Facebook Twitter

საქმე №ას-892-2025 26 სექტემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ლ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ი'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.09.2024წ. გადაწყვეტილებით - შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ის" (შემდგომში - მოსარჩელე) სასარჩელო მოთხოვნა ზ.ლ–ძის (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა (იხ: გადაწყვეტილება, ს.ფ. 106-111). მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 34 594,00 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.04.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოპასუხემ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა (იხ: განჩინება, ს.ფ. 142-145).

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეავსო ხარვეზი და მოითხოვა ვადის აღდგენა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შესავსებად. ამასთან მიუთითა, რომ შესაბამის ცნობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, წარმოადგენს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა ხარვეზის შევსების მიზნით: 1383,76 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე დამატებითი მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნული განჩინება აპელანტს 2025 წლის 11 თებერვალს ჩაბარდა. 2025 წლის 20 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას აპელანტმა ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში ეკონომიური მდგომარეობის გამო, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განმცხადებით მიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით, აპელანტს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა 20 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით, ზ.ლ–ძეს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 20 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 1383,76 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე დამატებითი მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ....... და გზავნილი 2025 წლის 31 მარტს ჩაბარდა პირადად (ს.ფ. 140). ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 20-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 1 აპრილიდან და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2-ე მუხლის მიხედვით, 2025 წლის 22 აპრილს ამოიწურა. აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია.

7. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.

8. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

9. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხე მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო დადგენილი ხარვეზის შევსება. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თავად მოხმობილი ნორმა საპატიო მიზეზად განიხილავს არა მხოლოდ ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შეუძლებლობას, არამედ იმ შემთხვევასაც, როდესაც ამას მოგვიანებით დაადასტურებს კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დოკუმენტით.

10. მოცემულ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადასტურებდა. მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია, მით უფრო, როდესაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებიდან (30.04.2025წ.) კერძო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენამდე (16.06.2025წ.) გასულია თვეზე მეტი და ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო შესაბამისი მტკიცებულების კერძო საჩივრისათვის დართვა, განცხადებაში მოყვანილი გარემოების შეფასების სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, თუმცა მას როგორც უკვე აღინიშნა განცხადება რაიმე მტკიცებულებით არ გაუმყარებია, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, იმგვარი გარემოების თაობაზე, რაც შესაბამისი და ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნება მიჩნეული დადასტურებულად.

11. საკასაციო პალატა მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან არ არის დაცული კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი და წარმოდგენილი მტკიცებულება არარელევანტურია, მას წინასწარ არ მოუხდენია სასამართლოს შეტყობინება, რომ კონკრეტულ საპროცესო მოქმედებას ვერ ასრულებდა არსებული ან წარმოშობილი ობიექტური საფუძვლების გამო, ამასთან, მხარე, ვერც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ასეთი შეტყობინების განხორციელება წინასწარ შეუძლებელი იყო (იხ. სუსგ. №ას-355-2023 28.04.2023წ.). სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად არ მიიჩნევა. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის დოკუმენტების მიღებისა და ჩაბარების თარიღებს, ვადებს. ასევე, სხვა ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. ს.ფ. 148). საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ საკასაციო სასამართლოში არ არის წარმოდგენილი 2025 წლის 25 ივლისამდე სამედიცინო დახმარების გაწევის ამსახველი დოკუმენტაცია.

12. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ლ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.04.2025 წლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი