Facebook Twitter

საქმე №ას-405-2022 17 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ე.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ლ–ძე, შ.ლ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ე.ბ–მა“ (სს „ფ.ბ.ს–ოს“ უფლებამონაცვლე, შემდგომ - ბანკი, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.ლ–ძისა (შემდგომ - თავდები ან პირველი მოპასუხე) და შ.ლ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, ასევე, ერთობლივად მოხსენიებული როგორც მოპასუხეები, აპელანტები) მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების გადახდისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 28 ნოემბერს ნ.ლ–ძემ (შემდგომ - მსესხებელი) ბანკისაგან ისესხა 18 000 ლარი 28.11.2019-დან 27.01.2023-მდე. საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა წლიური 19.50%. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომლიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.0%-ია. ამასთან, საურავი ირიცხება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. სესხი უზრუნველყოფილია პირველ მოპასუხესთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 26 050 ლარით. 2020 წლის 29 იანვარს მსესხებელი გარდაიცვალა. როცა თავდები მიხვდა, რომ მსესხებლის ოჯახის წევრები არ იხდიდნენ თანხას და შესაძლებელი იყო, მზღვეველს არ დაეფინანსებინა დავალიანების დაფარვა, საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონება (საჩხერეში, .........., ს/კ ........), 2020 წლის 17 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა შვილს - მეორე მოპასუხეს. ამ ქმედებით თავდები შეეცადა, გასხვისებულ უძრავ ქონებას საფრთხე არ შექმნოდა. რეალურად, გაჩუქებულ უძრავ ქონებას დღესაც ფლობს და სარგებლობს თავდები ოჯახთან ერთად. ამდენად, ჩუქების ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

3. პირველ მოპასუხეს კი, უნდა დაეკისროს დავალიანების - 24 620,03 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა 17 366,32 ლარი, სარგებელი 6 737,39 ლარი, პირგასამტეხლო - 5 10,76 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა კი - 5,56 ლარია.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელემ თანხა უნდა მოითხოვოს მსესხებლის დანაშთი ქონებიდან. ამასთან, მოპასუხეები არ ეთანხმებიან ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ მოპასუხეს დაეკისრა 20 008.96 ლარის გადახდა (საიდანაც 17 366,32 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი - 2126,32 ლარი, პირგასამტეხლო - 510,76 ლარი, დაზღვევა 5,56 ლარი). ბათილად იქნა ცნობილი სადავო ჩუქების ხელშეკრულება. მოსარჩელეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაეკისრა 350 ლარის გადახდა პირველი მოპასუხის სასარგებლოდ; მოსარჩელეს დაეკისრა 400 ლარის გადახდა მეორე მოპასუხის სასარგებლოდ.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად არ იყო გამოყენებული მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების საგანი. უდავო იყო ისიც, რომ წარდგენილი სარჩელი ძირითადი მოვალის დანაშთი ქონების არარსებობისა და/ან ასეთი ქონების უშედეგო მოძიების, ანდა გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეთა არარსებობისა და/ან მოუძიებლობის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავდა. მეტიც, სარჩელში მოსარჩელე თავად უთითებს, რომ მან თავდებს გაფრთხილების ხელწერილებიც კი არ გაუგზავნა, ვინაიდან აშკარა იყო, ასეთ გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყვებოდა. პალატის მითითებით, ეს ფაქტები უტყუარად ადასტურებდა, რომ მოსარჩელემ თავად თქვა უარი იმ ერთადერთი მტკიცებულების მოპოვებაზე, რითაც დაადასტურებდა, თავდებმა ნამდვილად იცოდა მოსარჩელის მიმართ მსესხებლის სასესხო დავალიანების არსებობის შესახებ.

9. პალატამ განსაკუთრებულ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებასაც, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ ყველა შესაძლებლობა ამოწურა გარდაცვლილი მოვალის დანაშთი ქონების მოსაძიებლად (ასეთი უშედეგო მცდელობა დაადასტურებდა, რომ სახეზეა მოვალის (მემკვიდრეების) გადახდისუუნარობა), რომ მან მიიღო ყველა ზომა მოვალის მემკვიდრეების გასაფრთხილებლად დავალიანების არსებობის თაობაზე, და რომ მემკვიდრეთაგან დავალიანების დაფარვის მოთხოვნაზე უარი მიიღო. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 894-ე და 895-ე მუხლებზე და დაასკვნა, რომ არანაირ მცდელობას იძულებითი აღსრულებისა ძირითადი მოვალის მიმართ ადგილი არ ჰქონია.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ძირითად მსესხებელთან სასესხო ვალდებულების გაუთვალისწინებელი რისკებისგან დასაცავად გაფორმებული იყო სიცოცხლის დაზღვევის პოლისიც, რომლის მიხედვით დაზღვეული რისკია დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება. საქმეში კი, არ იყო წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მცდელობა სადაზღვევო შემთხვევის დადასტურების - დამზღვევის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მზღვეველისადმი მიმართვის თაობაზე.

11. ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ იყო წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მოპასუხეთათვის ცნობილი იყო ძირითადი მოვალის სესხზე დავალიანების არსებობისა და სწორედ პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით ჩუქების ხელშეკრულების დადების შესახებ. შესაბამისად, მოთხოვნა არც ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 463-ე, 465-ე და 899-ე მუხლები, რომელთა თანახმად, სოლიდარული თავდები ძირითად მოვალესთან ერთად არის სოლიდარული მოვალე და კრედიტორს უფლება აქვს, მოთხოვნა წარუდგინოს როგორც ყველას ერთად, ასევე - ნებისმიერ მათგანს ცალ-ცალკე და თავდებს უფლება არ აქვს, მიუთითოს ძირითადი მოვალეების მემკვიდრეების შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე. სსკ-ის 899-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია, მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე.

14. ფულადი ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით სოლიდარული თავდების მიერ შვილთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. არ გაითვალისწინა, რომ დამტკიცებულია ახლო ნათესავობისა და ერთი ოჯახის წევრობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, ქონება მოჩვენებითად გაჩუქდა ძირითადი მოვალის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში, სოლიდარული თავდების ოჯახის მიზანი იყო ქონების გადამალვა, სადავო ქონებას ფაქტობრივ ფლობს სოლიდარული თავდები (ყოფილი მესაკუთრე) და ის არის ფაქტობრივი მესაკუთრე. ამ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთი ეკისრება ჩუქების ხელშეკრულების მხარეებს და ამ შემთხვევაში არ მოქმედებს სსკ-ის 185-ე მუხლით დადგენილი შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია, რადგან ჩუქების ხელშეკრულება არის უსასყიდლო, მითუმეტეს, რომ დადებულია ერთი ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებს შორის.

15. რაც შეეხება სოლიდარული თავდების გაფრთხილებას, მოსარჩელემ მიუთითა, რომ თავდებმა ფულადი ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით, თავისი უძრავი ქონება მოჩვენებითი გარიგებით შვილს აჩუქა, ქონება გასხვისდა ძირითადი მოვალის გარდაცვალებიდან მალევე. ეს გარემოებები ცხადყოფს, რაიმე წერილობითი გაფრთხილება სრულიად ზედმეტი იყო და ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა.

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ძირითად მსესხებელთან სასესხო ვალდებულებით გაუთვალისწინებელი რისკებისაგან დასაცავად გაფორმებული იყო სიცოცხლის დაზღვევის პოლისი და მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბანკის სადაზღვევო კომპანიისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვას. მოპასუხეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არაფერია მითითებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენდა სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობის თაობაზე შესაბამის მტკიცებულებებს.

17. რაც შეეხება, საპროცენტო სარგებელის მოთხოვნას, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა აერთიანებს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნასაც. მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტები დგინდება სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით. შესაბამისად, მოპასუხეებს საპროცენტო სარგებლის სარჩელის წარმოდგენის დროისთვის დარიცხული და გრაფიკის ბოლომდე მისაღები სარგებლის გადახდა უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით, რაც საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას განაპირობებს. სესხის ხელშეკრულების 4.4 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხელშეკრულების მსესხებელის ბრალით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, სრულად გადაიხადოს საკრედიტო ციკლის ბოლომდე გათვალისწინებული სარგებელი. ამდენად, არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყევეტის შემდეგ საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებას და მისი სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 403-ე მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად), 895-ე (თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება, წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა) მუხლებს ეფუძნება.

23. პალატა იზიარებს სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, თუმცა მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარუმატებლობას სსკ-ის 895-ე მუხლის წინაპირობების არარსებობა განაპირობებს. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სოლიდარული თავდებობისას კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების გარეშეც უფლებამოსილია, უშუალოდ თავდებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (სსკ-ის 895-ე მუხლი), რა დროსაც თავდები შესრულებაზე ვალდებული პირია. სოლიდარული თავდებობის არსი სწორედ თავდების მიერ ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის ვალდებულების შესრულების თანაბარმნიშვნელოვნად კისრებაა, რა დროსაც ეს უკანასკნელი მოვალესთან ერთად წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს სსკ-ის 463-ე მუხლის გაგებით (შდრ. №ას-1214-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი, პუნქტი 22). შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას განმსაზღვრელია რა სახის თავდებობასთან გვაქვს საქმე.

24. პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, თავდები სუბსიდიარულად აგებს პასუხს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, კერძოდ, სსკ-ის 894-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი, პირველ რიგში, უნდა ეცადოს, რომ ძირითადი ვალდებულების მოვალეს აგებინოს პასუხი და შესაბამის შემთხვევაში წამოიწყოს იძულებითი აღსრულება მის წინააღმდეგ. სანამ ეს მცდელობა ამაოდ არ ჩაივლის, თავდებს აქვს ე.წ. „წინასწარ ჩივილის შესაგებელი“, თუმცა, თუკი მხარეებმა თავდებობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სუბსიდიარულობის პრინციპს სახე უცვალეს, სსკ-ის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული თავდებობით, თავდებს ერთმევა „წინასწარი ჩივილის“ შესაგებლის უფლება. ამასთან, მართალია, სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში თავდებს არ აქვს ამგვარი შესაგებელის უფლება, თუმცა სსკ-ის 895-ე მუხლით, მისი პასუხისგებისათვის მაინც აუცილებელია ალტერნატიული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, ძირითადი მოვალის მიერ ვადის გადაცილება, რომელიც სსკ-ის 400-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოიცავს მის გაფრთხილებასაც ან ამ ძირითადი მოვალის აშკარა გადახდისუუნარობას (იხ. გ.რუსიაშვილი, თავდებობის ხელშეკრულება, მისი გამიჯვნა მსგავსი ტიპის შეთანხმებებისაგან და სპეციალური ფორმები, შედარებითი სამართლის ჟურნალი, 1/2020, გვ. 15). ამდენად, სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობისთვის მხოლოდ მოთხოვნის ვადამოსულობა არ არის საკმარისი. მას თან უნდა სდევდეს მოვალის უშედეგო გაფრთხილება, ანდა მოვალის გადახდისუუნარობა აშკარა უნდა იყოს. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ძირითადი მოვალე იცვლება არა გარიგების, არამედ კანონის ძალით, მაგ., სსკ-ის 1484-ე მუხლის მიხედვით (შდრ. სსკ-ის 899.1 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეები დავალიანების არსებობის თაობაზე არ გაუფრთხილებია და არც მათი გადახდისუუნარობაზე არ მიუთითებია.

25. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია სსკ-ის 899.1 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 899.1 მუხლის დანაწესი თავდების მიერ ძირითადი მოვალის გარდაცვალებისას მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე მითითების შეუძლებლობის თაობაზე გულისხმობს, რომ თავდებს არ აქვს უფლება ძირითადი მოვალის მემკვიდრეების კუთვნილი სამკვიდროს აქტივით პასუხისმგებლობის შეზღუდვის შესაგებელი წარადგინოს. აღნიშნული იმას ნიშნავს, როდესაც ძირითადი მოვალის დანაშთი ქონება არ არის საკმარისი კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, თავდები ამ საფუძვლით შესაგებელს ვერ წარადგენს და პასუხისმგებლობისაგან ვერ გათავისუფლდება, რაც შეეწინააღმდეგებოდა თავდებობის არსსა და მიზანს (შდრ. იხ: იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, თბილისი, 2014 წ., გვ. 570). მაგრამ განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით ნორმა არარელევანტურია, რამდენადაც მოპასუხეს სსკ-ის 899.1 მუხლის მეორე წინადადებით გათვალისწინებული მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი არ წარუდგენია და ვალდებულებისაგან გათავისუფლება ამ საფუძვლით არ მოუთხოვია. არც მემკვიდრეთა ქონების ვალის დაფარვისათვის საკმარისობა არ გამხდარა განსახილველი დავის მსჯელობის საგანი.

26. რაკი არ დადგინდა პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების წინაპირობები, საფუძველი გამოეცალა ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითობის საფუძვლით (სსკ-ის 56.1 მუხლი) ბათილად ცნობისა და სადავო ქონების პირველი მოპასუხის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნას.

27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-1763-2018, 30.04.2020 წ.; №ას-850-794-2017, 2.07.2019წ.; №ას-287-287-2018, 5.09.2018 წ.; №ას-956-2021, 23.03.2022წ., პუნქტი 21).

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 1531 ლარის 70% – 1071.7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ე.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს „ე.ბ–ს“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1531 ლარის (საგადასახადო დავალება №4410962, გადახდის თარიღი 01.04.2022), 70% - 1071.7 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე