Facebook Twitter

№ას-1050-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს.ჯ–ის“(შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 3515 ლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 703 ლარის ანაზღაურება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით შსს სსდ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

6.1. 2023 წლის 09 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და შპს „ს.ჯ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N213.

6.2. აღნიშული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია: ზღვაზე მაშველებისთვის სანაპიროზე სასიარულო ფეხსაცმლის შესყიდვა. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 37000 ლარს. რომელიც მოიცავს როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

6.3. ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 45 კალენდარული დღის განმავლობაში, მიწოდება განხორციელდება ერთ ეტაპად.

6.4. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები. კერძოდ ხელშეკრულების 8.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

6.5. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.25%-ის ოდენობით.

6.6. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

6.7. შპს „ს.ჯ–ს“ 2023 წლის 09 მარტს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ჩაბარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ზომების და რაოდენობის შესახებ.

6.8. 2023 წლის 01 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიიღო 09-03.2023 წლის N213 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 37 000 ლარის ღირებულების საქონელი. მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად 2023 წლის 25 აპრილიდან 2023 წლის 01 ივნისის ჩათვლით.

6.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება მასზედ, რომ მართალია მოპასუხემ ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 3515 ლარი, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.10. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლოს გამო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

6.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მიიჩნია, რომ მართალია მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. ხოლო, მოპასუხის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი სადავო არ გამხდარა.

6.12. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ მოპასუხემ შეძლო პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობების არსებობის დადასტურება, ხოლო აპელანტმა მხარემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულობა და მისი შემცირების არამართლზომიერება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, არ გაითვალისწინა პირგასამტეხლოს დანიშნულება და უხეშად ჩაერია სამოქალაქო სამართალში არსებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში. ამასთან, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ.

8.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს შემცირებას ითხოვდა სამეწარმეო სუბიექტი, რომელიც არ წარმოადგენს სუსტ მხარეს და რომელიც გაცნობიერებულად დასთანხმდა კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდას. ასევე მხედველობის მიღმა იქნა დატოვებული ის მნიშვნელოვანი ფუნქცია-მოვალეობები, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აკისრია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია ამავე განჩინებაში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ. კასატორი სადავოდ ხდის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, საკასაციო პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. ამ მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი). ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის სათანადო კვალიფიკაციის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს.

17. საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ შედავებას გაიზიარებს, რომ მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაუსაბუთებლად შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1511-2018, 26.03.2019 წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ საქმეზე Nას-186-2021, 25.03.2021 წ.).

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის შესაგებელში გამოთქმულ შედავებას მასზედ, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა პროცენტთან მიმართებით უსაფუძვლო, არაპროპორციული და შეუსაბამოდ დიდია. ამასთან, პალატა ითვალისწინებს, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებსა და დანიშნულებას, ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შესრულების ვადაგადაცილებით მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანი და საბოლოო ჯამში, მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

20. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

22. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.

23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი