საქმე №ას-688-2024 8 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.დ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ს.ფ–ა" (მოპასუხე)
დავის საგანი – გირავნობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რეგისტრირებული გირავნობის უფლების რეგისტრაციის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით თ.დ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში თ.დ–იას სახელზე რიცხული ნახევრადმისაბმელიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო ნომრით BS460S, საიდენტიფიკაციო ნომრით ……. - მარკა, მოდელი SCHMITZ SPR 27, გამოშვების წელი 2005 - რეგისტრაციის თარიღი 2019-04-22) გირავნობის რეგისტრაცია (გირავნობის მოწმობა #045365).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს "ს.ფ–ის" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.დ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე თ.დ–იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. კასატორმა თ.დ–იამ, 2025 წლის 1 ოქტომბერს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 208-ე მუხლის თანახმად), რადგან შპს "ს.ფ–ასთან" შეთანხმებას მიაღწია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და თ.დ–იას განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. ასევე დადგენილია, რომ კასატორმა თ.დ–იამ, 2025 წლის 1 ოქტომბერს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე (სსსკ-ის, 208-ე მუხლის თანახმად), რადგან შპს "ს.ფ–ასთან" შეთანხმებას მიაღწია.
9. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
10. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
11. სსსკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წ.; №ას-1793-2019, 12.03.2020 წ.; №ას-712-2020, 4.03.2021 წ.).
12. კასატორმა თ.დ–იამ განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
13. სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
14. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
16. კასატორს დაუბრუნდება მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კასატორ თ.დ–იას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს და თ.დ–იას საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია;
4. თ.დ–იას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 615 ლარი (საგადახდო დავალება #8514, გადახდის თარიღი 19.06.2024 წ.);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი