საქმე №ას-126-2025 18 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
მესამე პირები (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, შპს „თ.ვ.გ.ს.უ–ი“, მ.ქ–ძე, გ;ე–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის სამეურვეო მასაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოვალე შპს „ს.ს.ს.უ.უ–ომ“ 2020 წლის 21 ივლისს სასამართლოს მიმართა განცხადებით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინება ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2020 წლის 29 ივლისს.
2. მოვალემ 2020 წლის 21 ივლისს სასამართლოს მიმართა განცხადებით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინება ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2020 წლის 29 ივლისს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის N2/14213-20 განჩინებით მოსარჩელე აღიარებულია მე-4 რიგის კრედიტორად 426 791.77 ლარის ფარგლებში.
4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენამდე ერთი წლის ფარგლებში - 2019 წლის აგვისტოს თვეში განხორციელდა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება ნასყიდობის გზით. აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება არ შესრულებულა.
5. საბანკო ანგარიშის ამონაწერით, რომელიც თან ერთვის წარმოდგენილ სარჩელს დადასტურდა, რომ თანხის გადარიცხვა არა მოვალის, არამედ შემძენის ანგარიშიდან განხორციელდა. ფაქტი იმის თაობაზე, რომ მიღებული თანხით მოვალემ დაფარა მოპასუხის მიმართ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება 1 175 320.55 ლარის ოდენობით, არ დასტურდება.
6. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, დაეკისროს სს „თ.ბ–ს“ 1 175 320.55 ლარის (კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებით საწარმოდან გატანილი თანხის) გადახდა შპს „ს.ს.ს.უ.უ–ოს“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით.
6.2. შპს „ს.ს.უ. უ–ომ“ (შემდეგში - მოვალე) 2020 წლის 21 ივლისს, სასამართლოს მიმართა განცხადებით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინება ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2020 წლის 29 ივლისს.
6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის N2/14213-20 განჩინებით შემოსავლების სამსახური (შემდეგში - მოსარჩელე) აღიარებულია მე-4 რიგის კრედიტორად 426 791.77 ლარის ფარგლებში.
6.4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენამდე ერთი წლის ფარგლებში - 2019 წლის აგვისტოს თვეში განხორციელდა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება ნასყიდობის გზით. აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება არ შესრულებულა.
6.5. მიღებული თანხით მოვალემ უპირატესად დაფარა სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება 1 175 320.55 ლარის ოდენობით.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხე მხარემ, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
7.2. მოპასუხის მითითებით, 2019 წლის აგვისტოში ნამდვილად განხორციელდა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება, თუმცა მიღებული თანხით უპირატესად დაიფარა არა მოპასუხის, არამედ საგადასახადო ვალდებულებები, რაზედაც დეტალური მოხსენება წარმოდგენილია დავის დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში. აგრეთვე, თანხის გადახდა განხორციელდა არა გადახდისუუნარობის პროცესში მყოფი საწარმოს, არამედ შემძენის მიერ.
7.3. მოვალის გადახდისუუნარობა გამოიწვია 2018 წლის 23 ოქტომბერს აკრედიტაციის შეწყვეტამ, რასაც მოვალის წარმომადგენელი პირდაპირ უთითებს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გაგზავნილ 2019 წლის 19 აგვისტოს წერილში. უძრავი ქონება კი გასხვისდა 2019 წლის აგვისტოში. აღნიშნული ქონება არ იყო კომპანიის საბრუნავი საშუალება და მისი გასხვისება ვერ მოახდენდა კომპანიის გადახდისუუნარობაზე გავლენას.
7.4. 2019 წლის 15 აგვისტოს მოვალესა და შპს „ქ-ა.უ.ს–ას“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მყიდველი თანახმა იყო შეეძინა საგადასახადო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. 2019 წლის 15 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე ფიქსირდება საგადასახადო იპოთეკა და იპოთეკა მოპასუხის სასარგებლოდ.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო საჩივარი
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება.
11. საკასაციო საჩივარი
11.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
11.2. კასატორის მითითებით, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ საბანკო კრედიტი დაიფარა ქონების გასხვისების შემდგომ შემძენის მიერ. თუმცა, არასწორია მსჯელობა, რომ თითქოს საწარმო ქონების რეალიზაციის გარეშე სრულად დაფარავდა ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას. სასამართლო არ მსჯელობს თუ ვიცი კუთვნილი თანხა მიიღო ბანკმა მოთხოვნის დაკმაყოფილების მომენტში, შესაბამისად, სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრება.
11.3. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ აუქციონის წესით ქონების რეალიზაცია ხშირად მოთხოვნის დაკმაყოფილების იდეალური საშუალება არ არის, რადგან ქონების თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გასხვისების დიდი რისკია, რაც მოცემულ შემთხვევაში არც უნივერსიტეტის და არც ბანკის ინტერესებში შედიოდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კი დგინდება არასწორ პრაქტიკა, რომელიც პირს ანიჭებს გადახდისუუნარობის შესახებ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის თავის არიდების შესაძლებლობას. შესაბამისად, მუდმივად შესაძლებელი იქნება კონკურენციის პირობების დარღვეა და მოთხოვნათა უპირატესად დაკმაყოფილება.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
19. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
20. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
21. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
22. განსახილველ შემთხვევაში მთავარ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგეს გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი საწარმოს მიერ სპეციალური რეჟიმის დაწყებამდე გასხვისებული უძრავი ქონებით მიღებული ამონაგებით საგადასახადო ვალდებულების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
23. მოცემული დავის დაწყების პერიოდი ემთხვევა დროს (სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება 2019 წელს განხორცილებულ ქმედებებს), როდესაც საკითხი მოწესრიგებული იყო არა ახალი - 2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ საქართველოს კანონით, არამედ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, საქმის განხილვა სწორედ აღნიშნული კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს.
24. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი ქმედებები: ა) მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა კრედიტორებთან შედარებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქმედებებმა მოვალე გადახდისუუნარობამდე მიიყვანა, ან თუ მოვალე უკვე გადახდისუუნარო იყო და სარგებლის მიმღებმა ეს იცოდა ან უნდა სცოდნოდა.
25. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კი მოვალე გადაწყვეტს იმოქმედოს გადახდისუუნარობის შესახებ კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტორს ავტომატურად წარმოეშობა უფლებამოსილება სადავო გახადოს ასეთი სახის ქმედებები, რისთვისაც აუცილებელია დასაბუთდეს თავად კრედიტორისთვის ზიანის მომტანი შედეგი და ქედებასთან მიზეზობრივობა. მიუხედავად ამისა, ამავე ნორმის მერე პუნქტი მიუთითებს, რომ სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი შემთხვევა, როდესაც მოვალის ქმედებამ გადახდისუუნარობის შედეგი დააყენა, ან თუ კი ასეთი შედეგის შესახებ შესაძლებელი იყო მოვალეს (ან სარგებლის მიმღებს) სცოდნოდა. აღნიშნულ ნორმათა სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია (ამ საფუძვლით) იმ შემთხვევაში, თუ კი მოვალის ქმედება მიმდინარეობს ან იწვევს ფაქტობრივ გადახდისუუნარობას. შესაბამისად, კრედიტორის შეცილების უფლება წარმოიშვება მხოლოდ ისეთ ორ შემთხვევაში, როდესაც მოვალე მოქმედებს ან ფაქტობრივ გადახდისუუნარობის რეჟიმში, ან მისმა გადაწყვეტილებებმა ბოლო 1 წლის განმავლობაში გამოიწვია მისი გადახდისუუნარობა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მოწესრიგების სფეროში უნდა მოექცეს არამხოლოდ მოვალესთან დაკავშირებულ პირთან დადებული გარიგება, არამედ ამ პირის მიერ ჩადენილი კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებაც, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება.
26. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ვერ დადგინდა, რომ ქონების რეალიზაციის შედეგად მოვალემ შეასრულა მის მიმართ არსებული საკრედიტო ვალდებულება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქმეში წარდგენილი საბანკო ამონაწერი მიუთითებს თანხის არა მოვალის, არამედ შემძენის ანგარიშიდან გადარიცხვას. მოვალის ქმედება ამ შემთხვევაში გამოიხატა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციით. ამ კუთხით კი საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც მიუთითებს, რომ მესამე პირი როდის შეასრულებდა, ან საერთოდ შეასრულებდა თუ არა ვალდებულებას ეს უკვე მყიდველის არჩევანი იყო, რომელიც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა გაკოტრების მასაზე და მოსარჩელის ინტერესებზე. ამასთან, არ დგინდება, რომ მოპასუხემ იცოდა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხე ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.
27. საასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია დასაბუთდეს, მოვალის ქმედება ჯდება თუ არა ზემოაღნიშნულ ნორმებით გათვალისწინებულ პრეფერენციული ქმედების ჩარჩოში. თუ კი დადგინდება, რომ პრეფერენციული ქმედება სახეზეა, წარმოიშობა ქმედების მიმართ კრედიტორის შეცილების საფუძვლები. თავის მხრივ, პრეფერენცია (ინგლისურად - prefenrence (უპირატესობა) გულისხმობს ისეთ გარიგებას, ქმედებას, რომელსაც ახორციელებს მოვალე გარდაუვალი გადახდისუუნარობის საფრთხის განჭვრეტისას (ან უკვე არალიკვიდრობისას), როდესაც ცოტა დრო არის დარჩენილი საწარმოს სპეციალური რეჟიმის ამოქმედებამდე და მანამდე მოვალე ცდილობს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენოს ერთ-ერთი კრედიტორი სხვა კრედიტორის ხარჯზე. მაგალითად, თუ კი საწარმოს აქვს ორი კრედიტორის ვალდებულება, ვალაუვალობის გამო გადახდისუუნარობის პროცესის დაწყებამდე მის მიერ ერთ-ერთი კრედიტორისთვის ვალდებულების შესრულება მეორე კრედიტორის ხაჯზე გულისხმობს პრეფერენციას.
28. იმისთვის, რომ პრეფერენციული ქმედება დადასტურდეს, აუცილებელია რიგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება: 1) უნდა არსებობდეს მოვალის მიერ შესრულებული ქმედება; 2) აღნიშნული ქმედება უპირატეს მდგომარეობაში უნდა აყენებდეს რომელიმე კრედიტორს; 3) უპირატეს მდგომარეობაში კრედიტორის ჩაყენება უნდა მოხდეს სხვა კრედიტორების მოთხოვნების ხარჯზე; 4) ქმედება უნდა შესრულდეს გადახდისუუნარობის დაწყებამდე (კანონისმიერი 1 წლიანი ვადა); 5) ქმედების მომენტში მოვალეს გააზრებული უნდა ქონდეს გადახდისუუნარობის საფრთხე (ან უნდა ქმნიდეს ამის ვარაუდის საფუძველს ობიექტური დამკვირვებლის თვალში).
29. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დასახელებული 35-ე მუხლის მეორე პუნქტი ცალსახად მიანიშნებს პრეფერენციული ქმედების შეცილებისა და ბათილად ცნობის სამართლბრივ ლოგიკას. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს კონკრეტულ წინაპირობებს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი კრედიტორის მიერ მოვალის ქმედების სასამართლოში გასაჩივრება: 1) ქმედებამ თავად უნდა მიიყვანოს მოვალე გადახდისუუნარობამდე (მაგ. თუ კი მოვალემ დიდი მოცულობის ვადლებულება შეასრულა მხოლოდ ერთი კრედიტორის მიმართ, რამაც გამოიწვია გადახდისუუნარობის გარდაუვალი პროცესი); 2) თუ კი ქმედება შესრულებულია გადახდისუუნარობის პერიოდში - ასეთ დროს მნიშვნელობა ენიჭება სარგებლის მიმღების ცოდნას და შესაბამისად, მის კეთილსინდისიერებას (მაგ. თუ კი ვალდებულების მიმღებმა პრეფერენციულმა კრედიტორმა იცოდა უპირატესობის მინიჭების შესახებ, მაგრამ მაინც მიიღო ასეთი სახის შესრულება, ეს ჩაითვლება არაკეთილსინდისიერებად). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ თუ კი დასახელებული წინაპირობები არ არის სახეზე, სხვა სახის ბიზენსსაქმიანობა და გარიგებაში შესვლით ვალდებულების შესრულება ჩაითვლება მოვალის თავისუფალი ენომიკური ოპერირების ფარგებში განხორციელებულ ქმედებად, რაც არასაკმარისია გასაჩივრებისთვის.
30. განსახილველ შემთხვევაშიც, დასადგენი იყო მოპასუხისათვის მყიდველის მხრიდან თანხის გადარიცხვის ქმედება რამდენად ჩაითვლებოდა პრეფერენციულ ქმედებად და მიიღებდა თუ არა მოსარჩელე იმაზე მეტ სარგებელს, ვიდრე მან მიიღო ქმედების გარეშე, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოსარჩელე მეტ სარგებელს ვერ მიიღებდა, ვინაიდან სადავო არ არის, რომ მოსარჩელის კრედიტორული მოთხოვნა წარმოიშვა უძრავი ნივთის გასხვისების შედეგად. შესაბამისად, ქონების გასხვისების გარეშე მოსარჩელის კრედიტორული მოთხოვნა საერთოდ არ იარსებებდა, ამიტომ მიიღებდა თუ არა მოსარჩელე იმავე ოდენობის სარგებელს, განხილვის საგანი ვერ იქნება. ამდენად, ვინაიდან მოვალემ გაასხვისა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მოსარჩელეს არ გააჩნდა მის მიმართ კრედიტორული მოთხოვნა. შესაბამისად, ვერც კონკრეტული ქმედება ექცევა საცილო ქმედებათა ფარგლებში, რადგან არ არსებობს უპირატესად დაკმაყოფილების კრიტერიუმები.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, იმისთვის, რომ ის დასაშვებად იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი