Facebook Twitter

ბს-112-112(კ-08) 13 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 29 აგვისტოს ლ. მ-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლ. მ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა 1992 წლის 11 სექტემბრის ¹5932 პრივატიზაციის ხელშეკრულების, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების განხორციელება და ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹72-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა და რეესტრის სამსახურის დავალდებულება საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 1-2; ტ.I).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ლ. მ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულების ნაწილში დაუშვებლად იქნა მიჩნეული და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა (იხ. ს.ფ. 23; ტ.I).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 49-52; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-მა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 56; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ლ. მ-ის საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 34-40; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაზე. ასევე სასამართლომ არ დაკითხა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა მოსარჩელე და იგი ითვლებოდა ბინის დამქირავებლად.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹107 დადგენილების მე-2 მუხლი, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელის თანხმობის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დამტკიცებულად ის გარემოება, რომ მოსარჩელე ლ. მ-ს სადავო ბინასთან სამართლებრივი კავშირი არ ჰქონდა პრივატიზაციისა და შემდგომ პერიოდში.

კასატორის მითითებით, საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, კერძოდ, მოცელი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (იხ. ს.ფ. 56-58; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის განჩინებით ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 61-62; ტ.II).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ _ ა. მ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, კასატორმა პროცესუალურ დარღვევად მიიჩნია ის გარემოება, რომ სასამართლომ არ დაკითხა მოწმეები, თუმცა დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ მოწმეთა სახელი, გვარი და მისამართი, მაგრამ მათი დაკითხვის შესახებ მითითებული არ ყოფილა. მოსარჩელეს უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, რაზეც იმსჯელებდა სასამართლო.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, არასწორია კასატორის მოსაზრება სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹107 დადგენილების მე-2 მუხლის მოთხოვნის დარღვევის შესახებ, რადგან ლ. მ-ი არ ყოფილა დამქირავებელი ოჯახის წევრი, რის გამოც მისი თანხმობა ხელშეკრულების გაფორმებისას არ იყო საჭირო.

ამდენად, მოწინააღმდეგე მხარემ მიიჩნია, რომ არ არსებობს ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი (იხ.ს.ფ. 73-83; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 61-62; ტ.II).

კასატორის ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ლ. მ-ის მიერ კვალიფიციურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.