საქმე №ას-747-2024
08 ოქტომბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
კასატორი - ჯ.ხ–ვა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ლ–ვა (ლ.გ–ვას უფლებამონაცვლე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით, მოპასუხე)
დავის საგანი - კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა, საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სარჩელით მიმართა ლ.გ–ვამ, მოპასუხე ჯ.ხ–ვას მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: ლ.გ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთიდან, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........ (ს/კ N.........) - ჯ.ხ–ვას მფლობელობის შეწყვეტა მის მიერ დაკავებულ ფართზე, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 55 300 აშშ დოლარის 75 %- ის 41 475 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის სანაცვლოდ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა, ჯ.ხ–ვამ და მოითხოვა: ლ.გ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთიდან, მდებარე: თბილისი, .......... 750 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N..........) არსებული N1 და N9 (საერთო ფართი 100.48 კვ.მ) შენობა-ნაგებობის ჯ.ხ–ვას მესაკუთრედ ცნობა ლ.გ–ვასათვის 4784.25 შშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის სანაცვლოდ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.გ–ვას სარჩელი ჯ.ხ–ვას მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე (მდებარე - ქ. თბილისი, .......... (ყოფილი ........) ქუჩა N119-121-123-ში (ს/კ N.........) N1 და N9 შენობა -ნაგებობები) მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ჯ.ხ–ვას შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ჯ.ხ–ვა ცნობილი იქნა ქ. თბილისში, ......... (ყოფილი ........) ქუჩა N119-121-123-ში (ს/კ N..........) N1 და N9 შენობა -ნაგებობების (საერთო ფართი 100.48 კვ.მ) მესაკუთრედ, ლ.გ–ვასათვის 55 300 აშშ დოლარის 25 %-ის 13 825 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, აპელანტ ლ.გ–ვას უფლებამონაცვლე ნ.ლ–ვასა და ჯ.ხ–ვას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ხ–ვამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით, - ჯ.ხ–ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2025 წლის 08 ოქტომბერს, გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოდავე მხარეებს შორის შედგა მორიგება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ. №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
12. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ. სუსგ. Nას-1103-2022 19.02.2024წ.).
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
14. წარმოდგენილი მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
16. საკასაციო საჩივრის ავტორი, სსსკ-ის 46-ე მუხლის, პირველი ნაწილის, „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:
ერთის მხრივ, ჯ.ხ–ვა (პ/ნ ........) და მეორეს მხრივ, ნ.ლ–ვა (ლ.გ–ვას უფლებამონაცვლე), (პ/ნ ........) თანხმდებიან შემდეგზე:
1.1 ჯ.ხ–ვა ცნობილ იქნეს თბილისში, .......... (ყოფილი ........ქუჩა) N119-121-123-ში, (ს/კ N.........) N1 და N9 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი 100.48 კვ.მ) მესაკუთრედ, ნ.ლ–ვასათვის 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ.
1.2 მხარეები, ასევე თანხმდებიან, რომ ნ.ლ–ვამ ამ მორიგების პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს ჯ.ხ–ვას მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2019 წლის 4 აპრილის დეპონირებული თანხიდან.
1.3 მხარეები, ასევე თანხმდებიან, რომ ნ.ლ–ვა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხას გაიტანს ამ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ მიღებული სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში, ამასთან გასატანი თანხის ოდენობა განისაზღვრება გატანის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, (საქმე 2/7057-2011) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 დეკემბრის განჩინება (საქმე №2ბ/907-21);
3. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-747-2024;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი