Facebook Twitter

საქმე №ა-5201-გან-12-2025

30 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „თ.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ბ–ი, მ.მ–ძე, შპს „ბ....“, მ.გ–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ის, მ.მ–ძის, შპს „ბ....“-ისა და მ.გ–ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ბანკის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; მ.ბ–ს (მსესხებელს, ძირითად მოვალეს) კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 39 939,6 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 20 761,61 აშშ დოლარი, პროცენტი - 17 101,99 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 076 აშშ დოლარი; სარჩელი თავდებების: მ.მ–ძის, შპს „ბ....“-ის და მ.გ–ძის მიმართ, არ დაკმაყოფილდა; მ.ბ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3 193 ლარის ოდენობით, ასევე, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4 705,36 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება, კერძოდ, ბანკის სარჩელის თავდებების: მ.მ–ძის, შპს „ბ....“-ის და იპოთეკის საგნის მესაკუთრის - მ.გ–ძის წინააღმდეგ უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თავდებ პირებს - მ.მ–ძეს და შპს „ბ....“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 20 761,61 აშშ დოლარის გადახდა და ბანკის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა მ.გ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება; მ.მ–ძეს, მ.გ–ძესა და შპს „ბ....“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2 686,47 ლარი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2025 წლის 05 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელემ 2025 წლის 05 სექტემბერს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ წინამდებარე საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ არის ნამსჯელი მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე, სააპელაციო სასამართლოში გადახდილ სახელმწიფო ბაჟზე (შენიშვნა: განცხადებაში განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თარიღად უთითებს 2025 წლის 05 მაისს, რაც წარმოადგენს არა გადაწყვეტილების, არამედ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღს, თუმცა განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის 31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამრიგად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე, მხარისაგან. ამასთან, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას, რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს. კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (იხ. სუსგ საქმე Nას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; Nას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი; Nას-452-428-2013, 30 აპრილი, 2014 წელი; Nას-385-366-2015, 14 მაისი, 2015 წელი; Nას-1101-2022, 17 ნოემბერი, 2022 წელი). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რა მოვლენას უკავშირებს კანონმდებელი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის დაწყებას – ესაა გადაწყვეტილების ზეპირ სხდომაზე გამოცხადება. კანონის ამ დათქმას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე მოისმენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მყისიერად შეიტყობს, სასამართლომ იმსჯელა და პასუხი გასცა თუ არა მის ყველა მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მხარე, რომელიც აღმოაჩენს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული რომელიმე წინაპირობა, 7 დღეში მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სასამართლოს მხრიდან გამოტოვებული საკითხის გადაწყვეტას (იხ. სუსგ საქმე Nას-123-2021, 04 ივნისი, 2021 წელი). თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა ზეპირ სხდომაზე ყოველთვის არ მიმდინარეობს და მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, რიგ შემთხვევებში დავა გადაწყვიტოს მხარეთა მოწვევის გარეშე. ასეთ დროს მხარეებს დავის სამართლებრივი შედეგი ეცნობებათ მას შემდეგ, რაც გადაეცემათ სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განხილული იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-259-2020, 11 მარტი, 2021 წელი; Nას-1602-2018, 24 მარტი, 2021 წელი; ასევე, Nას-680-2021, 29 მარტი, 2022 წელი). ვადის ათვლა ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების/განჩინების მხარისათვის ჩაბარებას, ვინაიდან იქამდე მხარე მოკლებულია ობიექტურ შესაძლებლობას, ივარაუდოს დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის საჭიროება. დამკვიდრებული პრაქტიკით, საკითხი ანალოგიურადაა რეგლამენტირებული ისეთ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება მხარე, რომლისათვის ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი (იხ. სუსგ საქმე Nას-180-180-2018, 04 მაისი, 2018 წელი; Nას-242-2020, 20 ოქტომბერი, 2020 წელი). არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხარვეზების გარეშე და ასეთი ხარვეზების დაშვება განხილულ უნდა იქნეს გამონაკლის შემთხვევად და არა სავარაუდო შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-242-2020, 20 ოქტომბერი, 2020 წელი). შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 261-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვადა უნდა აითვალოს არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან, არამედ მხარისათვის მისი სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მომენტიდან, ანუ იმ დროიდან როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის საჭიროების არსებობის შესახებ. ზემოთ დასახელებული ნორმის ანალიზი, ასევე, საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში (იხ. სუსგ საქმე Nას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი). საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ზემოხსენებული ნორმის იმგვარად განმარტება, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ თავისი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, თუნდაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი, ორი ან რამდენიმე წლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ან მხარემ საქმის გაცნობისა თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე (გარდა სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისა) 7 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თხოვნით. ასეთი განმარტება უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას, რაც საფუძველს აცლის სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს (იხ. სუსგ Nას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი; Nას-452-428-2013, 30 აპრილი, 2014 წელი). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე განცხადება წარმოადგინა კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით. კერძოდ, წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე; საქმეში არსებული განცხადება/ხელწერილით ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის 15 თებერვალს ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენელს - მ.ლ–ს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 174); ამასთან, დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2025 წლის 05 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც გადაწყვეტილებასთან ერთად 2025 წლის 08 მაისს ჩაიბარა მოსარჩელის იმავე წარმომადგენელმა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 190); მოსარჩელემ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს მომართა 2025 წლის 05 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც მისი უფლება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის შესახებ გაქარწყლებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება სასამართლო ხარჯების განაწილების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 261-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ.ბ–ის“ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე