საქმე №ას-958-2025 18 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.პ–ვი, ა.პ–ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მამობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.პ–ვისა და ა.პ–ვას (შემდეგში მოპასუხეები, კასატორები ან საკასაციო საჩივრის ავტორები) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ბ–ნის (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხეთა და მცირეწლოვან ე.პ–ვას (შემდეგში მცირეწლოვანი ან ბავშვი) მიმართ მამობის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა 2023 წლის 30 მარტს დაბადებული ე.პ–ვას (პ/ნ: ........) მამად და მცირეწლოვნის დაბადების სააქტო ჩანაწერში, მამის გრაფაში დადგინდა ცვლილების შეტანა, ბავშვის მამად მოსარჩელის მითითება.
2. კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ განჩინებას და აცხადებენ, რომ ბავშვის მამად არ შეიძლება ცნობილი იქნას მოსარჩელე, რომელმაც სამშობიაროში მიატოვა გარდაცვლილი მეუღლე და უმწეო ჩვილი და დღემდე არ მოუნახულებია მცირეწლოვანი.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ
7.1. მცირეწლოვანი ე.პ–ვა დაიბადა 2023 წლის 30 მარტს (სააქტო ჩანაწერი 012310.......). დაბადების მოწმობაში მშობლების გრაფაში მითითებულია დედა - რ.პ–ვა (პ/ნ .......), მამის გრაფაში მამის ვინაობა მითითებული არ არის.
7.2. 2023 წლის 31 მარტს გარდაიცვალა ბავშვის დედა;
7.3. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის უფროსის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, მცირეწლოვანს დაუწესდა მეურვეობა და მეურვედ დაენიშნა ბებია - ა.პ–ვა (მოპასუხე);
7.4. მოპასუხე ა.პ–ვი არის მცირეწლოვნის ბაბუა (ბავშვის დედის მამა);
7.5. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №005850024 დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ 2023 წლის 30 მარტს დაბადებული მცირეწლოვნის ბიოლოგიური მამა არის მოსარჩელე;
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია ბავშვის მამად მოსარჩელის დადგენის მართლზომიერება.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ დავაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ენიჭება უპირატესობა და ამ თვალსაზრისით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მოტივაციაში „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ დებულებების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების მოხმობა, სავსებით დასაბუთებულია (იხ. გასაჩივრებული განჩინება, პარაგრაფი 6). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განმარტებაში უთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა ბავშვის, როგორც უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მფლობელ სუბიექტად აღიარება და არა მისი დაცვის ობიექტად მიჩნევა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
10. საკასაციო სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობას ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი N. 71776/12; 2 თებერვალი, 2016 წ.), სადაც სასამართლომ განმარტა: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“. სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ - იხ. სუსგ- ები: N ას-967-916-2015, 15.12.2015წ; N ას-1141-1061-2017 17.10.2017წ; N ას-861-2019, 03.10.2019წ.
11. განსახილველ შემთხვევაში, კასატორთა (ბავშვის ბებიისა და ბაბუის) ძირითადი პრეტენზია იმას ეფუძნება, რომ ბავშვის მეურვედ დანიშნულია ბებია, ხოლო ვინაიდან მოსარჩელემ სამშობიაროში მიატოვა გარდაცვლილი მეუღლე და უმწეო ჩვილი, რომელიც დღემდე არ მოუნახულებია, იგი არ უნდა იქნას აღიარებული მცირეწლოვნის მამად.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არის გასაზიარებელი კასატორთა მითითებული არგუმენტები, რადგან ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას განსაზღვრავს, ხოლო საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობების სასამართლო წესით განხილვის დროს სასამართლო კონტროლი ხორციელდება ინკვიზიციური სამართალწარმოების გზით, რაც დასადგენ გარემოებათა წრის სასამართლოს ინიციატივით განსაზღვრაში და მტკიცებულებათა გამოთხოვაში გამოიხატება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას (ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი), სასამართლოსათვის უპირატესია ბავშვის საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა, ამასთან, დასახელებული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებული ოჯახური ცხოვრების პატივისცემის სტანდარტის დასაცავად, მამა-შვილს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა, მშობელსა და შვილს შორის კონტაქტი არის ის ამოსავალი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს სასამართლო, რათა ოჯახური ცხოვრების კონვენციისეული მიდგომა იყოს დაცული (შეად. სუსგ N ას -1149-1081-2015, 06.05.2016წ.).
13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ.), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.
14. კასატორთა მტკიცების საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური გარემო არ განიმარტება მშობლებისა და შვილების მარტოოდენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრების უფლებად და ამ გზით ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვად, არამედ ოჯახური გარემო გულისხმობს ასევე ბავშვთან ურთიერთობის ხელმისაწვდომობას მშობლისათვის, რაც სწორედ ბავშვის პრიორიტეტული ინტერესებითაა ნაკარნახევი, რამდენადაც ეს შესაძლებელია იცნობდეს თავის მშობლებს და მიიღოს მათი მხრიდან ზრუნვა (ბავშვის უფლებათა კონვენციის 7.1 მუხლი), ამასთან, კონვენციის თანახმად, სწორედ მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულებაა, პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის, მოქალაქეობა, სახელი (რაც სსკ-ის მე-17.1 მუხლის თანახმად ფიზიკური პირის სახელსა და გვარს მოიცავს), ოჯახური ურთიერთობა, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა (კონვენციის 8.1-ე მუხლი); კონვენცია დაუშვებლად მიიჩნევს ბავშვის მიერ თავისი ინდივიდუალობის ნაწილის ან ყველა ელემენტის დაკარგვას და ასეთი შემთხვევისათვის მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ბავშვის უზრუნველყოფას საჭირო დახმარებითა და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
15. განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ბიოლოგიურმა მამამ სასარჩელო წარმოების გზით მოითხოვა მამობის დადგენა და ბავშვის სააქტო ჩანაწერის მამის გრაფაში შესაბამისი ცვლილების შეტანა - ბავშვის გვარად ბიოლოგიური მამის გვარის მითითება. მოპასუხეები (ბავშვის ბებია და ბაბუა) კი სადავოდ ხდიან მამობის ფაქტს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მცირეწლოვნის ბიოლოგიური მამა არ მონაწილეობდა ბავშვის აღზრდაში (მან სამშობიაროშივე მიატოვა უმწეო ჩვილი და გარდაცვლილი მეუღლე) და იგი არ შეიძლებოდა აღიარებულიყო ბავშვის მამად (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 31-38, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები - ს.ფ 121-129; 196-202).
16. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით გამოვლენილია, რომ ბავშვს დაბადების დროს დედის გვარი მიენიჭა, მის სააქტო ჩანაწერში, მამის გრაფაში მამის ვინაობა მითითებული არ არის. საქმეზე წარდგენილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №005850024 დასკვნის თანახმად კი, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგენილია, რომ 2023 წლის 30 მარტს დაბადებული მცირეწლოვნის ბიოლოგიური მამა არის მოსარჩელე. მოპასუხეებს მითითებული დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენიათ.
17. საკასაციო სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების გათვალისწინებით სრულიად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვმა უნდა შეინარჩუნოს მისი კავშირი ბიოლოგიურ მამასთან როგორც გვარის სახით, ისე ურთიერთობის გაუმჯობესების გზით. არასრულწლოვანის ბიოლოგიური მამის დადგენა და დაბადების სააქტო ჩანაწერის მამის გრაფაში ბიოლოგიური მამის გვარის მითითება სწორედ ბავშვის სახელის, მისი წარმომავლობის ცოდნის უფლებას უკავშირდება და არ ხელყოფს ბავშვის საუკეთესო და პრიორიტეტულ ინტერესებს. მშობლის უფლებას ყოველთვის გადასწონის ბავშვის უფლება და მისი უპირატესი ინტერესი. ბავშვის ბიოლოგიური მამის დადგენა დაკავშირებულია ასევე მემკვიდრეობის უფლებასთან (სსკ-ის 1309-ე მუხლი), რაც საკუთრების უფლებას უკავშირდება და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესის დაცვა.
18. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.პ–ვისა და ა.პ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ა.პ–ვისა (პ.ნ. ........) და ა.პ–ვას (პ.ნ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ გ.კ–ის (პ.ნ. ........) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N5781; გადახდის თარიღი: 24.07.2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი