Facebook Twitter

საქმე №ას-888-2024 7 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.რ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2023წ. განჩინებით გ.რ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.12.2022წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.გ–ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 19.01.2017წ. N170053661 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით (შესულია ცვლილებები N180861079 და N200453963 ხელშეკრულებებით) გათვალისწინებული თანხის - 61 180 ლარის ½ ნაწილის - 30 590 ლარის გადახდა, დაეკისრა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეები 23.11.2008წ.დან ფაქტობრივ ქორწინებაში, ხოლო 19.05.2009წ.დან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ;

2.2. 11.09.2009წ. მხარეებს შეეძინათ შვილი - მ.რ–ი;

2.3. მხარეთა შორის ქორწინება 21.01.2021წ. შეწყდა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე;

2.4. მოსარჩელე მხარეთა საერთო შვილთან ერთად ქ. ჭიათურაში, მშობლების სახლში ცხოვრობს;

2.5. მოპასუხემ საქმეში არამონაწილე პირთან - თ.ლ–თან, რამდენჯერმე გააფორმა „სესხის, იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულებები“ სხვადასხვა თანხაზე, იპოთეკით დატვირთა მსესხებლის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ.თბილისში, ........., კორპუსი N35, მდებარე N155 ბინა (ს.კ:N.........) და მოიპოვა იპოთეკით დატვირთული ბინით სარგებლობის (მასში ცხოვრების უფლება), კერძოდ:

2.5.1. 19.08.2013წ. მოპასუხემ 15 000 აშშ დოლარის სესხად გაცემის ხელშეკრულება დადო თ.ლობჟანიძესთან; სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 19.02.2015წ.;

2.5.2. 21.01.2015წ. მოპასუხემ 23 000 აშშ დოლარის (იმ დროისათვის არსებული კურსით - 44 620 ლარი) სესხად გაცემის ხელშეკრულება დადო თ.ლ–თან; სესხის გადახდის ვადად განისაზღვრა 21.01.2017წ.;

2.5.3. 19.01.2017წ. მოპასუხემ 61 180 ლარის (19.01.2017წ. ვალუტის კურსი 2.66 - 23 000 აშშ დოლარი) სესხად გაცემის ხელშეკრულება დადო თ.ლ–თან; 19.07.2018წ. ამ ხელშეკრულებაში 19.07.2018წ. გარიგებით შევიდა ცვლილება და მისი მოქმედების ვადა 19.07.2020წ.-მდე გაგრძელდა; 17.07.2020წ. ხელშეკრულებით კვლავ შევიდა ცვლილება იმავე ხელშეკრულებაში და მისი მოქმედების ვადა 17.10.2021წ.მდე გაგრძელდა; 26.07.2021წ. ხელშეკრულებით გაუქმდა სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის 19.01.2017წ. ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილებები. ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გახდა მესაკუთრის (მსესხებლის) მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულება.

2.6. შესაბამისად, მოპასუხემ მიიღო სესხის ხელშეკრულებით გადაცემული 61 180 ლარი;

3. მოსარჩელე, მოთხოვნას 61 180 ლარის ნახევრის მიკუთვნებაზე იმ გარემოებებს ამყარებს, რომ მხარეები 2009წ.დან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. სადავო თანხა ერთად ცხოვრების პერიოდში შეაგროვეს, მათივე მშობლების დახმარებით და ამ თანხით 2017წ. „დაიგირავეს“ თბილისში, ........., კორპუსი N35-ში, მდებარე N155 ბინა (ს.კ:N ..........). აზრთა სხვადასხვაობის გამო, მეუღლეები დაშორდნენ. მოსარჩელე დაბრუნდა მშობლების სახლში, სადაც მარტო ზრდის მხარეთა საერთო არასრულწლოვან შვილს. მოპასუხეს ჰყავს სხვა ოჯახი (იხ., სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები).

4. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ შესაგებელში საკუთრების უფლების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითა, მტკიცების ტვირთი იმ გარემოებისა რომ სადავო თანხაზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, დაეკისრა მოპასუხეს.

5. თავის მხრივ, მოპასუხემ შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელეს რაიმე წვლილი სადავო თანხის შეგროვებაში არ მიუღია. თანხა არ ყოფილა მოპოვებული მეუღლეთა ერთობლივი საქმიანობით. არცერთ მხარეს დიდი ოდენობის შემოსავალი არ გააჩნდა. „სესხის, იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულებებით“ გათვალისწინებული სადავო თანხიდან, 12 000 აშშ დოლარი, მოპასუხემ დედისაგან მიიღო 2013წ.-ს. თავის მხრივ, მოპასუხის დედამ მითითებული თანხა იმავე წელს უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის სახით აიღო და მთლიანად შვილის (მოპასუხე) გადასცა. რაც შეეხება დანარჩენ 3000 აშშ დოლარს, რომელი თანხის დამატებითაც თავდაპირველი „სესხის, იპოთეკის და ბინასარგებლობის ხელშეკრულება“ გააფორმა მოპასუხემ (პირველი ხელშეკრულება 15 000 აშშ დოლარზე გაფორმდა), მიიღო მამისაგან. შემდეგ წლებშიც, მოპასუხემ მშობლებისაგან მიიღო 8 000 აშშ დოლარი და ამ თანხის დამატებით გააფორმა „სესხის, იპოთეკის და ბინასარგებლობის ხელშეკრულება“ უკვე 23 000 აშშ დოლარზე (იხ., შესაგებელი - ტ.1. ს.ფ. 41, 42, ასევე, იხ., ნასყიდობის ხელშეკრულებები - ტ.1 ს.ფ. 52-58; 133-135).

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება რომ „სესხის, იპოთეკის და ბინასარგებლობის ხელშეკრულებებით“ გათვალისწინებული სესხის სახით გადაცემული თანხა, რომელიმე მშობლის მიერ შვილებისათვის (მოცემული დავის მონაწილე მხარეებისათვის) ნაჩუქარი თანხაა.

7. ზემომითითებულ სადავო საკითხზე მხარეებმა თავიანთი განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო განმარტებები წარადგინეს (სსსკ.-ის 134-ე მუხ.). რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, ამავე საკითხზე, მათი ჩვენებებიც არ იქნა მიჩნეული ობიექტურ ჩვენებად, ვინაიდან თითოეული მათგანი რომელიმე მხარის ახლო ნათესავი ან/და ოჯახის წევრია და დაინტერესებულია საქმის შედეგით თითოეულ მხარესთან მიმართებაში (სსს,-ის 140-ე მუხ.) (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ.6.5.3-გვ. 162, ტ.2).

8. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან მათ თანაცხოვრებას სესხის, იპოთეკის და ბინასარგებლობის პირველი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემის დროს. სადავო თანხმები ნამდვილად არის მეუღლეთა თანაცხოვრების დროს საერთო მეურნეობისა თუ ფინანსების წარმართვის შედეგად დაგროვილი თანხა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ.

10. კასატორი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არსწორ განაწილებაზე, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენასა და არასწორ სამართლებრივ შეფასებაზე ამყარებს თავის საკასაციო პრტენზიას (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო თანხის მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის მართლზომიერება.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ (სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლები) და საერთო თანაზიარ საკუთრებად (სსკ-ის 1158-ე მუხლი).

17. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. თანაზიარ ქონებად (მეუღლეთა საერთო ქონებად) ჩაითვლება მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით (შდრ. სუსგ-ები №ას-7-7-2016, 16.03.2016წ; №ას-708-708-2018, 26.07.2019წ.; №ას-1314-2020, 22.02.2022წ.).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. მითითებული ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.

19. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას (სუსგ №ას-1426-1346-2017, 02.03.2018წ.).

20. ფაქტობრივი გარემოებების მითითების და მათი დამტკიცების ტვირთთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

21. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი კომპონენტისაგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

22. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ წინაპირობებს, ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია).

23. თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს.

24. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას.

25. ამდენად, ასე უწყვეტად, მოსამართლე გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

26. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ მხარეები 2009წ.დან იმყოფებოდნენ ქორწინებაში; სადავო თანხა ერთად ცხოვრების პერიოდში მათივე მშობლების დახმარებით შეაგროვეს; ამ თანხით, პირველად, 2017წ.-ს, თბილისში, ..........., მდებარე N155 ბინა „დაიგირავეს“, ხელშეკრულება მოპასუხის მონაწილეობით გაფორმდა; იგივე ბინაზე, მოგვიანებით, კვლავ გაფორმდა მოპასუხის მონაწილეობით ხელშეკრულებები; ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ გაცემული 61 180 ლარი (19.01.2017წ. ვალუტის კურსი 2.66 - 23 000 აშშ დოლარი) დაიბრუნა; ამჟამად მეუღლეები განქორწინებულები არიან - სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინება 21.01.2021წ. დარეგისტრირდა; მოსარჩელე დაბრუნდა მშობლების სახლში, სადაც მარტო ზრდის მხარეთა საერთო არასრულწლოვან შვილს.

27. მოსარჩელის ზემოაღნიშნული მითითებები საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვარაუდს წარმოშობს იმის თაობაზე, რომ სადავო 61 180 ლარზე, როგორც მხარეთა თანაცხოვრების განმავლობაში ერთობლივად მიღებულ თანხაზე, თანასაკუთრების უფლება გავრცელდეს. ამ ვარაუდის გაქარწყლების ტვირთი კი, მოპასუხის არსებით, კვალიფიციურ შედავებაზეა დამოკიდებული.

28. მოპასუხემ შესაგებელში, ინდივიდუალური საკუთრების არსებობაზე მიუთითა - განმარტა, რომ მოსარჩელეს რაიმე წვლილი თანხის შეგროვებაში არ მიუღია; თანხა არ ყოფილა მოპოვებული მეუღლეთა ერთობლივი საქმიანობით; „სესხის, იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულებებით“ გათვალისწინებული სადავო თანხიდან, 12 000 აშშ დოლარი, მოპასუხემ დედისაგან მიიღო 2013წ.-ს. დანარჩენი 3000 აშშ დოლარიც და 8 000 აშშ დოლარიც, რომელი თანხის დამატებითაც შემდგომ წლებში მოპასუხემ გააფორმა „სესხის, იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულებები“, ასევე თავისივე მშობლებისაგან მიიღო (იხ., შესაგებელი).

29. ვინაიდან, მოპასუხის განმარტებები, მათი დადასტურების შემთხვევაში, გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას თანასაკუთრების უფლებრივი რეჟიმის წარმოშობის შესახებ, მოპასუხის მხარეზე გადადის სადავო ქონებაზე, მისი ინდივიდუალური საკუთრების არსებობის დასადასტურებლად რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენის ტვირთი.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე.

31. მოთხოვნის შემწყვეტი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების (გამომრიცხავი ნორმების) შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად:

ა) მოპასუხის მიერ ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას.აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან;

ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით უნდა იყოს გამართული;

გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს.

32. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები.

33. თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი.

34. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ხსენებული საპროცესო პრინციპი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედია და თითოეული საპროცესო ნორმა მასთან მჭიდრო კავშირში განიმარტება. საქმის განხილვისას, როგორც წესი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს - იურიდიულ ფაქტებს მიუთითებენ მხარეები, ხოლო, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბირტი, ვალდებულია წარმართოს შეჯიბრებითობა. ხსენებული პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად (იხ., სუსგ №ას-1065-2023, 22 მარტი, 2024წ.).

35. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად შესაფასებლად საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებზე, საიდანაც არ გამომდინარეობს, რომ მოპასუხემ, სადავო თანხა, ქორწინების განმავლობაში თავისივე მშობლებისაგან ჩუქებით მიიღო, რომლითაც თბილისში, მუხიანში მდებარე ბინა, ერთპიროვნულად „იგირავა“. პირიქით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ გამოკვეთილია სადავო თანხაზე ერთობლივი თანასაკუთრების უფლებრივი რეჟიმის გავრცელების წინაპირობები, რაც თანხის ნახევარზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის წარმატების მაუწყებელია.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, კასატორმა კი ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

38. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით ნაცვლად 1529.5 ლარისა, 500 ლარი გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 1029.5 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 500 ლარი, როგორც სახელმწიფო ბაჟის 30% უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, კასატორს აღარ ეკისრება გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება (სსსკ-ის 401-ე მუხ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.რ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე