საქმე №ას-1094-2025 26 სექტემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს ,,ი–ი"
მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ–ა
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.კ–ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და შპს ,,ი–ის" მიმართ აღძრული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა აეკრძალოს მოპასუხე შპს ,,ი–ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებებს მდებარე: ქ. თბილისი, ........... საკადასტრო კოდი - ..........; ქ. თბილისი, ......., საკადასტრო კოდი - ..........; ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდი - ......... გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.
2. 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით დ.კ–ას განცხადება სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აეკრძალა მოპასუხე შპს ,,ი–ს’’ (ს/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებების მდებარე: ქ. თბილისი, .......... საკადასტრო კოდი - .......; ქ. თბილისი, ........, საკადასტრო კოდი - ..........; ქ. თბილისი, ......., საკადასტრო კოდი - ........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ი–ის" წარმომადგენელმა, რომელმაც განჩინების გაუქმება (ნაწილობრივ) და გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განჩინებაზე მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც დ.კ–ას შუამდგომლობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
6. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.
7. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.
8. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის საქმე Nას-923-2023 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის საქმე №ას-970-2019, განჩინება).
9. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
10. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის საქმე №ას-587-2019 განჩინება).
11. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის საქმე №ას-1586-2018, განჩინება). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015.).
13. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ განმცხადებელმა ითხოვა საარბიტრაჟო მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის ინტერესებისა და მოსარჩელის მიზნის მიღწევას შორის თანაზომიერების დაცვის მიზნით, ბანკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქონებაზე ყადაღის დადების ნაცვლად, მოპასუხეს აეკრძალა მისი გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
14. სასამართლო განმარტავს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას განმცხადებელი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 49 000 ლარს, შესაბამისად რეალურად არსებული დავალიანება არის ბევრად ნაკლები და კომპანიას გადახდილი აქვს თანხები.
ამასთან, საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. სასამართლოს მიერ, კი, გამოყენებულია არათანაზომიერი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან 218 257.31 ლარის უზრუნველყოფის მიზნით, გასხვისების უფლებისა და სანივთო სამართლებრივი უფლებებით დატვირთვის აკრძალვა განხორციელდა შპს „ი–ი“-ს საკუთრებაში არსებულ 3 უძრავ ქონებაზე, რომელთა ღირებულება 5-ჯერ და მეტჯერ აღემატება საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნას. საჩივრის ავტორი, ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ის არის მეწარმე, რომელიც 2009 წლის შემდეგ უწყვეტად ახორციელებს საქმიანობას. არის ერთ ერთ უმსხვილესი სამშენებლო კომპანია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გზების მშენებლობა. კომპანიაში დასაქმებულია ასობით ადამიანი და აქვს მილიონობით ბრუნვა, შესაბამისად, არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ ემუქრება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.
15. დადგენილია, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეს აღძრული აქვს მიკუთვნებითი სარჩელი. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საჭიროებს დაცვას. ამგვარი დაცვა საჭიროა იმ მიზეზით, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაში ხდება), არამედ, ასევე, - მოპასუხის ნებაზე. როცა ასეთი ნება არ არსებობს, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა სწორედ იძულებითი აღსრულების მექანიზმზეა დამოკიდებული. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ან სხვაგვარად დატვირთოს თავისი საკუთრება, რაც მოცემულ შემთხვევაში, კანონშესაბამისად მოხდა. სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მხარე მსჯელობის მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად მის მთელ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა, ე.ი. საჩივრის ავტორის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღმა არსებობს სხვა სახის შეზღუდვა აღნიშნული გარემოება, კი, უარყოფს საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოტივაციას. შესაბამისად, მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან მოპასუხეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაასხვისოს მისი კუთვნილი ქონება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაწესდა საარბიტრაჟო მოსარჩელის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის გონივრული ფარგლები. მოვალე ვერ შეძლებს უზრუნველყოფის საგნის რეალიზებას ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვას განმცხადებლის უფლებების საზიანოდ. შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მხარის განცხადების მიზანი მიღწეულია. ამდენად, ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ი–ის" საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.06.2025 წლის განჩინება და ამ განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 21.07.2025 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი