საქმე №ას-91-2024 4 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჭ–ძე (მოსარჩელე)
არასრულწლოვანი - ა.დ–ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.ჭ–ძემ სარჩელით მიმართა თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოს გ.დ–ის მიმართ და მოითხოვა გ.დ–ისათვის მშობლის უფლება შეზღუდვა არასრულწლოვანი შვილის ა.დ–ის პასპორტის გაცემაზე და საზღვარგარეთ გაყვანაზე გადაწყვეტილების მიღების (თანხმობის) ნაწილში.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე გ.დ–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - ა.დ–ის მიმართ პასპორტის გაცემაზე და საზღვარგარეთ გაყვანაზე გადაწყვეტილების მიღების (თანხმობის) ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად. მოპასუხე გ.დ–ს დაეკისრა თ.ჭ–ძის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 08 დეკემბრის განჩინებით, გ.დ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
5. 2023 წლის 8 დეკემბერს არასრულწლოვანის ა.დ–ის წარმომადგენელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, სადაც მან ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 08 დეკემბრის განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თ.ჭ–ძის წარმომადგენელმა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით თ.ჭ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანი ა.დ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 დეკემბრის განჩინება (რომლითაც უცვლელი დარჩა თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მოპასუხე გ.დ–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - ა.დ–ის მიმართ პასპორტის გაცემაზე და საზღვარგარეთ გაყვანაზე გადაწყვეტილების მიღების (თანხმობის) ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად) მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებებით, მამისთვის არასდროს იქნება ცნობილი დედა ან სხვა პირი სად წაიყვანს ბავშვს, რომელ ქვეყანაში და როდის დააბრუნებენ მას. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ბავშვი არამართლზომიერი გადაადგილებისაგან.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით, გ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
11. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია განმცხადებლის (ა.დ–ის წარმომადგენლის) შუამდგომლობა, არასრულწლოვანთან დაკავშირებულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება.
12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა.დ–ის წარმომადგენლის - ელისო ბოგვერაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 დეკემბრის განჩინება (რომლითაც უცვლელი დარჩა თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მოპასუხე გ.დ–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - ა.დ–ის მიმართ პასპორტის გაცემაზე და საზღვარგარეთ გაყვანაზე გადაწყვეტილების მიღების (თანხმობის) ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად) მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე (რომლის აღსრულების გადადებასაც განმცხადებელი ითხოვს) მოპასუხის მიერ წარდგენილ საკასაციო საჩივარზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, წარმოება დასრულებულია. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით განმცხადებლის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინება (რომლითაც უცვლელი დარჩა თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მოპასუხე გ.დ–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - ა.დ–ის მიმართ პასპორტის გაცემაზე და საზღვარგარეთ გაყვანაზე გადაწყვეტილების მიღების (თანხმობის) ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად) უცვლელად დარჩა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რამდენადაც სსსკ-ის 264.3 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. არ არსებობს იმის საფრთხე, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებული შედეგი წარმოიქმნას და ამით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა გამოიკვეთოს.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 12. პუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცემა, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რაც მიეთითება იმავე გადაწყვეტილებაში. სამოქალაქოსაპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
15. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვა. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ეს ისეთი განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „12“ პუნქტით არის გათვალისწინებული. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საჭიროება კი, განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, კერძოდ: არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესია, შენარჩუნებული იქნას მისი მშვიდი ფსიქო-ემოციური განწყობა, მიეცეს შესაძლებლობა განვითარდეს, მეტად კეთილდღეობისკენ წარმართოს მისი ცხოვრება ურთიერთობა იქონიოს მშობლების ნათესავებთან. თუ ბავშვს არ მიეცემა შესაძლებლობა წავიდეს საზღვარგარეთ ნათესავებთან, ასევე გასტროლებზე, ან მიიღოს მონაწილეობა სასწავლო გაცვლით პროგრამებში, ეს იქნება ბავშვისათვის დიდი იმედგაცრუების წყარო და საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა, არ იქნება ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის დადებითი შედეგის მომტანი.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა არასრულწლოვანი ა.დ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.დ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.12.2023 წლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი