Facebook Twitter

23 ივლისი 2025 წელი

საქმე №ას-653-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2023 წლის 08 დეკემბერს ს.ს. „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შ.გ–ძის მიმართ, ქ. ქუთაისში ........., ბინა #29 მდებარე ს.ს. „ს.ბ–ი“-ს კუთვნილი (ს/კ ...........) უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2024 წლის 18 ივლისის, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ს.ს. „ს.ბ–ის“ სარჩელი შ.გ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა. შ.გ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ს.ს. „ს.ბ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ........., ს/კ .......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შ.გ–ძის წარმომადგენელმა ს.ქ–ძემ საჩივრით მიმართა სასამართლოს.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით შ.გ–ძის საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და საჩივრის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 26 სექტემბერს 11:30 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით შ.გ–ძის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2024 წლის 18 ივლისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. ამავე სხდომაზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, ს.ს. „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შ.გ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ს.ს. „ს.ბ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ........... (ს/კ ..........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცა მოსარჩელეს. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე შ.გ–ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

8.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი .......... (ს/კ ...........) 2023 წლის 19 ივნისიდან რეგისტრირებულია ს.ს. ,,ს.ბ–ის’’ საკუთრებად.

8.2. მოპასუხე მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს და არ ათავისუფლებს მას.

8.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

8.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი გარემოება, იმის შესახებ, რომ მოპასუხე (მისი ოჯახი) არ ცხოვრობს (ფაქტობრივად ფლობს) სადავო უძრავ ქონებაში და ამის გამო შ.გ–ძე ს.ს. „ს.ბ–ის“ სარჩელზე არასათანადო მოპასუხეა. მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მიერ არ იყო წარმოდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა იმ პირების ვინაობას, ვინც აპელანტის განმარტებით ფლობდა სადავო ქონებას. ამასთან, მითითებული გარემოების სარწმუნოობას საფუძველს აცლიდა აპელანტის (მოპასუხის) მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მითითებული გარემოებები, რომლითაც დასტურდებოდა სადავო ქონების მოპასუხის მხრიდან ფლობის ფაქტი და გამოხატული იყო მისი დაინტერესება ს.ს. „ს.ბ–ისგან“ საკუთარი ქონების გამოსყიდვით. პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ არ იყო დადასტურებული მისი (როგორც ყოფილი მესაკუთრის) არამართლზომიერი მფლობელობიდან უძრავი ქონების გასვლისა და სადავო ქონების სხვა პირთა მფლობელობაში გადასვლის ფაქტი. მოპასუხე სადავოდ არ ხდის და ადასტურებს საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებულ მტკიცების ტვირთზე და აღნიშნა, რომ აპელანტმა სადავო ქონების სხვა პირთა მიერ ფლობის ფაქტზე მხოლოდ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე მიუთითა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა. თუმცა აპელანტმა მის მიერ მითითებული ახალი გარემოება ვერ დაადასტურა, მოსარჩელემ კი, რომელიც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებითაა დაინტერესებული, სააპელაციო შესაგებლით შეედავა სააპელაციო საჩივარში მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებას და მიუთითა, რომ აპელანტის მიერ მითითებული ფაქტი, უძრავი ქონების სხვა პირთა მიერ ფლობის შესახებ, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ასეთ პირობებში მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხის მხარეს.

დასკვნის სახით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის (მოპასუხის), მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება - უძრავი ნივთის არა მის მიერ, არამედ სხვა პირთა მხრიდან ფლობის ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ მესაკუთრის (მოსარჩელე ს.ს. „ს.ბ–ის“) მიერ მოთხოვნილი იყო მის საკუთრებაში არსებული ქონების გათავისუფლება არამართლზომიერი მფლობელობიდან, მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა, არ წარმოადგენდა ვინდიკაციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

8.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ყოველივე ეს კი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. კასატორის განმარტებით, უძრავი ნივთი შ.გ–ძის უკანონო მფლობელობაში საერთოდ არ იმყოფება. ის უკვე დიდი ხანია და დღეის მდგომარეობითაც გერმანიაში იმყოფება სამუშაოდ და საერთოდ არ ფლობს იმ ქონებას, რომელიც სასამართლომ მისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვა. შ.გ–ძე მართალია იყო უძრავი ნივთის თავდაპირველი მესაკუთრე, მაგრამ როდესაც ს.ს. „ს.ბ–მა“ სარჩელი შეიტანა მის წინააღმდეგ იგი ფაქტობრივად უკვე აღარ ფლობდა ზემოთ ხსენებულ ქონებას. ამ ქონებას ფაქტობრივად ფლობენ და მისით სარგებლობენ სხვა ადამიანები. შ.გ–ძე არასათანადო მოპასუხეა. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ნივთის მესაკუთრე, უძრავი ნივთი იმ დროსაც კი იყო სხვის მფლობელობაში და იქ არ უცხოვრია არც მას და არც მის ოჯახს. შეუძლებელია შ.გ–ძის უკანონო მფლობელობიდან ს.ს. „ს.ბ–ის“ დასაკუთრებული ქონების გამოთხოვა რადგან, ის მოპასუხის მფლობელობაში არასოდეს ყოფილა.

9.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 მუხლის თანახმად, თუ მესაკუთრეს ხელი ეშლება ნივთით სარგებლობაში შეუძლია მის ფაქტობრივ მფლობელს მოსთხოვოს აღკვეთილი იქნას ხელშეშლა. ხოლო თუ ეს ხელშეშლა ისევ გრძელდება მესაკუთრეს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი მფლობელის წინააღმდეგ. ს.ს. „ს.ბ–ის“ უძრავი ნივთის მფლობელი არ არის შ.გ–ძე ის არ ფლობს უძრავ ნივთს არც კანონიერად და არც უკანონოდ. მითითებულ უძრავ ქონებაში სხვა ოჯახი ცხოვრობს და მათი მოძრავი ნივთებია განთავსებული, ასე რომ ს.ს. „ს.ბ–ს“ მისი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ვერ ჩაბარდება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

16. საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეს, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდია. ამასთან დადგენილია, რომ უძრავი ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ის არასათანადო მოპასუხეა. მისი განმარტებით, ის წლებია, მათ შორის დღეის მდგომარეობით იმყოფება გერმანიაში და არ ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

19. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ სადავო ქონებას არ ფლობს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნულ პრეტენზიას საფუძველს აცლის კასატორის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებები, რომლებითაც დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ქონების ფლობის ფაქტი. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილშიც, რომ ვინაიდან კასატორმა სადავო ქონების სხვა პირთა მიერ ფლობის ფაქტზე მხოლოდ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე მიუთითა, და აღნიშნული პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა. სააპელაციო პრეტენზიები, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა, არ წარმოადგენდა ვინდიკაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ თუნდაც გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის ფლობს სადავო უძრავ ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, სამართალწარმოების შედეგით ვერ იქნებოდა დაინტერესებული, რადგანაც მის მიმართ ვერ მოხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ. სუსგ-ები: №ას-850-2019, 26 ივლისი, 2019წ., №ას-541-2020, 25 მაისი, 2021 წ. პ.14; №ას-1314-2022, 16 თებერვალი, 2023 წ.).

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.გ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (გადახდის ქვითარი № 60497296, გადახდის თარიღი: 12.06.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი