Facebook Twitter

№ას-844-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორები – ე.ი–ი, ნ.ი–ი, ა.ი–ი (მოსარჩელე ნ.ლ–ვას უფლებამონაცვლეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირები – ი.ლ–ვა, შ.კ–ვა, ბ.მ–ი, ბ.მ–ი, ბ.მ–ი, ი.მ–ი, თ.ა–ი, რ.ზ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.მ–მა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) და ნ.ლ–ვამ (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, კასატორი), სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს:

1.1. ა.თ. ძე პ–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გაურკვეველი წილის, მდებარე ქ. თბილისი, ..........., შენობა №8, საკადასტრო კოდით .......... უმკვიდროდ ცნობა.

1.2. ა.თ. ძე პ–ის უმკვიდრო გაურკვეველი წილის (უძრავი ქონებიდან მდებარე: ქ. თბილისი, ........, შენობა №8, საკადასტრო კოდით ......) ნ.ლ–ვასათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა და მესაკუთრედ ცნობა.

1.3. მ.ი. ასული პ–ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების გაურკვეველი წილის, მდებარე, ქ. თბილისი, ..........., შენობა №4, საკადასტრო კოდით .........., უმკვიდროდ ცნობა.

1.4. მ.ი. ასული პ–ას უმკვიდრო გაურკვეველი წილის (უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. თბილისი; ............, შენობა №4, საკადასტრო კოდით ..........) ქ.მ–ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა და მესაკუთრედ ცნობა.

1.5. დ.მ. ასული პ–ოს სახელზე რიცხული უძრავი ქონების გაურკვეველი წილის, მდებარე ქ. თბილისი, .........., შენობა №4, საკადასტრო კოდით .........., უმკვიდროდ ცნობა.

1.6. დ.მ. ასული პ–ოს უმკვიდრო გაურკვეველი წილის (უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი; ........., შენობა №4, საკადასტრო კოდით ..........) ქ.მ–ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა და მესაკუთრედ ცნობა.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის საოქმო განჩინებით მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში ჩაბმულ იქნენ ბ.მ–ი, ბ.მ–ი, ბ.ა–ი, ბ.მ–ი, თ.ა–ი და რ.ზ–ი. მესამე პირებად მოპასუხის მხარეს საქმეში ჩაბმულ იქნა ი.ლ–ვა და შ.კ–ვა. ამავე საოქმო განჩინებით ნ.ლ–ვას შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმეზე ნ.ლ–ვას სარჩელი მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, იმ ნაწილში, რომლითაც ნ.ლ–ვა მოითხოვდა გ.მ. ძე ს–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გაურკვეველი წილის, მდებარე ქ. თბილისი, ........... შენობა №10, საკადასტრო კოდით .......... უმკვიდროდ ცნობასა და აღნიშნული ქონების ნ.ლ–ვასათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასა და მესაკუთრედ ცნობას, დარჩა განუხილველი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უმკვიდროდ იქნა ცნობილი მ.ი. ასული პ–ას სახელზე რიცხული წილი გაურკვეველი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ......... შენობა №4-ში, საკადასტრო კოდით ........; აღნიშნული უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა და მის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქ.მ–ი. უმკვიდროდ იქნა ცნობილი დ.მ. ასული პ–ოს სახელზე რიცხული წილი გაურკვეველი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, .......... შენობა №4-ში, საკადასტრო კოდით ..........; აღნიშნული უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა და მის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქ.მ–ი. ნ.ლ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ლ–ვამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ.მ–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში მესამე პირებად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნენ ი.ლ–ვა და შ.კ–ვა.

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 თებერვლის განჩინებით ნ.ლ–ვას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები: ნ.ი–ი, ა.ი–ი და ე.ი–ი.

7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ.ლ–ვას უფლებამონაცვლეების: ე.ი–ის, ნ.ი–ისა და ა.ი–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. 2017 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით, უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........, დაზუსტებული ფართობი 726 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1-დან N10-ის ჩათვლით, საკადასტრო კოდი ..........., საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ბ.მ–ის, ბ.მ–ის, ბ.ა–ის, ბ.მ–ის, თ.ა–ის, რ.ზ–ის და სახელმწიფოს საკუთრების უფლებით. უძრავ ნივთს ასევე გააჩნია თანამესაკუთრეები.

8.2. 2018 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი თბილისი, ..........., დაზუსტებული ფართობი 726 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1-დან N10-ის ჩათვლით, საკადასტრო კოდი ........., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ბ.მ–ის, ბ.მ–ის, ი.მ–ის, ბ.მ–ის, თ.ა–ის, რ.ზ–ის და სახელმწიფოს საკუთრების უფლებით. მათ შორის: ბ.მ–ის საკუთრების უფლება არის - ლიტ. „ა“, „ვ“ და „ბ“-დან წილი გაურკვეველიდან ქ.მ–ის კუთვნილი წილის ½ ნაწილი; ბ.მ–ის საკუთრების უფლება არის - ლიტ. „ა“, „ვ“ და „ბ“-დან წილი გაურკვეველია; რ.ზ–ის საკუთრების უფლება არის 48.65 კვ. მეტრი ფართი, 56.37 კვ. მეტრი ფართი და სარდაფი 9.42 კვ. მეტრი; ბ.მ–ის საკუთრების უფლება არის - ლიტ. „ა“, „ვ’’ და „ბ“-დან წილი გაურკვეველიდან ქ.მ–ის კუთვნილი წილის ½ ნაწილი; ი.მ–ის და თ.ა–ის საკუთრების უფლება არის - ლიტ. „ა“, „ვ“ და „ბ“-დან წილი გაურკვეველია. უძრავ ნივთს ასევე გააჩნია თანამესაკუთრეები.

8.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა- დახასიათების შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .........., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ლიტერი „ა-ვ-ბ“-დან გაურკვეველი წილი აღრიცხულია მ. პ–ას სახელზე.

8.4. მ. პ–ას გარდაცვალების თარიღი არის 2016 წლის 18 მაისი.

8.5. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს გაცემული №16/12706 ცნობის შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2016 წლის 18 მაისს გარდაცვლილი მ. პ–ას სამკვიდრო ქონებაზე.

8.6. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს გაცემული №16/12734 ცნობის შესაბამისად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი მ.ი. ასული პ–ას სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

8.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა- დახასიათების შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .........., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ლიტერი „ა-ვ-ბ“-დან გაურკვეველი წილი აღრიცხულია დ. პ–ოს სახელზე.

8.8. დ. პ–ოს გარდაცვალების თარიღი არის 2016 წლის 18 მაისი.

8.9. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს გაცემული №16/12729 ცნობის შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2016 წლის 18 მაისს გარდაცვლილი დ.მ. ასული პ–ოს სამკვიდრო ქონებაზე.

8.10. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს გაცემული №16/12726 ცნობის შესაბამისად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი დ.მ. ასული პ–ოს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

8.11. ქ.მ–ი 1969 წლის 22 ივლისიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ..........

8.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ........., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ლიტერი „ა-ვ-ბ“-დან გაურკვეველი წილი აღრიცხულია ა. პ–ის სახელზე.

8.13. ა. პ–ის გარდაიცვალების თარიღი არის 2016 წლის 18 მაისი.

8.14. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 29 მაისს გაცემული №16/7465 ცნობის შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2016 წლის 18 მაისს გარდაცვლილი ა. პ–ის სამკვიდრო ქონებაზე.

8.15. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 29 მაისს გაცემული №16/7466 ცნობის შესაბამისად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ა.თ. ძე პ–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

8.16. ნ.ლ–ვა 1969 წლის 19 მაისიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, .......

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

8.17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

8.18. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

8.19. იმ გარემოების შესაფასებლად მოსარჩელე ქ.მ–ი, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, იყო თუ არა სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. მიიჩნია, რომ ვინაიდან, დასტურდებოდა ქ.მ–ის 1969 წლის 22 ივლისიდან სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ასევე 2007, 2012, და 2008-2018 წლებით დათარიღებული გადახდის ქვითრებით დასტურდებოდა, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ........., აბონენტად რეგისტრირებულია მ–ი, .......... №15-ში უძრავი ქონების ფლობის ფაქტს პალატის მოსაზრებით, ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის შესაბამისად 2018 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, ქ.მ–ის კუთვნილი წილიდან უძრავი ნივთი მიღებული აქვთ ბ.მ–ს და ბ.მ–ს. დადგენილი იყო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, .......... ქუჩა №15, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ლიტერი „ა-ვ-ბ“-დან გაურკვეველი წილი აღრიცხულია მ. პ–ას სახელზე. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......... ქუჩა №15, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ლიტერი „ა-ვ-ბ“-დან გაურკვეველი წილი აღრიცხულია დ. პ–ოს სახელზე. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობებით დასტურდებოდა, რომ მ. პ–ას და დ. პ–ოს გარდაცვალების თარიღი არის 2016 წლის 18 მაისი. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია მ. პ–ას და დ. პ–ოს სამკვიდრო ქონებაზე და მათი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

8.20. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელე ქ.მ–ი არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსის მქონე პირი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უძრავი ნივთის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ........ ქუჩა №15, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ლიტერი „ა-ვ-ბ“-დან გაურკვეველი წილი აღრიცხული მ. პ–ას და დ. პ–ოს სახელზე) უმკვიდროდ ცნობა მართებული იყო.

8.21. რაც შეეხება ნ.ლ–ვას სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღნიშნული მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ გარდა რეგისტრაციის შესახებ მტკიცებულებისა, მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2016 წლის 18 ივლისის მდგომარეობით ნ.ლ–ვა ფაქტობრივად ფლობდა ტექაღრიცხვის ბიუროში ა. პ–ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სადგომს. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრები, საგადასახადო უწყებები და სადაზღვევო ბარათები დათარიღებული იყო 1988 -1994 წლებით, რაც არ ადასტურებდა 2016 წლის 18 ივლისის მდგომარეობით ნ.ლ–ვას მიერ საცხოვრებელ სადგომის ფაქტობრივად ფლობის ფაქტს, ხოლო რაც შეეხება 2005, 2008, 2013-2014 წლებით დათარიღებულ ქვითრებს, მათში გადამხდელი მითითებული არ იყო და აღნიშნული მტკიცებულებებით მხოლოდ აბონენტის ვინაობა დგინდებოდა.

8.22. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით N2ბ/1820-19 სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი საკითხები: საქმის მასალებში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.07.2011 წლის საინჟინრო-სასაქონლო დასკვნაში გამოკვლეული საცხოვრებელი სადგომი (შენობა) ფართით 32.85 კვ.მ. (მდებარე: ქ. თბილისში, ........... ქ. #15-ში) წარმოადგენს თუ არა ამავე მისამართზე მდებარე ა.თ. ძე პ–ის და გ.მ. ძე ს–ის წილების გაერთიანების შედეგად მიღებულ სადგომს საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და ადგილზე სხვა თანამესაკუთრეთა (მფლობელების) წილების (დაკავებული ფართების) გათვალისწინებით; დადებითი პასუხის შემთხვევაში, ექსპერტიზის მიერ განისაზღვროს მითითებულ ფართში (32.85 კვ.მ.) ა.თ. ძე პ–ის წილის შესაბამისი ფართის ოდენობა; უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ექსპერტიზის მიერ განისაზღვროს მოცემულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის (შენობა #8 და შენობა #10) საერთო ფართი და ა.თ. ძე პ–ის წილის შესაბამისი ფართობი და მისი მდებარეობა, შესაბამისი ნახაზის წარმოდგენით. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2024 წლის 17 ივნისს, დავალება დაბრუნდა შეუსრულებელი იმ საფუძვლით, რომ მხარეებმა არ დადეს საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომაზე აპელანტების: ე.ი–ის, ნ.ი–ის, ა.ი–ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოცემულ საკითხზე ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია, ვინაიდან სადავო წილი არის გაურკვეველი, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს შემდგომი რეაგირება არ მისცემია. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაშიც კი არ გამოცხადდებიან ხელშეკრულების დასადებად.

8.23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ვერ იდენტიფიცირდებოდა მოცემული დავის ფარგლებში სადავო სადგომი, საფუძველი ეცლებოდა ფაქტობრივად დაუდგენელ სადგომზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობას. აღნიშნული კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 05 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ე.ი–მა, ნ.ი–მა და ა.ი–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი დაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

10. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). მოცემულ შემთხვევაში, 1969 წელს შინაურული ხელწერილით ნ.ლ–ვამ შეიძინა მესაკუთრეებისგან/მოსარგებლეებისგან ა.თ. ძე პ–ისაგან და გ.მ. ძე ს–ისაგან საცხოვრებელი ფართი, რომლის წილიც გაურკვეველია. ორივე მესაკუთრის საცხოვრებელი სადგომი მდებარეობდა ერთმანეთის გვერდით და ნ.ლ–ვამ გააერთიანა იგი. კასატორი აღნიშნავს, რომ ორივე საცხოვრებელ სადგომს ჰქონდა საერთო მრიცხველი.

10.2. კასატორების მოსაზრებით, ვინაიდან, სადავო მისამართზე არსებული უძრავი ქონების ყველა თანამესაკუთრის წილი გაურკვეველია, საჭიროა გაურკვეველი წილების რეგისტრაცია და შემდგომ ყველა თანამესაკუთრის ფართის აზომვა და იდენტიფიცირება საკადასტრო გეგმაზე ფაქტობრივი სარგებლობით და ამხანაგობის კრების 100%-იანი კრების ოქმით.

10.3. საკასაციო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ნ.ლ–ვა ფაქტობრივად ფლობს ა. პ–ის სახელზე აღნიცხული უძრავი ნივთის გაურკვეველ წილს.

10.4. კასატორები შუამდგომლობენ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზე.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, ნ.ლ–ვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. კასატორები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა კანონიერია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა მისი დაკმაყოფილების საფუძველს.

18. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე იმსჯელებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას ,,საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის (შემდგომში: სპეციალური კანონი) შესაბამისად.

19. სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 „თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი); ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება“ პუნქტები.

20. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე; მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებული; არც კანონით და არც ანდერძით მემეკვიდრეები არ უნდა არსებობდნენ.

21. სპეციალური კანონიდან გამომდინარე, პირისათვის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის სტატუსის მინიჭების ცნობის თაობაზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა. სპეციალური კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

22. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში ,,მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო განსახილველი ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ტერმინი „რეგისტრაცია“ განიმარტება, როგორც „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით რეგისტრაცია (ჩაწერა) საცხოვრებელ ფართობში. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე - მათ უფლებამონაცვლეებზე.

23. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

24. განსახილველ შემთხვევაში, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2011 წლის 22 დეკემბრის საინფორმაციო ბარათით დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ ნ.ლ–ვა 1969 წლის 19 მაისიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, .......... №15. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კასატორი მხარის მოსარგებლეობასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ 2016 წლის 18 ივლისის მდგომარეობით ნ.ლ–ვა ფაქტობრივად ფლობდა ტექაღრიცხვის ბიუროში ა. პ–ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სადგომს. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრები, საგადასახადო უწყებები და სადაზღვეო ბარათები დათარიღებულია 1988 -1994 წლებით, რაც ვერ დაადასტურებს 2016 წლის 18 ივლისის მდგომარეობით ნ.ლ–ვას მიერ საცხოვრებელ სადგომის ფაქტობრივად ფლობის ფაქტს. რაც შეეხება 2005, 2008, 2013-2014 წლებით დათარიღებულ ქვითრებს მათში გადამხდელი მითითებული არ არის და აღნიშნული მტკიცებულებებით მხოლოდ აბონენტის ვინაობა დგინდება (ნ.ო. ლ–ვა). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება მასზედ, რომ თავდაპირველად აღძრული სარჩელით ნ.ლ–ვა ასევე ითხოვდა .......... ქუჩა №15-ში შენობა №10-ის უმკვიდროდ ცნობას და საკუთრებაში გადაცემას, როგორც გ.მ. ძე ს–ისაგან გარიგებით მიღებულ საცხოვრებელს სადგომს. ამასთან აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზეც რომ მოსარჩელე იხდიდა გადასახადებს, ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 1989 წლით დათარიღებული დაზღვევის ბარათი და სადაზღვეო მოწმობა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ნ.ლ–ვა ფაქტობრივად ფლობდა ა. პ–ის სახელზე აღრიცხულ უძრავ ნივთს.

25. მოსარჩელის განმარტებით, მან (ნ.ლ–ვამ), 1969 წელს შინაურული ხელწერილით შეიძინა მესაკუთრეებისაგან/მოსარგებლეებისგან ა.თ. ძე პ–ისაგან და გ.მ. ძე ს–ისაგან საცხოვრებელი ფართი 32,85 კვ.მ. მდებარე: ქ.თბილისი ......... ქ. N15-ში, რომელთა წილი გაურკვეველია და შესაბამისად, ორივე მესაკუთრის ქონება მდებარეობდა ერთმანეთის გვერდით და ნ.ლ–ვამ გააერთიანა ორივე მესაკუთრის საცხოვრებელი სადგომი, რის შედეგად, ორი საცხოვრებელი ფართი გაერთიანების შედეგად გახდა ერთი დიდი ოთახი 18,88 კვ.მ., მეორე ოთახი 9,79 კვ.მ., სამზარეულო 4,18 კვ.მ. და საზაფხულო ფართი ღია აივანი 9,11 კვ.მ. ამიტომ ორივე მესაკუთრისაგან ნაყიდ საცხოვრებელ სადგომს ჰქონდა ერთი მრიცხველი, ხოლო მეორე მრიცხველი ნ.ლ–ვას არ დაუყენებია, რადგან ორივე საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე იყო მხოლოდ ნ.ლ–ვა. მითითებული გარემოებებისა და ნ.ლ–ვას განსახილველი დავის ფარგლებში მოსარგებლედ მიჩნევის საკითხის გამოკვლევის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით N2ბ/1820-19 სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი საკითხები: საქმის მასალებში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.07.2011 წლის საინჟინრო-სასაქონლო დასკვნაში გამოკვლეული საცხოვრებელი სადგომი (შენობა) ფართით 32,85 კვ.მ. (მდებარე: ქ. თბილისში, .......... ქ. #15-ში) წარმოადგენს თუ არა ამავე მისამართზე მდებარე ა.თ. ძე პ–ის და გ.მ. ძე ს–ის წილების გაერთიანების შედეგად მიღებულ სადგომს საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და ადგილზე სხვა თანამესაკუთრეთა (მფლობელების) წილების (დაკავებული ფართების) გათვალისწინებით; დადებითი პასუხის შემთხვევაში, ექსპერტიზის მიერ განისაზღვროს მითითებულ ფართში (32.85 კვ.მ.) ა.თ. ძე პ–ის წილის შესაბამისი ფართის ოდენობა; უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ექსპერტიზის მიერ განისაზღვროს მოცემულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის (შენობა #8 და შენობა #10) საერთო ფართი და ა.თ. ძე პ–ის წილის შესაბამისი ფართობი და მისი მდებარეობა, შესაბამისი ნახაზის წარმოდგენით.

26. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2024 წლის 17 ივნისს, დავალება დაბრუნდა შეუსრულებელი იმ საფუძვლით, რომ მხარეებმა არ დადეს საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომაზე აპელანტების: ე.ი–ის, ნ.ი–ის, ა.ი–ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოცემულ საკითხზე ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია, ვინაიდან სადავო წილი არის გაურკვეველი, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს შემდგომი რეაგირება არ მისცემია. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაშიც კი არ გამოცხადდებიან ხელშეკრულების დასადებად. (იხ. 2025 წლის 5 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, 12:39:23-12:40:37 სთ.). შესაბამისად, მოცემული საქმის ფარგლებში ვერ დადგინდა ვერ განხორციელდა იმ სადგომის (ფართის) იდენტიფიცირება, რომელზედაც მესაკუთრედ ცნობას ითხოვდა ნ.ლ–ვა, ვინაიდან მოცემული დავის ფარგლებში ვერ დადგინდა თუ კონკრეტულად რამდენი იყო ა.თ. ძე პ–ის წილი სადავო სადგომიდან. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, მოცემული დავის ფარგლებში საფუძველს აცლის ფაქტობრივად დაუდგენელ სადგომზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს სადავო საკითხებთან მიმართებით. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, ხოლო კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ დაუპირისპირებია იმ გარემოების მიმართ, რომ მოსარჩელემ (ნ.ლ–ვამ) ზემოხსენებული სპეციალური კანონით გათვალისწინებული „მოსარგებლის“ სტატუსი ვერ დაადასტურა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში არსებულის მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მითითებულმა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სპეციალური კანონით გათვალისწინებული დროის გამოავლობაში კეთილსინდისიერად ფლობდა სადავო ფართს და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.

28. რაც შეეხება კასატორების შუამდგომლობას, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საკანონმდებლო დანაწესებს არ ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას საქმის სრულყოფილი და ობიექტური განხილვისათვის არ არის საჭირო ზეპირი მოსმენა, რადგან საქმის მასალები იძლეოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება არ არსებობს.

29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ი–ის, ნ.ი–ისა და ა.ი–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ე.ი–ის, ნ.ი–ისა და ა.ი–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი