ბს-1120-1071(კ-07) 3 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე /ს. ჩ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის – ქობულეთის რაიონის, სოფელ ...-ს თემის საკრებულოს გამგეობის მიმართ, მოპასუხის 2004 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების და მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთის მიზომვის დავალება/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ს. ჩ.-მ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის _ ქობულეთის რაიონის, სოფელ ...-ს თემის საკრებულოს გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2004 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთის მიზომვის დავალება /იხ.ს.ფ. 2-3/.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო /იხ.ს.ფ. 271-276/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ.-მ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას /იხ.ს.ფ. 281-283/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამავე სარჩელზე დაკმაყოფილებული ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ყადაღა დაედო სადავო მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქობულეთის რაიონის, სოფელ ...-ში, ს. ჩ.-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მოპირდაპირედ და საქმეში მესამე პირად ჩაბმულ ო. ჯ.-ს აეკრძალა მიწის ნაკვეთზე ხე-ბუჩქნარით სარგებლობა /იხ.ს.ფ. 317-322/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას /იხ.ს.ფ. 329-331/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 359-360/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის – ს. ჩ.-ის მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, სადაც განიმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად ექვემდებარება დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 366-368/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 359-360/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ს. ჩ.-ის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.