¹ბს-112-105(კ-07) 25 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 25 ოქტომბერს მ. ჟ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1985 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციაში, თბილისის .... რაიონის ..... ექიმად. 1987 წლიდან გადაყვანილ იქნა იმავე ..... განყოფილების ..... 1996 წელს .... განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მ. ჟ-ი გადაიყვანეს .... ექიმად. 1999 წელს მოსარჩელემ გაიარა ტესტირება, რომლის დროსაც მიიღო 99%-იანი შეფასება და 1999 წლის 23 ნოემბერს მიენიჭა ექიმ სპეციალისტის “შრომის ჰიგიენის” სერტიფიკატი.
მოსარჩელის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სანიტარიულ ინსპექციაში ..... თანამდებობაზე დანიშნეს პირი, რომელიც სრულყოფილად ვერ ფლობდა ქართულ ენას, რის გამოც 2000 წლამდე მოსარჩელე განაგრძობდა ხსენებული განყოფილების გამგის მოვალეობის შესრულებას.
მოსარჩელის მითითებით, თბილისის სახელმწიფო სანიტარიულ ინსპექციაში ჩატარდა ხელახალი რეორგანიზაცია, შტატების შემცირებით. რეორგანიზაციის შედეგად, ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 2004 წლის 27 სექტემბერის ¹343-კ ბრძანებით მ. ჟ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 19 წლის სამუშაო სტაჟის, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიუხედავად.
მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ დარღვეული იყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, მუშაკთა რიცხოვნობისა და შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებოდათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ, რაც მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული არ ყოფილა, დარღვეული იყო ასევე იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 2004 წლის 27 სექტემბერის ¹343-კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჟ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივნისის საოქმო განჩინებით მ. ჟ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, მოსარჩელის თანხმობით, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ქ. თბილისის მერიით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. ჟ-მა დააზუსტა სააპელაციო საჩივარი. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 2004 წლის 27 სექტემბრის ¹343-კ ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურიდან მისი გათავისუფლებიდან ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ლიკვიდაციამდე, ანუ 2005 წლის 5 სექტემბრამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 2004 წლის 27 სექტემბრის ¹343-კ ბრძანება მ. ჟ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მ. ჟ-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2005 წლის 5 სექტემბრამდე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 2004 წლის 27 სექტემბრის ¹343-კ ბრძანებით ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის .... მ. ჟ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო “ქ. თბილისის სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის პრემიერის 2004 წლის 31 აგვისტოს ¹393 განკარგულება, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტი და ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹4-ო ბრძანება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის ადმინისტრაციას მ. ჟ-ის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია, რითაც დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციამ სადავო ბრძანების გამოცემისას დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რის გამოც ხსენებული ბრძანება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის ლიკვიდაციის შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹59 ბრძანებით, “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია ლიკვიდირებულად ჩაითვალა. ძალადაკარგულად გამოცხადდა “ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის დებულების, სტრქუტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹39 ბრძანება, რომელიც ძალაში შევიდა 2005 წლის 5 სექტემბერს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ქ. თბილისის მერიის მოსაზრება, რომ აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაცია განხორციელდა 2005 წლის 5 მაისს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ასევე უნდა დაკმაყოფილებულიყო მ. ჟ-ის მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზეც, ვინაიდან სადავო ბრძანება ბათილად იყო ცნობილი, ამდენად ხელფასის გაუცემლობის საფუძველი აღარ არსებობდა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჟ-ს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი უნდა ანაზღაურებოდა “ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის ლიკვიდაციის შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹59 ბრძანების ძალაში შესვლამდე, ანუ 2005 წლის 5 სექტემბრამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლი და 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლებიც არ შეიცადა იმპერატიული მოთხოვნებს. ამდენად, ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციას არ ჰქონდა მ. ჟ-ის სხვა სამსახურის შეთავაზების ვალდებულება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოხელისათვის სხვა სამსახური შეეთავაზებინა, აღნიშნულის უქონლობის გამო.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი, ვინაიდან ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის მხრიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონით დადგენილი პროცედურული საკითხების დაცვით, ამასთან მოსარჩელე არ სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი განმარტება იმის თაობაზე, რომ ,,ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის ლიკვიდაციის შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹59 ბრძანებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი “ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹39 ბრძანება, ანუ გაუქმდა იმ სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, რომელიც შეიქმნა 2005 წლის 5 მაისს ლიკვიდირებული სამსახურის შემდეგ, ხოლო ის საქალაქო სამსახური, რომელშიც მოსარჩელე მუშაობდა, გაუქმდა 2005 წლის 5 მაისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 21 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 25 აპრილამდე.
2007 წლის 12 მარტს მ. ჟ-მა უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
2007 წლის 15 მარტს ქ. თბილისის მერიამაც წარადგინა უზენაეს სასამართლოში მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილსიის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.