Facebook Twitter

23 ივლისი 2025 წელი საქმე №ას-718-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 13 ივლისს ს.ს. „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.გ–ის მიმართ, ქ. თბილისში, .........., მეორე სართულზე მდებარე N4 ბინის, (ს/კ ..........) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

3. შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2021 წლის 10 მარტს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ს. „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელე ს.ს. „ს.ბ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. თბილისში, ............, (ს/კ ..........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

4. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით მოპასუხემ საჩივრით მიმართა სასამართლოს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით შ.გ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმისწარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისისა და 2021 წლის 10 მარტის განჩინებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 07 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე შესაგებლის წარდგენის ეტაპზე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ს.ს. „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელე ს.ს. „ს.ბ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. თბილისში, .........., (ს/კ ...........) და დადგინდა, რომ იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

10.1. საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება - მდებარე ქ. თბილისში, .........., (ს/კ ..........) ს.ს. „ს.ბ–ი“-ს საკუთრებაშია რეგისტრირებული. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 25/05/2020 წ. დამოწმებული NA19021784-019/001 განკარგულება.

10.2. მოპასუხე მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს და არ ათავისუფლებს მას.

10.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილი იყო ისიც, რომ აპელანტი არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

10.4. რაც შეეხება აპელანტის შედავებას, რომ ის სადავო ქონების ყოფილი მესაკუთრე და ამჟამინდელი მფლობელია, და სასამართლომ არასწორად მიიჩნია მისი მხრიდან უკანონო მფლობელობის ფაქტი, პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ არ დასტურდებოდა სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. აპელანტს არ წარმოუდგენია არც ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. ამასთან, სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში აპელანტის არგუმენტი, რომ არ აქვს სხვა საცხოვრისი, არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემაფერხებელ ან გამომრიცხველ გარემოებას. ამდენად, აპელანტის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება ვერ გააქარწყლებდა რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას.

10.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ყოველივე ეს კი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

11.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელის მხრიდან სადავო უძრავი ნივთის არამართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით. ის დაეყრდნო მხოლოდ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, მესაკუთრედ ფორმალურად არის რეგისტრირებული ს.ს. „ს.ბ–ი“. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელემ მას ხელოვნურად შეუქმნა ვალდებულების შესრულებისათვის შეუძლებელი პირობები და არაკეთილსინდისიერად დაეუფლა მოპასუხის ერთადერთ საცხოვრებელ ბინას.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

18. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას და მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

20. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორის შედავებას იმის შესახებ, რომ სადავო ქონებას იგი მართლზომიერად ფლობს, რაც გამორიცხავს წარდგენილი ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

22. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როდესაც აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი და მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მესაკუთრეს, ამასთან, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა, შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, მოპასუხის აპელირება, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ მოპოვების შესახებ, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას და ხსენებული არ წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში საკვლევ გარემოებას. ზემოაღნიშნული არგუმენტი პალატის შეფასებით, განსახილველ დავაში არ არის რელევანტური და არ ადასტურებს მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ სადავო ფაქტობრივ გარემოებას - უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის შესახებ. პალატა მიუთითებს, რომ სწორედ მოპასუხეს მართებდა იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერად, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია (იხ. სუსგ საქმე №ას-183-183-2018, 23 ივნისი, 2025 წ.).

24. საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც კასატორს სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ქონება მის ერთადერთ საცხოვრისს წარმოადგენს, არ არის საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ საქმე №ას-1578-2022, 26 იანვარი, 2023; №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.; №ას-870-2021, 6 ივლისი, 2022 წ.; №ას-509-2020, 31 ივლისი, 2022 წ.;№ ას- 1326-2021, 13 აპრილი, 2022 წ.; № ას-5-2022, 28 მარტი, 2022 წ.; № ას-1377-2021, 23 მარტი, 2022 წ.).

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.გ–ს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადასახადო დავალება №4271, გადახდის თარიღი: 20.06.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი