საქმე №ას-1137-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კა“ (შემდეგ - მოპასუხე, მყიდველი, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებას, რომლითაც მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შპს „კ–ოს“ (შემდგომ - მოსარჩელე, გამყიდველი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 13820 ლარისა (საიდანაც 12900 ლარი არის ძირითადი თანხა, ხოლო - 920 ლარი პირგასამტეხლო) და პირგასამტეხლოს 2024 წლის 15 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 2.58 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4 000 ლარის გადახდაც.
2. კასატორის მითითებით, მოპასუხე კომპანიის რეფორმის პროცესში მთლიანად შეიცვალა კლინიკის ხელმძღვანელობა. ახალი ხელმძღვანელობისთვის არ არის დეტალურად ცნობილი კლინიკის მიერ მანამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, რისი გათვალისწინებითაც, კასატორი მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის არსებობას აღიარებს მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლი, არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა დოკუმენტი, რომლის ანგარიშსწორების აუცილებელ პირობადაა მიჩნეული.
4. ვინაიდან მოსარჩელე ვერ ამტკიცებს მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევას, პირგასამტეხლოს კასატორისათვის დაკისრება უსაფუძვლოა. ამასთან, გაუგებარია, როგორ იქნა გამოანგარიშებული მოთხოვნილი პირგასამტეხლო. ამასთან, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეემცირებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
9.1 მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2022 წლის 17 იანვარსა და 2023 წლის 3 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მოპასუხის საჭიროებისთვის, სამედიცინო სახარჯო მასალების მიწოდება. ანგარიშსწორების ფორმა, ვადები და პირობები განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მე-5 მუხლით, რომლის თანახმადაც, შემსყიდველს ანგარიში უნდა გაესწორებინა მიწოდებიდან 60 კალენდარული დღის ვადის დაცვით.
9.2 ორივე ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.02%.
10. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა, რომელიც გარკვეული საქონლის შეძენასა და სანაცვლო ანაზღაურებას გულისხმობდა, ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას ეფუძნება, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურებისა (2022 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 900 ლარის, ხოლო 2023 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 4000 ლარის) და პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-718-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
11. საკასაციო საჩივარი აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სასამართლო არასწორად დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც კასატორისათვის თანხის დაკისრების საფუძველს ვერ ადასტურებს.
12. საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა, თანახმად სსსკ-ის 105-ე მუხლისა.
13. საგულისხმოა, რომ გამყიდველის მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელია, შესრულებული იყოს 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემდეგი წინაპირობები: ა) ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება; ბ) გამყიდველის მიერ მყიდველისათვის შეთანხმებული საქონლის მიწოდება და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა.
14. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ საქმეში არსებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით, სასაქონლო ზედნადებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, თავად მოპასუხე კომპანიის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების შესახებ ინსპექტირების აქტებითა და დავალიანების შესახებ ცნობებით მოპასუხისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში თანხის დაკისრების მართლზომიერება დგინდებოდა, რაც გამყიდველის მითითებას ადასტურებს საქონლის მიწოდების შესახებ და წარმოუშობს მყიდველს საფასურის გადახდის მოვალობას.
15. პალატის მითითებით, ვინაიდან დგინდება სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე მოპასუხისათვის გარკვეული რაოდენობის საქონლის გადაცემა, შემხვედრი ვალდებულების მტკიცების ტვირთი, ანუ იმ გარემოების არსებობის დადასტურება, რომლებიც გამორიცხავდა ვალდებულების შესრულებას, მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც ამ უკანასკნელმა ვერ დასძლია სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. მეტიც, მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელში მითითებულ გარემოებებს კვალიფიციურად არ შესდავებია. წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავს სარჩელში მითითებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები, ასევე, დასაბუთებულად ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისს საფუძველს. ამასთან, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
16. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაანგარიშების ბუნდოვანებას, პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ხელშეკრულების შეუსაბამოდ დაანგარიშების თაობაზე შესაბამისი არგუმენტები კასატორს არ წარუდგენია, მით უფრო, აღნიშნული შესაბამის სამართალწარმოების ეტაპზეც სადავოდ არ გაუხდია, რაც მისი პრეტენზიის უსაფუძვლობაზე მიუთითებს. პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით კი, პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარე პირგასამტეხლოს ოდენობას შესაგებლით არ შესდავებია, მაშინ, როდესაც, პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი – სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნისას მოპასუხის მიერ შესაგებლით მისი ოდენობის შეუდავებლობისას, შესაბამისი წინაპირობების დამტკიცებისას, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებას იწვევს, თუნდაც ის იყოს შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. ქ. მესხიშვილი, „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები“, „სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
17. პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე კასატორის არგუმენტი დაუსაბუთებელია. ამასთან, იგი პირგასამტეხლოს ოდენობას შესაგებლითაც რომ შესდავებოდა, პალატა მის პოზიციას მაინც ვერ გაიზიარებდა, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პიგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრულია და მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
19. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
20. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კას“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1032.50 ლარიდან 72 ლარი (საგადახდო დავალება №492 / გადახდის თარიღი 21.08.2025);
3. შპს ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კას“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 960.5 ლარის (საგადახდო დავალება №492 / გადახდის თარიღი 21.08.2025) 70% - 672.35 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა