საქმე №ას-751-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.შ–ძე (აპელანტი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
მოთხოვნა: გადაწყვეტილების განმარტება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ.ს.ნ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ს.შ–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილა. ნაწილობრივ გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.11.2023 წლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ჯ.ს.ნ–ს“ ს.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 20 000 ლარის (დარიცხული) ოდენობით. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.11.2023 წლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2. 2025 წლის 12 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს.შ–ძემ და ამავე სასამართლოს 2023 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის განმარტება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი რომლის მე-6 პუნქტში სასამართლომ დაადგინა, რომ ,,შპს ჯ.ნ–ს" ს.შ–ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაცია 20 000 ლარის ოდენობით".
3. დაკისრებულ კომპენსაციასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოიშვა სადავო საკითხი, კერძოდ მოწინააღმდეგე მხარემ ჩათვალა, რომ დაკისრებულ კომპენსაციას უნდა გამოაკლდეს საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით. გამომდინარე აღნიშნული გარემოებიდან, განმცხადებელმა მოითხოვს განიმარტოს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი - დაკისრებული 20 000 ლარი მთლიანად უნდა ჩაერიცხოს თუ არა მას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 მაისის განჩინებით ს.შ–ძის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ - შპს ,,ჯ.ს.ნ–ისათვის“ ს.შ–ძის სასარგებლოდ, დაკისრებული კომპენსაცია - 20 000 ლარი წარმოადგენს ხელზე ასაღებ თანხას.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „მ–ა“, რომელმაც განჩინების გაუქმება მოითხოვა. საჩივრის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინ, როდესაც მისი ბუნდოვანება არ დასტურდებოდა. გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითა, რომ დასაქმებულის თვიური დარიცხული ხელფასი შეადგენდა 2000 ლარს, შესაბამისად, ხელზე ასაღები იყო 1600 ლარი, შესაბამისად, თუ კი განმარტება ძალაში დარჩება, სასამართლო გაზრდის გადაწყვეტილებით დაკისრებულ განაცდურს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა, ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
12. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.
13. განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების განმარტების კონტექსტში მთავარი საკითხია გადაწყვეტილებით დაკისრებული განაცდური - 20 000 ლარი ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას (უნდა გამოაკლდეს თუ არა საშემოსავლო გადასახადი - თანხის 20%).
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 31.12.2020 წლის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 20 000 ლარის ოდენობით. ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას ამხვილებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 8.31-ე, 8.32-ე და 8.34-ე პუნქტებზე, სადაც ნამსჯელია, რომ რადგან მოსარჩელე ვეღარ აღდგებოდა სამუშაოზე, მისი უფლებაში გათანაბრება უნდა მომხდარიყო კომპენსაციის სახით 10 თვის ხელფასის განაცდურის ანაზღაურების გზით.
16. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 38.8 მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციით 48.8 მუხლი) არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება“ (იხ. სუსგ. Nას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალი).
17. არც შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ. საქმე №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი).
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას (იხ. სუსგ. საქმე №ას-1254-2024 4.12.2024 წელი; №ას-792-2019, 18.02.2021წ.; №ას-536-2021, 21.09.2021წ.).
19. განსამარტი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ ს.შ–ძე დასაქმებული იყო უვადოდ ამასთან, გადაწყვეტილების 7.1. პუნქტებით დადგენილი იქნა ს.შ–ძის ხელფასის ოდენობა 2000 ლარი (დარიცხული ხელფასი) და სწორედ ამ თანხით დაანგარიშდა 10 თვის კომპენსაცია, შესაბამისად, ის არ ექვემდებარება რაიმე სახის დაბეგვრას და 20 000 ლარი წარმოადგენს ხელზე ასაღებ თანხას. ამავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსამარტი გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს რამე სახის დამატებით საგადასახადო მითითებასაც.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი–ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი