული არგუმენტის მართლზომიერებას და მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლას საფუძვლად დაედო სააგენტოში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, რეორგანიზაციის პროცესი და დამსაქმებელი სწორედ საშტატო პოლიტიკის ოპტიმიზაციას და ამ გზით ხარჯების შემცირებას უკავშირებს მის მიერ გამოცემულ სადავო ბრძანებას. ფორმალური თვალსაზრისით ეს გარემოება შეიძლება მართლაც დაედოს შრომითი ურთიერთობის მოშლას საფუძვლად, თუმცა, შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში რეორგანიზაციის რეალურად განხორციელების, გაუქმებული შტატის შემცირების აუცილებლობის და/ან ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაწესების მტკიცება, რომლის შესრულების პროფესიული უნარიც არ გააჩნია დასაქმებულს, დამსაქმებლის, როგორც შრომითი ურთიერთობის ძლიერ მხარეს ეკისრება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უფლების სოციალური ასპექტიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკაში განვითარებულია მიდგომა იმის თაობაზე, რომ დასაქმებულის უფლებების დაცვისათვის დამსაქმებელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მისი პროფესიული უნარების ამაღლებას და მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულს არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი გამოწვევების მიმართ, არ შეიძლება უარი ეთქვას შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე (შდრ. იხ. სუსგ. საქმე №ას-1193-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი, ქ. თბილისი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, კასატორის მსჯელობიდან გამომდინარეობს შემდეგი ლოგიკური დასკვნა: გასაუბრებისა და ტესტირების ჩაბარებამდე დამსაქმებელმა იცოდა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის კვალიფიკაციების შესაბამისი საშტატო ერთეული, და რეალურად მოსარჩელემ ფორმალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რაც არ გამომდინარეობს შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტიდან. გარდა ამისა, ვერც კასატორის ის პრეტენზია იქნება გაზიარებული, რომ სამსახურის უფროსის თანამდებობა, რომელზეც კონკურსის გარეშე გადაინიშნა ყოფილი კურატორი და გენერალური დირექტორის მოადგილე, სააპელაციო პალატამ შესადარებელ ობიექტად გამოიყენა. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამსახურის უფროსის თანამდებობა მხოლოდ იმ კონტექსტში იქნა განხილული, რომ რეალურად მოსარჩელის მთელი უფლებამოსილება სწორედ ამ სუბიექტის უფლებამოვალეობებში გადავიდა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმება და ალტერნატიული ადგილის შეთავაზების შეუძლებლობა. ამდენად, ამ მიმართებითაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას.

22. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და სწორი სამართლებრივი შედეგები დაუკავშირდა. კერძოდ: საკასაციო სასამართლო, განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან დასაქმებულის არამართლზომიერად გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის დროს, როდესაც არ ხდება დასაქმებულის სამსახურში აღდგენა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფა, სასამართლო მოსარჩელისათვის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს. მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაცია იმ კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, რაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანია. ორგანული კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს შრომით დავებზე კომპენსაციის მიკუთვნების კრიტერიუმებს, თუმცა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა მიერ დაძლეული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხედველობაში მიიღება დასაქმებულთან არამართლზომიერად შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ვადა, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა, პირის დასაქმების პერსპექტივა, მისი უნარები, ასაკი, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები, რაც ერთობლივად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს. „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დამსაქმებლის ვალდებულება რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება“ (იხ. სუსგ-ები №ას-1210-2018, 15.02.2019 წ.; Nას-1623-2018, 29.01.2019წ.; Nას-1770-2020, 12.03.2021წ.; Nას-808-2021, 10.06.2022წ.; Nას-931-2022, 6.10.2022წ.; Nას-982-2023, 26.01.2024წ.;).

24. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, რომლის სამართლებრივი შედეგია მოპასუხისთვის კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 2000 ლარი და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1000 ლარის ((დარიცხული) 2022 წლის 15 თებერვლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე), რაც სრულიად მართლზომიერი და კანონიერია.

25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია და ხელყოფილი შრომითი უფლების ნაწილობრივ რესტიტუციას ემსახურება. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები) (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.; ას-361-2022, 10.06.2022წ; ას-1163-2022, 15.02.2023წ.; ას-523-2023, 6.07.2023წ.) საკასაციო სასამართლოს განსჯით, სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, მოსარჩელეს მართებულად განესაზღვრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის საკომპენსაციოდ 2000 ლარი.

27. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ასკვნის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ საქმეზე, კასატორს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დადგენილი ბაჟი - 1900 ლარი, გადახდილი აქვს ორ ნაწილად, კერძოდ, 03/02.2025 წელს N00878 საგადახდო დავალებით გადახდილია 300 ლარი, ხოლო 11/02/2025წ. №01315 საგადახდო დავალებით გადახდილია 1600 ლარი. ვინაიდან კასატორს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის 1900 ლარის 70% - 1330 ლარი, ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ ბაჟის დაბრუნება უნდა მოხდეს №01315 საგადახდო დავალებით გადახდილი თანხიდან, ხოლო ბაჟი დარჩენილ ნაწილში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 11/02/2025წ. №01315 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1600 ლარიდან – 1330 ლარი (სულ გადახდილი 1900 ლარის 70% - 1330 ლარი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი