საქმე №ას-727-2025 26 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ბ–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს "თ.ბ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა. ი.ბ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სს "თ.ბ–ის" კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N..........., მდებარე მისამართზე ქ. 2 თბილისი, ........ N2/17-ის მომიჯნავედ; ქალაქი თბილისი, ........ N2/17, ნკვ. 26/14; ქალაქი თბილისი, ......... შესახვევი N2/17, ნაკვ. 26/15; ქალაქი თბილისი, ......... N2/17, ნაკვ. 26/16, და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა სს "თ.ბ–ს". ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, გაასაჩივრა ი.ბ–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით, გაასაჩივრა ი.ბ–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოდავე მხარეებმა 2025 წლის 30 ივნისს, 2025 წლის 1 ივლისსა და საბოლოოდ - 2025 წლის 25 ივლისს, წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.; №ას-714-2019, 14.06.2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
10. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22 აპრილი, 2021წ.)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ი.ბ–ძეს (კასატორი), ხოლო მეორე მხრივ, სს „თ.ბ–ს“ (მოწინააღმდეგე მხარე) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. ი.ბ–ძე (პ/ნ .........) გამოთქვამს სურვილს წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტში მითითებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........, N2/17-ის მომიჯნავედ; ქალაქი თბილისი, ........., N2/17, (ნაკ. 26/14), ქალაქი თბილისი, ........, N2/17 (ნაკვ. 26/15), ქალაქი თბილისი, ......... N2/17 (ნაკვ. ........), საკადასტრო კოდი: ........., მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თავიდან არიდების მიზნით, შეიძინოს მოსარჩელისგან ამავე მორიგების აქტის პირობების შესაბამისად.
2. მორიგების პირობები:
2.1. - ნასყიდობის საგნი: ქალაქი თბილისი, ........, N2/17-ის მომიჯნავედ; ქალაქი თბილისი, ........, N2/17, (ნაკ. 26/14), ქალაქი თბილისი, .........., N2/17 (ნაკვ. 26/15), ქალაქი თბილისი, .......... N2/17 (ნაკვ. 26/16), საკადასტრო კოდი: .........
- ნასყიდობის ფასი: 401,413.00 (ოთხას ერთი ათას ოთხას ცამეტი) ლარი. (მოცემული ტრანზაქცია არ იბეგრება დღგ-ის საფასურით)
- გადახდის პირობები: ნასყიდობის ფასი - 401,413.00 ლარი გადახდილ იქნეს არაუგვიანეს 2026 წლის 30 მაისისა.
- ანგარიშსწორების ანგარიში: GE03TB000004503......
2.2. ნასყიდობის ფასი განსაზღვრულია იმ დათქმით, რომ ქონების ყიდვას ახორციელებს ყოფილი მესაკუთრე (ი.ბ–ძე პ/ნ ......). ყოფილ მესაკუთრეს შეუძლია შესთავაზოს სხვა ნებისმიერ მესამე პირი, როგორც მყიდველი, მხოლოდ ამ მორიგების აქტით დადგენილ ვადაში და პირობებით. მესამე პირზე ამ მორიგების აქტიდან გამომდინარე ქონების რეალიზაციისას ქონების საფასურს დაემატება კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ს თანხა.
2.3. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, მყიდველი (ი.ბ–ძე პ/ნ .......) ვალდებულია, თუ ხელშეკრულებით ფასი/ან ნებისმიერი სხვა გადასახდელი განსაზღვრულია უცხოურ ვალუტაში, როგორც ქონების საფასურის (როგორც ნაწილ-ნაწილ, ასევე საბოლოო), ასევე ნებისმიერი გადასახდელის (ასეთის არსებობისას) აწარმოოს გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში.
2.4. წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტში მითითებული უძრავი ქონების შეძენის უფლება ძალაშია ამ მორიგების აქტით განსაზღვრული შეძენის ვადამდე, კერძოდ, 2026 წლის 30 მაისამდე ან/და კასატორის (ი.ბ–ძე პ/ნ ........) მიერ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების აღნიშნულ ვადამდე შესრულების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ დადგება წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი პირობები (კასატორის მიერ შესრულდება წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება), მხარეები გააფორმებენ ნასყიდობის ძირითად ხელშეკრულებას, რაც გახდება უძრავ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტში მითითებული ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნება სს „თ.ბ–ის“ საკუთრებაში. სს „თ.ბ–ი“ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოპასუხის (ი.ბ–ძე პ/ნ ..........) თანხმობის გარეშე არ გაასხვისოს უძრავი ქონება მესამე პირებზე, ასევე არ დატვირთოს უფლებრივად.
2.5. მხარეები თანხმდებიან, რომ კასატორის (ი.ბ–ძე პ/ნ .......) მიზეზით წინამდებარე მორიგების აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველს (ი.ბ–ძე პ/ნ ........) წარმოეშობა ვალდებულება აუნაზღაუროს გამყიდველს ამით გამოწვეული ზიანი, ასევე ის მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც გამყიდველი მიიღებდა ნასყიდობის საგნის მესამე პირისთვის იჯარით/ქირით გადაცემის ან/და გასხვისების შედეგად. შესაბამისად ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნისთვის მხარეები თანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგნის საიჯარო ქირა/მიუღებელი შემოსავალი, ტოლია მყიდველის მიერ ამ მორიგების აქტის საფუძველზე გადახდილი/გადასახდელი თანხის, რაც ნიშნავს იმას, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 2.7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია, მყიდველს არ დაუბრუნოს მის მიერ ამ მორიგების აქტის საფუძველზე გადახდილი თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მიუხედავად მორიგების აქტის მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ განხორციელებული გადახდებისა, ამასთან მხარეები თანხმდებიან, რომ 2.7 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანხა ყოველთვიურ გაანგარიშებაზე არ უნდა აღემატებოდეს თვიურად 500 ლარს.
2.6. მხარეები თანხმდებიან, რომ სს „თ.ბ–ს“ უფლება აქვს, კასატორის (ი.ბ–ძე პ/ნ ......) მიერ წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მისი შემდგომი თანხმობის, ან ნებართვის გარეშე, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს, უაქცეპტო წესით, ჩამოაწეროს თანხები მყიდველის ნებისმიერი ანგარიშიდან.
2.7. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ თუ კასატორი - ი.ბ–ძე (პ/ნ .......) 30.05.2026 წლამდე ამავე მორიგების აქტის პირობების შესაბამისად, არ შეიძენს 1.1. პუნქტში მითითებულ ქონებას, ასევე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის, მათ შორის, თანხის გადახდის გრაფიკის ერთჯერადად დარღვევის ან/და ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. მოსარჩელეს უფლება ექნება, მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რა დროსაც მისი პირველი მოთხოვნისთანავე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი შემდეგი შინაარსით:
- მოპასუხის (ი.ბ–ძე პ/ნ .........) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს სს „თ.ბ–ის“ უძრავი ქონებები მდებარე: ქალაქი თბილისი, ........, N2/17-ის მომიჯნავედ; ქალაქი თბილისი, ........., N2/17, (ნაკ. 26/14), ქალაქი თბილისი, ........., N2/17 (ნაკვ. 26/15), ფართობი ქალაქი თბილისი, ......... N2/17 (ნაკვ. 26/16), 464,00 კვ.მ; საკადასტრო კოდი: ......... და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს „თ.ბ–ს“.
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება. ასევე, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2024 წლის 12 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება;
4. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე (საქმე №ას-727-2025) შეწყდეს წარმოება;
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
6. ი.ბ–ძეს პ/ნ ........ დაუბრუნდეს დ.ჩ–ძის პ/ნ ....... მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #4106, გადახდის თარიღი: 20/05/2025 წელი.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი