Facebook Twitter

საქმე №ას-514-2024 6 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ლ–ა, პ.ჩ–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჯ.ჯ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ნ.ლ–ასა და პ.ჩ–ას მიმართ თანხის დაკისრებისა და ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ.ჯ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ.ლ–ას ჯ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 42 254.582 ლარის გადახდა. ბათილად იქნა ცნობილი ნ.ლ–ასა და პ.ჩ–ას შორის 2022 წლის 07 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე (ს/კ ...........).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ლ–ამ, პ.ჩ–ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ნ.ლ–ასა და პ.ჩ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს - საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ჯ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით ჯ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2025 წლის 4 აგვისტოს ჯ.ჯ–ის წარმომადგენელმა გ.ც–ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ჯ.ჯ–ის წარმომადგენელ გ.ც–ას განცხადება დაკმაყოფილდა. შეწყდა საქმის წარმოება ჯ.ჯ–ის საკასაციო საჩივარზე ნ.ლ–ასა და პ.ჩ–ას მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე. ძალაში დარჩა ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს დამატებითი განჩინება და კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული, გადაუწყვეტავი საკითხები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განჩინებით ჯ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, რასაც წინ უძღოდა კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2112,70 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე პალატას განცხადებით მიმართა კასატორის წარმომადგენელმა გ.ც–ამ და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ჯ.ჯ–ის წარმომადგენელ გ.ც–ას განცხადება დაკმაყოფილდა. შეწყდა საქმის წარმოება ჯ.ჯ–ის საკასაციო საჩივარზე ნ.ლ–ასა და პ.ჩ–ას მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე. ძალაში დარჩა ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი არ გადაწყვეტილა და არსებობს დამატებითი განჩინების მიღების სამართლებრივი წინაპირობა, კერძოდ, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2112,70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 261-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე მიღებულ იქნეს დამატებითი განჩინება.

2. ჯ.ჯ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ.ც–ას მიერ 2024 წლის 5 მარტს №20842805282 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი და ჯ.ჯ–ის მიერ 2024 წლის 2 მაისს №8940 საგადახდო დავალებით გადახდილი 1812,70 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი