საქმე №ას-1111-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.ტ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ნი, გ.ლ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, წილის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ტ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი ი.გ–ნისა და გ.ლ–ძის მიმართ დარჩა განუხილველად, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ 2025 წლის 9 ივნისის №2ბ/2793-25 განჩინება (ელექტრონული სამართალწარმოების ნომერი №330210124010551363) არ ჩაბარებია. აპელანტის წარმომადგენლისათვის გაგზავნილ სასამართლო გზავნილს ერთვოდა მოსარჩელის მონაწილეობით მიმდინარე სხვა სამოქალაქო საქმეზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინება (საქმე №2ბ/2412-25, ელექტრონული №330210024008750933). აღნიშნული სასამართლო გზავნილის ნომრად მიეთითა მოცემული საქმის რეალური №2ბ/2793-25 და მოსარჩელის მონაწილეობით მიმდინარე სხვა საქმის ელექტრონული ნომერი 330210024008750933. ამდენად, მხარეს განჩინება შეცდომით გაეგზავნა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა აპელანტის მიმართ არ უნდა ათვლილიყო. მხარეს არ მიეცა ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
5. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება.
6. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2025 წლის 9 ივნისის №2ბ/2793-25 განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად განესაზღვრა 7 დღის ვადა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. მხარეს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
7. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია, ვინაიდან სასამართლო გზავნილს ერთვოდა არა 2025 წლის 9 ივნისის განჩინება, არამედ სააპელაციო პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინება ამავე მხარის მონაწილეობით იმავე მოსამართლის წარმოებაში არსებულ სხვა სამოქალაქო საქმეზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ. კერძო საჩივარს დაერთო სააპელაციო სასამართლოს გზავნილი, რომელზეც დასმული იყო განსახილველი საქმის ნომერი №2ბ/2793-25 და სხვა საქმის ელექტრონული ნომერი.
9. საქმეთა ელექტრონული წარმოების პროგრამით დასტურდება, რომ წინამდებარე დავის განმხილველი მოსამართლე აწარმოებს კერძო საჩივრის ავტორის მონაწილეობით მიმდინარე ორ დამოუკიდებელ საქმეს - განსახილველი საქმის ელექტრონული სამართალწარმოების ნომერია №330210124010551363 და სააღრიცხვო სტატისტიკური ნომერი №2ბ/2793-25, ხოლო მეორე საქმეს კი მიეკუთვნა №2ბ/2412-25, ელექტრონული №330210024008750933.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს კერძო საჩივრის პრეტენზია, ხარვეზის განსაზღვრის შესახებ განჩინების ნაცვლად, აპელანტს გაეგზავნა და ჩაბარდა სხვა საქმეზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინება თუ არა.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ საქმის მასალებით ხარვეზის დადგენის შესახებ სადავო განჩინების აპელანტისათვის უტყუარად ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, პალატა სადავო ჩაბარების საფუძველზე აპელანტის მიმართ ხარვეზის შევსების ვადის ათვლას გაუმართლებლად მიიჩნევს, ვინაიდან საქმის ელექტრონული წარმოების პროგრამის მიხედვით, 2025 წლის 20 ივნისის სასამართლოს გზავნილი განსახილველი დავის ელექტრონულ მასალებში არ იძებნება. იგი ატვირთულია №330210024008750933 საქმის მასალებთან ერთად. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ, შესაძლოა, მხარეს ხარვეზის განჩინების ნაცვლად, მართლაც №330210024008750933 საქმეზე მიღებული განჩინების ასლი ჩაბარებოდა.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება აპელანტისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ლეგიტიმურ მექანიზმს წარმოადგენს, თუმცა დასახელებული მიზეზით მხარისათვის სასამართლო წესით საკუთარი კანონიერი ინტერესის დაცვის უფლების ხელყოფისათვის სასამართლომ სარწმუნოდ უნდა დაადგინოს, რომ არსებობს აღნიშნული მექანიზმის გამოყენების ობიექტური წინაპირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვო გარემოება უნდა შეფასდეს მხარის სასარგებლოდ.
13. მოცემულ საქმეზე, როგორც ზემოთ უკვე მიეთითა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება უტყუარად ვერ დასტურდება, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ასეთ ვითარებაში აპელანტის უფლებებს გაუმართლებლად ზღუდავს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ტ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა