Facebook Twitter

საქმე №ას-479-2024 26 სექტემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ღ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ჯ.ტ–ი, ჯ.ტ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინება, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრისა და 2022 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინებები მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ჯ.ტ–მა და ჯ.ტ–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ.ღ–ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ინდივიდუალურმა მეწარმე ჯ.ტ–მა, 2021 წლის 1 ივნისს, მგზავრთა გადაყვანის მიზნით, ხელშეკრულებები დადო ორ სხვადასხვა საზოგადოებასთან და უფლება მიიღო „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ......, ემუშავა თბილისი - ხაშურის სამარშრუტო ხაზზე. მანამდე, 2020 წლის 10 აგვისტოს, შვილს - ჯ.ტ–ს, რწმუნებულებით, მიანიჭა თავისი სახელით ნებისმიერი საქმიანობის წარმართვის უფლებამოსილება, სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანით მიღებული შემოსავლის თანაბრად გაყოფის პირობით.

2.2. 2021 წლის 9 სექტემბერს, როდესაც ჯ.ტ–ი მართავდა აღნიშნულ ავტომანქანას, მოპასუხის ბრალით, რომელიც სატვირთო ავტომანქანით სახელმწიფო ნომერი ...... მოძრაობდა, საავარიო სტუაცია შეიქმნა, რის გამოც, ჯ.ტ–ი გადავიდა გზის გვერდულზე და მისი მართული ავტომანქანა შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ - ხეს.

2.3. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად განიცადა 20 000 ლარის ზიანი: - ავტომანქანის შესაკეთებლად დახარჯა 4 000 ლარი, ქვეითად მოსიარულეს მკურნალობისათვის - 1645 ლარი გადაიხადა, შემთხვევის წინა თვეში - აგვისტოში, დადებული ხელშეკრულების შესრულებით გამოიმუშავა - 2646 ლარი, მეორე ხელშეკრულებით - 225 ლარი, შესაბამისად, ხუთი თვის განმავლობაში - 2021 წლის 9 სექტემბრიდან (შემთხვევის დღიდან) - 2022 წლის 1 თებერვლამდე - ავტომანქანის შეკეთების შემდეგ სამუშაოდ გასვლის დღემდე, ერთი საწარმოსაგან ვერ მიიღო 13230 ლარი, მეორე საწარმოსგან - 1125 ლარი, სულ - 14 355 ლარი

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მის მიერ ჩატარებული ესპერტიზის დასკვნით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ორივე მძღოლის ბრალით მოხდა, ზიანის ოდენობა ექსპერტიზის დასკვნით არ დადგენილა, მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაცია შემოსავლების შესახებ.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ.ღ–ძეს ჯ. და ჯ.ტ–ების სასარგებლოდ დაეკისრა 3 330 ლარის გადახდის ვალდებულება.

4.2. ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით, გაასაჩივრა გ.ღ–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები, რომლის საფუძველზეც განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში დასახელებული პროცესუალურსამართლებრივი დარღვევა, რასაც შესაძლებელია აპელანტის საპროცესო უფლებები დაერღვია, არ მომხდარა.

5.3. სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ შსს ხაშურის რაიონული სამმართველოდან 2021 წლის 9 სექტემბრის საგზაო შემთხვევის შესახებ საქმის მასალების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა მოსარჩელემ დააყენა ჯერ კიდევ სარჩელის წარდგენის ეტაპზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია, რომ სასამართლომ დარღვია სამოქალაქო სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც შსს-ს შესაბამისი სამმართველოდან გამოითხოვა სადავო საგზაო შემთხვევის შესახებ საქმის მასალები, არ იქნა გაზიარებული.

5.4. ამასთან, სააპელაციო პალატამ, საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 30 სექტემბრის საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ ჯ.ტ–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოძრაობაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნებოდა. ამავე დასკვნის თანახმად, მძღოლ გ.ღ–ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის მოთხოვნას, რომლის დაცვის შემთხვევაშიც, მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

5.5. ამგვარად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ავტო-საგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალეულობით, რაც საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებთან (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ამ ქმედებით დამდგარი ზიანი, მიზეზობრივი კავშირია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ზიანის ოდენობა) ერთობლიობაში მოპასუხის მიმართ დელიქტური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს ქმნიდა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი მართებულად გახდა.

5.6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ღ–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან ისე, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დაყენებული შესაბამისი შუამდგომლობა, თავისი ინიციატივით, გამოითხოვა შსს ხაშურის რაიონული სამმართველოდან სადავო საგზაო შემთხვევის შესახებ საქმის მასალები და მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც სწორედ ამ მტკიცებულებებს დააფუძნა, რითაც დაარღვა მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლომ გაუმართლებელი პრიორიტეტი მიანიჭა მოსარჩელეს, როდესაც მთავარ სხდომაზე, შესაბამისი შუამდგომლობის დაყენების გარეშე, ნება მისცა გამოეთხოვა და საქმეზე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები. მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე საპატიო მიზეზი, რაც გაამართლებდა დამატებითი მტკიცებულებების მთავარ სხდომაზე გამოთხოვის ფაქტს.

6.3. კასატორი დასძენს, რომ მართალია საქმის მასალებში წარმოდგენილია განცხადება საქმის მასალების პროკურატურიდან მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, თუმცა ის არ არის რეგისტრირებული და არ დგინდება, რომ მხარემ იგი წარადგინა პროკურატურაში და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებაზე უარი ეთქვა.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით, გ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადასტურებულად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ჯ.ტ–ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

- 2021 წლის 9 სექტემბერს, ჯ.ტ–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გზაზე შექმნილი საავარიო სიტუაციის გამო, გადავიდა გზის გვერდულზე და შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ - ხეს;

- ჯ.ტ–მა სარჩელში მითითებულ შემთხვევამდე - 2020 წლის 10 აგვისტოს და შემდგომ - 2022 წლის 4 თებერვალს გაცემული მინდობილობით, შვილს - ჯ.ტ–ს მიანიჭა უფლება, მისი სახელით შეასრულოს ავტომანქანის მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა;

- ხაშურის რაიონული პროკურატურის 2021 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით ზემოაღნიშნულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შეწყდა და საქმის მასალები გაიგზავნა ადმინისტრაციული რეაგირების მიზნით;

- გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამ შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საორიენტაციოდ, 2 530 ლარს შეადგენს;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ავტომანქანის შეკეთებისათვის საჭირო 2 530 ლარის და ავტომანქანის ექსპლუატაციის შეუძლებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის - 800 ლარის ანაზღაურება, რაც ჯამში 3 330 ლარს შეადგენს.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქმეზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ფორმალურია, იგი იდენტურია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარგენილი სააპელაციო საჩივრისა და ძირითადად მხოლოდ ერთ პროცესუალურსამართლებრივ დარღვევას მიემართება. სახელდობრ, კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაირღვა მისი საპროცესო უფლებები, ვინაიდან მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დაყენებული შესაბამისი შუამდგომლობა, სასამართლომ კი, თავისი ინიციატივით გამოითხოვა შსს ხაშურის რაიონული სამმართველოდან სადავო საგზაო შემთხვევის შესახებ საქმის მასალები და მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც სწორედ ამ მტკიცებულებებს დააფუძნა. კასატორი ასევე აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2022 წლის 9 სექტემბრის მთავარ სხდომაზე, მოპასუხეს კანონის დარღვევით, საპატიო მიზეზის მითითების გარეშე, მიეცა შესაძლებლობა სხვადასხვა უწყებიდან გამოეთხოვა მტკიცებულებები.

12. აღნიშნულ შედავებას საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

13. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი, მოპასუხის ბრალი ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას უნდა დაედასტურებინა სწორედ მოსარჩელეს, რომელმაც სასამართლოში იშუამდგომლა რელევანტური მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე.

14. კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე განჩინება მიიღო შუამდგომლობის არარსებობის პირობებში, სრულიად დაუსაბუთებელია, რადგან როგორც ეს სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, შსს ხაშურის რაიონული სამმართველოდან 2021 წლის 9 სექტემბრის საგზაო შემთხვევის შესახებ საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა მოსარჩელემ დააყენა ჯერ კიდევ სარჩელის წარდგენის ეტაპზე (იხ: სარჩელის შუამდგომლობების გრაფა). ასე, რომ არც იყოს, საქმის მასალებში წარმოდგენილი, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის სხდომის ოქმის, როგორც ბეჭდური ასევე, აუდიო ვერსია ასახავს მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე (იხ. ტომი I, ს.ფ. 112-117).

15. რაც შეეხება კასატორის იმ შედავებას, რომელიც სასამართლოს მთავარ სხდომაზე მტკიცებულებათა გამოთხოვის გამო მისი საპროცესო უფლებების შელახვას შეეხება, ამ მიმართებითაც პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. 2022 წლის 16 ნოემბრის მთავარ სხდომაზე არ მომხდარა მტკიცებულებათა პირველადი გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება, რომლის განხორციელების კანონიერ შეზღუდვასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი ითვალისწინებს, არამედ მოხდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოთხოვილი მტკიცებულებების სრულყოფილი სახით ხელახლა გამოთხოვა, რადგან მოპასუხე, სახელმწიფო ორგანოდან მისი არასრული სახით წარმოდგენის შესახებ მიუთითებდა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება კასატორის მიერ მითითებული ისეთი პროცესუალურსამართლებრივი დარღვევა, რომელსაც საქმის შედეგზე შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

17. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.ღ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ. ღ–ის მიერ 13/05/2024 წელს № 41816530 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის - 105 ლარი (70%); შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი