საქმე №ას-1007-2020 25 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.გ–ევი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ.თ–ა, რ.თ–(მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.გ–ევმა (შემდგომ - კრედიტორი, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თ–ასა (შემდგომ - მსესხებელი, პირველი მოპასუხე, აპელანტი) და რ.თ–ას (შემდეგ - მესაკუთრე, მეორე მოპასუხე, აპელანტი) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის განმარტებით, მასა და პირველ მოპასუხეს შორის 2014 წლის 29 აპრილს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა ისესხა 21000 აშშ დოლარი 3%-იანი სარგებლის დარიცხვით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება. მსესხებელმა სრულად გადაიხადა პროცენტი, თუმცა ძირითადი თანხა არ დაუფარავს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნით 2016 წლის 15 ივნისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელ ვალდებულებად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 21000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,2%-ით გადაწყვეტილების აღსრულებამდე და სანოტარო საზღაური - 120 ლარით. დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
3. 2017 წლის 25 ივლისს პირველი მოპასუხის სახელით მოსარჩელის ანგარიშზე 36000 ლარი ჩარიცხა მსესხებლის შვილმა ი.ჟ–ამ, ხოლო 26 ივლისს შეთანხმდა მოსარჩელესთან ამ თანხის შემდეგნაირ განაწილებაზე: 1285,87 ლარი იყო აღსრულების ბიუროს ხარჯი, 9067,01 ლარი - 6 თვის სარგებელი, ხოლო დანარჩენი 25647,12 ლარით მცირდებოდა ძირითადი ვალი.
4. 2017 წლის 26 ივლისს მოსარჩელემ მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. მოთხოვნა მოსარჩელემ გაუცნობიერებლად დააყენა ქართული ენის უცოდინრობისა და სააღსრულებო წარმოებაში გამოუცდელობის გამო. სინამდვილეში მას წარმოების შეჩერება სურდა. დარჩენილი თანხა მსესხებელს აღარ დაუბრუნებია, სააღსრულებო ბიურომ კი წარმოება აღარ განაახლა.
5. გადახდის დროისთვის მოვალის მიერ ჩარიცხული თანხიდან 25647,12 ლარი იყო 10 692 აშშ დოლარის ეკვივალენტი, რომლითაც შემცირდა ძირითადი თანხა და გადასახდელი დარჩა 10 300 აშშ დოლარი. გარდა ამისა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 6 იანვრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირებული პირგასამტეხლო 0,1%, რაც 11 130 აშშ დოლარია.
მოპასუხის შესაგებელი
6. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სააღსრულებო წარმოება შეწყდა მხარეთა შეთანხმებით, რაც განპირობებული იყო თანხის გადახდით. მოსარჩელე დაჰპირდა მოვალეს, რომ თანხის ჩარიცხვისთანავე გამოიტანდა სააღსრულებო ბიუროდან განცხადებას და მოხსნიდა იპოთეკას. დაპირების მიუხედავად, იპოთეკა მას არ გაუუქმებია. გარდა ამისა, არ შეესაბამება სინამდვილეს მოსარჩელის განმარტება, რომ მან ქართული ენა არ იცის, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ქართული ენა, მითუმეტეს სიტყვებს: „შეწყვეტასა“ და „შეჩერებას“ შორის სხვაობაა. გარდა ამისა, სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ განცხადებაში მოსარჩელეს უწერია, რომ მოვალის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით - სარჩელი მოპასუხეების მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მსესხებელს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 6009 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 3131 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელეს უარი ეთქვა სესხის ძირითადი თანხის - 4291 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 7999 აშშ დოლარის მსესხებლისათვის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე; დავალიანების (6009 აშშ დოლარისა და 3131 აშშ დოლარის) დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკის საგანი, მდებარე თბილისში, ........... მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...........
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, უდავო ფაქტობრივი გარემოება იყო, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ და რომელიც, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ითვალისწინებდა ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის მიღების შესაძლებლობას. უდავო იყო ისიც, რომ დაირღვა სესხის ხელშეკრულება; კრედიტორმა ნოტარიუსისგან მოიპოვა სააღსრულებო ფურცელი; სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება; თავად კრედიტორმა აირჩია აღსრულება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და მოწინააღმდეგე მხარეს სადავო არ გაუხდია აღსრულების ფურცელი. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე, 2017 წლის 26 ივლისს, კრედიტორმა სააღსრულებო ბიუროში წარადგინა განცხადება შემდეგი შინაარსით: „გთხოვთ, შეწყვიტოთ სააღსრულებო წარმოება. მოვალესთან და აღსრულებასთან პრეტენზია არ გამაჩნია“. აღნიშნული განცხადების საფუძველზე წარმოება შეწყდა.
11. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე და განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოება არის სამოქალაქო უფლებების დაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი, უფლებათა რეალიზაციის დამამთავრებელი ეტაპი. თუ სააღსრულებო წარმოება შეწყდა კრედიტორის მოთხოვნით, ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლების რეალიზაცია განხორციელდა და დასრულდა. აღსრულების შეწყვეტას აქვს მისი კანონით დადგენილი საფუძვლები. აღსრულების შეწყვეტა ნიშნავს, რომ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებით წარმოშობილი ვალდებულების გადახდევინების მიზნით გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე დასრულდა აღსრულება. ასეთი აქტის მიღებით წარმოიშობა ვალდებულების შესრულების პრეიუდიციული ძალის მქონე აქტი. პრეიუდიცია შეიძლება შეიცვალოს თუ ადმინისტრაციული აქტი გაუქმდება. სხვა შემთხვევაში იგულისხმება, რომ ვალდებულება შესრულებულია. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, თუნდაც უკანონო, იწვევს სამართლებრივ შედეგებს, თუ ის არ გასაჩივრებულა და არ გაუქმებულა. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ გასაჩივრებულა და არ გაუქმებულა. ამდენად, არ დგინდებოდა მისი უკანონობა, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ არსებობდა, შეწყვეტილი იყო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. კასატორის მტკიცებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ რაკი მხარემ თავად შეწყვიტა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შედეგად დაწყებული სააღსრულებო წარმოება, მხარეს უნდა შეეზღუდოს სასამართლოსათვის მიმართვისა და დარღვეული უფლების დაცვის შესაძლებლობა. არ არსებობს საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში პირს უკრძალავს უფლების სასამართლო წესით დაცვას.
14. პალატის მითითებით, მოსარჩელეს უნდა გაესაჩივრებინა აღსრულების შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი. აქტი არ გასაჩივრებულა, რადგან მოსარჩელე მხოლოდ მაშინ მიხვდა თავისი ქმედების უსწორობას, როდესაც გასაჩივრების ვადა გასული იყო. ამასთან, იგი იმედოვნებდა, რომ მოპასუხე კეთილსინდისიერად შეასრულებდა შეთანხმებას და დაფარავდა ვალს. ვალის პატიებაზე საუბარი უსაფუძვლოა, რადგან კრედიტორის სასარგებლოდ დატვირთული რჩებოდა უძრავი ქონება. კრედიტორი კი იმედოვნებდა, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მას ექნებოდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. კრედიტორი რომ ვალის პატიებას არ ისახავდა მიზნად, ადასტურებს მისი ქმედებები. ალოგიკურია ეს ქმედება იძულებითი აღსრულების ეტაპზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სესხის თანხისა და პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე, იპოთეკის საგნის რეალიზაცია დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით. ამ მოთხოვნების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლები.
18. მოპასუხეთა შესაგებლის მიხედვით, ვალდებულება წარმოიშვა, თუმცა შეწყვეტილია, რადგან მხარეები შეთანხმდნენ თანხის ნაწილის გადახდის შედეგად მოსარჩელე შეწყვეტდა იძულებით წარმოებას და უძრა ქონებას იპოთეკას მოხსნიდა. მსესხებელმა თანხა გადაიხადა, რის შემდეგაც მოსარჩელემ შეწყვიტა იძულებითი სააღსრულებო წარმოება და წერილობით დააფიქსირა, რომ მოვალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა. ამდენად, მოპასუხე ვალდებულების შემწყვეტი შესაგებლით ვალის პატიებაზე მიუთითებს.
19. პალატა იზიარებს მოპასუხეთა შესაგებელს ვალის პატიების თაობაზე და მიუთთებს სსკ-ის 448-ე მუხლზე (ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას), რომლის თანახმადაც ვალის პატიება შეთანხმებაა, შესაბამისად, კრედიტორმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს ვალის პატიების თაობაზე ნება და მეორე მხარე დაეთანხმოს მას. ამასთან, ვალის პატიება ფორმათავისუფალი ხელშეკრულებაა, შესაბამისად, შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებითაც დაიდოს. მთავარია, რომ ვალი ეპატიოს არაორაზროვანი ქმედებით, კერძოდ, ვალის პატიების შესახებ შეთავაზება კრედიტორის მხრიდან აშკარად ერთაზროვნად აღქმადი იყოს (შდრ. სუსგ №ას-851-809-2013, 10 თებერვალი, 2014 წელი; ასევე - იხ. გიორგი სვანაძე, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი III, ჭანტურია (რედ), 2019, მუხლი 448-ე).
20. დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება შეწყდა კასატორის (კრედიტორის) განცხადებისა საფუძველზე, რაც ფორმულირებულია შემდეგი სახით: „გთხოვთ, შეწყვიტოთ სააღსრულებო წარმოება. მოვალესთან და აღსრულებასთან პრეტენზია არ გამაჩნია“.
21. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ კრედიტორმა მოითხოვა მიმდინარე სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა, ნათლად და არაორაზროვნად წერილობით დააფიქსირა, რომ მოვალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა. ამასთან, ეს ცალსახა ნების გამოვლენა დადასტურებული იყო თანამდევი გარემოებით - იძულებითი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტით. ობიექტური დამკვირვებელი ამ მოცემულობიდან დაასკვნიდა, რომ მას ვალი ეპატია. ამასთან, მართალია, მოვალე სხვადასხვა საფუძვლითა და მოტივებით (მაგალითად, თუკი ვალის პატიება მის ღირსებას ლახავს) შესაძლოა, არ იყოს თანახმა, მიიღოს ვალის პატიების შესახებ კრედიტორის წინადადება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ მოვალე არ იყო წინააღმდეგი ვალის პატიების, მან ნება მიიღო ნების გადამტანის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით და კონკლუდენტურად დაეთანხმა ვალის პატიებას.
22. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, რომ რეალურად წარმოების შეწყვეტის ნაცვლად წარმოების შეჩერება სურდა და შეცდომით დაწერა ქართული ენის კარგად არცოდნის გამო, პალატა არადამაჯერებლად მიიჩნევს. კრედიტორმა პირდაპირ მიუთითა, რომ მოვალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა. ასეც რომ არ იყოს, შეცდომა, განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივ სურათს ვერ ცვლის, რამდენადაც ეს იმგვარი შეცდომაა, რომელსაც კანონმდებელი საპატიოდ არ მიიჩნევს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც სააღსრულებო წარმოება სახელმწიფო ენაზე - ქართულად მიმდინარეობს, მხარემ თავად დაწერა განცხადება, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მან სააღსრულებო ბიუროში განცხადების დაწერისას განაცხადა პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით, საკუთარი ნების გამოვლენისას არსად მიუთითებია ქართული ენის არასათანადოდ ფლობისა თუ თარჯიმნის დახმარების შესახებ, შესაბამისად, იგი სახელმწიფო ენის არცოდნას ვერ დაეყრდნობა და შეცდომა საპატიოდ ვერ მიიჩნევა.
23. დაუსაბუთებელია კასატორის მტკიცება, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალის პატიება გამორიცხულია, რადგან ალოგიკურია კრედიტორმა იძულებითი აღსრულების ეტაპზე აპატიოს ვალი მოვალეს. პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ვალის პატიების თაობაზე შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, რომელმაც ეს გარემოება სსსკ-ის 102-ე-103-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი მტკიცებულება - კრედიტორის წერილი ვალის პატიების თაობაზე წარდგენილია. ამასთან, თუ კრედიტორი სადავოს გახდის ვალის პატიებას იმ მოტივით, რომ მას რაიმე შეეშალა ან ტექნიკური მიზეზის გამო მისი რეალური ნების გამოვლენის საპირისპირო შედეგი მიიღო, მაშინ მტკიცების ტვირთი უკვე გადადის უშუალოდ კრედიტორზე და მან უნდა ამტკიცოს, რომ ვალის პატიებაზე შეთანხმება არ არსებობს (შდრ. გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია, (რედ), 2019, მუხლი 448). ამგვარი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომ მას არ სურდა ვალის პატიება, ვალდებულების შეწყვეტას ვერ გამორიცხავს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება.
24. ვალის პატიების გზით შეწყვეტილი ვალდებულება, როგორც სამართლებრივი შედეგი, შეუქცევადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარუმატებლობას ვალის პატიების გზით ვალდებულების შეწყვეტა განაპირობებს.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.გ–ევის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე