Facebook Twitter

საქმე №ას-1095-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.ც–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ი–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ც–ნი (შემდეგ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც თ.ი–ის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ........., I სართულზე მდებარე 78.02 კვ.მ ფართი (ს/კ ........) და მოსარჩელეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2023 წლის 2 იანვრიდან 2024 წლის 12 მარტამდე მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობისათვის მოპასუხეზე 6 000 ლარის დაკისრების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თვეში 1500 ლარის გადახდა 2024 წლის 27 მარტიდან ვინდიკაციური მოთხოვნის აღსრულებამდე.

2. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მიუთითებს, რომ არ დასტურდება მის მიერ სადავო ფართის ფლობა, რისი გათვალისწინებითაც მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.

3. სასამათლომ არაკანონიერად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ადგილზე დათვალიერების შესახებ, რა დროსაც გამოირიცხებოდა ფაქტობრივი გარემოება მის მიერ სადავო ფართის ფლობის თაობაზე.

4. კასატორის მითითებით, მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოჯახი დარჩება უსახლკაროდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა, ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172.1 მუხლს, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

10. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. რაც შეეხება ქონების ფლობას, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს და მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობას ადასტურებს პოლიციის ოფიცერთან 2023 წლის 19 დეკემბრის გასაუბრების ოქმი (მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შსს ძვ. თბილისის სამმართველოს და სთხოვა იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებიც სადავო ნივთს უკანონოდ ფლობდნენ), რომლის თანახმად, მოპასუხეთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ოჯახთან ერთად სადავო მისამართზე ცხოვრობს წლებია და აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე არსებული ფართი მთლიანად ეკუთვნის. ამასთან, უდავოა, რომ სადავო ნივთი თბილისში, ....... 24-ში პირველ სართულზე მდებარეობს. მოპასუხის განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი სამართლებრივი დოკუმენტების თანახმად (შესაგებელი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები), მისი მისამართია ....... 24, მეორე სართული, რომელიც სხვა პირს ეკუთვნის, თუმცა საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე მოპასუხეს ეს პირი არ დაუსახელებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია. გარდა ზემოაღნიშნულისა, ფოსტის შეტყობინების ბარათის თანახმადაც, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ....... 24-ში, პირველ სართულზე ჩაჰბარდა, რაც კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობას გამორიცხავს. ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

12. ამასთან, ვინაიდან დგინდება, რომ მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და მისთვის თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობა, რისი გათვალისწინებითაც დგინდება სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა.

13. რაც შეეხება ადგილზე დათვალიერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას, პალატა მიუთითებს, რომ ადგილზე დათვალიერების ჩატარება იმ მიზნით, რათა დადგინდეს კასატორი სადავო ნივთზე მართლაც ახორციელებს თუ არა ფაქტორივ ფლობას, დაუსაბუთებელია, მით უფრო, რომ აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება.

14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ მიუთითა ვინდიკაცური სარჩელის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო გარემოებასა ან მტკიცებულებაზე, ამასთან, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. აღნიშნული ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც მესაკუთრის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმის მასალებზე დაყრდნობით - სადავო ქონებაზე კასატორის მართლზომიერ მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორს სათანადო წესით არ უარუყვია.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

17. კასატორმა მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-386-2023, 28.04.2023წ.; №ას-271-2023, 20.04.2023წ.).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ც–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა